03.03.2012

სიცრუემ პოლიტიკური ინსტრუმენტის მნიშვნელობა შეიძინა - ინტერვიუ ფილოსოფოს ზაზა ფირალიშვილთან

სტატიები  (photo: )

რამდენად შეიძლება პრეზიდენტის პარლამენტში გამოსვლა ყოველწლიურ ანგარიშად ჩაითვალოს - შეასრულა პრეზიდენტმა პარლამენტის წინაშე თავისი ანგარიშვალდებულება?

 

სამწუხაროდ, დამკვიდრებული ტრადიციით,  ჩვენი ხელისუფალნი და მით უმეტეს, მიხეილ სააკაშვილი ანგარიშვალდებულებას მხოლოდ არჩევნებთან მიმართებაში გრძნობს. ამიტომაც იყო ეს უფრო მისთვის დამახასიათებელი ჭარბი პიარის დემონსტრირება, ვიდრე ანგარიშით წარდგომა პარლამენტისა და საზოგადოების წინაშე.  სააკაშვილი პოლიტიკას პიარის კატეგორიებში ხედავს. აქედანაა ყბადაღებული ფასადების თემა, რომელიც უმალ ამ ადამიანის ზოგადპოლიტიკურ მეთოდზე მიგვანიშნებს, ვიდრე რაღაც კონკრეტულ მოვლენაზე. ამიტომაც შეიძინა მისთვის სიცრუემ  პოლიტიკური ინსტრუმენტის მნიშვნელობა.  სამწუხარო ის არის, რომ ჩვენ თავად, ქართულმა საზოგადოებამ დავუშვით ეს, რადგან გარკვეული პოლიტიკური კონიუნქტურის გამო თავს ვიმშვიდებდით, რომ „ახლა ასეა საჭირო" და ჩვენი უახლესი ისტორიის დასაბამშივე ვერ გავიაზრეთ, თუ რა უბედურების მოტანა შეეძლო ჩვენთვის „პოლიტიკურად დასაშვებ" სიცრუეს, ძალადობას, პოლიტიკისა და პოლიტიკური აქტორების მითოლოგიზებას, მესიათა მუდმივ ძიებას და ასე შემდეგ.

დღეს  ყველაფერი ამის გამო ვაგებთ პასუხს. ჩვენი დღევანდელი ხელისუფალი ამ გულუბრყვილო განწყობათა პროდუქტია. არაფერი  ისე იოლად არ შობს ბოროტებას, როგორც ემოციების სიჭარბის ფონზე აზრის დეფიციტი.

სააკაშვილს ჰიპერტროფირებულად ახასიათებს ის, რისკენაც - ისევ და ისევ ჩვენი ემოციური გულუბრყვილობით - ვუბიძგებთ ჩვენს მმართველებს. მას არავითარი კეთილი ილუზია არ გააჩნია ჩვენი საზოგადოების მიმართ.  ამიტომაც არის ასეთი თავისუფალი თავის ქცევაში, ამიტომაც აძლევს თავს უფლებას, პოლიტიკურ-თეატრალური რეკვიზიტებით გაგიმასპინძლდეს და უტიფრად წარმოგვიდგინოს ბედნიერი ცხოვრებისა და აღმშენებლობის სურათები. ასეთი დამოკიდებულება კი იმთავითვე გამორიცხავს რაიმე ანგარიშვალდებულებას. მისთვის მთავარი ხელსაყრელი ემოციური ფონის შექმნაა და ამას მთელი გატაცებით აკეთებს.

რა იყო თქვენთვის ახალი ამ გამოსვლაში?

