08.12.2011

ისევ "თავიდან დაწყებული ცხოვრება"

სტატიები  (photo: )

 

მეორე წელია, რაც საქართველოში აფხაზეთიდან და შიდა ქართლიდან დევნილთა განსახლების პროცესი მიმდინარეობს.  მათ  ქვეყნის  სხვადასხვა რეგიონში საცხოვრებელი ფართები სახელმწიფომ უკვე გადასცა. თუმცა, დევნილების მნიშვნელოვანი ნაწილი აცხადებს, რომ თავის ძველ საცხოვრებელში დარჩენას ამჯობინებდა.

ახალ ადგილას ყველაფერი თავიდან დასაწყებია:  ბავშვები ახალ სკოლებსა და ბაღებში წავიდნენ,  თუმცა, ხშირად, სასწავლო დაწესებულებები საცხოვრებელი ადგილიდან შორს მდებარეობს.  ძველ საცხოვრებლებში დევნილებმა თითქმის 15 წელი გაატარეს და გარემოსთან ადაპტაცია მოახერხეს. ზოგი გარევაჭრობას მისდევდა, ზოგი იქვე შემოკავებულ მიწაზე ბოსტანს ამუშავებდა. ამ ხნის მანძილზე  მაღაზიებისა და ჯიხურების მეპატრონეებიც გაიცნეს და საქართველოს რეალობისათვის ჩვეული რამ - საკვები პროდუქტის "ნისიად აღებაც"- მათთვისაც მცირე შეღავათი იყო.

თუმცა, ახლა "ახალი ცხოვრება" კიდევ ერთხელ უნდა დაიწყონ, ისეთი  სოციალური კავშირებიც კი, როგორიც მეზობლობაა, აქ ხელმეორედ უნდა ჩამოყალიბდეს. ყველაზე მტკივნეული პრობლემა კი  უმუშევრობაა,  დევნილთა უმრავლესობისათვის  დასაქმება მთავრობის მიერ დაპირებულ ბუნდოვან პერსპექტივად რჩება.

ზღვისპირა ქალაქ ფოთში, თითქმის ყველა გამვლელმა იცოდა,  სად იყო დევნილთა ახალი დასახლება და მიგვასწავლეს კიდეც. ფოთი პატარა ქალაქია და დანიშნულების ადგილას ათიოდე წუთში აღმოვჩნდით. მანქანიდან გადაუსვლელად შევავლე თვალი დიდ სივრცეში გაშლილ ახალ დასახლებას. გზიდან დასახლებამდე ფეხით მივედი, ე.წ. "ახალი რაიონის" წინ, გაშლილ მინდორში აღმართულია დიდი ბანერი წარწერით "იძულებით გადაადგილებულ პირთა საცხოვრებელი უბანი". ბანერზე მალთაყვაში ახლად აშენებული კორპუსებია გამოსახული, რომელსაც მშენებლობის მთავარი დამფინანსებლის - ევროკავშირის, აგრეთვე, საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდისა და საქართველოს რეგიონალური განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს ლოგოები   ამშვენებს.

წითელ, ვარდისფერ, ლურჯ და მწვანე ფერებში შეღებილ 32 საცხოვრებელ კორპუსში 3000-მდე დევნილი  2011 წლის ოქტომბერში  ჩაასახლეს.

ფოთში გადაუღებლად წვიმდა,  წვიმებმა ახალმოსახლეებს ჩასახლებიდან ორიოდე კვირაში  პრობლემები შეუქმნა. ფერად კორპუსებს შორის  საწვიმარ ლაბადებში გახვეულ ათიოდე ადამიანს მოვკარი თვალი და მათკენ გავემართე, გზადაგზა შენობებს ვათვალიერებდი. ფანჯრის რაფებზე  სხვადასხვა საყოფაცხოვრებო ნივთები ელაგა, რაც მიანიშნებდა, რომ აქ უკვე ცხოვრობენ.

