21.04.2012

ახმეტა ხუციშვილის ომი

ფოტო: გოგიტა ბუხაიძე

მსხვილკალიბრიანი ტყვიამფრქვევებით და ყუმბარებით დაცხრილულ შენობებს შორის, ერთმანეთის გვერდით მარმარილოსგან ნაკვეთი საფლავის ქვებია გამწკრივებული. 17-მა ჯარისკაცმა 2008 წლის 11 აგვისტოს, სიცოცხლე აქ, უწყვეტი ცეცხლის ქვეშ დაასრულა.

ახმეტა ხუციშვილი შინდისის მკვიდრია. სინამდვილეში ბადრი ჰქვია. ჯერ კიდევ პატარა იყო, როდესაც მამამისის აზერბაიჯანელი მეგობარი ახმედი გარდაიცვალა. მამამ მეგობრის საპატივსაცემოდ შვილს სახელი შეუცვალა. მას შემდეგ ყველა ასე ეძახის.

ახმეტა აგვისტოს ომს საკუთარ სოფელში შეხვდა. გაქცევაზე არც უფიქრია, რადგან „ენერგოპროჯორჯიას" მორიგე ოპერატორია და რამდენიმე სოფლის ელექტროხაზები აბარია. "სადმე დენი რომ ითიშება, მე ვარ პასუხისმგებელი. მარტოკაცი ვმუშაობ. ისედაც არ წავიდოდი აქედან, ან სად უნდა წავსულიყავი?" - გვეუბნება ახმეტა.

ახმეტა ჩვენთან საუბარში შეტაკების დღეს იხსენებს. ნაშუადღევის პირველი საათი იქნებოდა შინდისში რომ დაბრუნდა - ვარიანში ელექტროხაზების შესაკეთებლად იყო წასული. ცოტა ხნის შემდეგ სოფელში ჯავშანტრანსპორტიორების კოლონა შემოვიდა, გორისკენ მიდიოდნენ. სოფლელებმა ქართულ არმიად მიიჩნიეს და მიუახლოვდნენ, გამოლაპარაკება სცადეს, შეცდომას მაშინღა მიხვდნენ, როდესაც ჯარისკაცებმა ავტომატები მიუშვირეს, თუმცა არავისთვის უსვრიათ, "სამოქალაქო პირებზე გართულება არ ჰქონიათ, სიარულს აგრძელებდნენ. ჩემი სამსახურის უფროსებს დავურეკე. კიდევ ჩემს მეზობელ სამხედროს. ვისაც შემეძლო, ხმა მივაწვდინე, რომ რუსები მოდიოდნენ. ამის შემდეგ ერთი საათიც არ გასულა, რომ სროლა ატყდა. ვინც კი ხალხი იყო, დაახლოებით ოცდახუთ კაცამდე,  სოფლელები, ჩემთან სარდაფში ჩავიყვანე"- ამბობს ახმეტა.

ახმეტა იხსენებს, რომ ჯერ ავტომატებიდან ისროდნენ, მერე უფრო მსხვილკალიბრიანი იარაღის ხმაც ჩაერთო, მალე აფეთქებების ხმაც გაისმა და "ტანკების მუხლუხოების ღრჭიალმა სულ გადააყრუა იქაურობა" შეტაკება ახმეტას სახლიდან 50-იოდე ნაბიჯის დაშორებით მიმდინარეობდა.

ახმეტას მონაყოლის მიხედვით, რუსული კოლონა ქართულ შენაერთს შეეჩეხა, რომლების ასევე გორისკენ მიდიოდნენ.[pagebreak]

შეჯახების ადგილს გარშემო რამდენიმე შენობა აკრავს. რკინიგზის ორსართულიანი სადგურის წინ გაუქმებული სასადილოა, მის გვერდით საპირფარეშო, მოპირდაპირე მხარეს საწყობია, არჯვნივ კი ძველი საცხობი. ამ შენობებს რკინიგზის ლიანდაგები მიუყვება, რომლის ტყვიებით დახვრეტილი რელსები მძიმე ბრძოლის უტყუარი მოწმეა. "ზოგი იქით გაიცა, ზოგი აქეთ, - ხელით გვიჩვენებს ახმეტა - სხვადასხვა შენობებს მოეფარნენ. მაგრამ მოიმწყვდიეს. უკან დასახევი გზა ლიანდაგების მხარეს ჰქონდათ, მაგრამ არ დაუხევიათ".

