24.04.2012

ვინ ირჩევს სკოლის დირექტორს?

სტატიები  (photo: )

 

2012 წლის აპრილში, განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევი კონკურსი გამოაცხადა. შესარჩევი კონკურსის პირველ ეტაპზე 700-მდე მსურველი გავიდა.

 

სკოლის დირექტორთა სერთიფიცირება 2007 წლიდან დღემდე

დირექტორის შესარჩევი კონკურის მიზანი იმ პირთა გამოვლენაა, რომლებიც გამოცდებზე დაადასტურებენ, რომ მათი ცოდნა „საჯარო სკოლის დირექტორის სტანდარტის" დოკუმენტის შესაბამისია და ისინი აკმაყოფილებენ სტანდარტის მოთხოვნებს, ანუ  შეუძლიათ უზრუნველყონ საჯარო სკოლის უწყვეტი განვითარება და თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად ფუნქციონირება.

საქართველოში საჯარო სკოლის დირექტორების არჩევითობას 2007 წელს ჩაეყარა საფუძველი, ამ წელს დირექტორთა პირველი შესარჩევი კონკურსი გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა ჩაატარა. არჩევნებში 2200-ზე მეტი ადგილის დასაკავებლად მონაწილეობდა 5500-ზე მეტი კანდიდატი. სამეურვეო საბჭოს გადაწყვეტილებით,  დირექტორი 1166 საჯარო სკოლაში აირჩიეს, დანარჩენ სკოლებში კი დირექტორის დროებითი მოვალეობის შემსრულებლები დანიშნეს. განმეორებით არჩევნები 2008 წელს უნდა ჩატარებულიყო, თუმცა,  ჯერ ნოემბრის მოვლენების და შემდეგ 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის  გამო,  დირექტორთა არჩევნები იმ სკოლებში,  სადაც დირექტორი პირველივე ეტაპზე არ აირჩიეს, არ ჩატარებულა.

მას შემდეგ დირექტორთა არჩევის პროცესს მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრი ხელმძღვანელობს. დირექტორთა შესარჩევი კონკურსი შარშან 2011 წლის 28 თებერვალს  გამოცხადდა. ცნობილია, რომ პირველი ეტაპის საგამოცდო მინიმალური ზღვარი კონკურსში მონაწილე  1700-მდე პირმა გადალახა. თუმცა, უცნობია, 1700-დან წარმატებით რამდენმა გაიარა შემდგომი გასაუბრების ეტაპი და მათგან რამდენმა მიიღო დირექტორის სერთიფიკატი. ასევე, უცნობია ისიც, კონკურსში საბოლოოდ გამარჯვებულმა რამდენი პირი იქნა არჩეული სკოლის დირექტორად.  აღნიშნული ინფორმაცია განათლების სამინისტროს ვებგვერდზე არ ინახება, ინფორმაცია  მოვითხოვეთ, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია.

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის  სამსახურის უფროსის,  ნინო შურღაიას თქმით, ის პირები, რომლებიც წარმატებით გაივლიან საჯარო დირექტორების შესარჩევ კონკურსს,  სპეციალურ  ბაზაში მოხვდებიან.

„ნებისმიერ სკოლაში ვაკანტური ადგილის გამოჩენის შემთხვევაში, მინისტრი იხელმძღვანელებს აღნიშნული ბაზით და სკოლას სწორედ ამ ბაზიდან წარუდგენს დირექტორობის კანდიდატს, რომელსაც საბოლოოდ სკოლის სამეურვეო საბჭო დაამტკიცებს" ,  - გვითხრა ნინო შურღაიამ.

"უფუნქციო" სერთიფიკატი

დირექტორთა არჩევის პროცედურა მკაფიოდ გაწერილი არ არის. კერძოდ, პირს, რომელმაც დირექტორის სერთიფიკატი მიიღო, შეუძლია განცხადებით მიმართოს რესურს-ცენტრს და მოითხოვოს, რომ ამა თუ იმ სკოლაში, სადაც გამოცხადებულია დირექტორის კონკურსი, სხვა კანდიდატებთან ერთად განსახილველად მისი კანდიდატურაც წარადგინონ. თეორიულად, ამის შემდეგ არაფერი უნდა ეწინააღმდეგებოდეს იმას, რომ აღნიშნული პირის კანდიდატურა სხვებთან ერთად  კონკრეტული სკოლის დირექტორის ვაკანსიაზე გამოცხადებულ კონკურსში მოხვდეს. მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური-ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტით მინისტრი იღებს,  ანუ,  მინისტრი ადგენს იმ პირთა სიას, რომელნიც  სამეურვეო საბჭოს ასარჩევად უნდა წარედგინოს. ხშირად სერთიფიცირებული დირექტორები, რომლებმაც კონკრეტული სკოლის დირექტორობის შესახებ სურვილი გამოთქვეს, საბოლოოდ არ აღმოჩნდნენ დიმიტრი შაშკინის მიერ დამტკიცებულ ნუსხაში და, ამდენად, მათთვის სასურველი სკოლის დირექტორად არჩევის კონკურსში მონაწილეობაც კი ვერ მიიღეს.

