06.08.2012

„ოცნება“ ბათუმის წვიმის ქვეშ

სტატიები  (photo: )

აქცია დათქმულ დროს დაიწყო და დაახლოებით ორ საათს გაგრძელდა. ბათუმში, „ანბანის კოშკსა“ და „ეშმაკის ბორბალს“ შორის მოქცეული მოედანი  საღამოს შვიდი საათისთვის შეივსო. ძლიერი წვიმის მიუხედავად, მომიტინგეები დემონსტრაციის დასრულებამდე არ დაშლილან.

კოალიცია “ქართული ოცნების“ მიერ გამართულ აქციაზე, ხალხის ნაკადის მოძრაობას ორგანიზებას  ყვითელი ფერის ფორმაში გამოწყობილი ადამიანები უწევდნენ. ყველაზე მეტი აქტიურობით პარტიის ლოგოიან მაისურებში ჩაცმული და კოალიციის დროშებით შეიარაღებული ახალგაზრდები გამოირჩეოდნენ. აქციაზე უამრავი ბავშვი იმყოფებოდა.

გამომსვლელთათვის საგანგებოდ აღმართული, ლურჯი ფერის, ტყვიაგაუმტარი შუშით დაცული ტრიბუნის გვერდით დიდი მონიტორი იყო განთავსებული, რომლის მარჯვნივ და მარცხნივ „ქართული ოცნების“ ლოზუნგებიანი ბანერები გამოეფინათ.

„ლიბერალი“ აქციის დაწყებამდე რამდენიმე მომიტინგეს გაესაუბრა.

ჯემალ დიასამიძე აქციაზე იმიტომ მივიდა, რომ მშვიდობა სურს, და იმედი აქვს, რომ ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში მისი სურვილი ასრულდება.

შორენა რეკველიძე აქციაზე  უკეთესი მომავლის იმედით მოვიდა.  სვეტლანა ალთაძეს კი „ქართული ოცნების“  გეგმები აინტერესებს.

ნინო სივსივაძე „გაუსაძლისი ცხოვრების პირობებს“ აპროტესტებს:  “ბიძინა ივანიშვილი  პოლიტიკაში საკუთარი რესურსით მოდის, უნდა ვენდოთ. მთელი ოჯახი უმუშევრები ვართ და ნათესავების დახმარების იმედად  ვართ, ველოდები, რომ ეკონომიკური პრობლემები გამოსწორდება.“

თამაზ მაღრაძეს  ხელისუფლების შეცვლა სურს. „ჰაერსაც კი ფასი ადევს, არსებობის საშუალებას გვიზღუდავენ, არც კანონი არსებობს, არც სამართალი, ასეთ ქვეყანაში ცხოვრებას ჯობია, საერთოდ არ იცხოვრო.  ბატონი ბიძინა გონიერი, ძლიერი კაცია, ფულს არ დახარბდება. მე მისი იმედი მაქვს“.

გულნაზ დიზოიშვილი: „მარტოხელა დედა ვარ,  ერთადერთი ინვალიდი შვილი მყავს, რომელსაც ეტლით ვატარებ. სახლი არ მაქვს, კარი არ მაქვს, მთავრობა არ მეხმარება.  ხელისუფლების სათავეში ისეთი ადამიანი უნდა მოვიდეს, რომელიც გაჭირვებულისკენ გაიხედავს. იმედი მაქვს, რომ ივანიშვილი უბრალო ხალხს ყურადღებას მოგვაქცევს.  ბატონ ბიძინას საქმეში წარმატებას ვუსურვებ“.

ბიძინა ივანიშვილმა თავისი გამოსვლის დასაწყისში აქციის მონაწილეებს მიტინგის დღის წესრიგი გააცნო.  მან მომიტინგეებს ოთხი გამომსვლელი წარუდგინა. ადვოკატი მედია ვასაძე, მხატვარი აკო ძნელაძე, მსახიობი ზაზა პაპუაშვილი და ვასილ ღლონტი.

