Search
"ლიბერალი" მისამართი: თბილისი, რუსთაველის 50 ტელეფონი: +995 32 2470246 ელ. ფოსტა: [email protected] Facebook: https://www.facebook.com/liberalimagazine
გაგზავნა
გაგზავნა

ცვლილებები უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში- ინტერვიუ ირინე დარჩიასთან

21 იანვარი 2016

2015 წლის დეკემბერში საქართველოს პარლამენტმა რამდენიმე კანონში შესატანი საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტი დაამტკიცა. ცვლილებები უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში დღეისათვის არსებული პრობლემების გადაჭრისკენაა მიმართული. კერძოდ, მისი მიზანია: სწავლების პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერება; საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემის ევროპულ სივრცესთან ჰარმონიზაცია და მასწავლებლის მომზადების სისტემის გაუმჯობესება.

კანონში შესული ცვლილებებისა და მათი მნიშვნელობის შესახებ "ლიბერალს" განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის ხელმძღვანელი ირინე დარჩია ესაუბრა.

 

რა სახის საკანონმდებლო ცვლილებები შევიდა უმაღლესი განათლებისა და მეცნიერების სფეროში?

ცვლილებები შეეხო რამდენიმე კანონს, მათ შორისაა კანონები უმაღლესი და ზოგადი განათლების, ასევე მეცნიერებისა და ტექნოლოგიების განვითარების შესახებ. დაახლოებით ასამდე ცვლილებაა შესული ამ კანონებში. ეს ძირეული ცვლილებებია, ხარისხის გაუმჯობესებაზე ორიენტირებული, რომლებიც საუნივერსიტეტო და სამეცნიერო სფეროში არსებული პრობლემების აღმოფხვრას შეუწყობს ხელს. კერძოდ იმ პრობლემებს, რომლებიც განსაკუთრებით 2010 წელს, სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტების  უნივერსიტეტებთან მექანიკურად შეერთებისას გამწვავდა.

სწავლებისა და კვლევის ინტეგრაცია

კანონში შესული ცვლილებების ერთი ძირითადი მიმართულება, სწავლებისა და კვლევის დაახლოება და სასწავლო პროცესში კვლევითი კომპონენტის გაძლიერებაა, რაც ხელს შეუწყობს უნივერსიტეტებში სწავლის ხარისხის გაუმჯობესებას.

ჩვენი სტრატეგიული ამოცანა ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო და სამეცნიერო სივრცის წევრობაა. ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცე 2010 წელს შეიქმნა, რომლის მოსამზადებელი სამუშაოები ჩატარდა, ე. წ. ბოლონიის პროცესის ფარგლებში. საქართველო ამ პროცესში 2005 წელს ჩაება. მისი ერთ-ერთი პრიორიტეტი  სწავლებისა  და კვლევის ინტეგრაციაა.

როცა დაიწყო საქართველოში ბოლონიის პროცესის იმპლემენტაცია, ყურადღება ფორმალურ მახასიათებლებს მიექცა. რეფორმების დროს ბევრი ისეთი რამ გაკეთდა, რასაც არავითარი კავშირი არ ჰქონდა ბოლონიის პროცესთან, სინამდვილეში ბოლონიის პროცესის ერთ-ერთი ამოცანა, სწავლებისა და კვლევის ჰარმონიზაციაა. ინსტიტუტები კი  მექანიკურად იყო უნივერსიტეტებთან შეერთებული. ჩვენ მიერ მომზადებული ცვლილებები ყველა ამ პრობლემისა და უნივერსიტეტების სტრუქტურულ-კონცეპტუალური ხარვეზების აღმოფხვრას ემსახურება.

