19.02.2011

ო, მოდა, მოდა!

"მოდა სიმახინჯის ჩვეულებრივი ფორმაა, თანაც, ისეთი აუტანელი, რომ ექვს თვეში ერთხელ თუ არ გამოცვალე, ვერ გაუძლებ".

ოსკარ უაილდის ეს სიბრძნე საქართველოში ბოლო დროს მეტად სერიოზულად აღიქვეს. მხოლოდ შარშან "ქართული მოდა" ოთხჯერ გამოიცვალა: ჩატარდა ოთხი მოდის კვირეული, ორი სხვადასხვა ჯგუფის მიერ ორგანიზებული.

მოდის პირველი კვირეული - Geogian Fashion Week - 2010 წლის 26 მარტს გაიხსნა. ერთ თვეში ქართველი დიზაინერების შემოდგომა-ზამთრის სეზონის კოლექციები ისევ გამოიფინა, ამჯერად თბილისის მოდის კვირეულის სახელით, სხვა შენობაში და განსხვავებული ჯგუფის ორგანიზებით. თუ პირველი ღონისძიება პარიზში მოღვაწე დიზაინერმა ირაკლი ნასიძემ გახსნა, მეორის ორგანიზატორები ამაყობდნენ იმით, რომ მათ სტუმრებს ვიდეოჩანაწერით თავად რობერტო კავალი მიესალმა.

გლამურული შოუ, რომელზეც ქართველი დიზაინერები თავიანთ უახლეს ნამუშევრებს წარმოადგენენ, ერთ თვეში ისევ გაიმართება. და ისევ ორჯერ.

თუმცა, ვიდრე მოსაწვევები ხელახლა დარიგდება,  საინტერესოა, შოუებს შორის პერიოდში ცოცხლობს თუ არა საერთოდ ქართული მოდის ინდუსტრია?

ჭავჭავაძის გამზირზე, "პიქსელის" სავაჭრო ცენტრში, ერთი თვეა, რაც ერთ, მომცრო ზომის ოთახში "თბილისის მოდის კვირეულის" მაღაზია გაიხსნა. იქ კვირეულზე ქართველი დიზაინერების მიერ წარმოდგენილ უახლეს კოლექციებს ჰყიდიან. თავიდან დღე ისე გავიდოდა, რომ მათ მაღაზიაში არავინ შედიოდა, ახლა დღეში ზოგჯერ 10-15 პოტენციურ კლიენტს ან უბრალო ცნობისმოყვარეს მასპინძლობენ.

იმას, რომ ჯერ მხოლოდ 25-მდე ნივთი გაყიდეს, იმით ხსნიან, რომ მაღაზია შედარებით ახალი გახსნილია. თუმცა კლიენტურის მხოლოდ ვიწრო და ჩაკეტილი წრე ჰყავთ იმ დიზაინერების მაღაზიებსაც, რომლებიც ქართული მოდის ვეტერანებად ითვლებიან. მაგალითად, მოდის ბიზნესს საქართველოში უკვე წლებია, ავთანდილ ცქვიტინიძის ერთი მაღაზიაც ჰყოფნის, მისი კოლექციების უდიდესი ნაწილი კი არა ქართველ კლიენტურაზე, არამედ ყაზახეთში, უკრაინაში და იაპონიაშიც კი საღდება.

"ინდუსტრია კრეატიულობასა და საქმეს, სილამაზეს და მომქანცველ შრომას ნიშნავს. ინდუსტრია - ეს მხოლოდ პოდიუმები, ახალი ტენდენციები და სტილი არაა. ეს არის შექმნა, ყიდვა და გაყიდვა", - ამბობს ცქვიტინიძე.