ლია ბაზიერაშვილმა შარშან დირექტორთა შესარჩევ კონკურსის პირველ ეტაპზე მონაწილეთა შორის საუკეთესო შედეგი აჩვენა - 100 ქულიდან 87 ქულა მიიღო, გასაუბრებაც წარმატებით გაირა.

„სერთიფიკატები მაისში გადმოგვცეს. სექტემბერში თელავის მე-7 სკოლის დირექტორი გაათავისუფლეს. რესურს-ცენტრში დავწერე განცხადება, რომ ვარ სერთიფიცირებული დირექტორი, მივიღე მაღალი ქულები და მე-7 საჯარო სკოლის დირექტორის არჩევის დროს, გთხოვთ, გაითვალისწინოთ ჩემი კანდიდატურა - მეთქი", იხსენებს ლია ბაზიერაშვილი. მაგრამ რესურს-ცენტრმა ლია ბაზიერაშვილის კანდიდატურა არ გაითვალისწინა და რამდენიმე კვირაში დირექტორობის კანდიდატად საჯარო სკოლის სამეურვეო საბჭოს კახეთის მხარის გუბერნატორმა - გიორგი ღვინიაშვილმა სულ სხვა ადამიანი,  ლელა მენთეშაშვილი წარუდგინა.

„რაიონში ერთადერთი ვიყავი, ვისაც  დირექტორის სერთიფიკატი ჰქონდა. დირექტორობისთვის იბრძოდნენ ისეთებიც, რომლებსაც ჰქონდათ სკოლაში მუშაობის გამოცდილება, მაგრამ არ ჰქონდათ სერთიფიკატი", - გვითხრა ლია ბაზიერაშვილმა.

ნინო ერთ-ერთია, რომელმაც ლია ბაზიერაშვილის მსგავსად შეავსო განაცხადი,  მაგრამ მისი კანდიდატურა სამეურვეო საბჭოს ასარჩევად არ წარუდგინეს. ქალბატონმა საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

„ახლა ვიხსენებ,  როგორ დავდიოდი რესურს-ცენტრში და ვითხოვდი გაემარტათ,  თუ რატომ არ წარადგინეს ჩემი კანდიდატურა ჩემს მიერ დასახელებულ საჯარო სკოლაში სხვა კანდიდატურებთან ერთად, მაგრამ უშედეგოდ",- გვითხრა ნინომ.

არსებული პრაქტიკის ანალიზი ცხადყოფს, რომ კონკურსში გამარჯვებულის სერთიფიკატი არ არის გარანტი იმისა, რომ გამარჯვებული ადამიანის კანდიდატურას სამეურვეო საბჭოს წარუდგენენ. [pagebreak]

დახურული საჯარო ინფორმაცია

შარშან სერთიფიცირებულ დირექტორთა შესახებ ინფორმაცია  სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებული არ არის, შესაბამისად,  ჩვენ არ გვაქვს საშუალება,  ვნახოთ სერთიფიცირებულთა ვინაობა, რათა შემდეგ მათი საჯარო სკოლებში დანიშვნის ფაქტები აღვრიცხოთ.

განათლების ექსპერტმა  - გიორგი გახელაძემ 2007 წელს საჯარო სკოლის დირექტორის შესარჩევი კონკურსის მიმდინარეობა გაიხსენა და აღნიშნა, რომ მაშინ პროცესი საკმარისად გამჭირვალე იყო.

„პროცესი საკმარისად გამჭირვალე იყო, ყოველი ქვეეტაპის შემდეგ  შედეგები განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ვებ-გვერდზე ქვეყნდებოდა და სამინისტროს შენობაში იყო  გამოკრული, იქ  შესვლა  კი აბსოლუტურად ღია იყო. ნებისმიერ მსურველს შეეძლო,  შესულიყო და ენახა", - გვითხრა გიორგი გახელაძემ.