მეცნიერთა სტატუსის განსაზღვრა

აქამდე მეცნიერები დამოუკიდებელ სამეცნიერო კვლევით ერთეულებში, უნივერსიტეტებს გარეთ არსებობდნენ, მაგრამ მეცნიერის სტატუსი რეალურად უნივერსიტეტის შიგნით არ არსებობდა. კანონი უმაღლესი განათლების შესახებ ცნებას „მეცნიერი“ უნივერსიტეტის ფარგლებში არ ცნობდა. შესაბამისად, მეცნიერი იურიდიულად დამხმარე პერსონალის კატეგორიაში გადიოდა. რაც ძალიან დიდი შეცდომა და პრობლემა იყო. ჩვენ ეს პრობლემა მოვაგვარეთ. კანონში უმაღლესი განათლების შესახებ გავაჩინეთ ტერმინები: მთავარი, უფროსი და მეცნიერ-თანამშრომელი. ანუ მოხდა მეცნიერების სტატუსების დივერსიფიცირება მათი პოტენციალიდან და მეცნიერული მიღწევებიდან გამომდინარე. სახელფასო სარგო მეცნიერთა სტატუსიდან გამომდინარე განსხვავებული იქნება. ეს კანონით არ რეგულირდება, სახელფასო სარგოს უნივერსიტეტები განსაზღვრავენ. ამ ცვლილებებით ასევე ცხადი გახდება მეცნიერების უფლებები და მოვალეობები, მისი მონაწილეობის საკითხები უნივერსიტეტების მართვაში, სწავლებასა და მომავალი მეცნიერების აღზრდის საქმეში.

სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების იურიდიული სტატუსის განსაზღვრა

გარდა ამისა, კანონი უმაღლესი განათლების შესახებ გულისხმობს ატესტაციის ჩატარებას, სამეცნიერო კვლევითი ერთეულების შეფასებას. თითოეული სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის პოტენციალიდან გამომდინარე მათთვის გარკვეული სტატუსის მინიჭებას.

ცვლილებების პაკეტში ოთხი სხვადასხვა ტიპის სამეცნიერო კვლევითი ინსტიტუტი განისაზღვრა: დამოუკიდებელი სსიპ-ი, სსიპ-ი სსიპ-თან, უნივერსიტეტის ფარგლებში არსებული დამოუკიდებელი კვლევითი ერთეული და ფაკულტეტის შიგნით არსებული სამეცნიერო კვლევითი ერთეული. მათი რანჟირება სამეცნიერო პოტენციალიდან, სამეცნიერო მიღწევებიდან და განვითარების პერსპექტივიდან გამომდინარე მოხდება.

საფაკულტეტო ან საუნივერსიტეტო სტატუსის მინიჭება დამოკიდებული იქნება თავად უნივერსიტეტზე, ხოლო სსიპ-ის სსიპ-თან სტატუსის მინიჭებას გადაწყვეტს მთავრობა. საქართველოს განათლების სამინისტრომ მთავრობას 10 ივნისამდე უნდა წარუდგინოს ჩვენი ხედვა სსიპ-ის სსიპ-თან სტატუსის მინიჭებაზე, ანუ სამეცნიერო-კვლევითი ერთეულის შეფასების სისტემა, რომლის მიხედვითაც მთავრობა  შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს.

მასწავლებლის მომზადების პროგრამა

მეორე მიმართულება ეს არის მასწავლებლის მომზადების საგანმანათლებლო პროგრამა. ჩვენ შევცვალეთ სისტემა, მთავრობამ მიიღო მასწავლებლის პროფესიული განვითარების სქემა. ამ სქემის იმპლემენტაციას საკანონმდებლო ცვლილებები სჭირდებოდა. 2017-2018 წლიდან ამოქმედდება მასწავლებლის მომზადების 5-წლიანი პროგრამები, რომელთა დასრულების შემდეგ კურსდამთავრებულები მაგისტრის ხარისხს მიიღებენ, რის შემდეგაც შეძლებენ მასწავლებლად მუშაობის დაწყებას, ანუ მათ გაუმარტივდებათ პროფესიული საქმიანობის დაწყება.

ეს საშუალებას მოგვცემს, რომ კურსდამთავრებული 5 წელიწადში სკოლაში უკვე მაგისტრის ხარისხით შევიდეს, იყოს უფრო უკეთ მომზადებული, უფრო კვალიფიციური და იმ პრაქტიკული უნარების მქონე, რაც აქამდე ჩვენს კურსდამთავრებულებს აკლდათ. პრაქტიკის კომპონენტი რესურსების ნაკლებობიდან გამომდინარე ძალიან შეზღუდული იყო. სახელმწიფო პოლიტიკა მიმართულია ამ რესურსების მობილიზებისკენ, პრაქტიკის ელემენტის გაძლიერებისკენ. რაც ყველაზე მთავარია, ასე მასწავლებლის კარიერის დაწყების რამდენიმე გზა იქმნება.

