02.08.2012

საბიუჯეტო სახსრებით შეძენილი საჩუქრები გაზაფხულზე, ზაფხულში და ზამთარშიც

სტატიები  (photo: )
სალომე ცეცხლაძე

თბილისის მერია პორსელენის სასაჩუქრე თეფშებში 300 ათასამდე ლარს გადაიხდის. ეს არაა სახელმწიფო ბიუჯეტიდან საჩუქრებისთვის პირველად დახარჯული თანხა.

პორსელენის თეფშების შესაძენად ტენდერი თბილისის მერიამ 2012 წლის 5 ივნისს გამოაცხადა. გამარჯვებულმა კომპანიამ 20 ათასი თეფში მერიას სასაჩუქრე შეფუთვით, სადგამით, ან საკიდით უნდა ჩააბაროს.

„თეფშზე პოლილუქსის ტექნოლოგიით დატანილი იქნება შემსყიდველის მიერ მიწოდებული  ფერადი  ესკიზი (ნახატი) და თეფშის ზედა და  ქვედა ნაწილში წარწერა, რომელის ტექსტსაც შემსყიდველი მიაწვდის მიმწოდებელს,  თეფშის უკანა მხარეს იგივე ტექნოლოგიით უნდა განთავსდეს -  თბილისის გერბი. თეფშის ზედაპირზე  დატანილმა ესკიზმა  (ნახატმა) და ტექსტმა მაქსიმალურად უნდა შეინარჩუნოს პირველადი სახე მტვრის გადაწმენდისა და წყალთან კონტაქტის შემდეგ“, - ნათქვამია სატენდერო დოკუმენტაციაში.

სასაჩუქრე პაკეტი რამდენიმე თვის წინ ბათუმშიც შეიძინეს. მაგალითად, 2012 წლის აპრილში ბათუმის მერიამ 96 ათას ლარად  ბლოკნოტები კალმით (ბლოკნოტზეც და კალამზეც მითითებული უნდა ყოფილიყო ბათუმის მერიის მისამართი, ვებ - გვერდი და სხვა ინფორმაცია), ბრელოკები (რომელზეც ინგლისურად უნდა იკითხებოდეს I©Batumi), კეპი, მაისური, ვიმპელი სადგამით, სასაჩუქრე ჩანთა, ფაიფურის ჩაის ჭიკა სასაჩუქრე კოლოფში, ქვესადგამი ახალი და ძველი ბათუმის გამოსახულებით, სასაჩუქრე მოლბერტი და საქაღალდე (ყველა მათგანზე უნდა ყოფილიყო ბათუმის ან ბათუმის მერიის მაინდენტიფიცირებელი ნიშნები) - ჯამში 12 ათას 400 ცალი .

გაზაფხულზე და ზაფხულზე საჩუქრებისათვის შედარებით მოკრძალებული საბიუჯეტო რესურსი იხარჯება. ამ მიზნით სახსრების ხარჯვის ინტენსივობა პიკს, როგორც წესი, საახალწლოდ აღწევს ხოლმე.

„ლიბერალი“ ადრეც წერდა, რომ თბილისის მერიამ ნახევარი მილიონი ლარის ღირებულების სასაჩუქრე 50 ათასი ცალი შოკოლადი „ბარამბოსგან“ 2011 წლის ბოლოს, საახალწლოდ შეიძინა.   დაუდასტურებელი ინფორმაციით, ტკბილეული მასწავლებლებისა და სხვადასხვა სამიზნე ჯგუფების საახალწლო საჩუქრებად დაურიგდათ.

მერიამ საახალწლოდ დამატებით  სპეციალური დიზაინის 1000 ცალი სასაჩუქრე ნაკრებიც შუკვეთა,  რომელიც ორი ბოთლი ღვინისა ( „მაღალი ხარისხის ღვინო საფერავი“) და სიდი დისკისგან შედგებოდა. „ყუთზე დაკრული უნდა იყოს ჯიბე CD დისკის ჩასადებად და მასზე ამოტვიფრული უნდა იყოს ქ.თბილისის მერიის ლოგო ოქროსფრად. თითოეულ ყუთზე დაკრულ სპეციალურ ჯიბეში მიმწოდებელმა უნდა ჩადოს CD დისკი (6  სმ დიამეტრით), რომელზეც უნდა ჩაწეროს  შემსყიდველის მიერ მიწოდებული კლიპი  თბილისზე“, - ნათქვამია სატენდერო პირობებში.

შეკვეთა კომპანია „პარნასმა“ შეასრულა და მერიას 21 ათასი ლარი დაუჯდა.

ვისთვის ყიდულობს საჩუქრებს თბილისის მერია? მერიის პრესსამსახურში  ამ შეკითხვაზე არ გვიპასუხეს და გვითხრეს, რომ შეკითხვა წერილობითი, ანუ საჯარო ინფორმაციის გამოთხოვნის ფორმით უნდა დავუსვათ. „ლიბერალს“ უკვე აქვს მერიისგან საჯარო ინფორმაციის გამოთხოვის არასახარბიელო გამოცდილება. საახალწლოდ შოკოლადების შესყიდვის შესახებ მერიიდან საჯარო ინფორმაცია წერილობით გამოვითხოვეთ, თითქმის ერთ თვიანი ლოდინის შემდეგ პასუხად მოგვწერეს, რომ  დეტალები კონკურენციისა და სახელმწიფო შესყიდვების ვებ-გვერდზე შეგვიძლია ვიხილოთ. იქ კი, არ ეწერa ვისთვის და რა მიზნით ყიდულობს უწყება პროდუქტს.

