08.08.2012

08. 08. 12.

სტატიები  (photo: )

 

თავდაპირველად კრიმინალური პოლიციის პიკაპის სიგნალისა და ანთებული ფარებისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია, რადგან ვერ მივხვდით, ჩვენი მაქანის შეჩერებას თუ ითხოვდნენ. თუმცა, ორიოდე წამში ტოიოტას მარკის ავტომანქანა უკან ამოგვიდგა და რამდენიმე ასეული მეტრის დევნის შემდეგ წამოგვეწია. 

გორის რაიონის სოფელ ერგნეთის გზაზე პოლიციის პიკაპებისა და ჯავშანტრანსპორტიორების გარდა არცერთი მაქანა არ მოძრაობდა. კრიმინალური დეპარტამენტის ოფიცრებმა საბუთები მოგვთხოვეს და ერგნეთში ჩასვლის მიზანი გვკითხეს. ავუხსენით, რომ ჟურნალისტები ვიყავით, აგვისტოს ომის ოთხი წლის თავზე კონფლიქტის ზონაში არსებული ვითარება გვაინტერესებდა და მოსახლეობასთან გასაუბრებას ვგეგმავდით. პოლიციელებმა “ლიბერალის” პრესბარათები ყურადღებით დაათვალიერეს. ხელმძღვანელობასთან დარეკეს და ჩვენი მონაცემებისა და გეგმების  გადაცემის შემდეგ გვირჩიეს, რომ შორს არ წავსულიყავით, ამის შემდეგ, ჩამოგვცილდნენ და მუშაობის საშუალება მოგვეცა.

.  .  .

ერგნეთელი ანზორ კასრაძის გადამწვარი სახლიდან მხოლოდ კედლებიღაა დარჩენილი, წლების მანძილზე უსახურავოდ დარჩენილ ნანგრევებს ცეცხლის კვალი წვიმამ ჩამორეცხა, ნასახლარზე ეკალ-ბარდია მოდებული.

ანზორის ექვსსულიანი ოჯახი ნასახლარის წინ აგებულ ერთოთახიან კოტეჯში ცხოვრობს. 2008 წელს ამგვარი კოტეჯები გაეროს ლტოლვილთა საქმეების უმაღლესი კომისარიატის მხარდაჭერით აშენდა. ორი საწოლი, ერთი დივანი, პატარა მაგიდა ორი სკამით და ტელევიზორი… კასრაძეებს ზამთრის თვეების გატარება აქ უწევთ, რადგან მათ მიერ აღდგენილ ოთახს უსახსრობის გამო ვერ ათბობენ. ადგილობრივი ხელისუფლება ომით დაზარალებულებს ზამთრობით თითო კუბურ მეტრ შეშას აძლევს, თუმცა არ ჰყოფნით.

ანზორის მამამ, გაიოზმა ომის დღეები სოფელში გაატარა, რადგან საქონლის მიტოვება არ უნდოდა. მისი მეუღლის გადმოცემით, გაიოზი ოსმა მებრძოლებმა სასტიკად სცემეს, შემდეგ დაჭრილი და თავგატეხილი რამდენიმე ათეულ მეტრში სარწყავ არხში ჩააგდეს. გაიოზი მაშინ გადარჩა, თუმცა რამდენიმე კვირიანი  მკურნალობის მიუხედვად, მოგვიანებით გარდაიცვალა.

ანზორი ყოფილი პრემიერ მინისტრის, ვლადიმერ გურგენიძის ბრძანებულების ტექსტს გვაჩვენებს, რომელიც მას “ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” გორის ოფისის თანამშრომლებმა მისცეს. ბრძანებულების მიხედვით, ომის დროს გარდაცვლილი ყოველი სამოქალაქო პირის ოჯახს ერთჯერადი კომპენსაცია - 10 000 ლარი უნდა მიეღო.

 “ეს ფული ჩვენამდე არ მოსულა, - გვეუბნება ანზორ კასრაძე - ვისთან მისვლაც შევძელი, ყველას მივმართე - გუბერნატორ ლადო ვარძელაშვილს, ასევე მის შემცვლელ არსოშვილს, ადგილობრივ მუნიციპალიტეტს, მაგრამ პასუხი არსაიდან არ არის.” 