ქართული მოდის პარადოქსი კი ისაა, რომ ბაზარზე მოთხოვნას კლიენტები კი არა, ერთჯერადი, თუნდაც მსხვილმასშტაბიანი ღონისძიება ქმნის. დიზაინერები კი საკუთარ ნამუშევრებს წელიწადში ოთხჯერ გამართული მოდის კვირეულებისთვის უფრო ქმნიან, ვიდრე - კონკრეტული მომხმარებლისთვის.

ქართველი დიზაინერების კიდევ ერთ მაღაზიაში (FLABOUR), რომელიც დიზაინერმა გვანცა ჯანაშიამ გახსნა, ფასები 70-დან 600 ლარამდეა. Atelie 10a-ს მწვანე ფარჩისა და შიფონისგან შეკერილი კაბა აქ 430  ლარი ღირს, ქეთი ჩხიკვაძის შავი აბრეშუმის კაბა 340 ლარი, Atelier Informal-ის კრემისფერი შარვალი - 230 ლარი, აკა ნანიტაშვილის შავი პალტო - 500 ლარი. მაღაზიის ერთ-ერთი ყველაზე ძვირფასი ექსპონატი ნინო ჩუბინიშვილის, იგივე CHUBIKA-ს აბრეშუმის ბლუზია, ის 600 ლარი ღირს.

 

ჩუბინიშვილი მალე პიერ კარდენის მოდის სახლისთვის სპეციალურ ხაზს შექმნის. 23 იანვარს ხელმოწერილი კონტრაქტის მიხედვით, კარდენის ახალ ბრენდს „Chubika for Pierre Cardin" ერქმევა და მისთვის ქართველი დიზაინერი რეგულარულად იმუშავებს. ჩუბიკას მსგავსად მეორე წელია, სულ უფრო პოპულარული ხდება ქართულ-კანადური დუეტი Gaudet, რომლის პროდუქციასაც MADE IN GEORGIA ნაწილობრივ სიმბოლურად აწერია (მაღალი ტექნოლოგიებით დამუშავებული ფერადი პალტოები კანადაში იკერება და ვრცელდება, მაგრამ ქართული თექისგან მზადდება). Gaudet -მა გასულ წელს ტორონტოს მოდის კვირეული გახსნა.

თუმცა ქართველი დიზაინერების ეს ცალკეული წარმატებები ქართულ ბაზარზე არ აისახება. ადგილობრივი წარმოება ჯერჯერობით არ ვითარდება და დიზაინერების უმეტესობა  ისევ მხოლოდ იშვიათი კერძო შეკვეთების იმედზეა.

შესაბამისად, ქართველი დიზაინერების მაღაზიასთან შედარებით, გაცილებით მეტი კლიენტი ჰყავს იმავე შენობაში მდებარე მსხვილ ბრიტანულ სავაჭრო ქსელს NEXT-ს. გამოდის, რომ თბილისელი მომხმარებელი არჩევანს მაინც ფასზე აკეთებს და არა - სამოსის ექსკლუზიურობასა და ხარისხზე, თუმცა, ესეც არანაკლებ მნიშვნელოვანია.

გოგონა, რომელმაც ეს-ესაა ასევე პოპულარულ ქსელ MANGO-ში იყიდა კაბა, როგორიც შეიძლება, ბევრ სხვასაც ეცვას, ამბობს: "ქართველი დიზაინერების შემთხვევაში, ხარისხი ფასზე არანაკლებ მნიშვნელოვანია. მინახავს მათი ნამუშევრები და ხშირად დამრჩენია ისეთი შთაბეჭდილება, თითქოს, ზოგიერთ დიზაინერს საკერავ მანქანასთან ახლოსაც არ ჩაუვლია და ხატვის გარდა, არაფერი იცის. არიან ქართველი დიზაინერები, რომელთა მოდელების დათვალიერებისას საერთოდ არ მაქვს ექსკლუზიურობის განცდა. ამიტომ მირჩევნია, ისევ ეს კაბა ვიყიდო".

