07.08.2012

ID ბარათის და ბიომეტრიული პასპორტის ალტერნატიულობის ფენომენი

სტატიები  (photo: )
თინათინ ერქვანია

ბერლინის ჰუმბოლდტის უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის დოქტორანტი

 

1997 წლიდან გაერთიანებული ერების ორგანიზაციას დაქვემდებარებული ორგანიზაცია ICAO  - იბრძვის საიმისოდ, რომ სამგზავრო დოკუმენტებში ელექტრონულად წაკითხვადი ბიომეტრიული მონაცემები შეიტანონ. ზოგადად, ბიომეტრიული პასპორტების თემატიკის აქტუალობა 2001 წლის 11 სექტემბრის შედეგებმა განაპირობა.

11 სექტემბრის შემდეგ, ტერორიზმთან საბრძოლველად უსაფრთხოების განსაკუთრებული მექანიზმების ამოქმედების აუცილებლობაზე აქცენტირებით, აშშ სახელმწიფოებისაგან ბიომეტრიული პასპორტების ნაციონალურ სივრცეში დანერგვას ოფიციალურად ითხოვს.

2011 წლის 28 სექტემბრის N1373 რეზოლუციით გაერთიანებული ერების ორგანიზაციამ მიმართა წევრ სახელმწიფოებს ტერორიზმთან ბრძოლის მიზნით უსაფრთხოების მექანიზმები გაემკაცრებინათ. 2003 წელს ორგანიზაციამ - ICAO, წარმოადგინა რეკომენდაცია (ცნობილია სახელწოდებით - ,,Blueprint“), რომელიც რჩევით მიმართავს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის წევრ-ქვეყნებს, სამგზავრო დოკუმენტებში ელექტრონული ფორმით წაკითხვადი ბიომეტრიული მონაცემები შეიტანონ.

2004 წელს ევროვშირის საბჭომ აშშ-ის პოლიტიკური ზეწოლის შედეგად (რომელიც ევროპიდან ჩასული მგზავრების სავიზო თავისუფლების შეზღუდვით იმუქრებოდა) მიიღო დადგენილება N2252/2004 ბიომეტრიული მონაცემების პასპორტებში და სამგზავრო დოკუმენტებში (და არა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტებში, რომლებიც გაიცემა წევრსახელმწიფოთა მოქალაქეებზე) შეტანის შესახებ. დადგენილება მხოლოდ ევროკავშირის მასშტაბით გაცემულ პასპორტებზე და სამგზავრო დოკუმენტებზე (არ ვრცელდება პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტაციაზე, რომელსაც სახელმწიფო გასცემს საკუთარ მოქალაქეებზე) ვრცელდება და მოქმედებს ევროკავშირის მასშტაბით (2005 წლიდან ბიომეტრიული მონაცემები მოიცავს ფოტოსურათს; 2007 წლიდან - ორი თითის ანაბეჭდის სურათს), გარდა წევრსახელმწიფოებისა: დანია, ირლანდია და დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო. დადგენილება ძალამოსილია, ასევე, ევროკავშირთან ასოცირებულ ქვეყნებში: შვეიცარია, ლიხტენშტეინი, ნორვეგია და ისლანდია.

როდესაც აშშ-ის გავლენით ევროკავშირში დაიწყო დისკუსია ბიომეტრიული პასპორტების თაობაზე, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს პრემიერ-მინისტრმა - დევიდ კამერონმა უარი განაცხადა ბიომეტრიული პასპორტების და ID ბარათების დანერგვაზე გაერთიანებული სამეფოს ფარგლებში. ID ბარათების ფლობის ვალდებულება ბრიტანეთში ვრცელდება მხოლოდ ევროკავშირის არაწევრი ქვეყნის მოქალაქეების ბინადრობის მოწმობებზე. ეს საკანონმდებლო პაკეტი დღემდე ძალაშია.

რაც არ უნდა უცნაური იყოს, მსოფლიოს მასშტაბით პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ვალდებულების უნივერსალური ფენომენი არ არსებობს. უფრო ზუსტად: არსებობს ქვეყნები, სადაც საკუთარ მოქალაქეებს სახელმწიფო აკისრებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ფლობის ვალდებულებას (მაგ., გერმანია, ნიდერლანდები და ა.შ.) და ქვეყნები, სადაც სახელმწიფო საკუთარ მოქალაქეებს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტების ფლობის ვალდებულებას არ აკისრებს: აშშ, დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ირლანდია, შვეიცარია, ავსტრია და სხვ. ასეთ ქვეყნებში საიდენტიფიკაციო დოკუმენტის მოვალეობას ასრულებს პასპორტი (ბრიტანეთში - არაბიომეტრიული პასპორტი), მართვის მოწმობა, სადაზღვევო მოწმობა და სხვ.

ციფრული და ელექტრონული ტექნოლოგიების განვითარების პარალელურად იზრდება უფლებადამცველთა სკეფსისი ე.წ. ,,ელექტრონული იუსტიციის“ მიმართ. ,,ელექტრონული იუსტიცია“ მოიაზრებს სახელმწიფო მმართველობის, საჯარო ხელისუფლების განხორციელების პროცესში ელექტრონული სივრცის ჩართვას. ამ ფაქტორს გააჩნია როგორც დადებითი, ასევე უარყოფითი მხარეები.