სროლა დაახლოებით ერთ საათს გრძელდებოდა. ცეცხლი რომ შეწყდა, ახმეტა სამ თანასოფლელთან ერთად სახლიდან გამოვიდა, თუმცა "ბეტეერები" დაინახეს და უკან გაბრუნდნენ. ისღა მოახერხეს, რომ გზის პირას მწოლიარე დაჭრილი ჯარისკაცი ტრისტან ჩიტიძე შენობას მოაფარეს. ახმეტა და მისი მეზობელი  შალვა კვინიკვაძე ღამით დაბრუნდნენ და დაჭრილების გაყვანა დაიწყეს. ახმეტას თქმით, ეს ძალიან სახიფათო იყო, რადგან, მათ რუსი ჯარისკაცების ალყაში შესვლა და გამოსვლა უწევდათ.

"უნდა ითქვას, რომ ეს ბიჭები მე კი არა, ერთ-ერთმა ჯარისკაცმა, ალექსანდრე ონიანმა გადაარჩინა - გვეუბნება ახმეტა - როდესაც რუსები საკონტროლო სროლისთვის მიუახლოვდნენ, მან თავი აიფეთქა, ამიტომ რუსები დანარჩენ დაჭრილებს აღარ ეკარებოდნენ"

ახმეტას და მისი თანასოფლელებს დაჭრილები სათითაოდ გამოჰყავდათ, "ღამ-ღამობით გაგვყავდა, ბავშვობიდან აქ ვარ გაზრდილი, ყველა კუთხე ვიცი, სად უნდა შევძვრე, სად დავიმალო. დაჭრილებს „ადიელაში" ვახვევდით, და აქვე არხში გავდიოდით, რომ რუსებს არ დავენახეთ. გარშემო იდგნენ ჯავშანტრანსპორტიორებით".

ჩიტიძის მერე ცანავა და კალმახელიძე გაიყვანეს, მერე მურმანიძე, ბოლოს კი მალაზონია. ჩიტიძე მძიმედ იყო, ამიტომ ორიოდე კილომეტრით მოშორებულ საავადმყოფოში წაიყვანეს, "სამსახურის მანქანით გავედით, ღამით, ფარები გამორთული მქონდა, საავადმყოფო ცარიელი იყო, შალვა კვინიკაძე წითელ ჯვარს დაუკავშირდა, ვუთხარით, რომ კაცი გვყავდა დაჭრილი და სისხლად იცლებოდა, იმას ვაკეთებდით რასაც ექიმები გვკარნახობდნენ, გვერდზე მიტოვებული აფთიაქი იყო, გავაღეთ და მედიკამენტები გამოვიტანეთ. ვენაში ნემსი ვერ გავუკეთეთ, გვეშინოდა, რომ ჰაერი არ შეგვპარვიდა ან რამე არ დაგვეშავებინა. ბოლოს სოფელში ვიკითხეთ და ერთი კაცი აღმოვაჩინეთ, ლერი თვალიაშვილი, რომელსაც ეს შეეძლო. ნემსს ის უკეთებდა. მეორე დღიდან მთელ სოფელში ვინც იყო დარჩენილი, 30 კაცამდე, ყველა ამათ პატრონობდა."

ახმეტამ დაჭრილები საკუთარი სახლის სარდაფში ჩაიყვანა. "ბიჭებს ოჯახებთან ვარეკინებდი, ჰოდა, ერთ-ერთის მშობელს ძალიან შეეშინდა, როცა შვილმა უთხრა, რომ ახმეტას ვყავართ სარდაფშიო. იფიქრა, ტყვედ აიყვანესო, ძლივს დავამშვიდეთ" - იცინის ახმეტა.