შეკრებილ ადამიანებს მივუახლოვდი. გაცხარებულები ბჭობდნენ. კამათის მიზეზი, როგორც მათი საუბრიდან გაირკვა,  მეტალოპლასტმასის ახალი ფანჯრებიდან შესული წყალი იყო. სახლის შიდა კედლები სულ სველიაო, - ამბობდა ერთ-ერთი მოსახლე. ერთი მათგანი ბოლო სართულზე ცხოვრობდა, ის განსაკუთრებით ბრაზობდა და გადაჭრით ამბობდა, რომ კორპუსში ყველაფერი უხარისხოდ იყო გაკეთებული.

შორიახლოს "ჟიგულის" მარკის ფურგონიან მანქანასთან  სამი ქალბატონი იდგა. ერთს ხელში პური ეჭირა, მეორეს კი - პოლიეთილენის პაკეტში  გახვეული მწვანილი. ერთმანეთში საუბრობდნენ, ეტყობოდათ,  სახლში წასვლას არ ჩქარობდნენ.

ქალბატონი თამარი ფოთში გადმოსახლებამდე წყალტუბოში, სასტუმრო "მეგობრობაში" ცხოვრობდა. მალთაყვაში ახალ საცხოვრებელ ფართს არ უჩივის, თუმცა, რემონტი არ მოსწონს, ამბობს, თუ გვიკეთებდნენ, ბარემ, ლაზათიანად და ხარისხიანად გაეკეთებინათო.  ფოთში გადმოსულს ყველაზე მეტად უმუშევრობისა  და  საარსებოდ აუცილებელი პირობების არქონა აწუხებს.

"წყალტუბოში მიწა მქონდა, ბოსტნეული და მწვანილი მომყავდა. ფოთში უკვე ამის ყიდვაც მიწევს, არადა როგორ ვირჩინო თავი? ჩემი შემწეობა 25 ლარია, სამსახურს იშოვიო, დამაიმედეს. სად ვიშოვი, თვითონ ფოთელებს უჭირთ აქ სამსახურის და ფულის შოვნა". იგი იმასაც აღნიშნავს, რომ მათთან შედარებით უკეთეს მდგომარეობაში  არიან ფოთში მცხოვრები ის დევნილები, რომლებიც ამ ქალაქში აფხაზეთის ომისთანავე ჩასახლდნენ.  მათ ქალაქში თავი უკვე  დიდი ხანია დაიმკვიდრეს.

"არჩევნის საშუალება რომ მქონოდა, ნამდვილად წყალტუბოში დავრჩებოდი. ის გზა, რაც იქ გავიარეთ, აქ  ხელახლა გასავლელია", - თქვა მან და სახე ფურგონთან მდგომი ქალბატონისკენ იბრუნა.

"მე ზუგდიდიდან ვარ. რომ შემძლებოდა, მეც იქ დავრჩებოდი. აქ გადმოსვლას იმიტომ დავთანხმდი, რომ ოჯახში ოთხნი ვცხოვრობთ, ორი ქალიშვილი, მე და ჩემი მეუღლე, მეგონა, დიდ ფართს მოგვცემდნენ,  ქალიშვილებს ცალკე ოთახი ექნებოდათ და უფრო კომფორტული გახდებოდა ჩვენი ყოფა, მაგრამ სულ ტყუილად მქონდა იმედი თურმე. განაწილების დროს მითხრეს, გოგოები გყავს და დაგითხოვდებიან, ფართი რად გინდაო. ჩემი ერთი გოგო 35 წლის არის, მეორე 30-ის. იქნება და, არ თხოვდებიან?! ე.ი ერთ ოთახში უნდა ვიცხოვროთ? განმარტოების საშუალებაც კი არ მაქვს სახლში, არადა მოვხუცდი, ხმაურს  ვეღარ ვიტან", - აღნიშნა მეორე  დევნილმა ქალბატონმა.