ინფორმაცია დიზაინერების შესახებ თბილისში, ძირითადად, კლიენტების მონაყოლით ვრცელდება. შემთხვევამ, რომელიც ერთ-ერთ გოგონას ქართველ დიზაინერთან საქორწილო კაბის შეკვეთისას გადახდა თავს, შეიძლება, ამ დიზაინერს საგრძნობლად შეუმციროს კლიენტურის წრე: გოგონას მოდელის შერჩევისას უთხრეს, რომ კაბის მთავარი ღირსება ბაფთა იქნებოდა, რომელსაც საფრანგეთიდან გამოწერილი ძვირფასი ქსოვილით შეკერავდნენ. კაბის ფასს სწორედ ეს ქსოვილი ცვლიდა, თუმცა, პატარძალი დათანხმდა, საკმაოდ სოლიდური თანხა ერთ ექსკლუზიურ დეტალში გადაეხადა. რამდენიმე დღის შემდეგ, სრულიად შემთხვევით აღმოაჩინა, რომ ეს ქსოვილი თბილისშიც იყიდება და ერთი მეტრი 11 ლარი ღირს.

ქართველი დიზაინერების სასარგებლოდ არც მსგავსი ფრაზები მოქმედებს: "ძალიან კარგი კვირეული იყო, ძალიან კმაყოფილი ვარ, თუმცა შრომატევადიც იყო, თითქმის ყველაფერი ბოლო ერთ კვირაში შევკერე". უფრო პირიქით - ასეთი განცხადებები, რომლებიც ბოლო კვირეულის დასრულების შემდეგ ტელეეთერში ხშირად ისმოდა, ტოვებს შთაბეჭდილებას, რომ სიჩქარეში შექმნილ ნამუშევრების ხარისხი დიზაინერისთვის პრიორიტეტი სულაც არ არის.

უცხოური მაღალი კლასის ბრენდების მაღაზია PRIVE-ს  პიარ მენეჯერი დალი ჩიტალაძე ფიქრობს, რომ აქ როგორც ხარისხის, ისე ინდივიდუალიზმის დეფიციტია: "აუცილებელია მოდის კვირეულებზე დიზაინერებმა უფრო მკაცრი კასტინგი გაიარონ.  არ შეიძლება ყველაფრის ჩვენება. ყველა, ვისაც რაღაცის შეკერვა შეუძლია, დიზაინერი არ არის. ან ახალი უნდა გააკეთო რამე, ან ძალიან ხარისხიანი უნდა იყოს. მე რასაც ვუყურე ბოლო მოდის კვირეულებზე, რამდენიმე გამონაკლისის გარდა, ახალი არაფერი იყო. ეს კოლექციები აბსოლუტურად არაფერს ნიშნავდა".

„დღეს ქართული მოდა  ტრიალებს პატარა, დახშულ წრეში - ეს არის ჩვენება, მერე არის ტელეშოუ და მერე ისევ ჩვენება. ეს არ არის არც შემოქმდებითი პროცესი  და არც  კომერციული", - ფიქრობს სიმონ მაჩაბელი, ახალგაზრდა დიზაინერი, რომელმაც მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე  პრესტიჟული „სენტ მარტინის" კოლეჯის ასპირანტურა დაამთავრა ლონდონში, ტანსაცმლის დიზაინის სპეციალობით.

მაჩაბელი ფიქრობს, რომ ამ ეტაპზე საქართველოში ტექნიკური ცოდნის მიღება უფროა შესაძლებელი, ვიდრე იდეების კონცეპტუალური განვრცობა და შემოქმედებითი უნარის განვითარება:  „ახალგაზრდები აქ, ძირითადად,  ინტერნეტის საშუალებით არიან ინფორმირებულები და ეს არ არის საკმარისი. საჭიროა მეტი განათლება, მეტი მოგზაურობა, საჭიროა, იყო გახსნილი და ხედავდე ბევრ რამეს", - აღნიშნავს დიზაინერი.