უმთავრესი, რაც მენიშნა, მისი ნერვიული ტონი გახლდათ. მან ვერ შეძლო დაეფარა ის დაძაბულობა, რომელშიც დღევანდელი სიტუაცია ამყოფებს. თუ სულ რამდენიმე თვის წინ იგი მშვიდად აკეთებდა თავის საქმეს და რეალურ ოპონენტს ვერ ხედავდა, დღეს იგი უკვე მდევნელის სუნთქვას გრძნობს. თუ სულ რამდენიმე ხნის წინ მას ჯერაც შერჩენილი ჰქონდა საკუთარი სიმართლის გრძნობის ნამსხვრევები, კორუფციაში პირდაპირმა ბრალდებებმა დაანახეს, რომ მის რწმენას უკვე ძნელად თუ ვინმე გაიზიარებს, მით უმეტეს, რომ სწორედ ის დაახვედრეს წინ, რაც თავად გააკეთა ათიოდე წლის წინ. გია ცაგარეიშვილის მიერ სურათების დემონსტრირებას ვგულისხმობ. ერთი წამით წარმოიდგინეთ საკუთარი თავი მის ადგილზე.  იგი იძულებული გახდა ერთი წამით მაინც ეღიარებინა, რომ სიტუაციაზე კონტროლს ჰკარგავს და რომ ადამიანთა კრიტიკულად დიდი ნაწილისათვის იგი მანკიერებას შეიძლება განასახიერებდეს. ვფიქრობ, მის მიერ დარბაზის დატოვება სერიოზული გარდატეხის წერტილია არა მხოლოდ მისი პიროვნებისათვის, არამედ მთელი ჩვენი უახლესი ისტორიისათვის. ვერ გეტყვით, რა მოჰყვება ამას. ერთი რამ ცხადია: დარბაზის დატოვების შემდეგ ჩვენ უკვე სხვა სააკაშვილთან გვაქვს საქმე.

პრეზიდენტმა გამოსვლის დროს აქცენტი ქვეყნის განვითარებისთვის სხვადასხვა სფეროში სახელმწიფოს აქტიურ როლზე ისაუბრა - სოფლის მეურნეობისთვის მექანიზაციის ცენტრების შექმნა, პროფესიული გადამზადების სახელმწიფო პროგრამები და .. თუმცა, მისი მთავრობის თითქმის 10 წლიანი მუშაობის პერიოდში ასეთი პოლიტიკა აქამდე არ გატარებულა. როგორ შეიძლება აიხსნას ეს ფაქტი - მთავრობამ სტრატეგიული ხედვა შეიცვალა?

სააკაშვილის კარნავალური პოლიტიკისათვის ისიც არის დამახასიათებელი, რომ იგი ძალზე იოლად სესხულობს იდეებს თავისი ოპონენტებისაგან. მისთვის, ტიპიური ავტორიტარი მმართველისათვის, ოპონენტი არსებობს არა საიმისოდ, რომ ანგარიში გაუწიოს მის არსებობას და დიალოგის რეჟიმში იმყოფებოდეს მასთან, არამედ   საშუალებაა, გაიგოს, უკმაყოფილების რა ეპიცენტრები არსებობს საზოგადოებაში, რათა შემდეგ დაპირებებითა და ფასადური ღონისძიებებით მათი პარალიზება მოახდინოს. სამწუხაროდ, ამ წლების გამოცდილება მკარნახობს, რომ საქმე კვლავ ამგვარ მოვლენასთან გვაქვს და არა რაიმე ქმედითი ღონისძიებების დაგეგმვასთან. თანაც დღეს არსებობს ოპონენტი, რომელიც საკმაოდ დიდ ენერგიასა და ძალისხმევას უძღვნის არსებული სიტუაციის გაანალიზებას და მომავლის სტრატეგიული გეგმების შემუშავებას. აქ ამის ადგილი არ არის, თორემ ძნელი არ იქნებოდა მიგვეთითებინა არაერთ იდეაზე, რომელიც საზოგადოებრივ მოძრაობა „ქართულ ოცნებაში" შემუშავდა და  სააკაშვილმა გაახმოვანა, როგორც თავისი.  ამას იგი ადრეც აკეთებდა, მაგრამ ასეთი ტოტალური „სესხება" პირველად შემხვდა.

რამდენად იგრძნობოდა პრეზიდენტის გამოსვლაში ის ახალი პოლიტიკური რეალობა, რაც ქვეყნაშია შექმნილი ?