ომის დროს დამწვარი სახლების მეპატრონეებმა საცხოვრებლების აღსადგენად 15 000 დოლარის კონპენსაცია მიიღეს. თუმცა, ანზორის თქმით, ეს ფული მის ოჯახს არაფერში ეყო: “აღარაფერი დაგვხვდა, თავის რჩენა ხომ გვინდოდა? დედაჩემი სულ ავადმყოფობს, ჩემს მეუღლეს და შვილს ქრონიკული სურდო დაემართათ. სამი შვილი მყავს, ერთი სტუდენტი იყო, თუმცა ფული ვერ გადავუხადე და ახლა სახლში ზის. თავს წვალებით ვირჩენთ. დედაჩემის პენსიას და სოციალური დახმარების ფულს ვაკოწიწებთ და ტრაქტორს ვქირაობთ, რომ ნაკვეთი მოვახვნევინოთ, შემოსავლის სხვა წყარო არ გაგვაჩნია. ამ ნაკვეთსაც ვერ ვრწყავთ. სარწყავი არხი გამოგვიყვანეს, მაგრამ ამაშიც მოგვატყუეს, წყალი საკმარისი არ არის და მხოლოდ იმ ადამიანების ჰექტრობით მიწები ირწყვება, რომელთა ახლობლებიც სტრუქტურებში მუშაობენ”

ანზორის თქმით, მათ მიერ აღებული 15 000 დოლარი დედამისის კუთვნილებაა. ის და მშობლები ცალკ-ცალკე ოჯახად არიან დარეგისტრირებულნი. კასრაძე ამის დასადასტურებლად საჯარო რეესტრიდან ამონაწერს გვაჩვენებს, რომელსაც ზედ ტირძნისის თემის რწმუნებულის ცნობა ერთვის, ცნობის მიხედვით, ანზორის ოჯახს, როგორც დამოუკიდებელ სუბიექტს, კუთვნილი კომპენსაცია 15 000 დოლარი არ მიუღია. 

“ნეტა, რას იტყვის პრეზიდენტი, თუ ეს ამბავი მის ყურამდე მივა? - კითხულობს ანზორ კასრაძე.

ანზორის მეზობლად ძირითადად კასრაძეები ცხოვრობენ, ამიტომ ამ ადგილს კასრაანთ უბანს ეძახიან. მათი სახლების უმრავლესობა ისეთივე მდგომარეობაშია, როგორშიც ოთხი წლის წინ.

მადინა კასრაძის გადამწვარი სახლის ფონზე, ყვავილებით გაშენებული ბაღი უცნაურად გამოიყურება. მადინა გვეუბნება, რომ მცენარეები მისი სუსტი წერტილია და მათზე უარიც ომის შემდგომი სტრესის ფონზეც კი ვერ თქვა. 

მადინა სხვა დაზარალებულების ნათქვამს იმეორებს და ამბობს, რომ სახლის ასაშენებლად 15 ათასი დოლარი არ ეყო. 

“ომის შემდეგ, ელემენტარულად ჭამა და არსებობა ხომ გვინდოდა? ორი თვის წინ განმეორებით აღწერაზე იყვნენ და იმედია, ახლა მაინც მოგვხედავენ”- გვითხრა მადინა კასრაძემ.

ომის დროს ერთი ჩანთით გაიქცნენ, რადგან ცხინვალიდან გამუდმებით ისროდნენ და მეუღლეს ფსიქოლოგიური პრობლემები შეექმნა:

“ყველაზე მძიმე დღეები 5-6-ში გვქონდა. სახლში 5 წლის შვილიშვილი გვყავდა, ღამით სროლისას საწოლის ქვეშ იმალებოდა. სოფლიდან 6 აგვისტოსვე გავიქეცით.”

ახლა ოჯახს თავი პენსიით, სოციალური დახმარებითა და პატარა ბაღით გააქვს, სადაც ძირითადად, ხილი და ბოსტნეული მოჰყავთ. 

ერგნეთელი ჯემალ კასრაძის სახლი ჯარისკაცებმა გადაწვამდე ჯერ გაქურდეს და დაახლოებით ტონა და 200 ლიტრი ღვინო, 150 ლიტრი არაყი, ფული და ოქრო წაიღეს. კასრაძეს საკუთარი სახლის გარდა, ვაჟიშვილის საცხოვრებელიც გაუნადგურეს. კომპენსაცია კი მხოლოდ ერთ ოჯახს გადასცეს. ახლა მეუღლესთან და მოხუც მამიდასთან ერთად კოტეჯში ცხოვრობს. შვილი კი გორში ქირითაა გადასული.

“ახლა არსად  ვმუშაობ, თრომბით ვარ დაავადებული, დაზღვევა შარშან წინ მომიხსნეს, ჩემს ბიჭს ომამდე მანქანა ჰყავდა, ომის შემდეგ გაყიდა, თუმცა ისევ მასზე იყო გაფორმებული. ამიტომ სოციალურად დაუცველის სტატუსიც შეგვიწყვიტეს. ბევრი წვალების შემდეგ ისევ აღვიდგინე და აგვისტოდან სამ სულზე დაახლოებით 70 ლარის ოდენობის ფულად დახმარებას ავიღებთ”-აღნიშნა მან.

მისი თქმით “აქაურობას პოლიცია აკონტროლებს” ჩვენი გაჩერებაც იმით ახსნა, რომ ხელისუფლებას არ სურს “ვინმემ სოფლიდან ცუდი ინფორმაცია გაიტანოს”.