"მოდას სჭირდება ფული და შთაგონება, მაგრამ ორივე მხოლოდ მასშტაბით მიიღწევა: ფული - დიდი გაყიდვებით, შთაგონება - ბევრი მოგზაურობით, პროფესიული პრაქტიკის გავლით და, რაც მთავარია, მაღალი რანგის ჩვენებებზე დასწრებითა და, რა თქმა უნდა, მონაწილეობით", - ამბობს თამარ ალავიძე, რომელიც Facebook-ზე FashionSnack-ის სახელით მუდმივად აქვეყნებს მოდის ინდუსტრიის სიახლეებს, მათ შორის, მსოფლიო დიზაინერების ახალ კოლექციებსა და მათ მიმოხილვებს.

მოდის ინდუსტრიის განვითარებისთვის ინდივიდუალური დიზაინერების კრეატიულობისა და კონცეპტუალური ხედვის გარდა, წარმოების აწყობა და ინვესტიციების ზრდაც აუცილებელია. ეს სფერო ხელოვნების უკიდურესად კომერციალიზებული ფორმაა.

„ეს არ არის მეცნიერება კოსმოსის შესახებ, თუ არ აწარმოებ, ვერაფერს გაყიდი და ვერც მოდის კვირეულებზე ჩამოსულ ბაიერებს შესთავაზებ ბევრ რამეს", - აღნიშნავს დიზაინერი ნინო ჩუბინიშვილი.

პროდუქტიულობის მისაღწევად კი შრომისმოყვარეობასთან ერთად საკმაოდ დიდი თანხებია საჭირო. ხარისხიანი პროდუქციის შექმნა ხარისხიან ქსოვილებსა და ტექნიკას მოითხოვს.

"კარგი საკერავი მანქანის შეძენა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული, ბევრს შეიძლება ძალიანაც უნდა, რომ უკეთესი ტექნიკით შეკეროს, მაგრამ ამის ფინანსური საშუალება არ აქვს", - აღნიშნავს დალი ჩიტალაძე.

"ახალგაზრდა დიზაინერებს სრულფასოვანი ვებსაიტის გაკეთებისთვის საჭირო ფინანსებიც კი არ აქვთ და ვერც მაღალი ხარისხის ფოტოებს იღებენ", - ამბობს თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი სოფო მამარდაშვილი და მიიჩნევს, რომ სწორედ დამწყები დიზაინერების პოპულარიზაციის და დახმარებისთვის იყო მნიშვნელოვანი მათ მიერ ორგანიზებულ კვირეულზე "ახალბედების" ჩვენებების გამართვა.

ინდუსტრიას მოდის კვირეულებთან, შემოდგომა-ზამთრისა და გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებთან, დიზაინერების მაღაზიებთან ერთად, კიდევ ორი რამ ქმნის: მოდის კრიტიკა და მოდის ჟურნალები. ქართულ ბაზარზე არსებული ერთადერთი პრიალა ჟურნალი მოდის შესახებ კი - ჟურნალი "ამარტა" მხოლოდ კვარტალში ერთხელ გამოდის, ხოლო ქართულ მოდაზე ინტენსიურად მხოლოდ მაშინ წერს, როდესაც მოდის კვირეული იმართება. სხვა შემთხვევაში "ამარტას" ძირითადი თემა უცხოელი დიზაინერები და მსოფლიო მოდის ახალი ტენდენციებია.

"საჭიროა, მოდის კრიტიკოსებიც გაჩნდნენ - ადამიანები, რომლებიც იცნობენ მოდის ისტორიას, ერკვევიან ხელოვნებაში, ზოგადად, მოდის ინდუსტრიის დინამიკაში, სისტემატურად ეცნობიან სიახლეებს, შეუძლიათ, შეაფასონ შემოქმედის ნამუშევარი და რაც მთავარია - არგუმენტირებულად", - ამბობს თამარ ალავიძე.

