03.08.2012

ინტერნეტის პოლიტიკური არქიტექტურა საქართველოში

სტატიები Word

ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის დისკუსია - რა გავლენა აქვს ინტერნეტ სივრცეს საჯარო პოლიტიკაზე?

რა გავლენა აქვს საჯარო პოლიტიკაზე ინტერნეტ აქტივობასა და ინტერნეტ სივრცეს საქართველოში, ახდენს თუ არა ის საერთოდ პოლიტიკის ფორმირებაზე  გავლენას და არსებობს თუ არა ქვეყანაში ინტერნეტ აქტივიზმი - ამის შესახებ რამდენიმე დღის წინ ჰაინრიჰ ბიოლის ფონდში მსჯელობდნენ.

მოხსენებების დასაწყისში მოდერატორმა ნინო დანელიამ ტრადიციული მედიის კონტროლირების პირობებში ინტერნეტის ღია სივრცის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მისი თქმით, კონტროლირებადი მედიის კონტექსტში ინტერნეტ აქტივობა ინფორმაციის დანაკლისის შევსების ფუნქციას იძენს. ასეთ დროს, სწორედ, ინტერნეტში იქმნება და ინტერნეტით ვრცელდება თავისუფალი ინფორმაცია.

 ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა კორნელი კაკაჩიამ პოლიტიკური პარტიების პოლიტიკაზე სოციალური ქსელების გავლენის შესახებ კვლევის პირველად შედეგებზე ისაუბრა. შეუძლიათ თუ არა პარტიებს ინტერნეტით მხარდამჭერების მოპოვება, ჩართულები არიან თუ არა ისინი ინტერნეტინტერაქციაში და შეუძლია თუ არა მოქალაქეს პარტიების ვებგვერდების საშუალებით პარტიაში გაწევრიანება - ამ საკითხების შესახებ კვლევა დაახლოებით ათი თვეა მიმდინარეობს.

კვლევის ფარგლებში ქვეყნის ძირითადი პარტიები შეირჩა - ნაციონალური მოძრაობა, ქრისტიან-დემოკრატები, სოციალ-დემოკრატები, თავისუფალი დემოკრატები, ლეიბორისტური პარტია, ეროვნული ფორუმი, რესპუბლიკური პარტია, ახალი მემარჯვენეები და კოალიცია “ქართული ოცნება”. 

პოლიტიკური პარტიებიდან  სოციალურ ქსელ “ფეისბუქში”  ყველაზე აქტიურები "ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და კოალიცია” ქართული ოცნებაა”, აქტიურობენ ქრისტიან-დემოკრატები და რესპუბლიკელებიც. რაც შეეხება ვებგვერდებს, კაკაჩიას თქმით, პოლიტიკური პარტიების უმეტესობა საკუთარ ვებგვერდებს აქტიურად არ იყენებს.

“რომ არ იცოდე ამ პარტიის სახელი და მასთან დაკავშირებით გარკვეული წარმოდგენები არ გქონდეს, მათი ვებგვერდების საშუალებით ვერც კი მიხვდებით რა იდეოლოგია აქვს კონკრეტულ პარტიას.” - ამბობდა კორნელი კაკაჩია.

თითქმის არ არსებობს კავშირი პოლიტიკური პარტიებსა და ბლოგსივრცეს შორის - პარტიების უმეტესობა ბლოგერებსა და ბლოგებს არ იყენებს. ბლოგსივრცის უმეტესი ნაწილი პოლიტიკის მიღმაა და, ძირითადად, პერსონალურ ან ვიწრო პროფესიულ თემებზე წერს.

პოლიტიკური პარტიების უმეტესობისთვის ინტერნეტ კამპანიები და ინტერნეტში აქტიურობა ჯერჯერობით მაინც უცხო ხილია.

“ინტერნეტ მოღვაწეობაზე კითხვების დასმისა პოლიტიკურ პარტიებში ზოგჯერ ე.წ. “აიტიშნიკთან” გვიშვებდნენ ხოლმე, ეს დაახლოებით მეტყველებს როგორ წარმოდგენა აქვთ მათ ინტერნეტ აქტივობაზე.” - აღნიშნავდა კაკაჩია.

სოციალური მედიის განვითარების ფონდის წარმომადგენლის, გიგა პაიჭაძის თქმით, საქართველოს ბლოგოსფერო პოლიტიკურ სივრცეში მნიშვნელოვანი წონის მოთამაშედ ვერ ჩამოყალიბდა. 3100 ბლოგიდან უმეტესი ნაწილი პოლიტიკისგან მკვეთრად განსხვავებულ თემებზე წერს, თითქმის თითზე ჩამოსათვლელია პოლიტიკაზე მწერალი ბლოგები. ასეთებად პაიჭაძე  რადიო თავისუფლების, ჟურნალი ტაბულასა და ლიბერალის ბლოგერების ნაწილს მოიაზრებს. პოლიტიკაზე მწერალი ბლოგერების ნაკლებობა შესაბამისად პოლიტიკის მიმდინარეობაში მნიშვნელოვან ტენდენციებს ვერ ქმნის.

