20.07.2012

ბანკების ნულპროცენტიანი უტოპია

სტატიები  (photo: )

„თუ გსურთ წახვიდეთ დასასვენებლად,  შეიძინოთ ახალი ტექნიკა,  გამოცვალოთ ავეჯი, ამისათვის  არ გაქვთ საკმარისი თანხა  და არ გსურთ მაღალი პროცენტის გადახდა, თქვენ შეგიძლიათ მიიღოთ სამომხმარებლო სესხები 0 %-იდან"...

„ერთწლიანი 0% - იანი ავტოგანვადება,  ავტოდაზღვევა საჩუქრად, სესხის  დამტკიცების, დაგირავების, მომსახურების საკომისიოები საჩუქრად"...

„სესხი რემონტისთვის, მხოლოდ რემონტის ხარჯთაღრიცხვით და შემოსავლების დადასტურების გარეშე"...

ქუჩაში გაკრული თვალისმომჭრელი ბანერებიდან, ტელევიზიიდან თუ  სოციალური ქსელებიდან  ბანკები ასეთ პირობებს ხშირად გვთავაზობენ.  მაგრამ რას ვიღებთ რეალურად?

ბოლო პერიოდში უკმაყოფილო მომხმარებელთა რაოდენობა განსაკუთრებით გაიზარდა: - გადაუხდელი კრედიტები, მაღალი  საპროცენტო განაკვეთები, „მოტყუებული კლიენტები", საკრედიტო ხელშეკრულებები და სხვადასხვა გაურკვეველი ტიპის საკომისიოები...

საქართველოში არსებობენ ბანკები, სადაც მომხმარებელს კრედიტის აღება შემოსავლების დადასტურების გარეშე შეუძლია. შესაბამისად, ეს სერვისი ყველასთვის ხელმისაწვდომია.  თუმცა, ბანკს ნაკლებად აინტერესებს, შეუძლია თუ არა მას პროცენტის დაფარვა.

საბანკო - საკრედიტო ხელშეკრულებებში ხშირად ისეთი პუნქტებია გაწერილი, რომელებსაც მოქალაქეთა უმრავლესობა  სესხის აღების დროს არ ეცნობა, ან თუ ეცნობა, მისი შინაარსი არ ესმის.

რა წერია საბანკო ხელშეკრულებებში?

2012 წლის 17 ივნისს "ლიბერთი ბანკმა" ერთ-ერთ ფიზიკურ პირთან საგანვადებო კრედიტის ხელშეკრულება გააფორმა. რვა გვერდიანი ხელშეკრულების პირველ გვერდზე წლიური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ ინფორმაციაა მოცემული: წლიური საპროცენტო განაკვეთი  17,52%-ია, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი -54,16%.

მოქალაქემ ბანკისგან 586,95 ლარი ისესხა. კრედიტი 12 თვიანია. სესხის გაცემის ადმინისტრაციული საკომისიო 27,95 ლარია. ხელშეკრულების მეორე გვერდზე საგანვადებო კრედიტის დაფარვის გრაფიკია მოცემული. რომლის მიხედვით, მომხმარებელი ყოველთვიურად ძირი თანხის /586,95 ლარის/  8,57% იხდის, რაც თვეში 57,50 ლარს შეადგენს.

მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვიურად გადახდილი თანხის შედეგად ძირი თანხის მოცულობა მცირდება, გადასახდელი თანხა უცვლელი რჩება.

მაგალითად, მეთერთმეტე თვეში გადასახდელი ძირი თანხის მოცულობა 48,76 ლარია, მომხმარებელი კი მაინც 57,50 ლარს იხდის, რაც ძირი თანხის /586,95 ლარის/ 8,57%-ია და არა დარჩენილი 48,76-ლარისა.

"რასაც ამ ხელშეკრულებაში ვკითხულობ, ყაჩაღობაა. 586 ლარის 8%-იც 57 ლარია და 48 ლარის 8%-იც 57 ლარი? მსგავსი რამ არსად არ ხდება. ამ ადამიანს ბანკი ატყუებს. გარდა ამისა, ხან რა საკომისიოს შეაპარებს, ხან რას. საბოლოო ჯამში, კი გადასახდელი პროცენტი ძალიან დიდი გამოდის." - ამბობს ბანკის ყოფილი თანამშრომელი, რომელმაც საკუთარი ვინაობის გამხელა არ ისურვა.