"ერთ-ერთი ჯარისკაცი, გიგა მურმანიძე წარამარა შეყვარებულს ურეკავდა, საავადმყოფოში როცა გადაიყვანეს, გორის ჰოსპიტალში.  ის გოგო მივიდა მასთან და დარჩა და დარჩა, ფაქტიურად საავადმყოფოში გაყვა ცოლად. დუშელი გოგო იყო. შვილი მომანათვლინეს."

ახმეტა წუხს, რომ მიცვალებულების დამარხვა ვერ შეძლო, "აქაურობა ცხედრებით იყო მოფენილი, უფრო სწორად ცხედრების ნაწილებით, ერთი მოხუცი ქალი მივუგზავნეთ რუსებს, მაგრამ ნება არ დაგვრთეს. აღარ გავრისკეთ, იმათ მაინც არაფერი ეშველებოდათ. ისევ დაჭრილებს მივხედეთ..."

მიცვალებულების უმეტესობა  17 აგვისტომდე არ წაუსვენებიათ, 14-ში შინდისში პატრიარქი ჩავიდა და სამი ცხედარი წაასვენეს. "მაშინ გამოსვლა ვერ გავბედე, რუსებისა მეშინოდა, იმიტომ რომ სახლში დაჭრილებს ვმალავდი."[pagebreak]

რუსები შინდისიდან სექტემბრის შუა რიცხვებამდე არ გასულან, სოფლელებმა მათთან ნელ-ნელა ურთიერთობა გააბეს. "გასვლის წინ ტელეფონის ნომრებიც კი დაგვიტოვეს, რომ თუ ვინმე მარადიორობას დაიწყებს, დაგვირეკეთ და მაშინვე აქ გავჩნდებითო, ნორმალური ბიჭები იყვნენ, ომი არც იმათ უნდოდათ". ახმეტა იმასაც იხსენებს, თუ როგორ იტირა რუსმა სამხედრო ექიმმა დაფლეთილი ცხედრების დანახვაზე.

ახმეტას თითქმის ყველა იმ ჯარისკაცთან, ვისი სიცოცხლეც იხსნა, ნათესაობა აკავშირებს. ზოგს შვილი მოუნათლა, ზოგს მეჯვარედ გაყვა, "ისეთი დროა, რომ ხშირად ვერ ვნახულობთ, მაგრამ მისვლა-მოსვლა გვაქვს".

დაღუპული ჯარისკაცების ოჯახებმა საფლავის ქვები მოიტანეს და სიმბოლური მემორიალი მოაწყვეს. ქვების უკან, ყუმბარებს გადარჩენილ კედელზე მეომრების ნივთები, იარაღის თუ ტანსაცმლის ნარჩენებია დალაგებული. ახლომახლო მცხოვრები სოფლელებისთვის ეს წმინდა ადგილია, შინდისელებს სურთ, რომ ამ ადგილზე ეკლესია ააგონ. "ასეც იყო ჩაფიქრებული, პირველ არხზე რეკლამებიც კი გადიოდა, მაგრამ არ ვიცი რატომ და, გადაიფიქრეს" - წუხს ახმეტა. ის ფიქრობს, რომ ამით ქვეყანა გარდაცვლილ ჯარისკაცებს პატივს მიაგებს.

