30.07.2012

რელიგიური ახალგაზრდობა

სტატიები  (photo: )

კვლევის მიხედვით, საქართველოში ყველაზე რელიგიურები ახალგაზრდები არიან

საზოგადოებრივი პოლიტიკის ინსტიტუტმა, რამდენიმე კვირის წინ, თაობების მიხედვით ღირებულებების ცვლილების დინამიკის კვლევა გამოაქვეყნა. კვლევის მიხედვით, ასაკის კლების შესაბამისად, კოლექტივისტური ღირებულებები მცირდება და ნელ-ნელა შერეული და ინდივიდუალისტური ღირებულებები ძლიერდება. კვლევის ავტორის ნანა სუმბაძის თქმით, ამ ფონზე ერთი პარადოქსი შეიმჩნევა.

18-24 ასაკობრივი ჯგუფი უფროსი თაობის ადამიანებთან შედარებით უფრო რელიგიური და სხვა რელიგიის წარმომადგენლების მიმართ უფრო ნაკლებად შემწყნარებელია. ისინი უფრო გახსნილები არიან სექსუალური და ეთნიკური უმცირესობის მიმართ და ეთანხმებიან გენდერული თანასწორობის იდეებს, თუმცა რელიგიის სფეროში ნაკლებად ტოლერანტულ განწყობებს ამჟღავნებენ.

“სხვადასხვა კულტურაში ჩატარებული კვლევების მონაცემების თანახმად, რელიგიისადმი ინტერესი ყველაზე მეტად უფროს თაობაშია გამოკვეთილი, საქართველოში კი რელიგიას ყველაზე მეტად დიდ მნიშვნელობას ახალგაზრდები ანიჭებენ.” - წერს კვლევის ავტორი ნანა სუმბაძე კვლევის დასკვნით ნაწილში. 

გამოკითხულდა უმეტესობა საერო და რელიგიური სფეროების ერთიანობის მომხრეა. თითქმის ნახევარს (49,4 პროცენტს) მიაჩნია, რომ პოლიტიკოსები, რომლებსაც ღმერთი არ სწამთ, არ უნდა იყვნენ არჩეულნი მაღალ სახელმწიფო თანამდებობაზე. კვლევის ავტორის აზრით, გამოკითხულთა უმეტესობისთვის ქრისტიანობა უფრო მეტად წარმოადგენს იდენტობის საფუძველს, ვიდრე საქართველოს მოქალაქეობა. 

სოციოლოგი და ამავე ასაკობრივი ჯგუფის წარმომადგენელი ხატია ნადარაია კვლევის ამ მონაცემს ადამიანური განვითარების ინდექსთან კორელაციით ხსნის.

“მსოფლიო ღირებულებების კვლევა, რომელიც მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ტარდება, აჩვენებს, რომ ქვეყნებში სადაც ადამიანური განვითარების ინდექსი დაბალია, ამაში იგულისხმება სიცოცხლის ხანგძლივობა, განათლება, ლიტერატურულობა, სიღარიბე და გაჭირვება ანუ  განვითარებადი ქვეყნები დაბალი სეკულარიზებულ-რაციონალური ღირებულებებითა და თვითგადარჩენისადმი მიდრეკილების მაღალი ტენდენციით ხასიათდებიან.” - ამბობს ნადარაია. 

მისი აზრით, ეკლესიურობა ახალგაზრდებისთვის საზოგადოებაში ინტეგრირების საშუალებაა.

“ეკლესიურობა რესურსია, იმისათვის რომ საზოგადოების დომინანტურ ნორმებთან ადაპტირდე და მისაღები იყო. ითვლება, რომ თუ მორწმუნე ხარ “პატიოსანი ხარ”, “კარგი ხარ”, “მისაღები ხარ”.  ამ კვლევაში ვეთანხმები, რომ მრევლის წევრობა იდენტობის გარკვეულ საფუძვლად იქცა. ეკლესია ყველასთვის მისაწვდომია, პოლიტიკისა, სხვადასხვა სიკეთეები, თუნდაც გართობის სხვადასხვა ფორმები - არა. ეკლესია ის ერთადერთი ადგილია, რომელიც საზოგადოებრივი სფეროდან გამორიცხულ ყველა ადამიანს აერთიანებს. ეკლესიაც საზოგადოებრივ სფეროა საკრალური ფუნქციებით.” - ამბოს ხატია ნადარაია.

ნადარაიას თქმით, მის თაობას სოციალური მობილობისა და დაწინაურების შანსები თითქმის არ ჰქონდა. ერთადერთი სივრცე, რომელიც მყარი და მათთვის გახსნილი იყო, ეკლესიაა. აქვე ახერხებდნენ თვითგამოხატვასაც. თვითგამოხატვის სხვა ფორმების გავრცელებისათვის სათანადო ინფორმაციაზეც ძნელად მიუწვდებოდათ ხელი. 