საბოლოოდ, მომხმარებელი ხელშეკრულების პირველ გვერდზე ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გრაფაში მითითებულ 54,16%-ს იხდის, რაც იმას ნიშნავს, რომ კრედიტის რეალური ღირებულება ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გრაფაშია მითითებული.

წლიური საპროცენტო განაკვეთი კი /17,52%/, ბანკის ყოფილი თანამშრომლის შეფასებით, ხელშეკრულებაში კლიენტის შეცდომაში შესაყვანადაა ჩაწერილი.

ასეთივე ჩანაწერი "თი-ბი-სი" ბანკის ხელშეკრულებებშიც გვხვდება. ერთ-ერთი ხელშეკრულების მიხედვით, მომხმარებლის მიერ სამომხმარებლო განვადებაზე აღებული  თანხის წლიური საპროცენტო განაკვეთი 0%-ია, ეფექტური საპროცენტო განაკვეთი 16,87%.

"თი-ბი-სი" ბანკის მეორე ხელშეკრულებაში წლიურ საპროცენტო განაკვეთად 26%-ია მითითებული, ეფექტურ საპროცენტო განაკვეთად - 32,62%. თუმცა ამ ხელშეკრულებებში კრედიტის დაფარვის გრაფიკი მოცემული არაა. კლიენტი ნათლად ვერ ხედავს, ძირი თანხის ცვლილებასთან ერთად ყოველთვიურად მცირდება თუ არა გადასახდელი თანხა.

რა არის ეფექტური საპროცენტო განაკვეთი?

წლიური და ეფექტური საპროცენტო განაკვეთების არსებობას მომხმარებელი ხშირად შეცდომაში შეჰყავს. მათ ჰგონიათ, რომ წლიური საპროცენტო განაკვეთით განსაზღვრულ თანხას იხდიან, სინამდვილეში კი, გაცილებით მეტ თანხას ხარჯავენ.

რას ნიშნავს ეფექტური საპროცენტო განაკვეთი და რა საჭიროა ხელშეკრულებაში ორი საპროცენტო განაკვეთის არსებობა? - ამ კითხვებით ეროვნულ ბანკს მივმართეთ.

ეროვნული ბანკის განმარტებით, მომხმარებელს, საკრედიტო პროდუქტებით სარგებლობისას, კრედიტის თანხაზე დარიცხული  წლიური საპროცენტო განაკვეთთან ერთად, ხშირად დამატებით საკომისიოების გადახდა უწევს, როგორებიცაა: -  განაღდების საკომისიო, წინსწრებით  გადახდის საკომისიო, დაზღვევა ან სხვა ხარჯი.

ეფექტური  საპროცენტო განაკვეთი ყველა არსებულ ფინანსურ ხარჯს ითვალისწინებს, რომელიც წლიურ საპროცენტო განაკვეთში არ შედის. ეფექტური საპროცენტო განაკვეთი კი სწორედ პროდუქტის რეალურ ღირებულებას მოიცავს, რაც საბოლოო ჯამში, კრედიტის რეალურ ღირებულებას მნიშვნელოვნად ზრდის.

ეფექტური საპროცენტო განაკვეთის შესახებ ინფორმაცია 2011 წლამდე საბანკო ხელშეკრულებებში მითითებული არ იყო და სესხის მიმღები პირი საბანკო კრედიტის რეალური ღირებულების შესახებ ინფორმაციას ვერ იღებდა.

ეროვნული ბანკმა 2011 წლის 1 ივნისს  "კომერციული ბანკების მიერ საბანკო მომსახურების გაწევისას მომხმარებლისათვის აუცილებელი ინფორმაციის მიწოდების წესი" დაამტკიცა, სადაც ე.წ. ეფექტური საპროცენტო განაკვეთის ცნება განსაზღვრა.