შარშან გამართული კონკურის შედეგების  შესახებ ინფორმაციას არც ის ფლობს და ამბობს, რომ დირექტორთა შესარჩევი კონკურსისა და დირექტორთა არჩევნების გარშემო კომპეტენტური მსჯელობა ვერ მიმდინარეობს რადგან, ინფორმაცია საჯარო არ არის. მისივე თქმით, არიან პირები, რომლებმაც  წარმატებულად ჩააბარეს დირექტორთა გამოცდა, გაიარეს გასაუბრება, მიიღეს სერთიფიკატი,  მაგრამ ვერ გახდნენ დირექტორები.

„სამაგიეროდ,  დირექტორი ხდება ადამიანი, რომელიც ამ პროცესში ჩართული არ იყო და სერთიფიკატს საერთოდ არ ფლობს", - გვითხრა გიორგი გახელაძემ.

გაუარესებული საკანონმდებლო გარემო

არჩევა „ზოგადი განათლების" შესახებ კანონის მიხედვით,  სამეურვეო საბჭოს მიერ ხდება, თუმცა პრაქტიკა ცხადყოფს, რომ ეს ჩანაწერი კანონში ფორმალურად დარჩა და რეალურად სკოლის დირექტორების დანიშვნის საკითხი სამინისტროში წყდება. ხშირად დირექტორის დანიშვნის ინიციატივა რაიონის, ან რეგიონის მმართველობას ეკუთვნის.

ფორმალურად დირექტორს  სამეურვეო საბჭო - სკოლის წარმომადგენლობითი ორგანო ირჩევს, მაგრამ „ზოგადი განათლების შესახებ" კანონში შესული ცვლილების შემდეგ  განათლების მინისტრის უფლებები სკოლის დირექტორის დანიშვნა/მოხსნასთან დაკავშირებით გაიზარდა.

იურისტი გიორგი მშვენიერაძე ნაშრომში „სკოლის დეცენტრალიზაციის შესახებ" , წერს, რომ "ზოგადი განათლების შესახებ" კანონის პირველი რედაქცია გაჯერებული იყო სკოლებში თვითმმართველობის დამკვიდრებისა და განვითარების ხელშეწყობის სულისკვეთებით, მასში განხორციელებულმა ცვლილებებმა კი   ეს სულისკვეთება კანონს ნაბიჯ-ნაბიჯ გამოაცალა.

მაგალითად, ერთ-ერთი ცვლილებით, დირექტორისათვის უფლებამოსილების შეწყვეტის შემთხვევაში ახალი დირექტორის არჩევამდე (დანიშვნამდე) განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიენიჭა უფლებამოსილება,   დანიშნოს დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი და თუ აღნიშნულის შემდეგ სამეურვეო საბჭო დირექტორს არ, ან ვერ აირჩევს,  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო უფლებამოსილია, დანიშნოს დირექტორი დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, ანუ დანიშნოს პირდაპირ, იმპერატიულად.

„ბუნებრივია კანონის ასეთი სახით რეგულირება, იმთავითვე მიუთითებდა სამინისტროს მზარდ სურვილზე,  გაეზარდა სკოლის თვითმმართველობაში საკუთარი როლი"- ვკითხულობთ ნაშრომში.

 


მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • თამარ კარელიძე

    სტიგმა ფასადს მიღმა

    ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელიც ერთ ქუჩაზე სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა ტაძრებით ამაყობს და პარალელურად, არამართლმადიდებლებს, ქრისტეს სახელით, ჩასაქოლად დასდევს, ის საზოგადოება,...

  • გია ეძგვერაძე

    სტაფილო, კულტურის მინისტრები და მათი საიდუმლო ვაი-მრჩევლები

    ახლა ჩემს ნამუშევარზე მინდა მოგიყვეთ, რომელიც თურმე, როგორც აღმოჩნდა, ჩემი სამხატვრო აკადემიის  რექტორობის კანდიდატობის ყველაზე დიდი და მოუნელებელი პრობლემა გამოდგა და რომლის გამოც (ისევ თურმე)...

  • ნინო გოგუა

    ბიჭი, გოგო და პოლიციელი

    „- რა ხდება?“ იკითხა პატრულმა ფანჯრიდან და სანამ მელანო უყვებოდა, რა ხდებოდა და სთხოვდა, მანქანიდან გადმოსულიყვნენ, მე მოულოდნელად დამშვიდებული ბიჭი მიხსნიდა, რომ ესმის, რატომაც გავჩერდით და რომ...

მეტი