უნდა გაგვკვირვებოდა, რომ ვერ გვეგრძნო. ეს ბუნებრივიც არის. მთავარი მაინც, ალბათ, ისაა, რომ ამ ახალმა რეალობამ მას საკუთარი სიმართლის გრძნობა დაუკარგა. ადრე იგი  შედარებით იოლად ინარჩუნებდა წონასწორობას. რუსთაველზე მასობრივი გამოსვლების დროს შეეძლო ყველასათვის დასანახად რესტორანში წასულიყო, ან აღლუმი მოეწყო იქ, სადაც სულ რამდენიმე საათით ადრე ოთხი ადამიანი დაიღუპა. ამით იგი თავისი სიმართლისა და ძლიერების დემონსტრირებას ახდენდა. თუ შეიძლება ითქვას, ისტორიის ტალღაზე გრძნობდა თავს. თანაც, არაფერი ახდენს ადამიანების ნების პარალიზებას ისე, როგორც მმართველის უცნაური და ულოგიკო გადაწყვეტილებები. ავტორიტარული ტიპის მმართველებმა კარგად იციან ეს. ადამიანებმა არასოდეს არ უნდა იცოდნენ დანამდვილებით, თუ რას მოიმოქმედებს მათი მმართველი.

დღეს  მისი მოულოდნელი სვლებიც კი  უკვე პროგნოზირებადია. ოქტომბრის შემდეგ მან ისე უსაშველოდ გაცვითა თავისი პოლიტიკური არსენალი, რომ მისგან ახალს არაფერს ველით. ამის შემდეგ ან დაუფარავი ავტორიტარიზმია, ან - ხელისუფლების ტოტალური მარცხი. მართალი გითხრათ, ორივე შესაძლებლობა მაშინებს. ჩვენ უკვე გვინახავს, როდესაც მმართველი ისტებლიშმენტი კვამლივით იფანტება და პოლიტიკური სხეული ხელახლაა ასაგები. ქვეყნისთვის ამას არაფერი კარგი არ მოაქვს. ჩვენი ყოველი ხელისუფლება, ნებით თუ უნებლიედ, მიდის იქეთ, რომ ბოლომდე ამოწუროს თავისი პოლიტიკური და მორალური რესურსები და ამით კრახს იმზადებს, ქვეყანას კი ახალი რევოლუციური ცვლილებების საფრთხის წინაშე აყენებს. „ოღონდ ეს არას" განწყობილებებს ვგულისხმობ, რომლებიც შედეგიც შორს არის ხოლმე რაციოსა და მორალისაგან.

ცხადია, ვარჩევდი, რომ მას აღმოჩენოდა ძალა, დიალოგის რეჟიმი დაემყარებინა ახალ ოპონენტთან. უფრო მეტიც, აღმოჩენოდა ძალა, რომ ეს დიალოგი ჩვენი პოლიტიკური ცხოვრების პირველ პრინციპად ექცია. დემოკრატია, რაღაც აზრით, ხომ მხოლოდ თავისუფალ მეტოქეობას არ გულისხმობს, იგი, უპირველესყოვლისა, რადიკალურად დაპირისპირებული ძალების დიალოგისა და სახელმწიფოებრივი ამოცანების გადასაწყვეტად თანამშრომლობის რეჟიმია და არა მხოლოდ მუდმივი უსისხლო საინფორმაციო ომი, როგორც ჩვენთან ბევრ პოლიტიკოსს ჰგონია.  ამას კი დიდი ძალა და კულტურა უნდა. სამწუხაროდ, ჩვენს დღევანდელ მმართველს ეს ძალა არ აღმოაჩნდა. იგი იოლად მოექცა 2003 წლის ინერციის ტყვეობაში, როდესაც ადამიანთა ერთი ჯგუფი დარწმუნებულია, რომ მხოლოდ მათ იციან, რა სჭირდება ქვეყანასა და საზოგადოებას. რიგითი ადამიანები კი უწყვეტი საინფორმაციო ტერორით უნდა იყოლიონ მორჩილებაში.

დაგრჩათ თუ არა შთაბეჭდილება, რომ სააკაშვილი სერიოზულად ფიქრობს 2013 წლის შემდეგაც პოლიტიკაში დარჩენაზე?

დარწმუნებული ვარ, ფიქრობს, თუმცა კი ის, რა მოხდება, რამდენიმე გარემოებაზე იქნება დამოკიდებული.

