12.05.2012

ტერიტორიული რეზერვი

სტატიები  (photo: )

 

 

 

ზუგდიდი, როგორც ჰომსი"

 

ნებაყოფლობით რეზერვთან დაკავშირებით საზოგადოებასა და პოლიტიკურ წრეებში აჟიოტაჟი ჯერ კიდევ 15 მარტს, კოალიციაქართული ოცნების" წევრის - ირაკლი ალასანიას განცხადებას მოჰყვა. პოლიტიკოსი ამტკიცებდა, რომ ზუგდიდში უკანონო შეიარაღებული დაჯგუფებები იქმნებოდა, რომელთა მთავარი მიზანიც საარჩევნო გარემოს შეზღუდვა და მოქალაქეთა დაშინება იყო.

 

ალასანიას განცხადებიდან თვე-ნახევრის შემდეგ ეროვნული უშიშროების საბჭომ პარლამენტში თავდაცვის რეზერვის სისტემის ახალი კონცეფცია წარადგინა.

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავჯდომარემ - გივი თარგამაძემ თავდაცვის რეზერვის კონცეფციის განხილვის სხდომა ალასანიას განცხადების შეფასებით დაიწყო: „პოლიტიკურად ეს იყო სიბეცე, ქვეყანასთან მიმართებაში - მავნებლობა, ხოლო ადამიანური თვალსაზრისით - ნამდვილი არაკაცობა". მისი თქმით, ამ უპასუხისმგებლო და უსაფუძვლო განცხადების, მიზანი ნათელია: „მათი მოლოდინის მიუხედავად, საერთაშორისო ორგანიზაციებმა სიტუაცია ადეკვატურად აღიქვეს. ამას კოალიციის მხრიდან ჯერ გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრისდაწუნება", შემდეგ კი საქართველოში ევროკავშირის ელჩის დაგმობა მოჰყვა; ხოლო საბოლოოდ აფხაზეთის დე-ფაქტო ხელისუფლებამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელი პერსონა ნონ-გრატად გამოაცხადა."

 

სამხედრო-ანალიტიკური კვლევების ცენტრჰერის" წარმომადგნელი - გიორგი თავდგირიძე თვლის, რომ ალასანიას მიერ უშიშროების საბჭოსათვის წარდგენილი მასალა არაფერს გვეუბნება და ეს უპასუხისმგებლო პოლიტიკოსის განცხადებაა. „ამ დაჯგუფებების მხრიდან საზოგადოებაზე ზეწოლის შესახებ კონკრეტული ფაქტები რომ ყოფილიყო, ეს სხვა თემაა. მსოფლიოში არსებობს მსგავსი პრეცენდენტები, თუმცა ეს კონკრეტული სკანდალის თემაა და რეზერვის ინსტიტუტი აქ არაფერ შუაშია." - ამბობს თავდგირიძე.

 

ირაკლი ალასანია თავის განცხადებაში ამბობდა, რომ ზუგდიდში დაწყებულ სამხედრო წვრთნებს სამხედრო რეზერვთან კავშირი არ ჰქონდა, რადგან დაჯგუფებები უკანონო ფორმირებები იყო, რომლებსაც საქართველოს ძალოვანი უწყებების წარმომადგენლები მართავდნენ.

 

ეროვნული უშიშროების საბჭომ ალასანიას მიერ მათთვის მიწოდებული დოკუმენტი საჯარო გახადა, ხელისუფლებამ კი ირაკლი ალასანიას ქმედება ქვეყნის ინტერესების წინააღმდეგ წასვლად შერაცხა. თავად ალასანიას უშიშროების საბჭოს მიერ დოკუმენტის გასაჯაროების შემდეგ ამ საკითხზე განცხადება აღარ გაუკეთებია.

 

თავდაცვის ყოფილი მინისტრის - დავით თევზაძის თქმით, არ შეიძლება ისეთი სამხედრო დაჯგუფების შემქნა, რომელსაც ზურგს კანონმდებლობა არ უმაგრებს. მისი თქმით, ეჭვს ბადებს ის, რომ საკანონმდებლო ბაზა მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური ძალების მიერ ამ თემაზე მწვავე განცხადებების გაკეთების შემდეგ იქმნება.

