31.07.2012

მუსლიმური თემი საქართველოში

სტატიები  (photo: )
დავით თინიკაშვილი

„ფაქტი ის არის, რომ თუ ადამიანი მუსლიმი მორწმუნეა, ის ჩვენს ქვეყანაში ვერ გაიკეთებს სერიოზულ კარიერას“.

ვაგრძელებთ პუბლიკაციების ციკლს საქართველოში რელიგიური უმცირესობების სოციალური და საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ. ამჯერად „ლიბერალი“ გთავაზობთ ინტერვიუს ქართველ მუსლიმთა კავშირის ერთ-ერთ ხელმძღვანელთან, ტარიელ ნაკაიძესთან.

სანამ უშუალოდ თქვენი ორგანიზაციის საქმიანობის შესახებ ვისაუბრებდეთ, უპრიანი იქნებოდა მანამდე მკითხველებისთვის აგვეხსნა თუ რა სტრუქტურული ერთეულები და ორგანიზაციები არსებობს ქართულ მუსლიმურ სინამდვილეში იმისათვის, რომ ორიენტაციისთვის ზოგადი წარმოდგენა შეგვექმნას.

საბჭოთა კავშირის პერიოდში ქართული მუსლიმური თემი, სამართლებრივი თვალსაზრისით, დამოკიდებული იყო კავკასიის მუსლიმთა სამმართველოზე, რომელიც ბაქოში მოქმედებს. ბათუმის ანუ აჭარის და თბილისის სამუფთოები სწორედ მათ წარმომადგენლობებად ითვლებოდა. მხოლოდ გასულ (2011) წელს საქართველოში დაფუძნდა მუსლიმთა საერთო სამმართველო, რომელსაც მართავს შეიხი და მუფთი. ეს რამდენად პრაქტიკულია ან სწორია, სხვა საკითხია, მაგრამ დღეს ასეთი ვითარება გვაქვს. რამდენიმე დღის წინ დაფუძნდა ასევე კავკასიის მუსლიმთა სამმართველოს წარმომადგენლობა საქართველოში. არსებობს სხვა მუსლიმური ორგანიზაციებიც. მათ შორის ერთ-ერთია ქართველ მუსლიმთა კავშირი, რომელიც 2008 წელს დაარსდა. მე ამ კავშირის ერთ-ერთი ხელმძღვანელი ვარ. მისი თავმჯდომარეა ზურაბ ცეცხლაძე, ყოფილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუფთი. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია სოციალური და საგანამანათლებლო სფეროში მოღვაწეობა, მუსლიმთა თემის უფლებრივი მდგომარეობისა და მისი სტატუსთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგება, სხვა კონფესიებთან და სახელმწიფოსთან ურთიერთობა. ასევე საქართველოს ფარგლებს გარეთ მცხოვრებ (ირანი, აზერბაიჯანი, თურქეთი)  ქართველ მუსლიმებთან კულტურული და საგანმანათლებლო ურთიერთობები.

ამ ფონზე ჩნდება შეკითხვა: რომელი ორგანიზაციაა, ასე ვთქვათ, უფრო მეტად დომინანტური ანუ რომელ მათგანს შეუძლია ქართველი მუსლიმების სახელით საუბარი და ასევე ყველაზე ფართომასშტაბიანი საქმიანობით რომელი მათგანი გამოირჩევა?

საქმიანობის მასშტაბი დამოკიდებულია ფინანსებზე. დასახელებული ორგანიზაციის აქტივობები განსხვავდება ერთმანეთისგან. რასაკვირველია, საქართველოში მთავარი ორგანო სამუფთო სამმართველოა, რომელიც საკუთრივ რელიგიური ხასიათის მმართველობას ანხორციელებს. მისი მიზანია მართოს მეჩეთები, მოლები და სასულიერო სასწავლებლები. ქართველ მუსლიმთა კავშირის ფუნქცია კი სხვაგვარია. ჩვენი ორგანიზაციის მიზანია ამ მეჩეთებთან საგანმანათლებლო და სოციალური ხასიათის აქტივობის ორგანიზება და მისი განხორციელება. ასევე ვმუშაობთ მუსლიმთა უფლებების დაცვის მიმართულებით. 