დადებითი: უსაფრთხოების უზრუნველყოფა შედარებით მარტივი გზებით, ვიდრე ეს აქამდე ხერხდებოდა.

უარყოფითი: მოქალაქეების პირადი ცხოვრების შესახებ თითქმის ნებისმიერი ინფორმაციის განსაჯაროება შესაბამისი დაცვითი მექანიზმების  არასრულყოფილების ფონზე.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ერთმნიშვნელოვანი კონცეფცია, ელექტრონული სადენტიფიკაციო დოკუმენტებით პირადი ცხოვრების შესახებ მონაცემების დაცვის ძირითადი უფლების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ჯერჯერობით, შეუმუშავებელია. ერთმნიშვნელოვანი ხედვის არარსებობა გულისხმობს, ასევე, შესაბამისი ვალდებულების არარსებობას ევროსაბჭოს წევრ სახელმწიფოთათვის, დანერგონ ან არ დანერგონ ნაციონალურ სამართლებრივ სივრცეში პერსონალური საიდენტიფიკაციო დოკუმენტების ელექტრონული ფორმატი. ზოგადად, კონვენციის მე-8 ან მე-9 მუხლზე აპელაციით, ამ მიმართულებით დავის წარმოება, მიმაჩნია, რომ შესაძლებელია.

საინტერესოა, რომ საჯარო ხელისუფლების ,,ჩარევის“ გამართლება ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-8 მუხლით განსაზღვრულ ძირითად უფლებაში (პირადი ცხოვრების შესახებ მონაცემების დაცვა) ხდება მხოლოდ შემდეგი წინაპირობების არსებობისას (ე.წ. თანაზომიერების პრინციპი, ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვის დასაშვებობის ერთგვარი სამართლებრივი ტესტი, რომლითაც ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვა (ზოგიერთი ძირითადი უფლება, აბსოლუტურად შეუზღუდავია. მაგ. სიცოცხლის უფლება, ადამიანის ღირსების დაცვა) უნდა მოხდეს კერძო და საჯარო ინტერესების პროპორციულობის გათვალისწინებით): ჩარევა უნდა განხორციელდეს კანონის საფუძველზე, უნდა ემსახურებოდეს ამავე მუხლით ჩამოთვლილ ლეგიტიმურ მიზნებს და აუცილებელი იყოს დემოკრატიული საზოგადოების ინტერესების დასაცავად.

საკანონმდებლო ნორმა, რომელიც საუბრობს ადამიანის ძირითადი უფლების შეზღუდვაზე, მაქსიმალურად ზუსტი უნდა იყოს ან აბსტრაქტული, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუკი შესაბამისი წევრი სახელმწიფოს ნაციონალური მართლმსაჯულებით ეს აბსტრაქცია სრულყოფილად არის კონკრეტიზირებული. ამ თვალსაზრისით, საინტერესოა პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტი, რომლის მიხედვით, პერსონალურ მონაცემთა დამუშავება დასაშვებია, თუ „მონაცემთა დამუშავება აუცილებელია კანონის შესაბამისად მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის დასაცავად“.

ციტირებული წინადადება  მეტისმეტად აბსტრაქტულია. ცნება - ,,მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესი“,მოქმედი ქართული მართლმსაჯულებით დაკონკრეტებული არ არის. შესაბამისად, კონკრეტული სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ორგანოს კომპეტენცია ამ დებულების გამოყენებისას და პერსონალურ მონაცემთა სურვილისამებრ დამუშავებისას, შესაძლოა, დაეფუძნოს ნებისმიერ ფასეულობას, ,,მნიშვნელოვანი საჯარო ინტერესის” სახით.

ამ სახის ლაფსუსები  ქართულ კანონმდებლობაში, სამწუხაროდ,  ხშირია.

ორი ძირითადი უფლების (რელიგიის თავისუფლების ერთ-ერთი კომპონენტი - forum externum და პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობა) მაგალითზე თანაზომიერების პრინციპის მოთხოვნების გათვალისწინებით ID ბარათების და ბიომეტრიული პასპორტების ალტერნატიულობის პრინციპის დანერგვის (სავალდებულობის ფენომენის გაუქმება) მოთხოვნა, სავსებით ლეგიტიმურია, შემდეგი მიზეზების გამო:

 1.  ID-ბარათების და ბიომეტრიული პასპორტების ფლობის ვალდებულების განსაზღვრით, საჯარო ხელისუფლება ერევა ადამიანის პირად ცხოვრებაში, კერძოდ, ლეგიტიმაციას აძლევს საჯარო (და არა მხოლოდ) დაწესებულებებს, ფლობდნენ ინფორმაციას მოქალაქეების პირადი ცხოვრების ცალკეული დეტალების შესახებ. იქნება ეს სენსიტიური მონაცემები, საბანკო გადარიცხვები, საგადასახადო ანგარიშგებები, თუნდაც გადაადგილების ტრაექტორია და სხვ. ID ბარათებში და ბიომეტრიული პასპორტებში განთავსებული ინფორმაციის სრულყოფილი დაცვა, ტექნიკურად რთულია. თავად ევროპულმა კომისიამ არაერთხელ აღნიშნა, რომ RFID-ჩიპის წაკითხვისას,  სუსტი კრიპტოგრაფიის შემთხვევაში, წაკითხვის პროცესში შესაძლებელია ელექტრონული კავშირის მესამე პირის მიერ ფარულად მოძიება და ინფორმაციის მოპარვა სპეციალური პროგრამის გამოყენებით. ამ შემთხვევაში ირღვევა პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის უფლება, კერძოდ, მისი ერთ-ერთი კომპონენტი - ე.წ. ,,ინფორმაციული თვითდეტერმინაციის“ უფლება. ეს უკანასკნელი მოიცავს პირის თავისუფლებას, თავად განსაზღვროს საკუთარი ცხოვრების/პერსონალური მონაცემების საჯაროობის და კონფიდენციალობის ხარისხი.

2. ID ბარათების და ბიომეტრიული პასპორტების ალტერნატიული ფორმების არსებობით  თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში  უსაფრთხოება დაცულად ითვლება. მაგ. დიდი ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფო, ირლანდია.

3. პროპორციულობის ხარისხი შეზღუდულ კერძო ინტერესს (პირადი ცხოვრების დაცვა, რელიგიის თავისუფლება) და მისი შეზღუდვის ლეგიტიმურ მიზანს შორის (უსაფრთხოება, ტერორიზმის თავიდან აცილება) არათანაზომიერია: სახელმწიფო უსაფრთხოება საქართველოში უზრუნველყოფადია ბიომეტრიული პასპორტის და ID ბარათი არარსებობითაც ან მათი ალტერნატიულობის  (და არა - სავალდებულობის) პრინციპის დანერგვით. მით უმეტეს, საქართველოსთვის, ნორმატიული ვალდებულება ამგვარი მექანიზმების ამოქმედების შესახებ არ არსებობს. ნონსენსია, საქართველოს დაეკისროს ვალდებულებად ის, რაც ევროკავშირის და გაეროს სამართლებრივი სტანდარტებით დიდ ბრიტანეთსაც კი არ ეკისრება.

რაც შეეხება რელიგიის თავისუფლებას, რელიგიის და სინდისის თავისუფლებაში მოქმედი სამართლებრივი ნორმატივებით მოიაზრება მსოფლმხედველობრივი თავისუფლებაც (პაციფიზმი, ათეიზმი და სხვ.). ადამიანის ღირსების დაცვა და პერსონალური ინფორმაციის განსაჯაროების თვითგანსაზღვრის შესაძლებლობა ის ელემენტარული მინიმუმია, რომლის ფარგლებში გამოხატვის თავისუფლებას ნებისმიერი პირი ფლობს. რელიგიურ მრწამსთან ან მსოფლმხედველობასთან, რომლისთვისაც პიროვნული ნების თავისუფლება (ამ კონკრეტულ შემთხვევაში - პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციის საჯაროობის ან კონფიდენციალობის ხარისხის განსაზღვრის შესაძლებლობა) ღირებულებად აღიქმება, ამ სახის უალტერნატივოდ მავალდებულებელი საკანონმდებლო დებულებები შეუთავსებელია. ამ თვალსაზრისით, რელიგიის თავისუფლების რეალიზაციის ეს კონტექსტი სამართლებრივად მნიშვნელოვანი და “მბოჭავია” საჯარო ხელისუფლებისათვის.

ამ მიმართულებით მსჯელობა სავსებით ლეგიტიმურია, არახალია (არ არის ქართული ფენომენი, როგორც ეს საქართველოში ტირაჟირდება) და ჯდება ადამიანის ძირითად უფლებათა განმარტებების იმ კონსტიტუციონალისტურ დისკუსში, რომელიც ნორმატიული კონსესუსის სახით თანამედროვე ცივილიზებულ სამყაროში არსებობს.

                                                                                                                                                                               05.08.12 ბერლინი

 

 

 

მეტი

  •  (photo: ) სტატიები

    სახლი - მაქმანი

     მისი ფასადი ბაროკოსა და როკოკოს სტილშია გადაწყვეტილი. ამ შენობას ყველა ის ელემენტი აქვს, რაც თბილისური სახლებისთვისაა დამახასიათებელი: აივანი, მოხატული სადარბაზო, ეზო-ბაღი მრგვალი შადრევნით და...

  •  (photo: ) სტატიები

    ენა სუბიექტის გარეშე

    წინ მოდის არა თავად მიზეზი, ამ შემთხვევაში მკვლელობის, სიცოცხლის დასასრულის, საზოგადოებრივი წესრიგის შერყევის ემოციური ფაქტი, არამედ ფაქტის ნეიტრალური შემავსებელი, რომელიც არაფრის მთქმელია....

  •  (photo: ) სტატიები

ახალი ამბები

მეტი
მეტი

ამავე ავტორისგან