მოდის კვირეულებისა და ქართველი დიზაინერების მაღაზიების მომრავლება იმის ნიშანია, რომ პროცესი ქართული მოდის ინდუსტრიაშიც დაიძრა. თუმცა, ის, რომ მცირე ზომის ქართულ ბაზარზე ორ-ორი მოდის კვირეული იმართება, ამ სფეროს უფრო კომიკურს ხდის, ვიდრე - სერიოზულს.

„მერე მიდის ლაპარაკი: ის იმასთან არის, ეს ამასთან არის. იქნებ, დავთმოთ ამბიციები და გავერთიანდეთ?"- აღნიშნავს დალი ჩიტალაძე.

"თუ ნიუ-იორკის მოდის კვირეული იტევს 238 დიზაინერის კოლექციის ჩვენებას, ვფიქრობ, თბილისის მოდის კვირეულმაც უნდა მოახერხოს 40-მდე დიზაინერის დატევა", - ფიქრობს თამარ ალავიძე.

თუმცა კვირეულები გაერთიანებას არ აპირებენ. შესაბამისად, გაზაფხული-ზაფხულის კოლექციებსაც, წესით, მარტიდან ისევ ორ-ორჯერ ვნახავთ.

ორივე ჯგუფი ქართული მოდის განვითარებას ისახავს მიზნად.

"ჩვენი პრიორიტეტია არა შოუ, არამედ ქართული მოდის ბრენდისა და მეტიც - ქართული მოდის ინდუსტრიის შექმნა", - განმარტავს საქართველოს მოდის კვირეულის ერთ-ერთი ავტორი, მაკა მეტრეველი.

თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი, სოფო მამარდაშვილიც ფიქრობს, რომ მნიშვნელოვანია Made In Georgia ცნობილ და პრესტიჟულ იარლიყად ჩამოყალიბდეს.

 

 

სამოსელი პირველი

გასულ გაზაფხულზე ჭავჭავაძის გამზირზე ქართული ტრადიციული სამოსის მაღაზია "სამოსელი პირველი" გაიხსნა. ორსართულიანი მაღაზიის ეფექტური ექსტერიერი პირველი შეხედვისთანავე იპყრობს ყურადღებას. ეს ერთადერთი მაღაზიაა თბილისში, რომლის ვიტრინაში მდგომ მანეკენებსაც ტრადიციული ქართული სამოსი აცვიათ.

პირველ სართულზე, ძირითადად, აქსესუარები იყიდება: ქამრები, სარტყელები, ქისები, საბრძოლო აღჭურვილობა - ყველაფერი, რასაც ტრადიციულად ქართველი კაცი იყენებდა და რაც თანამედროვე ქართველი მამაკაცებისთვის, წესით, გამოუსადეგარი უნდა იყოს.

თუმცა ასე არ ფიქრობს „სამოსელი პირველის" დირექტორი და თანადამფუძნებელი, ლუარსაბ ტოგონიძე. როცა არ უნდა მიხვიდეთ მის მაღაზიაში, მასპინძელი ჩოხაში გამოწყობილი შეგებებებათ.

მეორე სართულზე უკვე იმ სამოსს იხილავთ, რითაც ჩვენი წინაპრები იმოსებოდნენ: ჩოხა-ახალუხი, ყაბალახი, ფაფანაკი, ჩექმები და ფეხსაცმელები.