“ფეისბუქმა ჩაყლაპა ის პოტენციალი, რაც უნდა წასულიყო ბლოგოსფეროში. ბლოგი ადრე ერთადერთი გზა იყო შენი მოსაზრების გამოსახატავად, როგორც კი გაჩნდა ფეისბუკი გაჩნდა უფრო ადვილი გზა, მთავარია ჩემი სათქმელი ვთქვა და რამდენი გაიგებს ამ ნათქვამს უკვე აღარ ვაქცევ ყურადღებას, ამას გარკვეულწილად ფსიქოთერაპიული ფუნქციები აქვს.” - ამბობს პაიჭაძე.

ბლოგოსფეროს ნაკლები აქტიურობა და პოლიტიკის განზომილებებში ინერტულობა გიგა პაიჭაძემ ტრადიციულ მედიაზე ტოტალური კონტროლის არ არსებობითა და აზრის გამოხატვის დევნის არც თუ ისე მძაფრი ტენდენციით ახსნა.

“მაშინ, როდესაც მედია ბოლომდე არ კონტროლდება და ცენზურა ტოტალური არაა, საზოგადოება ნაკლებად ეძებს გამოხატვის ახალ გზებს.” - აღნიშნავდა ის.

საქართველოში ინტერნეტის მომხმარებელისა და ინტერნეტგანათლებულობის დონის შესახებ კავკასიის ბარომეტრის კვლევა  დამსწრე საზოგადოებას კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის წარმომადგენელმა დავით სიჭინავამ გააცნო.

ინტერნეტის მომხმარებლების 50 პროცენტი ინტერნეტს ინფორმაციის მოსაძიებლად იყენებს, 40 პროცენტი სხვადასხვა სოციალური ქსელებით სარგებლობს (ფეისბუკის გარდა), 26 პროცენტი სარგებლობს ფეისბუკით, 24 პროცენტი მუსიკასა და ვიდეოებს უყურებს, 24 პროცენტი ფოსტას იყენებს , მესენჯერ პროგრამებს - 22%, ახალ ამბებს კითხულობს 21%, ონლაინ თამაშებს - 13%, ბლოგი აქვს 4%.

ინტერნეტის მომხმარებლებს უფრო მეტად უნდათ საქართველოდან დროებით მაინც წასვლა, საქართველოსა პრეზიდენტისადმი ინტერნეტის მომხმარებლები შედარებით ნეგატიურად არიან განწყობილები, ვიდრე ინტერნეტის არამომხმარებლები, განათლების სისტემისა და სახალხო დამცველისადმი კი პირიქით. ინტერნეტის მომხმარებლები კონკურენციას უფრო დადებითად აფასებენ, ვიდრე ინტერნეტის არამოხმარებლები. ეს უკანასკნელნი უფრო ნაკლებად ინფორმირებულები და საკუთარ განწყობებში ნაკლებად ჩამოყალიბებულები არიან, მათ პასუხებში ჭარბობს “არ ვიცი” პასუხების წილი. 

მკვლევარის თქმით, ინტერნეტზე წვდომა ადამიანის ინფორმირებულობისა და შედარებით  ჩამოყალიბებული განწყობების პირდაპირ პროპორციულია.

 

მეტი

  •  (photo: ) სტატიები
  •  (photo: ) დაკარგული ისტორიები

    27 თებერვალი, შუაღამე

    მთავრობასა და სათათბიროს შორის ატეხილ ბრძოლის პირველი ეტაპი დასრულდა. არსებული მთავრობა სათათბირომ უარჰყო და ჩამოაგდო. მისი ადგილი დაიჭირა საგანგებოდ შექმნილმა აღმასრულებელმა კომიტეტმა. კომიტეტში...

  •  (photo: ) სტატიები

    ენა თუ დიალექტი?

    (არსებობს თუ არა “მეგრული და სვანური სეპარატიზმის” საფრთხე?)

  •  (photo: ) სტატიები

    ასი მილიონი გირვანქა სტერლინგით შორს

    ეგ მაგ კაცის ფონი იყო. იცოდა თავთხელები, ყველაფერი იცოდა. ეს ვან გაალი ფერგიუსონს ალბათ გადაუსწრებს ხაზვაში, თანამედროვე ტექნოლოგიებში, სხვანაირ კონტინენტურ მეცნიერებაში და რაში აღარ. ოღონდ...

ახალი ამბები

მეტი
მეტი

ამავე ავტორისგან