ამ წესმა ბანკებს ხელშეკრულებაში რეალური ღირებულების შესახებ ინფორმაციის შეტანა დაავალა. რეგულაციის შემუშავებას საფუძვლად, 2011 წელს ეროვნული ბანკის მიერ ჩატარებული კვლევის შედეგი დაედო. კვლევის მიხედვით, ფარული ხარჯები მომხმარებელის უკმაყოფილების ერთ-ერთი მიზეზი იყო.

ბანკების ასოციაციის პრეზიდენტის ზურაბ გვასალიას თქმით, ხელშეკრულებაში ორი საპროცენტო განაკვეთის არსებობა მომხმარებლების შეცდომაში შეყვანა არ არის და მათ რეალური ღირებულის დათვლა ხელშეკრულებაში მოცემული გრაფიკის მიხედვით შეუძლიათ.

"ეფექტური  საპროცენტო განაკვეთი ნომინალურის გარდა (ანუ, ამ შეთხვევაში -17%-ისა) ყველა არსებულ ფინანსურ ხარჯს ითვალიწინებს,  მაგალითად: პროცენტში გადაყვანილ და წელიწადზე გათვლილ გაცემის თუ ანგარიშის მომსახურების საკომისიოებს".

თუმცა, ბანკის ყოფილი თანამშრომლის თქმით, კრედიტის რეალურ ღირებულებას მხოლოდ  საკომისიო დარიცხვები არ ზრდის და  ერთ-ერთ მიზეზი კრედიტის ძირი თანხიდან გადახდილი პროცენტია. ამის საილუსტრაციოდ სტატიის დასაწყისში კრედიტის დაფარვის გრაფიკი აღვწერეთ.

რა საჭიროა ხელშეკრულებაში ორი საპროცენტო განაკვეთის მითითება? - ამ კითხვაზე ეროვნული ბანკისგან პასუხი ვერ მივიღეთ.

ხელშეკრულების სხვა პუნქტები

ეროვნული ბანკის მიერ 2011 წელს ჩატარებულ კვლევაში საბანკო ხელშეკრულებებთან დაკავშირებით სხვა პრობლემებიც გამოიკვეთა.  კერძოდ, მომხმარებლის უკამყოფილებას ხელშეკრულებებში მნიშვნელოვანი პირობების ცალმხრივი ცვლილებები იწვევს.

მაგალითად, ხელშეკრებულების მიხედვით, ბანკს ცალმხრივად შეუძლია საპროცენტო განაკვეთის გაზრდა, თუ საკრედიტო პროდუქტების ღირებულება შეიცვლება ისე, რომ ბანკისთვის ზარალიანი აღმოჩნდება ან ბანკის ფინანსურ სტაბილურობას საფრთხეს შეუქმნის.

ბანკს ასევე უფლება აქვს  მსესხებელს ნებისმიერ დროს, ბანკის მიერ დადგენილ ვადაში,  ქონების გადაცემა მოსთხოვოს.

ქვეყანაში არსებული ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შემთხვევაში კი, ბანკი უფლებას იტოვებს, ხელშეკრულება შეწყვიტოს და მომხმარებელს ვადაზე ადრე კრედიტის მთლიანი დავალიანების დაფარვა მოსთხოვოს.

საბანკო-საკრედიტო ხელშეკრულებებში ასევე არსებობს დათქმა, რომ თუ ეროვნული ვალუტა კონკრეტულ ვალუტასთან მიმართებაში გაუფასურდა, ბანკს გადახდის გრაფიკის კორექტირება  და კლიენტისთვის გარკვეული თანხების დარიცხვა ცალმხრივად შეუძლია.

ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავას შეფასებით - "ხელშეკრულებაში არსებული დებულებები მიანიშნებს იმას, რომ ჩვენ ბანკთან ურთიერთობში დაზღვეულები არ ვართ. რადგან კლიენტები და ბანკი თანაბარი მოთამაშეები არ არიან."

ეროვნული ბანკის განმარტებით, კი საბანკო პროდუქტით მომსახურების პირობები ბანკსა და მომხმარებელს შორის შეთანხმების საგანია - "კერძო სამართლის სუბიექტებს კანონის ფარგლებში შეუძლიათ თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ მათი შინაარსი."|

ხელშეკრულების ცალმხრივ ცვლილებებთან მიმართებაში რეალობა ისეთივე რჩება და წესი, რომელიც ბანკმა 2011 წელს შემოიღო, ბანკებს მხოლოდ აუცილებელი ინფორმაციის მიწოდებას ავალდებულებს.

