09.04.2012

მაშტოცის პარკი - უპრეცედენტო ეკომოძრაობა ერევანში

სტატიები  (photo: )

რადიო "თავისუფლება", ერევნის ბიურო, სპეციალურად "ლიბერალისთვის"

 

ერევნის ცენტრში მაშტოცის სკვერის გვერდით,  უკვე მესამე თვეა ეკოაქტივისტების მჯდომარე აქცია გრძელდება. გარემოს დამცველები ითხოვენ დაუყოვნებლივ აიღონ ათამდე ჯიხური, რომელიც სკვერში, სამშობიარო სახლის ახლოს ჩადგეს. ისინი ამტკიცებენ, რომ ჯიხურების ჩადგმა საჯარო ადგილას, პარკში მიუღებელი და უკანონოა.

თებერვლის დასაწყისში ერევნის მერიამ პარკში იმ სავაჭრო ჯიხურების ჩადგმა დაიწყო, რომლებიც აბოვიანის ქუჩის ტროტუარიდან აიღეს. ქალაქის მერმა, ტირონ მარგანიანმა აბოვიანის ქუჩის გათავისუფლების პირობა დადო, მაგრამ არავინ ელოდა, რომ ჯიხურების მფლობელებს კომპენსაციის სახით პარკში შესთავაზებდნენ ადგილებს. ახალგაზრდა ეკოლოგებმა შეძლეს სკვერში მშენებლობის შეჩერება. რამდენჯერმე ცოცხალი კედელი აღუმართეს სატვირთო მანქანებს, რომლებითაც ბეტონი შეჰქონდათ. აქტივისტების წინააღმდეგობის გამო მანქანა რამდენიმე დღე ვერ ახერხებდა სამშენებლო მოედნამდე მიღწევას.

აქციების დაწყებიდან მეორე კვირას, პოლიციის ჩარევის შემდეგ მშენებლობის განახლება მოხერხდა. ტერიტორია, სადაც ჯიხურების კარკასების მშენებლობა მიმდინარეობდა, რამდენიმე ათეულმა პოლიციელმა დაიკავა, მათ მშენებლობის მთელ პერიმეტრზე მეტალის კონსტრუქციები ჩადგეს და ცოცხალი კედელი აღმართეს - ასე მისცეს საშუალება მშენებლებს, გაეგრძელებინათ მუშაობა.

პოლიციის ჩარევამ დაძაბულობა გაზარდა. ყოველდღიურად უფრო და უფრო მეტი აქტივისტი იკრიბებოდა. ეკოაქტივისტების მხარდასაჭერად მოდიოდნენ ადამინები ერევნის სხვადასხვა უბნებიდან და ამბობდნენ, რომ იბრძოლებდნენ ქალაქში მაშტოცის პარკის, ერთადერთი დარჩენილი გამწვანებული ადგილის გადასარჩენად.

20 თებერვალს ერევნის მერიის წინ, მშენებლობის აღკვეთის მოთხოვნით დიდი მიტინგი გაიმართა. ქალაქის მერი მარგარიანი მომიტინგეებთან არ ჩამოსულა, მერიაში თქვეს, რომ არ ეცალა.

პარში დაბრუნებულმა აქტივისტებმა გადაწყვიტეს, საკუთარი ძალებით შეეჩერებინათ მშენებლობა. მათ შეძლეს პოლიციის წინააღმდეგობის გადალახვა, მეტალის კონსტრუქციების დანგრევა და სამშენებლო მოედნის დაკავება.

რამდენიმე ათეულმა აქტივისტმა ცოცხალი კედელი აღმართა მშენებარე ჯიხურის ირგვლივ. მშენებლობა შეჩერდა. ხელისუფლება ამტკიცებდა - აქტივისტების ქმედება უკანონოაო, მაგრამ პოლიციას არც ერთი მათგანი არ დაუკავებია.

ეკოლოგმა ბაინდურ პოღოსიანმა შიმშილობა გამოაცხადა. პოლიცია იმავე დღეს დაპირდა აქტივისტებს, რომ მშენებლობა შეჩერდებოდა. მაგრამ როგორც კი აქცია დაიშალა, მშენებლობა მაშინვე განაახლეს. დილით დაახლოებით ათი პავილიონი, პარკის ორივე ნაწილში უკვე თითქმის დამთავრებული იყო - სახურავიც ჰქონდათ და გვერდითა, შუშის კედლებიც. მხოლოდ შიდა, მოსაპირკეთებელი სამუშაოები იყო დარჩენილი. აქტივისტები ამის შემდეგ ღამითაც პარკში რჩებოდნენ, მიუხედავად იმისა, რომ პოლიცია მათ კარვის გაშლის უფლებას არ აძლევდა.

უკვე ერთი თვეა, მაშტოცის პარკში მშენებლობა შეჩერებულია, სავაჭრო ჯიხურები არ გახსნილა, აქტივისტები ყოველ დღე იკრიბებიან, აწყობენ სხვადასხვა აქციებს, კონცერტებს, გამოფენებს, დისკუსიებს.

„აქციებს უფრო და უფრო დიდი რეზონანსი ექნება, ამიტომაც, მათ ცოტა ხნით იფიქრეს, რომ არ ღირს ზეწოლა, რათა მოძრაობა არ გაფართოვდეს. ჰგონიათ, რომ ასე შეძლებენ პროცესის შეჩერებას“ - ამბობს აქციების მონაწილე მარიამ სუხუდიანი.