მთავარი ჩვენი, ქართული საზოგადოების ნებაა. თუ ჩვენ მისი გაშვების ნება გვექნება, წინ ვერაფერი დაგვიდგება. რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია: რამდენად გავიაზრებთ ჩვენ, ქართული საზოგადოება, ისტორიის წინაშე პასუხისმგებლობას, შევძლებთ თუ არა არჩევნებზე კონტროლის დაწესებასა და სამიტინგო-რევოლუციური პარადიგმების გარეშე სიტუაციის შეცვლას.

მეორე გარემოებას ირანთან და ავღანეთთან დაკავშირებული მოვლენები ქმნის, რამაც დასავლეთის პოლიტიკურ წრეებში საქართველოში სტაბილურობის შენარჩუნების მიზნით ჩვენს ქვეყანაში ცუდი, მაგრამ რაღაც გარანტიების მიმცემი მმართველის მხარდაჭერის  სურვილი შეიძლება გააჩინოს.  ვფიქრობ, ახლანდელი საზოგადოებრივი განწყობილებების კონტექსტში ამგვარი სურვილი მანკიერი და თავად დასავლეთის რეგიონალური ინტერესებისათვის ზიანის მომტანი იქნება. არანაკლებ მნიშვნელოვანია, როგორ შესთავაზებს დასავლეთს თავს ოპოზიცია, იქნება თუ არა იგი სტაბილურობისა და ძველი საგარეო კურსის გაგრძელების გარანტი. დიდი როლი შეიძლება შეასრულონ ხელისუფლების იმ წარმომადგენლებმაც, ვინც ხედავს, თუ როგორ დაშორდა ყველაფერი 2003 წლის იდეალებს და რომ ამ ინერციის გაგრძელება დაუშვებელია. დღევანდელი და ხვალინდელი მოვლენები მათ ხომ ისტორიის მიმართ პასუხისმგებლობის წინაშე აყენებს.

საბოლოოდ, ძალზე მნიშვნელოვანი როლი შეიძლება შეასრულოს წმინდა ფსიქოლოგიურმა მომენტმა: მოინდომებს თუ არა დღევანდელი ხელისუფალი „დემოკრატიის შუქურის" როლი დასავლეთისათვის „ჩვენიანი უვარგისის" როლში გაცვალოს.

საპარლამენტო ოპოზიციის გამოსვლა როგორ შეიძლება შეფასდეს - რამდენად მომზადებულები იყვნენ პარლამენტარები?

მზაობა აშკარად უფრო მაღალი ხარისხისა იყო. ეს აშკარაა. პრეზიდენტის არც ერთი გამოსვლა არ შებრუნებია მას ისე ცუდად, როგორც ეს უკანასკნელი და ეს სულ რაღაც ორიოდე ოპოზიციონერმა შეძლო. მთავარი მაინც საზოგადოების მზაობა იყო, ყურადღებით და თანაგრძნობით დაეგდო ყური ოპოზიციონერებისათვის. გამომსვლელმა სწორედ ეს იგრძნო და ამიტომაც დატოვა დარბაზი.


მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • ნათია ფანჯიკიძე

    მთავარი როლის შემსრულებლები

    კულტურის ნებისმიერმა მინისტრმა უნდა შეიგრძნოს თავისი როლის მთავარი მოთხოვნა, რომ მას კულტურის მცველად, კულტურის განვითარების სტრატეგიის, კონცეფციის  შესაქმნელად ერგო ეს როლი და ამ მხრივ უნდა...

  • ლევან ბერიანიძე

    გენდერული კვოტირება

    პატარა გოგოების შესახებ ეს რამოდენიმე მარტივი მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მივხდეთ, რომ ძალადობა მარტო მკვლელობის აქტი არაა. “ძალას” ვხმარობთ მაშინაც როდესაც ჩვენ გოგოებს და ბიჭებს, კაცებს და...

  • ერეკლე დეისაძე

    ,,მეორე მოქალაქის’’ ინიციატივა

    სანამ რეზო ამაშუკელს  უცემს პოეტური პულსი, მთავრობას ვთხოვ ამიყენოს  დავარდნილი ლარის კურსი. მე ღირსებააღდგენილმა  შევიცვალე უკვე ხედვაც,  მთავარია ზებრა იყოს  მაძღარი და, ჩემი დედაც ...

მეტი