17.07.2012

“რა არის დარიალი თერგის გარეშე?!”

სტატიები  (photo: )

 

"გადავარჩინოთ თერგი" - ამ მოწოდებით გუშინ სტეფანწმინდაში არასამთავრობო ორგანიზაციების "მწვანე ალტერნატივისა" და "სტეფანწმინდის" საინფორმაციო აქცია მოეწყო. გერგეთის ეკლესიისკენ ამავალ გზაზე გასაბერი კაშხალი, მდინარისა და დახოცილი თევზების იმიტაცია იყო შექმნილი. აქციის მონაწილეებსა და აქტივისტებს სპეციალური მაისურები ეცვათ, რომელზეც თერგის ხეობა იყო გამოსახული წარწერით: "რა არის დარიალი თერგის გარეშე?"

 

აქცია სპეციალურად გერგეთობის დღესასწაულზე გაიმართა, რათა ჰესის მშენებლობის უარყოფით მხარეებზე რაც შეიძლება მეტ ხალხს გაეგო. ეკლესიისკენ მიმავალი ადამიანები გასაბერი კაშხლის დანახვისას ჩერდებოდნენ. აქციის მონაწილეები კი მათ უხსნიდნენ, რა ზიანი შეიძლება გამოიწვიოს დარიალჰესის მშენებლობამ. რიგდებოდა სპეციალური საინფორმაციო ფურცლებიც, რომლებშიც პროექტის პრობლემური საკითხები იყო განხილული.

ნანა გიორგაძე დღესასწაულზე დასასწრებად თბილისიდან ჩამოვიდა, ჰესის მშენებლობაზე მხოლოდ ყურმოკვრით იცოდა, დანარჩენი კი აქციის მონაწილეებისგან შეიტყო: "თურმე თერგში წყალი თითქმის არ დარჩება, ყოველ წელს ამოვდივარ, ულამაზესია ეს ხეობა, ამის გაკეთება არ შეიძლება, ამიტომ შევუერთდი ამ ადამიანებს."

დარიალჰესის მშენებლობა კომპანია "დარიალენერჯიმ" სექტემბერში დაიწყო. პროექტი მდინარე თერგზე 110 მეგავატი სიმძლავრის დერივაციული ტიპის ჰესის მშენებლობას ითვალისწინებს.

გარემოსდამცველები განსაკუთრებით იმ ფაქტს აპროტესტებენ, რომ თერგის წყლის 90 % (დაახლოებით 8 კმ-ის სიგრძეზე) სადერივაციო მილსა და გვირაბში უნდა მოექცეს, რაც ხეობის ლანდშაფტის ცვლილებას გამოიწვევს და მდინარის ფაუნას, მაგალითად, წითელ წიგნში შეტანილ კალმახს გაქრობის საფრთხე დაემუქრება.

შოთა ბუჩუკური ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაცია "სტეფანწმინდის" ერთ-ერთი ხელმძღვანელია, მისი თქმით, ხალხმა არ იცის, რომ შეიძლება თერგის ხეობა მთლიანად შეიცვალოს:  "მილს გარეთ დარჩენილი წყალი მდინარის 10% იქნება, ფაქტობრივად, ნაკადული, რომელიც დიდი ალბათობით, ზამთარში გაიყინება. გარემოზე ზეგავლენა რომ იქნება, გვესმის, მაგრამ მოვითხოვთ, ეს უარყოფითი გავლენა მინიმალური იყოს. მილს გარეთ კი მეტი წყალი დატოვონ."

"მწვანე ალტერნატივის" წარმომადგენელი ირაკლი მაჭარაშვილი ამბობს, რომ პროექტი მთელი რიგი დარღვევებით მიმდინარეობს: "მშენებლობა გარემოზე ზემოქმედების ნებართვის გარეშე დაიწყო და ის მხოლოდ ჩვენი რეაგირების შემდეგ, მშენებლობის დაწყებიდან 2 თვის მერე გაიცა. ნებართვით გათვალისწინებულ ტერიტორიაში ყაზბეგის ეროვნული პარკის ტერიტორია მოექცა, ამიტომ 20 ჰექტარს პარკის სტატუსი მოუხსნეს". მაჭარაშვილი მიიჩნევს, რომ ეკოსისტემის ცვლილება რეგიონში საკმაოდ მნიშვნელოვან ეკოტურიზმსაც დააზარალებს. რაც შეეხება სამუშაო ადგილებს, ხალხი აქ მხოლოდ დროებითაა დასაქმებული. "მშენებლობა რომ დამთავრდება, ეს ხალხი ისევ უმუშევარი დარჩება, თერგი კი - დამშრალი."