კიდევ ერთი სიახლე  მასწავლებლის მომზადების ერთწლიანი პროგრამები და მათი დაფინანსებაა.  ეს პროგრამები  2016-2017 სასწავლო წლიდან ამოქმედდება. ვისაც აქვს დამთავრებული ბაკალავრიატი ამა თუ იმ დარგში, რომელიც ერთიან ეროვნულ სასწავლო გეგმას შეესაბამება, ამ დარგების კურსდამთავრებულები  შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში საგნობრივი გამოცდის ჩაბარებით ერთწლიან მასწავლებლის მომზადების პროგრამაზე სწავლის გაგრძელებას შეძლებენ. ერთი წლის დასრულების შემდგომ კი კურსდამთავრებულები მასწავლებლები გახდებიან. 

ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცე

ცვლილებების კიდევ ერთი მიმართულება ერთიან ევროპულ საგანმანათლებლო სივრცესთან ჰარმონიზაციაა. ეს გულისხმობს ისეთი ცნების შემოტანას როგორიცაა ერთობლივი აკადემიური ხარისხი და ერთობლივი საერთაშორისო საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების შედეგად მინიჭებული, ე. წ. ორმაგი აკადემიური ხარისხი. ეს ხელს შეუწყობს ჩვენი უნივერსიტეტების ევროპულ უნივერსიტეტებთან თანამშრომლობას, უფრო მეტი გაცვლითი პროგრამის განხორციელებას, რაც ბუნებრივია სწავლების ხარისხზეც აისახება. საკანონმდებლო ცვლილებებით გვინდა საერთაშორისო პროექტებში ჩართული უნივერსიტეტებისა და მათი პარტნიორების წახალისება, რათა მათ ერთობლივი საგანმანათლებლო პროგრამები განახორციელონ, რომელთა დასრულების შემდეგაც ორმაგი ან ერთობლივი აკადემიური ხარისხები მიიღება.

ერთიანი საგანმანათლებლო ევროპული სივრცის ძირითადი იდეა სწავლებისა და კვლევის შერწყმაა. თანამედროვე და ხარისხიანი სწავლება შეუძლია მეცნიერს, რომელიც გარკვეული ცოდნის შემქმნელია. ჩვენი ამოცანაა სტუდენტს მივცეთ არა მხოლოდ გარკვეული თეორიული და პრაქტიკული ცოდნა, არამედ სწავლების მეორე, მესამე საფეხურზე ახალი ცოდნის შექმნის შესაძლებლობა. არსებობს მცდარი შეხედულება, რომ ბაკალავრიატში სტუდენტს კვლევა არ სჭირდება, რაც ეწინააღმდეგება ერთიანი ევროპული საგანმანათლებლო სივრცის ხედვებს. ბუნებრივია, ეს ყველა დარგს არ შეეხება. ეს შეეხება იმ ფუნდამენტურ დარგებს,  სადაც გამორჩეული ცოდნისა და უნარების მქონე სტუდენტები არიან. მათში თავიდანვე უნდა განვავითაროთ მეცნიერული კვლევის ჩვევები. მათ უნდა ვასწავლოთ თუნდაც ნაკლები სირთულის, მაგრამ გარკვეული სამეცნიერო ამოცანების გადაჭრა.

მეცნიერების სფეროში არსებული სირთულეებისა და პრობლემების მიუხედავად, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის დოქტორანტის ნაშრომი ამერიკის ასტრონომთა ასოციაციამ წლის საუკეთესო ნაშრომად სცნო, ხოლო თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ფიზიკის მიმართულება შევიდა ტომსონის რანჟირების სისტემაში და მსოფლიოს 248 უნივერსიტეტში  187-ე ადგილი დაიკავა. ამით იმის თქმა მინდა, რომ რესურსებს, რომლებიც გვაქვს, სჭირდება მაქსიმალური ხელშეწყობა. კანონში ცვლილებებიც სწორედ ამ მიზნებს ემსახურება.