მოპირდაპირე ქუჩაზე შავებში ჩაცმული ქალი დგას. წინ სახელდახელოდ დადგმულ ფიცრის დახლზე პურები დაუწყვია და ზედ პოლიეთილენის პაკეტი გადაუფარებია. საწვიმარში გახვეული გაბრაზდა,  როცა გაიგო, რომ ჟურნალისტი ვიყავი. მკაცრი ტონით მითხრა -  არაფრის თქმას არ ვაპირებო.  გავჩუმდი, მაგრამ ადგილიდან არ დავძრულვარ. მართალია,  საუბარს არ აპირებდა, მაგრამ  ორიოდე წუთში საკუთარი უკმაყოფილების მიზეზები გამიმჟღავნა:

"არანაირი პირობები არ არის, რომ ვიმუშავო, შუა ქუჩაში ასფალტზე ვდგავარ, ვითხოვე პატარა ჯიხურს დავდგამ, რომ წვიმაში და თოვლში  თავი მაინც შევაფარო-მეთქი, მაგრამ ცივი უარი მივიღე.  ხომ ხედავთ, რა პირობებში მიწევს მუშაობა?! ყველაზე გაბრაზებული ვარ. იმ დღეს პრეზიდენტი იყო მოსული, ახლოს არ მიგვიშვეს, დევნილებზე მეტი ფოთის ადგილობრივი მოსახლეობა დაახვედრეს. ფოთის სკოლებიდან ბავშვებიც კი მოიყვანეს. მე მარტო ცუდის თქმას არ ვაპირებდი, მადლობის გადახდაც მინდოდა და საყვედურიც უნდა მეთქვა, მაგრამ ვინ მიგვიშვა?!"

პრეზიდენტი ფოთში მალთაყვის ახალ დასახლებას 5 ოქტომბერს ესტუმრა. როგორც ადგილობრივები ამბობენ, პრეზიდენტთან შესახვედრად საჯარო სკოლის მოსწავლეები და მასწავლებლები მალთაყვაში ავტობუსებით ჩაიყვანეს.

[pagebreak]

 

იგივე დაადასტურეს   ინტერნეტ გამოცემა "თავისუფალი სიტყვის" ჟურნალისტთან საუბრისას შეხვედრაზე მისულმა პედაგოგებმა და ბავშვებმა. მე-17 სკოლის პედაგოგმა განმარტა, რომ პრეზიდენტთან შესახვედრად სამარშრუტო ტაქსით წაიყვანეს, რომელიც ქალაქის მერიამ ამ დღისთვის საგანგებოდ გამოყო.

შეხვედრაზე მისულ მოსახლეობას პრეზიდენტმა სიტყვით მიმართა. სიტყვის პირველ ნაწილში მან ბავშვებზე ისაუბრა, მეორე ნაწილში კი დევნილებს მიმართა. მან თქვა, რომ "დევნილები ყველაზე მეტს იმსახურებენ, ვინაიდან ყველაზე მეტი დაკარგეს".  გასული 90-იანი წლების გახსენებისას, სააკაშვილმა აღნიშნა, რომ მათ დევნილის სტატუსის გამო მრავალი დამცირების გადატანა უწევდათ, ახლა კი "სხვა, ახალ საქართველოში" ცხოვრობენ, სადაც არავინ აღარავის არ ამცირებს.

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლამ, რომელიც სულ ათიოდე წუთს გაგრძელდა, მალთაყვაში მცხოვრებ დევნილებს  უკმაყოფილების განცდა დაუტოვა. "ორი სიტყვა თქვა და წავიდა, ის რაც გვაწუხებს, არც უხსენებიათ, უმუშევრები და დაუსაქმებლები ვართ", -  აღნიშნავს "თავისუფალი სიტყვის" მიერ მომზადებულ ვიდეორეპორტაჟში ერთ-ერთი მამაკაცი.

დევნილთა და განსახლების სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა, ეკა გულუამ კითხვაზე, როგორ გეგმავს სამინისტრო ფოთში ჩასახლებული დევნილების დასაქმებას, ასე გვიპასუხა:  "ჩასახლების ადგილად ფოთი სწორედ იმიტომ შეირჩა, რომ ამ ქალაქს გააჩნია ეკონომიკური აქტივობა და დიდი პოტენციალი სხვა ქალაქებთან შედარებით. შესაბამისად, ეს გადაწყვეტილება შემთხვევითი არ ყოფილა. აღნიშნულთან დაკავშირებით თავის დროზე იყო მსჯელობა და ეს ქალაქი ნელ-ნელა, ეტაპობრივად ყველა მსურველს დააკმაყოფილებს".