ლუარსაბ ტოგონიძე ამბობს, რომ ეს კოსტუმები სამეცნიერო ლიტერატურის შესწავლის და სხვადასხვა კვლევის შედეგად შექმნეს. მაღაზიის დამფუძნებლების სურვილია, ქართული ნაციონალური კოსტიუმებისადმი საზოგადოებაში ინტერესი დააბრუნონ. სამოსი თანამედროვე ადამიანისთვისაც მოსახერხებელი გახადონ ოღონდ ისე, რომ ტანსაცელმა ძველი იდენტობა არ დაკარგოს:

„სამუზეუმო ექსპონატებს არ ვაკეთებთ. გვინდა, რომ ეს ადამიანებმა ჩაიცვან. თუმცა კონსერვატორული სტილი შენარჩუნებულია. თანამედროვე ელემენტების შეტანა შეიძლება, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ხასიათი დაიკარგოს. გვინდა, იყოს თანამედროვე, ლამაზი, მოსახერხებელი, მაგრამ ეს ყველაფერი უნდა იყოს ქართული, ფუნდამენტური ჩარევების გარეშე", - აღნიშნავს ტოგონიძე.

აქამდე მაღაზიაში მხოლოდ მამაკაცის ტანსაცმელი და აქსესუარები ჰქონდათ, თუმცა სულ ახლახან ქალის ხაზის განვითარებაც დაიწყეს. ამ ტანსაცმლის შესაქმნელად მაღაზიაში დიზაინერთა ექვსკაციანი ჯგუფი მუშაობს.

ჯერჯერობით, ძირითადად ,კერძო შეკვეთებს იღებენ, რადგან მასობრივი წარმოება, პროდუქციის სიძვირის გამო, კომერციულად არამომგებიანი იქნება. მაგალითად, ჩოხის ფასი 250 ლარიდან იწყება და 1000 ლარს აღწევს. როგორც მაღაზიაში ამბობენ, მათ ტანსაცმელს ან ქორწილისთვის, ანდა სასცენო შესრულებისთვის უფრო ყიდულობენ.

ერთ-ერთ ასეთ  ექსკლუზიურ შეკვეთას "სამოსელ პირველს" ჩვენი სტუმრობისას მომღერალი ნინო ქათამაძე აძლევდა. „ყველაფერს ვუკვეთავ, რისი შეკვეთაც შეიძლება ჩემი კონფიგურაციის ადამიანისთვის: ჩოხას ქალისთვის, ფეხსაცმელს, ყაბალახს, ქამრებს. წარმოდგენაც არ მქონდა, თუ ასე მრავალმხრივად შეიძლებოდა ამის გამოყენება", - აღნიშნა მომღერალმა და დასძინა, რომ აპირებს, ეს სამოსი როგორც სასცენო ჩაცმულობაში, ისე ყოველდღიურ ცხოვრებაში გამოიყენოს: „ძალიან ლამაზია, მივხვდი, რომ აუცილებელია ჩემთვის, ხასიათს გიყალიბებს, უფრო მობილიზებულს გხდის... ეს არის ჩასაცმელი, რომელიც გახსენებს შენს წარმოშობას", - ამბობს ნინო ქათამაძე.

ჩვენებაც "სამოსელმა პირველმა" 6 თებერვალს გამართა. 40-ზე მეტი  კოსტიუმი საქართველოს სხვადასხვა კუთხეს ასახავდა. აჭარული, აფხაზური და მოხევური, თავადური და ქართული კაბები ჩვენებაზე მისულ ქალბატონებს განსაკუთრებით მოეწონათ. მათ პოპულარიზაციას მანამდე სატელევიზიო ტოკ-შოუც მიეძღვნა. სტუდიაში მიწვეული სტუმრები ამბობდნენ, რომ გათანამედროვებულ ქართულ კაბებს საზეიმო დღეებში აუცილებლად ჩაიცვამენ და მაყურებელსაც იმავეს ურჩევდნენ.

ეთნიკური სამოსის დეტალების გამოყენება მაღალ მოდაშიც არაა უცხო. მაგალითად, Proneza Schouler-ისთვის ინდიელი ტომების კულტურული ელემენტები ხდება ხშირად შთაგონების წყარო, Givenshy-ის Ricardo Tischi-მ 2011 წლის მაღალი მოდის კოლექციაში იაპონური ცეკვის სტილი და წერო გაიხსენა - როგორც იღბლისა და უკვდავების სიმბოლო იაპონურ კულტურაში, Karl Lagerfeld-ის 2011 წლის წინასაშემოდგომო კოლექცია Paris-Byzance-ი კი, ბიზანტიის იმპერიის კულუტურას ეძღვნებოდა.