საჩუქრებისათვის ბიუჯეტიდან დახარჯა ფული მერიის მიერ 100%-იანი წილით დაფუძნებულმა შპს ,,თბილსერვის ჯგუფმა''. კომპანიამ თბილისის ბიუჯეტიდან 3350 თანამშრომლისთვის საახალწლო საჩუქრები შეისყიდა. სასაჩუქრე პაკეტში 1 ც. კექსი, 2 ცალი ჩურჩხელა, შოკოლადის თოვლის ბაბუა, 1კგ. მანდარინი, გოზინაყი და ნახევარი კილოგრამი კარამელის კანფეტი შედიოდა. ეს შეკვეთა თბილისის ბიუჯეტს 40 ათას ლარზე მეტი დაუჯდა.

საახალწლო საჩუქრებში ფული არც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანანებია. 2011 წელს შინაგან საქმეთა სამინისტრომ თანამშრომლებისთვის საახალწლო საჩუქრებში 744 ათასი ლარი გადაიხადა. საჩუქრები კი, „ევროპლანტ ჯორჯიასა" და „ფუდსერვისისგან" შეიძინა.

სამინისტრომ „ევროპლანტ ჯორჯიასგან"  218 ათასი ლარის ღირებულების სუვენირები იყიდა. ხელშეკრულების თანახმად, კომპანიას შსს-სთვის 30 ათასი 100 მმ-იანი და 350 ცალი 120 მმ-ანი დიამეტრის  ხელნაკეთი, წითელი შუშის ბურთი უნდა მიეწოდებინა. ბურთებზე შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობა წარწერით - „გილოცავთ შობა ახალ-წელს" და მინისტრის, ვანო მერაბიშვილის ხელმოწერა იყო გამოსახული.

გარდა ამისა, შსს-მ „ფუდსერვისისაგან" საახალწლო სასაჩუქრე ნაკრები შეიძინა, რომლის ღირებულებაც ნახევარ მილიონზე მეტია (526 ათას 500 ლარი). სასაჩუქრე ნაკრებში შედიოდა შამპანიური „ბაგრატიონი", თაფლი „ბრეტი", შოკოლადის კანფეტი „ბარამბო", „ტკბილი ქვეყნის" ტკბილეულის ასორტი, შინდის, კომშის, ან მანდარინის მურაბა „მარნეული", ვაშლის ჯემი „კულა", წვენი „კახეთი", ქართული ჩაი „რჩეული". შსს-მ თანამშრომლებს ამ შემადგენლობის 30 ათასი ცალი სასაჩუქრე ნაკრები გაუკეთა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია „ფუდსერვისის" 34 პროცენტის მფლობელი, პარლამენტში ნაციონალური მოძრაობის მაჟორიტარი დეპუტატის არჩილ გეგენავას ძმა - ანდრო გეგენავაა. კომპანიაში 54.8 პროცენტიან წილს კომპანია „ჰოლდინგ.ჯი" ფლობს, რომლის 100 პროცენტის მფლობელი ასევე ანდრო გეგენავაა.

შსს-ს თანამშრომელები არც 2012 წლის საახალწლოდ დავიწყებია და ამჯერად საჩუქრები წინა წელათან შედარებით მეტი, ანუ 860 ათას ლარამდე დაუჯდა. დივიდი დისკები, ჩაი, „ბარამბოს“ შოკოლადები, ბაგრატიონის ალკოჰოლური სასმელები, თაფლი, სხვადსხვა სახის კვების პროდუქტი.

რაც შეეხება კომპანია „ბარამბოს“ , რომლისგანაც სასაჩუქრედ შოკოლადებს მერიაც და შსს-ც აქტიურად ყიდულობს, მისი ერთ-ერთი მფლობელი ლუხუმ კაპანაძეა. როგორც „სტუდია მონიტორის“ ფილმ „მინისტრის მეგობარით“ ირკვევა, ის ვანო მერაბიშვილთან დაახლოებული პირია. 

 

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • შორენა ტყეშელაშვილი

    სხვისი ოჯახის ჭირი

    ჩვენს მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრებში ვერ აღწევს ძალადობის მსხვერპლი ქალების და ბავშვების ხმები, ან შეიძლება ძალად ვიყრუებთ ყურებს, როცა სხვის ოჯახში ხმაური, წივილ-კივილი და ტირილის ხმა ისმის. ან...

  • მედეა გოგსაძე

    რა მოსდით ქართველ მამაკაცებს?... „ჩატეხილი ხიდის“ გენდერული ვერსია

    ფსიქოლოგ ერიკ ბერნის უნივერსალური მოდელის თანახმად, ნებისმიერ ადამიანში ზის „ბავშვი“, „მშობელი“ და „მოზრდილი“. „ბავშვი“ იმპულსური ქცევის წყაროა, „მშობელი“ - რაციონალური საწყისი, რომელიც  „ბავშვს“...

  • თამარ რუხაძე

    მედია, რომელიც...

    ჩვენც ხომ იმავე ოჯახებიდან, სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან, იმავე განათლების სისტემიდან მოვედით, რომელიც ამ პროფესიისთვის პროფესიონალ კადრებს დღესაც ვერ ზრდის და ჩვენ როგორ გაგვზრდიდა უკეთესებს?...

მეტი

ამავე ავტორისგან