ყველაზე დიდი ემოცია აკო ძნელაძის სიტყვამ გამოიწვია. მას გამოსვლა  აპლოდისმენტებით რამდენჯერმე შეაწყვეტინეს. მომიტინგეთა ნაწილი ტიროდა. „ჩემო ბათუმო, ყოველდღე შენ ქუჩებში დავდივარ, ყოველ წუთს და ყოველ წამს, წვიმასა თუ ქარში, სულ შენთან ვარ, აი ამ აგვისტოს სიცხით დახუთულ დღეებიც კი აქ ვარ მაგრამ მაინც ვგრძნობ, რომ  სულ სხვა ქალაქში ვარ.

თითქმის ყოველდღე ჩემსა და შენს თავს ვერტმფრენი  დაჰფრენს, და იმ ვერტფრენში ზის ადამიანი,  რომელიც  ზევიდან დაგყურებს და ჰგონია, რომ მხოლოდ მისი ხარ.  მე მახსენდება საშინელი დღეები გარდასულ ჟამთა, როდესაც აქ ერთ პატარ კაცს აგრეთვე ეგონა, რომ ბათუმი მისი იყო.  ჩემში შემოდის ეკლეზიასესტეს ისტორიული განცდა, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენი.

და ის, როდესაც ვერტმფრენიდან გადაჰყურებს ქალაქს, ალბათ ყვირის - შეხედეთ როგორ გავანათეო, მაგრამ მან რა იცის იმ სიმაღლიდან, რომ ამ ეჭვიანი და ბუტაფორიული განათებით, ეგრეთ წოდებული არქიტექტურით უამრავ ბათუმელს სულში შუქი ჩაუქრო.

მე გრძელი, ჩაზნექილი სკამები მომენატრა. ისე მომენატრა, როგორც ამ სკამებს ცივ ზამთარში მოენატრებათ ადამიანთა სხეულების სითბო.

 ჩემო ბათუმო, მე ვცდილობ, შენს იდუმალებას ვეზიარო. თუმცა, შენი  თავი წამართვეს, ისე  როგორც იმ საშინელ ღამეს გალაკტიონისგან წარიტაცეს მერი“ - მხატვარმა სიტყვა ოვაციის ფონზე დაასრულა.

გამომსვლელთა შემდეგ სცენაზე ბერა ივანიშვილი ავიდა და შეკრებილ ხალხს სიმღერა მიუძღვნა.

ბოლოს სცენას კვლავ ბიძინა ივანიშვილი დაუბრუნდა, მან აქციის მონაწილეებს სიტყვით მიმართა და ყურადღება რამდენიმე საკითხზე გაამახვილა.

ივანიშვილმა ისაუბრა ეკონომიკაზე,  განათლებაზე, სოციალურ გარემოზე... მან აღნიშნა, რომ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ  საწარმოები და ფაბრიკები შეიქმნება, სადაც ათეულობით ათასი ადამიანი დასაქმდება. განათლების სისტემა გააკრიტიკა და გაიხსენა, როგორ აპირებდა საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი 40-სართულიანი უნივერსიტეტის აშენებას რომლის 35-ე სართულამდე ეშმაკის ბორბალი აღიმართებოდა. ეს დაცინვა არ არის? - იკითხა ბიძინა ივანიშვილმა.

„ქართული ოცნების“ ლიდერის თქმით, სააკაშვილმა მოახერხა და განხეთქილება ეკლესიაშიც შეიტანა. „მიმდინარეობს შეტევა იმ სასულიერო პირებზე, რომელებიც მხარს ქართულ ოცნებას   უჭერენ“.