ეროვნული ბანკის რეგულაციით, ხელშეკრულებაში ინფორმაცია გასაგებ ენაზე, ადვილად წასაკითხი და აღქმადი შრიფტით უნდა იყოს მოცემული. თუმცა აღნიშნული წესი არცერთ ხელშეკრულებაში დაცული არ არის.

ზურაბ გვასალიას თქმით, 1975 წელს ევროსაბჭომ მომხმარებელთა დაცვის მიზნით რეზოლუცია მიიღო, რომლის მიხედვითაც მომხმარებელი საკუთარი ეკონომიკური ინტერესების ზარალისაგან არასათანადო მომსახურების გამო  დაცული უნდა იყოს. საქართველოს ეროვნული ბანკის რეგულაციებიც ამ რეზოლუციის მიხედვითაა შექმნილი.

რაც შეეხება სხვა ქვეყნების გამოცდილებას, გვასალიას თქმით, ევროპაში სამომხმარებლო კრედიტი ყველა ფინანსური დაწესებულების მიერ მათ მიერ დადგენილი წესით და პირობებით თავისუფლად გამოიყენება.

ადვოკატი ნინო ბოგვერაძე ამბობს, რომ ევროპაში არსებობს რეგულაციები, რომელიც მომხმარებელთა უფლებას იცავს. ის არასამართლიან და არაკეთილსინდისიერ პირობებს კრძალავს. ამ რეგულაციებს საქართველოსთვის სავალდებულო ძალა არ გააჩნია, თუმცა  საერთაშორისო პრაქტიკაა, რომ არასამართლიანი პუნქტები ხელშეკრულებებში გამოყენებული არ უნდა იყოს.

"პრაქტიკულად გამოდის, რომ ბანკების კეთილ ნებაზეა დამოკიდებული. მომხმარებელს თუ უნდა კრედიტი, ბანკს აქვს თავისი პირობები,  რომლითაც ის მოქმედებს. მომხმარებელი ვერაფერს ცვლის თუ ბანკის ინტერესი არაა.  ჩვენთან სწორედ ეს ცუდი პრაქტიკაა.  პრობლემა, ცხადია, ყველგან არის, რადგან  ნებისმიერი ასეთი სახის ხელშეკრულება ბანკის ინტერესზეა აწყობილი და ეს ბუნებრივიცაა,  მაგრამ საერთაშორისო დონეზე ეს უფრო დარეგულირებულია."

მისივე თქმით, საქართველოს შემთხვევაში  შედარებით უფრო კაბალურ  სახელშეკრულებო პირობებთან გვაქვს საქმე.

ადვოკატი ისეთ შემთხვევებს ვერ იხსენებს, როდესაც სამომხმარებლო სესხებზე მომხმარებელს საჩივრით მიემართოს.

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • მედეა გოგსაძე

    რა მოსდით ქართველ მამაკაცებს?... „ჩატეხილი ხიდის“ გენდერული ვერსია

    ფსიქოლოგ ერიკ ბერნის უნივერსალური მოდელის თანახმად, ნებისმიერ ადამიანში ზის „ბავშვი“, „მშობელი“ და „მოზრდილი“. „ბავშვი“ იმპულსური ქცევის წყაროა, „მშობელი“ - რაციონალური საწყისი, რომელიც  „ბავშვს“...

  • თამარ რუხაძე

    მედია, რომელიც...

    ჩვენც ხომ იმავე ოჯახებიდან, სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან, იმავე განათლების სისტემიდან მოვედით, რომელიც ამ პროფესიისთვის პროფესიონალ კადრებს დღესაც ვერ ზრდის და ჩვენ როგორ გაგვზრდიდა უკეთესებს?...

  • თამარ კარელიძე

    სტიგმა ფასადს მიღმა

    ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელიც ერთ ქუჩაზე სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა ტაძრებით ამაყობს და პარალელურად, არამართლმადიდებლებს, ქრისტეს სახელით, ჩასაქოლად დასდევს, ის საზოგადოება,...

მეტი

ამავე ავტორისგან