01.08.2012

კვლევით ინსტიტუტს საბანკო ანგარიშები დაუყადაღეს

პროგრესბანკში საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის ფინანსური ანგარიშები დააყადაღეს.

ორგანიზაციისთვის დაყადაღების გადაწყვეტილების შესახებ  წინასწარ არავის უცნობებია.  თბილისის სააპელაციო სასამართლომ კი დაყადაღების მიზეზისა და პროცედურების შესახებ ინფორმაციის მიწოდების თხოვნაზე კვლევით ინსტიტუტს უპასუხა, რომ პაუხის გაცემა არ შეუძლია, რადგან ინსტიტუტი სამართლებრივ მხარეს არ წარმოადგენს.

,,სასამართლოს განჩინება ქონების დაყადაღებაზე გადაეცემათ მხარეების, რომლებსაც უფლება აქვთ გაასაჩივრონ სასამართლოს განჩინება საქართველოს სისხლის სამართლის  საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მხარეს წარმოადგენენ ბრალდებული, მსჯავრდებული, გამართლებული, მათი ადვოკატი, გამომძიებელი და პროკურორი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოკლებული ვართ შესაძლებლობას დავაკმაყოფილოთ თქვენი მოთხოვნა”- წერია სასამართლოს პასუხში.

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტის იურისტი, სოფო კილაძე დაყადაღებას აბსურდულს უწოდებს. ,,ყველაზე დიდი უსამართლობა ის არის, რომ ჩვენ როგორც მხარე არ გვაღიარეს,” - ამბობს იურისტი და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსზე მიუთითებს, რომელიც სანქციებს ბრალდებულის ან ბრალდებულთან დაკავშირებული პირისთვის ითვალისწინებს. "ჩვენ არ ვართ ბრალდებულები, მაგრამ არ ვიცით საერთოდ არსებობს თუ არა ბრალდებული”.

კვლევითი ინსტიტუტის საბჭოს თავჯდომარე, თეონა აქუბარდია სასამართლოს გადაწყვეტილების გასაჩივრებას აპირებს. ,,იმის მიუხედავად, რომ საკმაოდ ბუნდოვანია საქმეა, მასზე უკვე მუშაობს საქართველოს ახალგაზდრა იურისტთა ასოციაცია,” - ამბობს აქუბარდია. 

საქართველოს განვითარების კვლევითი ინსტიტუტი  არასამეწარმეო იურიდიული პირია, რომელიც 2011 წელს დაფუძნდა და მისი მიზანი საქართველოში საზოგადოებრივი პოლიტიკის ცოდნის გაუმჯობესება, დემოკრატიული განვითარების, სოციალ-პოლიტიკური  და ეკონომიკური რეფორმების ხელშეწყობაა. ინსტიტუტის ექსპერტები მუშაობენ და სტრატეგიულ პოლიტიკას იმუშავებენ ისეთ თემებზე, როგორიცაა საყოველთაო ჯანდაცვის უზრუნველყოფა, თვითმმართველობების მუშაობა, კონსტიტუციური მოწყობა, პოლიტიკური და ეკონომიკური უფლებები, გარემოს დაცვა და. ა.შ

ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან ზაზა შათირიშვილი, გია ხუხაშვილი და ვახტან ხმალაძე, თუმცა ხუხაშვილმა და ხმალაძემ ორგანიზაცია პოლიტიკური აქტივობის გამო დატოვეს. კვლევითმა ინსტიტუტმა პირველი შემოწირულობა ბიძინა ივანიშვილისგან მიიღო. როგორც შათირიშვილი ამბობს, ინსტიტუტს ჰქონდა რამდენიმე პატარა გრანტიც. ანგარიშების დაყადაღება ინსტიტუტის მუშაობისთვის დიდი წინაღობა იქნება, თუმცა თანამშრომლები საქმიანობის გაგრძელებას მოხალისეობრივად აპირებენ.

მეტი