07.05.2012

გარდამავალი დებულება

 

პავლე კუბლაშვილი ახალი ინიციატივით გამოვიდა, რომლის მიხედვითაც ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს არჩევნებში მონაწილეობა მხოლოდ სამი წლის მანძილზე შეეძლებათ.

 

კონსტიტუციური ნორმა, რომელიც საქართველოში 10 წლით მცხოვრებ  ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს კენჭისყრის საშუალებას აძლევს, იცნიციატივის მიხედვით, კონსტიტუციაში გარდამავალ დებულებად ჩაიწერება და 3 წლის შემდეგ გაუქმდება. გაუქმება უკვე არჩეულ პირებს არ შეეხებათ.

"ლიბერალი" შეეცადა იურიდიულ კომიტეტში ინიციატორებთან გაერკვია თუ რა გახდა ინიციატივის მოტივი, მაგრამ მათთან დაკავშირება ვერ შეძლო.

ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეთათვის არჩევნებში კენჭისყრის დაშვების ინიციატივა საქართველოს პარლამენტში ქრისტიან-დემოკრატებმა წამოაყენეს. სხვა ოპოზიციური პარტიების მხრიდან ეს ინიციატივა შეფასდა, როგორც ბიძინა ივანიშვილისთვის მოქალაქეობის აღდგენისთვის თავის არიდება და მისი პოლიტიკაში მონაწილეობის შემოვლითი გზებით უზრუნველყოფის მცდელობა.

"ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის" იურისტი, თათული თოდუა ახალი ინიციატივის შეფასებისას ზოგადად, საქართველოს მოქალაქეობის არმქონე პირთათვის არჩევნებში კენჭისყრის დაუშვებლობაზე საუბრობს. ხოლო გარდამავალი იქნება ეს დებულება თუ არა, საქმის არსს ეს, მისი აზრით, არ ცვლის.

,,ჩვენი ორგანიზაცია ზოგადად, სრულიად ეწინააღმდეგება ამ ინიციატივას, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებს არჩევნებში კენჭისყრა შეეძლოთ. ეს ახალი ინიციატივა კიდევ ერთხელ ადასტურებს გავრცელებულ მოსაზრებას, რომ კონსტიტუციური ცვლილებები კონკრეტული პირის გამო მიიღეს. კერძოდ, მოსაზრებას, რომ ამ ცვლილებების მიზანი იყო ბიძინა ივანიშვილს არჩევნებში მონაწილეობის მიღება შეძლებოდა."- ამბობს თოდუა.

თოდუა საიას პოზიციას ახმოვანებს და მიიჩნევს, რომ კონსტიტუციის კონკრეტულ პირებზე მორგება დაუშვებელია. ამას გარდა, არამოქალაქეთათვის კენჭისყრაში მონაწილეობის დაშვება გამოწვევების წინაშე აყენებს საქართველოს სუვერენიტეტს.

კონრეტული პირების გამო კონსტიტუციის ცვლილებისადმი თავისი უკომპრომისო პოზიცია დააფიქსირა ასევე სამოქალაქო მოძრაობამ ,,ეს შენ გეხება".


მეტი

ახალი ამბები

მეტი
მეტი