თუმცა თითოეულ ამ კოლექციაში ნაციონალურ ტანსაცმელს მხოლოდ ელემენტის სახე ჰქონდა, ახალი კოლექციის კონცეფციას განსაზღვრავდა, შთაგონებასავით მუშაობდა და ერთ შინაარსობრივ ხაზში კრავდა მთელ კოლექციას.

"სამოსელ პირველს" კი მსგავსი ამოცანა არ აქვს. ამ მაღაზიაში ამბობენ, რომ მათი ძველქართული ტანსაცმელი მოდერნიზებულია და ბევრი თანამედროვე ელემენტითაცაა გაჯერებული. თუმცა, თითოეული მოდელი სასცენო კოსტუმის შთაბეჭდილებას უფრო  ტოვებს, ვიდრე თუნდაც წვეულებისთვის განკუთვნილი, სადღესასწაულო სამოსისას.

მეტი

  •  (photo: ) სტატიები
  • The Prime Minister of Georgia, Irakli Garibashvili and NATO Secretary General Anders Fogh Rasmussen (photo: NIDS/NATO Multimedia Library) სტატიები

    NATO საქართველოში - სახიფათო იმედგაცრუება

    ის, რომ უელსის სამიტზე  საქართველოსთვის MAP-ის მიცემის საკითხი პირველად გერმანიის კანცლერმა განმარტა, მასპინძელ ქვეყანაში ყველას არ მოსწონებია. „ლიბერალმა” იცის ამ საკითხზე საქართველოსთან...

  •  (photo: Levan Kherkheulidze) სტატიები

    ქართველების ოდისეა მსოფლიო ლიტერატურაში

    მსოფლიო ლიტერატურაში ჩვენ წამლებთან, საწამლავებთან და მედიცინასთან დაკავშირებული ხალხი ვართ. ჩვენი პირველივე წარმომადგენელი ქალი გრძნეულია. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს ჯადოქრის როლი გვაქვს.მთავარი...

  •  (photo: Sopho Aptsiauri) სტატიები

    მარშრუტი №X

    მიუხედავად სატრანსპორტო სფეროში სერიოზული გეგმებისა, შპს „ინტერ ტრანსს“ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოპოვებულ ნებართვაზე პირობები გამარჯვებიდან სამი თვის შემდეგაც არ შეუსრულებია. რუსთავში  არ...

ახალი ამბები

მეტი
  • დათო ლაღიძე

    159, ჰერცლის ქუჩა, თელ-ავივი

    ტრაგიკულად აღსაქმელია შერჩევითი სოლიდარობა, - როცა შენთვის ღაზას სექტორში დაღუპული ადამიანი და ისრაელის ოკუპაცია ლეგიტიმური მიგაჩნია, უკრაინაში კი - არა. რუსულ ოკუპაციაზე საუბრობ, მუსლიმების...

  • გია ეძგვერაძე

    შაშვმა იგალობა - ახლა ჩვენზეა…

    დრო არამარტო საგნებს ართმევს აურას ისტორიულად, არამედ ჩვენც გვძარცვავს მისგან; მეხსიერებიდან შლის მას და ტოვებს იმას, რაც მოვლენის ჭეშმარიტებასთან ნაზიარებულობას ვეღარ აღწერს. ამიტომ კინოს, როგორც...

  • გური სულთანიშვილი

    თქვენ

    ენას აქვს ერთი საინტერესო თვისება - მას ახსოვს ის ფაქტები, რაც ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხს აღარ ახსოვს. ის დატვირთულია შინაარსებით რომელიც შემდეგ გამოეცალა, მაგრამ მაინც ასახავს მათ, რაღაც, მცირე...

მეტი