 

ვინ იყვნენ სამუშაო ჯგუფის წევრები, რომლებმაც საკანონმდებლო ცვლილებები შეიმუშავეს?

ეს იყო სხვადასხვა დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის ძალიან კარგი მაგალითი. ჩვენ გვქონდა არაერთი შეხვედრა უნივერსიტეტების წარმომადგენლებთან, ცალკეული სამეცნიერო კვლევითი ერთეულების ხელმძღვანელებთან. გავმართეთ ათეულობით შეხვედრა, გვქონდა ინტენსიური მიმოწერა. ფაქტობრივად ყველა ფორმულირება, რაც განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით კანონებში შევიდა, იყო ერთობლივი, შეთანხმებული გადაწყვეტილება, გარკვეული კონსენსუსის შედეგი.  

ბუნებრივია, მომავალში საკანონმდებლო ცვლილებებზე მუშაობის გაგრძელებას ვაპირებთ.  რეფორმები გაგრძელდება, განათლება დინამიკური პროცესია და მუდმივ განახლებას ითხოვს, თუმცა ამ ეტაპზე სწავლება-კვლევის ინტეგრაციის და მასწავლებლების მომზადების მიმართულებით საკანონმდებლო ჩარჩო  მზადაა.

 

რა იგეგმება სამომავლოდ კანონის იმპლემენტაციისათვის?

კარგი კანონი კარგია. ის შეიძლება არსებობდეს, მაგრამ ვერ სრულდებოდეს. ერთი იყო ამ კანონის შემუშავება და მისი დამტკიცება, ეს გამოწვევა, ასე ვთქვათ, გადავლახეთ. შემდეგი გამოწვევაა ამ კანონის იმპლემენტაცია ისე, რომ შედეგამდე მივიდეთ. აქედან გამომდინარე, ჩვენ უკვე გვქონდა სამუშაო შეხვედრები უნივერსიტეტების რექტორებთან. გარდა ამისა, ვგეგმავთ დიდ გაერთიანებულ კონფერენციას პირველი თებერვლისთვის, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ, როგორც კვლევითი ინსტიტუტების, ისე უნივერსიტეტების წარმომადგენლები.  ჩვენ ყველანი ერთად ვიმსჯელებთ საკანონმდებლო ცვლილებების იმპლემენტაციის სამოქმედო გეგმაზე, რა უნდა გაკეთდეს კონკრეტულად, ვინ იქნება პასუხისმგებელი, ვინ გაუკეთებს მონიტორინგს. ამის მონახაზი უკვე გვაქვს, მაგრამ ეს მხოლოდ ჩვენი მონახაზია, რომელიც აუცილებლად უნდა შევათანხმოთ და შევაჯეროთ უშუალოდ იმპლემენტატორებთან.

 

როგორ შეხვდა ამ ცვლილებებს აკადემიური სფერო?

საკმაოდ პოზიტიურად. ამ კანონზე სწორედ ძირითად სამიზნე ჯგუფთან ერთად ვიმუშავეთ. ეს არ არის მხოლოდ სამინისტროს პროდუქტი, ეს ჩვენი, აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების ერთობლივი პროდუქტია.

კომენტარები

ამავე რუბრიკაში

27 თებერვალი
27 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი II - პირველი ტომი
13 თებერვალი
13 თებერვალი

რუსეთის საბედისწერო პარადიგმა

ბორის აკუნინის ცხრატომეულის -„რუსეთის სახელმწიფოს ისტორია“ - გზამკვლევი ნაწილი I - შესავალი
02 აგვისტო
02 აგვისტო

კაპიტალიზმი პლანეტას კლავს - დროა, შევწყ ...

„მიკროსამომხმარებლო სისულეებზე“ ფიქრის ნაცვლად, როგორიცაა, მაგალითად, პლასტმასის ყავის ჭიქებზე უარის თქმა, უნდა დავუპირი ...

მეტი

^