[video:http://www.youtube.com/watch?v=uWKFSOCpEB0]

ახმეტას თქმით, ომის შემდეგ მისი და მთელი სოფლის ცხოვრება "უკან-უკან წავიდა" ეკონომიურად ძალიან გაუჭირდათ. "მე კიდევ რა მიჭირს, 260 ლარი მაქვს ხელფასი, სხვებს ესეც არ გააჩნიათ." ამ ხელფასიდან 120 ლარს ყოველთვიურად ბანკის პროცენტებში იხდის. 3500 ლარი ჰქონდა გამოტანილი, კომბოსტოს მოსაყვანად.  17 ტონა გადაყარა, დაულპა, რადგან ვერ გაყიდა, იმის მიუხედავად, რომ კილოს 4 თეთრად აფასებს. ამის გარდა ვენახს უვლის და სოფლის მეურნეობის სხვადასხვა პროდუქტი მოჰყავს "მკვდარი უნდა იყო, რომ არ იმუშაო, ჩვენც ვმუშაობთ, მაგრამ არაფერი გამოგვდის". რამდენიმე წლის წინ ბანკის ვალების დასაფარად მანქანა და ძროხა გაყიდა. ახლაც 4000 ლარის სესხის გამოტანას ცდილობს, რათა 3500 გადაფაროს. "რომ არ გადავიხადო, მერე აღარ მომცემენ, ნდობა უნდა გქონდეს.."

მას მეუღლე და ახლად დაქორწინებული  შვილი ჰყავს. ახმეტას ცოლს, ხატიას, თირკმელების აწუხებს და მუდმივი მკურნალობა სჭირდება. 18 წლის შვილი და რძალი არ მუშაობენ, "მაგათგან მხოლოდ შვილიშვილი მინდა, მაგრამ ჯერჯერობით ზარმაცობენ" - იცინის ახმეტა. "ხანდახან მიკვირს კიდეც, როგორ გამაქვს თავი, სარწყავ წყალსაც ვყიდულობთ. იმ დღეს 45 ლარი გადავიხადე. ვიღაცამ იყიდა და დააგუბა, თუ გადაიხდი - გამოუშვებს, ადრე კი წყალი ჩვეულებრივ მოდიოდა, უფასოდ".

[video:http://www.youtube.com/watch?v=DRUIohAdOQ0]

ახმეტა გაუმასპინძლებლად არ გვიშვებს: "თბილისიდან ჩამოხვედით, დაიღლებოდით, მოგშივდებოდათ". ორსართულიან, უბრალო, მაგრამ კარგად მოვლილ სახლში შევყავართ, მეუღლეს და რძალს გვაცნობს. "ესენი კითხვებს დაგისვამენ და იცოდე, კომბოსტოზე არ ილაპარაკო, კომბოსტოს გაგონებაც აღარ მინდა" - ხუმრობით ეუბნება ცოლს.

"ცხოვრება ჭირს, გლეხზე არავინ ფიქრობს, მშვიდობა მაინც იყოს, რომ იქნებ რაღაცნაირად გავიტანოთ თავი. მობარებულ სოფლებში ელექტროენერგია უნდა ვაკონტროლო, თუ სადმე ფიდერი გამოირთო - ჩავრთო. შინდისი, ვარიანი, საქაშეთი, მეურნეობა, არაშენდა, ნიქოზი, ხექცეული, მარტო ჩამოთვლით დავიღალე. ესენი ყველა მე მაბარია. დღე და რამე ჩემთვის არ არსებობს და შაბათ-კვირა, შემცვლელიც არავინ მყავს. ერთი კაცია, ჩვენი სოფლელი, შვებულების დროს მცვლის ხოლმე. სულ ეგაა. ექვის დღე რაღაც ნებაყოფლობით რეზერვში ვიყავი, იქ დავისვენე".

ახმეტას უმაღლესი განათლება არ მიუღია, მაგრამ თამამად მსჯელობს ომსა და მშვიდობაზე, სიცოცხლესა და სიკვდილზე, სამყაროსა და ადამიანზე, მისი არამწიგნობრული, თავისთავადი ცოდნა საკუთარი ცხოვრების გამოცდილებას ეფუძნება, საუბარს ხალისიანი და გულუბრყვილო იუმორი გასდევს.