ძალიან კარგი. მოდით მაშინ უკვე დავიწყოთ კონკრეტულად მუსლიმთა კავშირის სოციალურ და საგანმანათლებლო პროექტებზე საუბარი.

ახალგაზრდა ორგანიზაცია ვართ და როგორც ზემოთ აღვნიშნე, ჩვენი მთავარი პროექტები სწორედ სოციალური ხასიათისაა. მაგ., მსხვერპლშეწირვის დღესასწაულზე დახმარებებს გავცემთ ღარიბ ოჯახებზე, ძირითადად, საკვები პროდუქტების სახით. ასევე ვეხმარებით სტუდენტებს. ბათუმის სათაო ოფისში კვირაში ოთხი დღე ვატარებთ უფასო ლექციებს სხვადასხვა საკითხებზე, იქნება ეს რელიგიური, სოციალური და სხვ. თემატიკა ისაზღვრება დამსწრეთა სურვილის მიხედვით, თუ რის შესახებ სურთ მათ მეტი ცოდნის შეძენა.

კონკრეტულად რა თემებზე ტარდება ეს ლექციები?

ეს არის რელიგიისა და სახელმწიფოს ურთიერთობა, რელიგია და უფლებები; რელიგიათა შორის ურთიერთობები; ზოგადად რა არის ისლამი და რომელ სივრცეში როგორ შეიძლება აღიქვა ისლამი; ასევე საგანმანათლებლო სემინარებს ვატარებთ სხვა, არარელიგიურ საკითხებზეც, რომლებიც ამა თუ იმ კუთხით დაკავშირებულია რელიგიის სფეროსთან და მორწმუნე ადამიანების სულიერ-ფიზიკურ არსებობასთან.

სამომავლოდ ვგეგმავთ აგრეთვე, მაგ., ქართული ენის შესწავლის პროგრამის განხორციელებას საზღვარგარეთ მყოფი ქართველი მუსლიმებისთვის სხვადასხვა ქვეყნის ქართულ სათვისტომოებთან. ამ მხრივ უკვე გვაქვს გარკვეული ნაბიჯები გადადგმული. 

რა სახის ჰუმანიტარულ და საქველმოქემდო საქმიანობას ეწევა ქართველ მუსლიმთა კავშირი? 

რაიმე ფართომასშტაბიანი საქველმოქმედო საქმიანობა ჯერ არ გვაქვს განხორციელებული. რამადანის ანუ მუსლიმური მარხვის თევში ასეულობით მოწრმუნე ადამიანს ვიწვევთ მარხვის ვახშამზე, რომელსაც  მეორენაირად, ისლამური ტერმინოლოგიით „იფთარი“ ეწოდება. მიმდინარე წლის 23 ივლისს, მაგ., კავშირმა გამართა 1,200 კაციანი ვახშამი.

როგორია თქვენი ინფორმაციით, მუსლიმების საერთო რაოდენობა საქართველოში?

ოფიციალური მონაცემებით, საქართველოში ყოველი მეათე მუსლიმია ანუ 10% პროცენტი მოსახლეობისა. მაგრამ ეს ციფრი ჩვენთვის სანდო არ არის. მაგ., ძალიან მარტივად შეიძლება განსაზღვრო სოფლების მოსახლეობაში ვინ არის მუსლიმი და ვინ არა. ისლამის მიმდევარი ძირითადი მასა კი სწორედ სოფლად ცხოვრობს... ჩვენი გათვლებით საქართველოს მოსახლეობის 17% (ანუ 900,000-მდე) არის მუსლიმი. 

როგორ ფიქრობთ, რა შეიძლება იყოს მიზეზი ოფიციალურ მონაცემებსა და თავად მუსლიმთა დაკვირვებას შორის ასეთი სხვაობისა?

ჩვენ არ ვთვლით, რომ ეს უბრალოდ მცდარი გაანგარიშების შედეგია სტატისტიკის დეპარტამენტის მხრიდან. აჭარაში არის ასეთი პრობლემა: აქ ყოველთვის ცდილობდნენ, რაც შეიძლება ნაკლები მუსლიმი დაფიქსირებულიყო. მაგ., ხულოს რაიონში მინიმუმ 98% მოსახლეობისა მუსლიმია, თუმცა ხსენებული ოფიციალური მონაცემებით ეს ციფრი 80%-მდეა დაყვენილი.