ფოთის ეკონომიკურ პოტენციალზე საქართველოს მთავრობაც დიდ იმედებს ამყარებს. მაგალითად, 14 სექტემბერს, ფოთში, სამაცივრე კომპლექსის "აისბერგ ფოთის" გახსნაზე ჩასულმა პრეზიდენტმა სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ფოთი 100%-იანი  დასაქმების ქალაქი გახდება.

სამინისტოროს პრესსამსახურის წერილობით პასუხში ნათქვამია, რომ  ფოთში ჩასახლებული "დევნილები დასაქმდნენ ბაზარში, ნავსადგურში, მშენებლობაზე, ბანკში. ფოთში მოთხოვნაა ხელოსნობაზე, სანტექნიკაზე, მექანიზატორზე, მუშებზე, და, შესაბამისად, ვისაც კვალიფიკაცია და სურვილი აქვს, დასაქმება შესაძლებელია",   თუმცა კითხვაზე, მალთაყვაში ჩასახლებული კერძოდ რამდენი დევნილი პირი დასაქმდა, ეკა გულუამ, პასუხი არ მოგვწერა. სამინისტროში არც ის იციან, ახალ  დასახლებაში განთავსებული რამდენი დევნილი პირია დაუსაქმებელი.

2011 წელს "კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრმა", "შერიგების რესურსებთან" თანამშრომლობით, საქართველოში იძულებით გადაადგილებულ პირთა სოციალური კვლევა ჩაატარა.

კვლევაში აღნიშნულია, რომ  დევნილ მოსახლეობაში,  ყველაზე დიდ პრობლემას, დასაქმება წარმოადგენს. ამავე კვლევის მიხედვით, დევნილთა შორის დასაქმების დონე უფრო დაბალია, ვიდრე მთელი საქართველოს მასშტაბით - მხოლოდ 15%-ს აქვს მუშაობის შესაძლებლობა, 68% კი უმუშევარია.

დევნილთა ოჯახები ადგილმონაცვლეობის გამო უმუშევრები რჩებიან, სწორედ ამიტომ ითხოვენ ისინი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსახლებას, ანუ დარჩენას იქ, სადაც წლების მანძილზე ცხოვრობენ. ქვეყნის სხვა ნაწილში განსახლებით მათ საკუთრებაში გადადის ბინა, თუმცა რთულდება ეკონომიკური მდგომარეობა, ასევე, თავს იჩენს გადაადგილებასთან დაკავშირებული სირთულეები.

აღსანიშნავია, რომ როდესაც სახელმწიფომ დევნილთა განსახლების სტრატეგია შეიმუშავა,  მათთვის სახლების კერძო საკუთრებაში გადაცემასთან ერთად სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებაზე ზრუნვის ვალდებულებაც აიღო.  ანუ, პროცესი მხოლოდ სახლების კერძო საკუთრებაში დარეგისტრირებით არ უნდა შემოფარგლულიყო. კერძო საკუთრების დარეგისტრირება და განსახლება ბოლო ეტაპი უნდა ყოფილიყო, რომელსაც წინ უნდა წასძღოლოდა სამუშაო ადგილებისა და სხვა  სოციალური გარანტიების შექმნის  პროცესი.

ბოლო წლების პრაქტიკა კი ცხადყოფს, რომ  დევნილ ოჯახებს ჯერ განასახლებენ, ხოლო ახალ საცხოვრებელ ადგილას  დასაქმებასა და ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას სამომავლოდ ჰპირდებიან.

სახელმწიფოს ამგვარი მიდგომა არაერთმა არასამთავრობო ორგანიზაციამ გააკრიტიკა. მათი აზრით, როდესაც დევნილს ქვეყნის ერთი ნაწილიდან მეორე ნაწილში ასახლებ, მას წინასწარ უნდა შეუქმნა დასაქმების პირობები და  სხვადასხვა სოციალურ  სერვისებზე ხელმისაწვდომობა.