“გარდა იმისა, რომ საქართველო ტრადიცული ქვეყანაა და გამოხატვისათვის ტრადიციული გზებს ირჩევენ, სხვადასხვა სუბკულტურების შესახებ ინფორმაციაც არ იყო - "როკერები" და "ემოები"  თბილისში იყვნენ თავმოყრილი და საბოლოოდ, ელიტისტურ ვიწრო ჯგუფებად ჩამოყლიბდნენ - ამბობს ნადარია.

ილიაუნის პროფესორი სერგო რატიანი რელიგიურობას პოსტსაბჭოთა კონტექსტით ხსნის. მისი თქმით, მოსაზრება, რომ მოდერნიზმთან ერთად სეკულარიზაციის ხარისხი იზრდება, 70-იან წლებში უარყვეს. დაიწყო რელიგიის დაბრუნება და ეს განსაკუთრებულად გამოკვეთილი პოსტსაბჭოთა სივრცეში იყო. აქ მართლმადიდებლობა თუ რელიგიურობა თავისი არსით რელიგიურობა არაა. ყოველდღიური პრაქტიკები და ცხოვრების წესი დეკლარირებულ რელიგიურობასთან შესაბამისი არ არის, ეს ტრადიციის გაგრძელებაა.

“რაც შეეხება რწმენას, ეს არის ნებელობითი აქტი, რომელიც თავისუფალ არჩევანს გულისხმობს, ანუ მე ვირჩევ რაღაც სინამდვილეს და არა სინამდვილე მე.” - წერს რატიანი ნაშრომში “რამდენიმე შენიშვნა ქართველების რელიურობასა და ტრადიცულობის შესახებ".

რატიანი რელიგიურობის ზრდას განათლების სისტემისა და სხვადასხვა ინსიტუტების მოშლასთან აკავშირებს.

“გამოკითხული ახალგაზრდები ის თაობაა, რომელიც ნორმალურ სკოლასა და უმაღლესში არ გაზრდილან. მოშლილი იყო განათლების სისტემა, დაკარგული იყო ავტორიტეტი და სამაგიეროდ, ავტორიტეტი ჰქონდა ეკლესიას.” - ამბობს რატიანი.

ხატია ნადარაიაც თვლის, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ეკლესიის, როგორც ყველაზე სტაბილური და ძლიერი ინსტიტუციის არსებობა მოსახლეობაზე შებასამისად აისახა.

“ახალგაზრდები დაიბადნენ მაშინ, როდესაც ჰიბრიდული რეჟიმი იყო, სოციალიზმი სრულდებოდა, კაპიტალიზმი თავისი ფორმით არ არსებობდა. ყველაზე მეტად გაურკვევლობას იქმნება, როდესაც არ არსებობს ჩამოყალიბებული თამაშის წესები, ინსტიტუტები. ამ დროს ეკლესია უსაფრთხოების განცდის წყაროა. - ამბობს ნადარაია.

ეკონომიკურ კეთილდღეობასა და სეკულარულ ღირებულებებს შორის მნიშვნელოვანი კორელაცია არსებობს. კეთილდღეობის სახლემწიფოებში სეკულარიზებულ-რაციონალურ ღირებულებები ყველაზე მაღალია. "ასეთია ნორვეგია, დანია ანუ ე.წ. “კეთილდღეობის სახლემწიფოები”. ყველაზე ქვემოთ არის ისლამური ქვეყნები, შემდეგ სამხრეთ აფრიკის ქვეყნები, კათოლიკური ევროპა. ქართველი ხალხი ავთენტურად “ბნელი” და მორწმუნე არაა, ეს გარემოს “დამსახურებაა”. ” - ამბობს ხატია ნადარაია და ახალგაზრდების რელიგიურობას ქვეყნის პოლიტიკურ-ეკონომიკურ მდგომარეობასთან აკავშირებს.   

 

 

 

 

 

 

 

 

მეტი

  •  (photo: ) სტატიები

    დაივიწყეთ ვენეცია!

    ვენეციის წლევანდელი ბიენალეს თემაა არქიტექტურა, რომლის სექცია პირველად 1980 წელს ჩამოყალიბდა. ურბანული არქიტექტურის განვითარება და ტენდენციების წარმოჩენა ჩვენთვის მაინც მიუღწეველი აღმოჩნდა –...

  •  (photo: ) სტატიები

    ფოქსტროტი თოვლზე

    "რეცენზია" "მელია-ტულეფია: FOX-trot"-ის ავტორს რომანის დასაწყისში აღწერილი ნაყოფიერების არქაული რიტუალის გამო არაერთ "ბოროტებასა" და "უმსგავსობაში" ამხელს და მკითხველს რიტორიკულ კითხვასაც უსვამს,...

  •                                 (photo: ) სტატიები

    მაპი არ ნიშნავს, რომ ალიანსი საქართველოს რომელიმე ნაწილს დაიცავს

    ინტერვიუ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან.

  •  (photo: ) თვალსაზრისი

    ოქროს საწმისის მცველები

    ბოლო პერიოდში მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ ბოლნისის  ტერიტორიაზე მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე  ქართველი და გერმანელი მეცნიერების მიერ გამოვლენილი და შესწავლილი პრეისტორიული ხანის...

ახალი ამბები

მეტი
მეტი

ამავე ავტორისგან