07.08.2012

ოთხი წელი აგვისტოს ომიდან

სტატიები  (photo: )

ინტერვიუ პოლიტოლოგ მარინა მუსხელიშვილთან 

რა შეცვალა აგვისტოს ომმა ქართულ პოლიტიკურ დისკურსში?

აგვისტოს ომის შემდეგ გაძლიერდა ხელისუფლების პოზიციები და ხელისუფლების  კრიტიკა უფრო მკაფიოდ გახდა სამშობლოს ღალატთან ასოცირებული. როცა გარე მტერი ძლიერია და სტაბილურობისა და დამოუკიდებლობას გარე საფრთხე ემუქრება, მაშინ ძალიან ძნელი ხდება დემოკრატიისთვის ბრძოლა და ავტორიტარული ხელისუფლების მოშორება. ამდენად, ოპოზიციამ მკაფიოდ ვერ დაიჭირა ის პოზიცია, რომ ხალხს დაენახა, თუ რა დანაშაული ჩაიდინა ხელისუფლებამ საქართველოს წინაშე. ვერც იმას მიაღწია, ეს დანაშაულები გვერდზე გადადებულიყო, თავის დროზე ნაციონალური ერთობის მთავრობა შექმნილიყო და მშვიდობიანი გზით მოეშორებინა დამნაშავე ხელისუფლება.

ომის ოთხი წლის თავზე რატომ რჩება მთავარ კითხვად - ვინ დაიწყო ომი?

მგონი, ეს კითხვა არაწორადაა დასმული და თავსმოხვეული ფორმულირებაა. სწორად რომ გავიგოთ აგვისტოს მოვლენები, ცოტა სხვანაირად უნდა დავსვათ ეს კითხვა. 7 აგვისტოს მიხეილ სააკაშვილს რომ არ გაეცა ცხინვალის დაბომბვის ბრძანება და მასობრივი შეტევა არ დაეწყო, შემოვიდოდა თუ არა საქართველოში რუსეთის ჯარი? ჩემი ძალიან მკაფიო და კატეგორიული პასუხი, რომელზეც არავისთან კამათს არ დავიწყებ, რადგან სრულიად დარწმუნებული ვარ ამ პასუხში, არის - არა! ეს კითხვა თუ იქნება მკაფიოდ გარკვეული, გაცილებით უფრო კონკრეტულად და მკაფიოდ წარმოჩნდება ხელისუფლების პასუხიმგებლობა, იმაზე რაც ჩაიდინეს - ცხინვალი დაბობეს.

როგორი იყო მთავრობის რიტორიკა სოხუმისა და ცხინვალის მიმართ ომამდე და როგორია ის ახლა? რა პარალელების გავლება შეიძლება?

რიტორიკა ძირითადად რუსეთზე იყო მიმართული და არა ცხინვალზე და სოხუმზე. მაშინაც და ახლაც, ჩემი აზრით, ცდილობდნენ, რომ საქართველო  წარმოჩენილიყო დიდი მეზობელი ქვეყნის მსხვეპლად, დიდი აგრესიის ობიექტად, რათა ყურადღება გადაეტანათ იმისგან, რომ საქართველოს აფხაზი და ოსი ხალხის წინაშე  აქვს ვალდებულებები. აი, ეს ყოვლეთვის გადადიოდა და დღესაც გადადის უკანა პლანზე.

ოთხი წლის თავზე კვლავ გააქტიურდა ომის საფრთხის შესახებ ხმები და ჭორები. რატომ აქტიურდება ეს თემა?

ორივე ქვეყანა ავტორიტარულია, მათი ლიდერები  ერთმანეთს იყენებენ, რათა საკუთარი ძალაუფლება განამტკიცონ. ეს განსაკუთრებით  წინასაარჩევნო პერიოდებში ხდება და შეგახსენებთ, რომ გამწვავება დაიწყო არა აგვისტოში, არამედ თებერვალში, მარტში, აპრილში, საპარლამენტო არჩევნების წინაპერიოდში.  რასაკვირველია, ეს ყველაფერი კეთდება, იმისთვის, რომ ხელისუფლებამ გარე მტრის ხატი წინა პლანზე დააყენოს და რეალური პრობლემები გადაფაროს. ამგვარად, ჩვენი ხელისუფლება ძალაუფლების შენარჩუნებასა და არჩევნების მოგებას ცდილობს. 

არის თუ არა ომის რეალური საფრთხე ისევ? 

არა, სანამ რეგიონში გეოპოლიტიკური სტაბილურობაა არანაირი საფრთხე დღეს არაა. რუსეთს არ აქვს არანაირი ინტერესი და არანაირი მზადება არ შეიმჩნევა. ყველაზე მეტად რუსეთს ის ხელისუფლება აწყობს, რომელიც დღეს არის სათავეში. მიხეილ საკაშვილს ომი არ აწყობს, მას ომის საფრთხით მანიპულირება სჭირდება. საზოგადოებას შეუძლია წყნარად მიხედოს პოლიტიკურ და ყოველდღიურ ინტერესებს, თუ რამე  დესტაბილიზაცია მოხდება რეგიონში, ეს მოხდება სხვა მიზეზების გამო, რაც ირანს და სულ სხვა მიზეზებს უკავშირდება.

 

მეტი

ყველაზე აქტუალური

მეტი
  • ზურაბ ვარდიაშვილი

    მიჯნვის კვირეული

    2. ლგბტ პირები გაემიჯნენ რელიგიურ ექსტრემისტებს ანუ, უნდოდათ, რომ გამიჯნვოდნენ, მაგრამ მიჯნამ ვერ გაქაჩა. სასწაულებრივად განიპო იგი, ვითარცა, მოსეს მიერ წითელი ზღვა. 3. ეკლესია გაემიჯნა...

  • გივი შადური

    კორიდა

    სამწუხაროდ, ჩემი თვალით ვერ ვნახე მფრინავი კონტრდემონსტრანტი, რომელიც ბეტმენივით გადაევლო პოლიციას, რათა ყვითელ მიკროავტობუსზე იერიში მიეტანა. მართლაც საოცარი ფოტოა. სამაგიეროდ იუსტიციის სახლის...

  • ნინო ბექიშვილი

    როცა მიზეზი უსუსურია

    გიორგი მარგველაშვილი, ადამიანი, რომელიც ყველაზე პოპულარული პოლიტიკური კოალიციის საპრეზიდენტო კანდიდატია და ხვალ, შეიძლება, ქვეყნის პრეზიდენტი გახდეს, უცნაურად დუმს იმ მოვლენების შემდეგ, რომელიც...

მეტი

ამავე ავტორისგან