 

საკანონმდებლო ბაზის არარსებობის პრობლემაზე საუბრობს სამხედრო ქირურგი, თადარიგის ვიცე-პოლკოვნიკი - ლაშა ქოიავაც:ჩვენ ვერ მოვიძიეთ ვერანაირი საკანონმდებლო ბაზა... თუ არსებობს რაღაც შეიარაღებული ფორმირება, რომელიც არ არის კანონმდებლობით გამაგრებული, განხილული და დამტკიცებული პარლამენტის მიერ, ეს არის უკანონო შეიარაღებული ფორმირება". გარდა ამისა, მისი აზრით, ხუთდღიანი მომზადება არ შეიძლება იყოს საკმარისი. მით უმეტეს, როდესაც საწვრთნელი პროგრამა არ არის ცნობილი: „იმის გამო, რომ არ არსებობს საკანონმდებლო ბაზა, არ დაიწერა დოქტრინა და არ არსებობს არანაირი მატერიალურ-ტექნიკური საფუძველი, შეუძლებელია, არსებობდეს ამ რეზერვის მომზადების პროგრამა" - ამბობს ქოიავა.

 

კანონმდებლობა

 

საქართველოს კანონითსამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ", „სამხედრო ძალების რეზერვი იყოფა სამ კატეგორიად:

) აქტიური რეზერვი, რომლის მიზანია პირთა მაღალი საბრძოლო მზადყოფნის შენარჩუნება, სამობილიზაციო მზაობა;

) ეროვნული გვარდიის რეზერვი, რომლის მიზანია საომარი მოქმედებების დროს სამხედრო ძალების ზურგის ოპერაციებში მონაწილეობა, აგრეთვე კანონმდებლობით დადგენილი წესით საგანგებო და სხვა განსაკუთრებული სიტუაციების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობა;

) ინდივიდუალური რეზერვი, რომლის ძირითადი მიზანია შეიარაღებული ძალების მოქმედი ქვედანაყოფების როტაცია და შევსება".

 

გიორგი თავდგირიძის აზრით, რადგან ნებაყოფლობითი რეზერვის ჯგუფები ჯერ საბრძოლო მოქმედებებში არ გამოიყენება და ეს მხოლოდ მოსამზადებელი პერიოდია, კანონი არ ირღვევა და ცალკე კანონმდებლობაც არ არის საჭირო. თავდგირიძეს მიაჩნია, რომ რასაც ალასანია უკანონო შეიარაღებულ დაჯგუფებებად აღიქვამდა, მხოლოდ საპილოტე პროექტია, რომელიც თავდაცვის მინისტრმა - ბაჩო ახალაიამ, ჯერ კიდევ 2011 წლის ოქტომბერში დააანონსა. „აქამდე ნებაყოფლობითი რეზერვი შეიარაღებულ ძალებს იყო მიწერილი - მას ცალკე მართვის სტრუქტურა არ გააჩნდა. ახლა ის ინსტიტუტად ჩამოყალიბდება, კანონმდებლობითა და რეგლამენტით დარეგულირდება და მივიღებთ რეზერვის ცალკე სახეობას" - ამბობს თავდგირიძე.

 

ნებაყოფლობით რეზერვში გაწვევის მსურველთათვის თავდაცვის სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე მართლაც არის 2011 წლის 31 ოქტომბრით დათარიღებული განცხადება :

 

საქართველოს თავდაცვის სამინისტრო გამოთქვამს მზადყოფნას ეტაპობრივად გადაამზადოს ნებაყოფლობითი რეზერვის გავლის მსურველები. რეზერვის შესახებ მოქმედი კანონის "საქართველოს კანონი სამხედრო სარეზერვო სამსახურის შესახებ" თანახმად, ნებაყოფლობითი რეზერვის გავლა შეუძლიათ საქართველოს იმ მოქალაქეებს, ვისაც არ ეკუთვნის სავალდებულო რეზერვი...

თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლები აწარმოებენ აღრიცხვას, შემდგომში მსურველთა შეკრებას და მათთვის დეტალური ინფორმაციის მიწოდებას. ბოლო ეტაპი კი არის წვრთნები."

 

დავით თევზაძე ამბობს, რომ საპილოტე პროექტისათვის საკმარისია ერთი პატარა ჯგუფიც, რომელიც ექსპერიმენტში მიიღებს მონაწილეობას. ხოლო, როდესაც პროექტი თითქმის მთელ საქართველოს მოიცავს და იგი მხოლოდ კონცეფციის დონეზე არსებობს, ეს თავისთავად ბადებს კითხვებს: „როდესაც თავდაცვის სტრუქტურაში ამა თუ იმ პროექტის შექმნა გადაწყდება, აუცილებელია, წინასწარ დეტალურად განისაზღვროს ნებისმიერი ხარჯი თუ რისკი. შესაძლებელია, წინასწარმა მონაცემებმა ისიც კი გვაჩვენოს, რომ პროექტის ამოქმედება შეუძლებელია. ზუსტი გათვლების გარეშე კონცეფციის შექმნას აზრი არ აქვს" - ამბობს თევზაძე.

 

კონცეფცია

 

2012 წლის 27 აპრილს, უშიშროების საბჭოს თავმჯდომარის მოადგილემ - ბათუ ქუთელიამ, პარლამენტში თავდაცვის რეზერვის სისტემის ახალი კონცეფცია წარადგინა. აღნიშნული დოკუმენტიეროვნული უსაფრთხოების მიმოხილვის პროცესში შემუშავებული დოკუმენტების ანალიზს, დასკვნებსა და რეკომენდაციებს ითვალისწინებს.

 

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წინაშე გამოსვლისას, ბათუ ქუთელიამ განმარტა, რომ კონცეფცია 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის დროს მიღებული მიღებული გამოცდილების ანალიზსა და დასკვნებს ეფუძნება. მისი შექმნისას ნატოსა და პარტნიორი ქვეყნების გამოცდილებაცაა გათვალისწინებული.

 

დავით თევზაძის თქმით, 2008 წლის ომში, შეცდომები, ძირითადად, სამხედრო მართვასა და პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიღებაში იყო დაშვებული. მისი აზრით, რეზერვის სისტემა, რომელიც ახლა ყალიბდება, მოძველებულია: „მეჩვენება, რომ ამ მოდელის შექმნა ცოტა დაგვიანებულია. დღეს საბრძოლო სივრცის სახით ახალი შესაძლებლობები ჩნდება და შეიარაღებაც იხვეწება".

 

ეროვნული უშიშროების საბჭოს მიერ შემუშავებული კონცეფციის პირველად ვარიანტში ვკითხულობთ:

 

რეზერვის ახალი სისტემა მიმართული იქნება რეზერვისტების მომზადების, მათი მართვისა და კონტროლის ხარისხის გაუმჯობესებისა და ტერიტორიული თავდაცვის უზრუნველყოფაში მოსახლეობის ფართო ჩართულობაზე.

 

საქართველოს პრიორიტეტებს წარმოადგენს რეზერვის ისეთი სისტემის განვითარება, რომელიც ომის შემთხვევაში შეძლებს, შეასრულოს ქვეყნის ტერიტორიისა და მოსახლეობის თავდაცვისათვის საჭირო ამოცანები, ხოლო ბუნებრივი და ტექნოგენური კატასტროფების დროს დახმარება აღმოუჩინოს სამოქალაქო ხელისუფლებას".

 

თავდაცვის რეზერვის ფუნქციებში სამოქალაქო თავდაცვის ჩართვა, დავით თევზაძის აზრით, ფუნქციების აღრევაა. მისი თქმით, ის, რაც კონცეფციის პირველ ვარიანტში წერია, ცალსახადაა გამიჯნული სამოქალაქო თავდაცვის ფუნქციებისაგან.