"სტეფანწმინდის" ერთ-ერთი აქტიური წევრი გურამ პაპიაშვილი ამბობს, რომ ადგილობრივ მოსახლეობას ინფორმაცია საერთოდ არ აქვს. "ზოგმა მხოლოდ ის იცის, რომ ჰესი შენდება და არ იცის, რა შედეგი მოჰყვება ამას, ზოგს კი პირიქით, ჰგონია, რომ ამ ჰესების აშენებით შეღავათს ნახავენ და ელექტროენერგიაზე ტარიფი შემცირდება. ჩვენ ვუხსნით, რომ ეს აბსურდია, ამას პროექტის ხელმძღვანელებიც ღიად ამბობენ, არანაირი შეღავათი არ იქნება, პირიქით, თერგი საერთოდ აღარ ექნებათ. ვეუბნებით, ვუხსნით, მაგრამ ეს არაა საკმარისი, ამიტომაც გადავწყვიტეთ, აქცია მოგვეწყო."

მსურველებს შეეძლოთ საკუთარი პოზიცია სპეციალურ განცხადებაზე ხელისმოწერით გამოეხატათ. განცხადების მთავარი მოთხოვნა მშენებლობის იმ დრომდე შეჩერებაა, სანამ საერთაშორისო პრაქტიკით მიღებული წესით არ დადგინდება მდინარეში დასატოვებელი წლის ის ოპტიმალური რაოდენობა, რომელიც ხეობის ლანდშაფტისა და ბილოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას უზრუნველყოფს.

ხალხის ნაწილი ხელის მოწერისგან თავს იკავებდა, "თქვენთან ვარ, მაგრამ საჯარო სამსახურში ვმუშაობ და ხელის მოწერა არ მინდა," - თქვა ერთმა შუა ხნის მამაკაცმა. ზოგი კი აქციით არც დაინტერესებულა, მოწოდებაზე "შემოგვიერთდით თერგის გადასარჩენად" ერთი-ორი ასეთი პასუხიც გაისმა: "რა სჭირს თერგს ჩვენი გადასარჩენი," "მწვადები გვიცივდება, გვეჩქარება."

ნაირა და სულხან ხუციშვილები გერგეთში რუსთავიდან ჩამოვიდნენ, წარმოშობით სტეფანწმინდელებს მიაჩნიათ, რომ ამ მშენებლობაზე ყველამ მეტი უნდა იცოდეს.

"21-ე საუკუნეა და ცხადია, არ ვამბობთ, რომ ელექტროენერგია არ გვჭირდება, მაგრამ უნდა ვიცოდეთ, ამის მიღებას რის ხარჯზე ვაპირებთ, იმის, რომ ხეობას კატასტროფა დაემუქროს? გაქრეს?  ამ ბუნების ხარჯზე არაფერი მინდა," - ამბობს ნაირა ხუციშვილი. მისი მეუღლე კი მიიჩნევს, რომ ხეობის დაშრობა საზოგადოების სასარგებლოდ არ ხდება: "დამშრალი და გაუბედურებული ხეობა მოსახლეობას რომ ცხოვრებას უადვილებდეს, კიდევ სხვა საქმე იქნებოდა, მაგრამ თუ ხალხი შეღავათსაც არ ნახავს, რისი გულისთვის უნდა მოვსპოთ ასეთი ხეობა?!"

"ახლა შეიძლება რამის შეცვლა?" - რამდენჯერმე ჰკითხეს აქციის მონაწილეებს.

"ჯერ არ არის გვიანი, პროექტის ცვლილება კიდევ შესაძლებელია, ვთქვათ,  უფრო  ნაკლები სიმძლავრის ჰესი რომ აშენდეს, მეტი წყალი დარჩეს გვირაბს გარეთ, ხეობის გადარჩენა მოხერხდება" - პასუხობდნენ გარემოსდამცველები.

აქციის მონაწილეები დარიალის ხეობაშიც ჩავიდნენ, დარიალჰესისა და ლარსიჰესის მშენებლობაზე დასაქმებულ ადამიანებს ესაუბრნენ და  საინფორმაციო ფურცლები მათაც დაურიგეს.

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • შორენა ტყეშელაშვილი

    სხვისი ოჯახის ჭირი

    ჩვენს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებში ვერ აღწევს ძალადობის მსხვერპლი ქალების და ბავშვების ხმები, ან შეიძლება ძალად ვიყრუებთ ყურებს, როცა სხვის ოჯახში ხმაური, წივილ-კივილი და ტირილის ხმა ისმის. ან...

  • მედეა გოგსაძე

    რა მოსდით ქართველ მამაკაცებს?... „ჩატეხილი ხიდის“ გენდერული ვერსია

    ფსიქოლოგ ერიკ ბერნის უნივერსალური მოდელის თანახმად, ნებისმიერ ადამიანში ზის „ბავშვი“, „მშობელი“ და „მოზრდილი“. „ბავშვი“ იმპულსური ქცევის წყაროა, „მშობელი“ - რაციონალური საწყისი, რომელიც  „ბავშვს“...

  • თამარ რუხაძე

    მედია, რომელიც...

    ჩვენც ხომ იმავე ოჯახებიდან, სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან, იმავე განათლების სისტემიდან მოვედით, რომელიც ამ პროფესიისთვის პროფესიონალ კადრებს დღესაც ვერ ზრდის და ჩვენ როგორ გაგვზრდიდა უკეთესებს?...

მეტი

ამავე ავტორისგან