8 მარტს, ქალთა საერთაშორისო დღეს, ეკოლოგიური მოძრაობის რამდენიმე აქტივისტმა გოგონამ სიურპრიზი მოაწყო: მათ მოულოდნელად გაარღვიეს პოლიციელების ჯაჭვი ჯიხურების ირგვლივ და მთელი სამშენებლო ტერიტორია დაიკავეს. პოლიციელები იქვე იყვნენ, მაგრამ გოგონებს წინააღმდეგობა არ გაუწიეს, თუმცა, მამაკაცები, რომელთაც უნდოდათ გოგონებს შეერთებოდნენ, არ შეუშვეს. 8 მარტის აქცია იმით დასრულდა, რომ პოლიციელებმა აქტივისტ გოგონებს ყვავილები აჩუქეს.

სამოქალაქო ინიციატივამ „ჩვენ ამ ქალაქის პატრონები ვართ“ მაშტოცის პარკში დაარსა „სამართლიანი და დამოუკიდებელი სამოქალაქო სასამართლო“, რომელმაც პარკში ჯიხურების განლაგების კანონიერების თაობაზე განაჩენი გამოიტანა: სასამართლომ ერევნის მერიის ქმედება არაკანონიერად ჩათვალა, რაც ჯიხურების საკუთარი ძალებით აღებასაც გულისხმობდა ამას გარდა, „სასამართლოს“ გადაწყვეტილებით, პარკში ყოველგვარი ქონება დაპატიმრებულია. ქალაქის ხელისუფლება ამტკიცებს, რომ ჯიხურები პარკში მხოლოდ დროებით, დაახლოებით სამი წლით დარჩება, შემდეგ მათ სხვაგან გადაიტანენ.

აპრილში ახალგაზრდა აქტივისტების მხარდასაჭერად სომხური ინტელიგენციის 50-მდე ცნობილი წარმომადგენელი მივიდა, მათ შორის, რეჟისორები, მომღერლები, პოლიტოლოგები, ჟურნალისტები და ა. შ. მათ ჯიხურების დასაშლელეად და „სასამართლოს“ გადაწყვტილების აღსასრულებლად „ბრიგადა“ შექმნეს. თუმცა, „ბრიგადის“ რამდენიმე მცდელობა ჯიხურების დასაშლელად წარუმატებელი აღმოჩნდა. „ბრიგადის“ წევრები ერთნაირ სამშენებლო სპეცფორმას იცვამენ, ჩაფხუტები ახურავთ და ხელში დემონტაჟისთვის საჭირო ინსტრუმენტები უჭირავთ. პოლიციას, ძალის გამოყენებით გამოჰყავს ბრიგადის ის წევრები, რომლებიც ცოცხალი კედლის გარღვევას ახერხებენ. „ეს მხოლოდ დასაწყისია, ხვალ ჩვენ 1000 და 100 000 ვიქნებით. აქ ახალი სომხეთი დაიბადა, ეს არ არის ბრძოლა მხოლოდ ჯიხურების წინააღმდეგ“ - ამბობს „ბრიგადის“ წევრი, კინორეჟისორი ტიგრან ხზმალიანი.

ეკოქატივისტები იმედიანად არიან, რადგანაც შარშან ჩანჩქერ ტრჩკანის გადარჩენა შეძლეს. ჩანჩქერის ახლოს მჯდომარე დემონსტრაციამ შედეგი გამოიღო - სომხეთის ხელისუფლებამ ჩანჩქერთან ჰესის მშენებლობა შეაჩერა და ტრჩკანს დაცული ტერიტორიის სტატუსი მიანიჭა.

დემონსტრანტებმა მშენებლობის სჩერება შეძლეს:

[video:http://www.youtube.com/watch?v=NO58i7w1htg]

8 მარტის აქცია:

 

[video:http://www.youtube.com/watch?v=euCtrwytjE0]

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • გური სულთანიშვილი

    ნეიტრალური პოზიცია

    განვიხილოთ ჟურნალისტური ე.წ. მიუკერძოებელი, ობიექტური საქმიანობა, რომელსაც ნეიტრალური პოზიცია აქვს. ეს ნიშნავს, რომ იგი სიცრუესა და ჭეშმარიტებას შორის დგას და ორივეს ერთნაირი ეთიკური წონით აშუქებს....

  • ანა დოლიძე

    იანგული ისევ დაბრუნდა

    ქართული ზაფხული კამიუს ალჟირული ზაფხულივით მესამე მსოფლიოს ზაფხულია. მესამე მსოფლიოს ერთ-ერთი მახასიათებელი ხომ ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოების დაუცველობა და ტრაგიკული სიკვდილის ყოველდღიურობაა.

  • ანა არგანაშვილი

    "უწი-პუწი", ანუ შეხვედრები ადამიანის უფლებებზე

    შედიხარ მოკრიალებულ დარბაზში, სადაც ადამიანის უფლებების დამცველები საკუთარი თანამდებობის შესაბამისად ვალდებულებების სრული "გაცნობიერებით" სხედან. ხშირად მობილურზე ან საათზე იყურებიან, იმის...

მეტი