სახალხო დამცველმა ჯერ კიდევ 2010 წელს გააკეთა რეკომენდაცია, რომელშიც ნათქვამია: "სახელმწიფომ უზრუნველყოს დენილთა განსახლება ისეთ ადგილებში, სადაც მათ ხელი მიუწვდებათ საარსებო წყაროებზე და დასაქმებაზე. ადგილობრივი ინფრასტრუქტურა უნდა იძლეოდეს დევნილების ძირითადი სოციალურ-ეკონომიკური საჭიროებების დაკმაყოფილების შესაძლებლობას. რეგიონში განსახლებულ დევნილებს გადაეცეთ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწა, ახალი განსახლების ადგილებზე განხორციელდეს დევნილთა დასაქმების ხელშემწყობი პროგრამები".

მალთაყვის დევნილთა დასახლება, ფოცხოეწერის, ბაკურციხის, წეროვანის დასახლებებისგან განსხვავებით, ქალაქთან უფრო ახლოს არის. თუმცა, როგორც მალთაყვაში ჩასახლებული დევნილები ამბობენ, მომავალში აქ, სკოლა, ბაღი და ბაზარი აშენდება. "სკოლა შორს არის, ბავშვებს ეზარებთ სიარული, ავტობუსიც ხან დადის, ხან - არა", - ამბობს ქალბატონი თამარი.

აღნიშნული ინფორმაცია არ დაადასტურა დევნილთა სამინისტროს პრესსამსახურის უფროსმა ეკა გულუამ. "რა თქმა უნდა, ფოთში ინფრასტრუქტურული პროექტები იგეგმება, თუმცა იმავდროულად ჩვენი პოლიტიკა დევნილთა ინტეგრაციაა და არა იზოლაცია. შესაბამისად, ადგილობრივი და დევნილი საზოგადოება სხვადასხვა ბაღებითა და სკოლებით არ უნდა სარგებლობდნენ", - ამბობს იგი.

მალთაყვაში, როგორც სამინისტროში გვითხრეს, ჩასახლდნენ დევნილები წყალტუბოდან, ზუგდიდან, ფოთიდან, ის დევნილები, რომლებიც ავარიულ  შენობებში ცხოვრობდნენ. განსახლებას  წყალტუბოს  22 სანატორიუმში მცხოვრები კიდევ 2355 ოჯახი ელოდება. დევნილთა უმეტესობას არ სურს ქვეყნის სხვა ნაწილში გადასვლა და საცხოვრებელ ფართს ისევ წყალტუბოში ითხოვს. თუმცა, სამინისტროს 2010-2014 წლის გეგმის მიხედვით, წყალტუბოში დევნილთა მხოლოდ ერთი დასახლება აშენდება, სადაც 200-მდე ოჯახის  განთავსებაა შესაძლებელი.



მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • მედეა გოგსაძე

    რა მოსდით ქართველ მამაკაცებს?... „ჩატეხილი ხიდის“ გენდერული ვერსია

    ფსიქოლოგ ერიკ ბერნის უნივერსალური მოდელის თანახმად, ნებისმიერ ადამიანში ზის „ბავშვი“, „მშობელი“ და „მოზრდილი“. „ბავშვი“ იმპულსური ქცევის წყაროა, „მშობელი“ - რაციონალური საწყისი, რომელიც  „ბავშვს“...

  • თამარ რუხაძე

    მედია, რომელიც...

    ჩვენც ხომ იმავე ოჯახებიდან, სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან, იმავე განათლების სისტემიდან მოვედით, რომელიც ამ პროფესიისთვის პროფესიონალ კადრებს დღესაც ვერ ზრდის და ჩვენ როგორ გაგვზრდიდა უკეთესებს?...

  • თამარ კარელიძე

    სტიგმა ფასადს მიღმა

    ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელიც ერთ ქუჩაზე სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა ტაძრებით ამაყობს და პარალელურად, არამართლმადიდებლებს, ქრისტეს სახელით, ჩასაქოლად დასდევს, ის საზოგადოება,...

მეტი