 

თავდაცვის რეზერვის სტრუქტურა ორი ნაწილისაგან შედგება: სახმელეთო ჯარების რეზერვი და ტერიტორიული თავდაცვის რეზერვი. თავდგირიძის თქმით, სწორედ ტერიტორიული თავდაცვის რეზერვია ის სტრუქტურა, რომელმაც ირაკლი ალასანიას განცხადების შემდეგ აჟიოტაჟი გამოიწვია. იგი განმარტავს: „ჩვენ არ გვაქვს სამოქალაქო თავდაცვა. სამოქალაქო თავდაცვის, როგორც ანაზღაურებადი სტრუქტურის შექმნა, საკმაოდ რთულია და მრავალ პრობლემასთანაა დაკავშირებული. „ტოტალური თავდაცვის სტარტეგიის" ფარგლებში ნებაყოფლობითი, ანუ ტერიტორიული რეზერვის არსი მეორეხარისხოვანი სამხედრო ამოცანების შესრულებაა. მაგ., თავშესაფრის მოწყობა, მისი პატრონობა, საკვები მარაგები, პატრულირება და .. შედეგად, კრიტიკულ სიტუაციაში ჯარი მსგავსი მოვალეობებისაგან თავისუფლდება. ამასთან, ბათუ ქუთელიას თქმით, ნებაყოფლობითი რეზერვის შექმნა საკმაოდ მცირე ხარჯებთან არის დაკავშირებული, რაც ქვეყანას საშუალებას აძლევს, მრავალათასიანი სამხედრო რეზერვი იყოლიოს.

 

დავით თევზაძის აზრით, ქვეყანაში ასი ათასი შეიარაღებული ადამიანის ყოლა დღეს ეფექტური თავდაცვის არსებობას არ ნიშნავს. მისი თქმით, დახვეწილი სამხედრო ტექნიკის პირობებში მტერს საერთოდ არ სჭირდება ხელჩართული ბრძოლაში ჩაბმა.

 

„აქ მხოლოდ სახმელეთო კომპონენტზეა საუბარი და არაფერია ნათქვამი საჰაერო თუ საზღვაო ძალებზე" - ამბობს თევზაძე. მისი თქმით, მტრის მიერ მაღალტექნოლოგიური იარაღის გამოყენების შემთხვევაში, საქართველოსთვის თავდაცვა, შეუძლებელი გახდება. ამის მაგალითად თევზაძეს 2008 წლის ომი მოჰყავს, როდესაც რამდენიმე წერტილოვანმა დარტყმამ ქვეყანა, ფაქტობრივად უმართავ მდგომარეობაში დატოვა: „მეტოქეს იმით უნდა დაუპირისპირდე, რომ მისი სიძლიერე სისუსტედ აქციო" - ამბობს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • გური სულთანიშვილი

    ნეიტრალური პოზიცია

    განვიხილოთ ჟურნალისტური ე.წ. მიუკერძოებელი, ობიექტური საქმიანობა, რომელსაც ნეიტრალური პოზიცია აქვს. ეს ნიშნავს, რომ იგი სიცრუესა და ჭეშმარიტებას შორის დგას და ორივეს ერთნაირი ეთიკური წონით აშუქებს....

  • ანა დოლიძე

    იანგული ისევ დაბრუნდა

    ქართული ზაფხული კამიუს ალჟირული ზაფხულივით მესამე მსოფლიოს ზაფხულია. მესამე მსოფლიოს ერთ-ერთი მახასიათებელი ხომ ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოების დაუცველობა და ტრაგიკული სიკვდილის ყოველდღიურობაა.

  • ანა არგანაშვილი

    "უწი-პუწი", ანუ შეხვედრები ადამიანის უფლებებზე

    შედიხარ მოკრიალებულ დარბაზში, სადაც ადამიანის უფლებების დამცველები საკუთარი თანამდებობის შესაბამისად ვალდებულებების სრული "გაცნობიერებით" სხედან. ხშირად მობილურზე ან საათზე იყურებიან, იმის...

მეტი

ამავე ავტორისგან