 „მე მაბრალებენ, რომ საბჭოთა კავშირი მომწონს, სინამდვილეში სააკაშვილის ხელისუფლების მმართველობა საბჭოთა პერიოდს გაჭრილი ვაშლივით ჰგავს. მათ ეს ტყუილი არ გაუვათ, რადგან ყველამ იცის, რომ ჩემი წარმატება  საბჭოეთის ნგრევამ განაპირობა. ეს ხელისუფლება ბრალს იმაშიც მდებს, თითქოს რუსეთის შემოყვანა მინდა. მაგრამ სინამდვილეში რუსული არმია თავისი უგუნური პოლიტიკით თვითონ შემოიყვანა.  ამის თვალსაჩინოება ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიებია“. - განაცხადა კოალიციის ლიდერმა.

მისი თქმით, 2003 წლიდან საქართველოში 8 მლნ. ნახევარი დოლარის უცხოური ინვესტიცია შემოვიდა. შედეგად, 170 ათასი სამუშაო ადგილი უნდა შექმნილიყო, თუმცა, ოფიციალური ინფორმაციით, ამ წლების განმავლობაში სამუშაო ადგილები 150 ათასით შემცირდა. ივანიშვილის აზრით, ეს იმან გამოიწვია, რომ ინვესტიციები მიზანმიმართულად კი არ იხარჯებოდა, არამედ ელიტური კორუფციის წყაროდ იქცა.

მან ხაზი გაუსვა იმა, რომ ბათუმი საპორტო ქალაქია და მდიდარი სანაოსნო ტრადიციები გააჩნია. „ამ ხელისუფლებამ 15 გემი  90 მლნ დოლარად გაასხვისა, ინვესტორმა კი რამდენიმე წლის შემდეგ  ამავე ფასად მხოლოდ 2 გემი გაყიდა.  “ქართული ოცნება“ ნაოსნობის ტრადიციებს აუცილებლად აღადგენს“.

ივანიშვილი ხალხს რუსული ბაზრის დაბრუნებას დაჰპირდა და აღნიშნა, რომ ის მხოლოდ სააკაშვილის გამაღიზიანებელი გამოთქმების გამო დაიხურა.

ოპოზიციური კოალიციის ლიდერმა   ყურადღება ჯანდაცვის სფეროზეც გაამახვილა, და ხელისუფლების მიერ განხორციელებულ რეფორმებს ბუტაფორია უწოდა.

ბიძინა ივანშვილმა სიტყვის დასასრულს ბათუმელებს მადლობა გადაუხადა, და შემდეგი აქციის თარიღად 18 აგვისტო დაასახელა, რომელიც ქალაქ რუსთავში გაიმართება.

 

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • დავით ბუხრიკიძე

    კაზანტიპი – წართმეული მეობის დღეები

    ძალიან უცნაურია არა?! მაინცა და მაინც ექსცენტრიული უკრაინელი ჯეელი, სახელად ნიკიტა უნდა გამოჩენილიყო, უფრო სწორად მისი პირმშო – ქვემსუბუქი მუსიკალური წონის კაზანტიპი უნდა მოვლენოდა საქართველის, რომ...

  • თამარ კარელიძე

    ანაფორა იმუნიტეტად და დაუსჯელობის სინდრომი

    ორი დღის წინ, ანაკლიაში კაზანტიპის გასაპროტესტებლად ჩასული სასულიერო პირებიდან ერთ-ერთი, დაცვასთან ინტერნეტიდან ამოღებული ფოტოებით იყო მისული და საერთაშორისო პოლიტიკაზე საუბრობდა. მისი თქმით,...

  • გიორგი ხასაია

    ზღვა და შიმშილი

    ეს დამსვენებლები, ფაშისტები ხართ ყველა, ყველა მეზიზღებიით - საშიშად ხმამაღლა ვამბობ ამას. ანი ფრჩხილს მასობს ქონებში. შენც ფაშისტი ხარ, ფაშისტები, ყველგან ფაშისტები, თქვენ გადაშენდით ერთ დღეს. შენ...

მეტი

ამავე ავტორისგან