ანუ სახელმწიფოს პოლიტიკა იყო ასეთი, რომ ქვეყანაში რაც შეიძლება ნაკლები ქართველი მუსლიმი ეჩვენებინა? 

დიახ, აჭარის მთავრობის მიზანი იყო ასეთი, რომ ცენტრალური ხელისუფლებისთვის რაიმენაირად ეჩვენებინა, რომ ამ რეგიონში ისლამიზაცია არ მიმდინარეობს. 90-იან წლებში მოდადაც კი იყო ქცეული ასეთი ტენდენცია...

დღეს როგორი ვითარებაა აჭარაში ამ მხრივ?

დღეს ეს ტენდენცია ასე აღარ გამოიხატება, მაგრამ არსებობს სხვა სახის პრობლემები. მაგ., სამსახურის უფროსები ხშირად  საკუთარი მუსლიმი ხელქვეითების გაქრისტიანების სურვილს ავლენენ (ზოგჯერ საკმაოდ აგრესიული ფორმითაც). სამწუხაროდ, აჭარის მთავრობა არ აყენებს საკითხს იმის შესახებ, რომ მის რეგიონში მსგავსი პრობლემები არსებობს. ფაქტი ის არის, რომ თუ ადამიანი მუსლიმი მორწმუნეა, ის ჩვენს ქვეყანაში ვერ გაიკეთებს სერიოზულ კარიერას და ეს მხოლოდ აჭარის სამთავრობო სტრუქტურების სენი არ არის. თბილისიდანაც ყოფილან სხვადასხვა სტრუქტურებში მოვლენილნი, რომლებსაც მსგავსი მისწრაფებები გამოუმჟღავნებიათ და შემდეგ ტრაბახობენ, რომ აჭარაში ამდენი მუსლიმი მოვნათლეო. თუმცა ამ ეტაპზე ზემოხსენებული ფაქტების მტკიცებულებების დადება რთულია, გამომდინარე იქედან რომ ვინც ამ პრობლემას აწყდება, ღიად საუბარი უჭირს, იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ ეს ადამიანები თავს დაცულად ვერ გრძნობენ და რაც აქვთ, ამის დაკარგვისაც ეშინია.

მძიმე მოსასმენია ეს ყველაფერი, თუმცა ასეთი ტენდენციები არავითარ შემთხვევაში არ უნდა მიიჩქმალოს თუ ქვეყანაში სამართლიანი საზოგადოების ჩამოყალიბება გვსურს. აქვე ვისარგებლებ შემთხვევით და შემდეგ კითხვასაც დაგისვამთ: ამ თვალსაზრისით, როგორ აფასებთ „ქართული ოცნების“ მიერ ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად მურმან დუმბაძის წარდგენას, რომელმაც სწორედ რელიგიურ და ეთნიკურ საკითხებთან დაკავშირებული ქსენოფობიური რიტორიკით დაგვამახსოვრა თავი?

ზოგადად მე და ასევე ჩვენი ორგანიზაცია სხვადასხვა რელიგიური თუ ეთნიკური ჯგუფების თანაცხოვრების დემოკრატიულ ფორმის მომხრე ვართ,. თანაცხოვრების ეს მოზაიკა უფრო მომხიბლვლელს ხდის ჩვენს ქვეყანას. მაგრამ არსებობს ადამიანთა კატეგორია, რომლებიც ამა თუ იმ რელიგიით მანიპულირებენ. ვფიქრობ, საქართველო მაქსიმალური სეკულარული ქვეყანა უნდა იყოს. რელიგიამ თავისი მოვალეობა ადამიანის მიმართ სულიერების მხრივ უნდა შეასრულოს და არ იქცეს პოლიტიკის საგნად. თუ პოლიტიკური ამბიციის მქონე სუბიექტი ვერ საზღვრავს, როგორ მოიქცეს სხვა რელიგიის ან ეთნიკური წარმომავლობის მქონე ადამიანებთან, მაშინ მისი დემოკრატიული სახელმწიფოს სათავეში მოსვლა სწორად არ მიმაჩნია.

 

მეტი

ახალი ამბები

მეტი
მეტი