კარალეთელი ქეთევან ხარბელაშვილის სახლი 14 აგვისტოს დაწვეს. მისი მეზობლების გადმოცემით, ოსურ ენაზე მოსაუბრე მებრძოლებმა ოთახებში ანთებული მაშხალები ისროლეს, “ეზოში ჭა მაქვს, სახურავი მოხადეს და ავტომატის ჯერი მოატარეს, ალბათ ფიქრობდნენ, რომ ვინმე იმალებაო”. - გვეუბნება მასპინძელი.

მისი სახლი სხვა დამწვარ სახლებთან შედარებით უკეთაა აღდგენილი, თუმცა ბოლომდე არ დასრულებულა “პირველი სართულის შეკეთება მოვახერხეთ, მეორე - ჯერ კიდევ მისახედია.” ქეთევანს ომის მერე ტოქსიკური ჩიყვი დაემართა: “ჯანმრთელობა ძალიან შემერყა, თუმცა სამედიცინო დაზღვევა არ მაქვს, ექიმთან თითო მისვლა 100-150 მისვლა მიჯდება.”

ლიანა ხარიბეგაშვილი სოფელ კარალეთში მეუღლესთან, ორ შვილთან, რძლებთან და შვილიშვილთან ერთად გადამწვარი სახლის გვერდით აშენებულ, დაახლოებით რვა კვადრატული მეტრის ფართობის კოტეჯში ცხოვრობს. მისი თქმით, 15 ათასი დოლარის ოდენობის კომპენსაცია, სახლის აღსადგენად საკმარისი არ იყო, რადგან ამ წლების განმავლობაში მთელი ოჯახი უმუშევარია და ელემენტარული საცხოვრებელი პირობები სჭირდებოდათ, გარდა ამისა, ამ თანხის ნაწილით ომამდე ბანკში აღებული კრედიტი გადაიხადეს.

“მთავრობის მიერ მოცემული თანხიდან, იმის ფულიც არ დამრჩა, რომ სახლი გადამეხურა, ნაწილით კრედიტი და იმის პროცენტები დავფარეთ, ნაწილით კი, უბრალოდ, თავი გაგვქონდა. ყველაფერი ჩაგვეწვა, 9 აგვისტოს რაც გვეცვა, იმითვე გამოვიქეცით. ყველაფერთან ერთად ცეცხლმა მოსავალი გაანადგურა, ელემენტარული საცხოვრებელი პირობები არ გვქონდა და მერე კიდევ უკვირთ, სახლის მშენებლობაში ეს თანხა რატომ ვერ გამოვიყენეთ. არანაირი შეღავათი არ გვაქვს, არც ჯანმრთელობის პოლისი, სოციალურად დაუცველის სტატუსიც კი არ მომანიჭეს”- ხარიბეგაშვილის თქმით,  ახლა ოჯახის შემოსავალი მხოლოდ ხეხილის ბაღია, რომლის მოსარწყავად მათ ყოველწლიურად გარკვეული თანხის გადახდა უწევთ. 

“ჩემს შვილი გორში რესტორანის დირექტორი იყო, მაგრამ ომის შემდეგ დაიხურა. ახლა ამხელა ოჯახის შემოსავალი მხოლოდ რამდენიმე ჰექტარი მიწაა, დახმარების თხოვნით გორის გამგეობას მივმართეთ, მაგრამ მათი თქმით, 15 ათასი დოლარის კომპენსაციაში ყველაფერი შედიოდა. აი, ასე დაგვეხმარა მთავრობა. ძალიან რთულია, როცა ყოველდღე შენს წლობით ნაწვალებს ასეთ დამწვარ-დაბუგულს უყურებ”- ამბობს ლიანა ხარიბეგაშვილი.

გაუსაძლისი მდგომარეობის მიუხედავად, რეპორტაჟის გმირებს იმედი აქვთ, რომ ადრე თუ გვიან საქართველოს ხელისუფლება განადგურებული სახლების აღდგენაში დაეხმარებათ და მათი ცხოვრების ოდნავ მაინც გაუმჯობესდება.

 

 

 

მეტი

  •  (photo: ) სტატიები

    სახლი - მაქმანი

     მისი ფასადი ბაროკოსა და როკოკოს სტილშია გადაწყვეტილი. ამ შენობას ყველა ის ელემენტი აქვს, რაც თბილისური სახლებისთვისაა დამახასიათებელი: აივანი, მოხატული სადარბაზო, ეზო-ბაღი მრგვალი შადრევნით და...

  •  (photo: ) სტატიები

    ენა სუბიექტის გარეშე

    წინ მოდის არა თავად მიზეზი, ამ შემთხვევაში მკვლელობის, სიცოცხლის დასასრულის, საზოგადოებრივი წესრიგის შერყევის ემოციური ფაქტი, არამედ ფაქტის ნეიტრალური შემავსებელი, რომელიც არაფრის მთქმელია....

  •  (photo: ) სტატიები

ახალი ამბები

მეტი
მეტი

ამავე ავტორისგან