ახმეტა დაღუპულ ჯარისკაცებსაც მისტირის და სადგურის წინ მდგარ ბებერ ჭადარზეც ნაღვლობს, რომელსაც ყუმბარა მოხვდა და "თითქოს მოსხიპესო, ისე დაენარცხა ძირს." გვიყვება, რომ დაბომბვის დროს, "როცა მიწა ზანზარს იწყებდა, ძროხები მოცელილებივით ეცემოდნენ, მერე ბევრი გაშრა, აღარ იწველებოდა" ახმეტას ეღიმება, როცა იხსენებს, როგორ დარდობდა სადგურის მორიგე ბეჟანა, კომუტატორი გაუტეხიათო, "ქვეყანა თავზე გვექცეოდა და ის კიდევ, კომუტატორზე ჩიოდა" სადგურის შენობა აღარ აღუდგენიათ, "არადა, მშვენივრად იყო გამართული..."

გორის დეპუტატმა, ზვიად სიბაშვილმა ახმეტა სამოქალაქო გმირობისთვის ღირსების ორდენზე წარადგინა მაგრამ, არ მიუღია. ახმეტა ამას დიდად არ დარდობს.  აღდგომის დღეებში და 8-11 აგვისტოს, შეტაკების ადგილზე გარდაცვლილი და დაჭრილი ჯარისკაცების ოჯახები მოდიან - "დიდძალი ხალხი იყრის თავს," მიდიან ახმეტასთან და ბრძოლის ამბებს კიდევ ერთხელ აყოლებენ, მადლობასაც უკვე მერამდენედ ეუბნებიან. ახმეტას მეტი არაფერი უნდა.

მეტი

  •  (photo: Levan Kherkheulidze) სტატიები

    ქართველების ოდისეა მსოფლიო ლიტერატურაში

    მსოფლიო ლიტერატურაში ჩვენ წამლებთან, საწამლავებთან და მედიცინასთან დაკავშირებული ხალხი ვართ. ჩვენი პირველივე წარმომადგენელი ქალი გრძნეულია. ასე რომ, ჩვენ, ქართველებს ჯადოქრის როლი გვაქვს.მთავარი...

  •  (photo: Sopho Aptsiauri) სტატიები

    მარშრუტი №X

    მიუხედავად სატრანსპორტო სფეროში სერიოზული გეგმებისა, შპს „ინტერ ტრანსს“ რუსთავი-თბილისის მარშრუტზე მოპოვებულ ნებართვაზე პირობები გამარჯვებიდან სამი თვის შემდეგაც არ შეუსრულებია. რუსთავში  არ...

  •  (photo: ) სტატიები

    ასოცირება საკუთარ თავთან

    ევროპა ჩვენი პოზიტიური გოდოა, მხოლოდ ჩვენ, ესტრაგონები და ვლადიმირები, თავად მივდივართ მისკენ.

  •  (photo: ) კულტურა

ახალი ამბები

მეტი
  • დათო ლაღიძე

    159, ჰერცლის ქუჩა, თელ-ავივი

    ტრაგიკულად აღსაქმელია შერჩევითი სოლიდარობა, - როცა შენთვის ღაზას სექტორში დაღუპული ადამიანი და ისრაელის ოკუპაცია ლეგიტიმური მიგაჩნია, უკრაინაში კი - არა. რუსულ ოკუპაციაზე საუბრობ, მუსლიმების...

  • გია ეძგვერაძე

    შაშვმა იგალობა - ახლა ჩვენზეა…

    დრო არამარტო საგნებს ართმევს აურას ისტორიულად, არამედ ჩვენც გვძარცვავს მისგან; მეხსიერებიდან შლის მას და ტოვებს იმას, რაც მოვლენის ჭეშმარიტებასთან ნაზიარებულობას ვეღარ აღწერს. ამიტომ კინოს, როგორც...

  • გური სულთანიშვილი

    თქვენ

    ენას აქვს ერთი საინტერესო თვისება - მას ახსოვს ის ფაქტები, რაც ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხს აღარ ახსოვს. ის დატვირთულია შინაარსებით რომელიც შემდეგ გამოეცალა, მაგრამ მაინც ასახავს მათ, რაღაც, მცირე...

მეტი

ამავე ავტორისგან