09.08.2012

Must Carry-ის განხორციელება კვლავ ფერხდება

სტატიები  (photo: )

2 აგვისტოდან ძალაში შევიდა ე.წ. “მასთ ქერის” პრინციპი, რომლიც საქართველოში ავტორიზებულ საკაბელო ოპერატორებს საარჩევნო პერიოდში ყველა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მქონე ტელეარხის ტრანზიტს ავალდებულებს.

4 აგვისტოს, ღამის 12 საათზე ყველა საკაბელო ოპერატორს ქსელში ჩართული უნდა ჰქონოდა საერთო მაუწყებლობის ლიცენზიის მფლობელი ტელეკომპანიები. მიუხედავად ამისა, რამდენიმე ტელეკომპანიასა და საკაბელო ოპერატორს შორის არხის პაკეტში ჩასმის თაობაზე მოლაპარაკებები ჯერაც არ დასრულებულა. მათ შორის არის ტელეკომპანია “მაესტრო” და საკაბელო ოპერატორი “სილქნეტი”, რომლის აბონენტებსაც ჯერჯერობით არ აქვთ შესაძლებლობა “მაესტროს” გადაცემებს უყურონ. 

როგორც კომპანია „სილქნეტში” აცხადებენ, “მაესტროს” ქსელში ჩასართავად აუცილებელია ტელეკომპანიამ “სილქნეტის” მიერვე შეთავაზებული სტანდარტით, სიგნალის მიწოდება უზრუნველყოს.

კომპანიაში განმარტავენ რომ „მაესტროსთვის“ ქსელში ჩართვის პარამეტრები უკვე გადაცემული აქვთ. 

 “სილქნეტის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ნინო დარასელი ამბობს, რომ “მაესტროს” ხელმძღვანელობას, მათივე თქმით, არ გააჩნია ის ტექნიკური საშულებები, რაც “სილქნეტის” მოთხოვნებს აკმაყოფილებს. 

დარასელი ადასტურებს, რომ მათ “მაესტროს” ალტერნატიულ ვარიანტად შესთავაზეს ტელეკომპანიის სიგნალი “სილქნეტის” იმ აბონენტებისათვის მიეწოდებინათ, რომლებიც ოპტიკური ინტერნეტ პაკეტით სარგებლობენ, რომელთა რიცხვიც როგორც დარასელი ამბობს, 35 ათასს უახლოვდება. 

მისივე ინფორმაციით სულ “სილქნეტის” საკაბელო ტელვიზიის მომხმარებლების რიცხვი 69 ათასია.

“მაესტროს” ერთ-ერთ დამფუძნებელი მამუკა ღლონტი “ლიბერალთან” საუბარში ამბობს, რომ საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებები კომპანიას საკაბელო ოპერატორისთავის რაიმე სახის ტექნიკის შეძენას არ ავალდებულებს. მისივე თქმით, ტელეკოპანიამ საკაბელო ოპერატორს სამაუწყებლო სიგნალი უკვე მიუტანა, თუმცა, მიუხედავად ამისა “მაესტროს” ქსელში არ ჩართეს. როგორც ღლონტი ამბობს,  საუბარი არა სიგნალის მიტანაზე, არამედ სიგნალის გარდაქმნაზეა, რისთვისაც სპეციალური “ენკოდერია”  საჭირო. ამ ტექნიკის შეძენა კი საქართველოში შეუძლებელია, ხოლო მისი ჩამოტანა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. 

გასული თვის ბოლოს საარჩევნო კოდექსში შესული ცვლილებების მიხედვით, ე.წ “მასთ ქერის’ პრინციპის დარღვევისთვის ნებისმიერ მხარეს კანონში გაწერილი წესით დაჯარიმება ან საქმიანობის შეჩერება ემუქრება.

ტელეკომპანია “მაესტრომ” მარეგულირებელ კომისიას საჩივრით მიმართა.  გამართულ სხდომაზე კომისიის წევრებმა ორივე მხარის პოზიცია მოისმინეს და “მაესტროს” საჩივარი არ დააკამყოფილეს. კომპანიის ხელმძღვანელობა დავის გაგრძელებას სასამართლოში გეგმავს.

ივლისის ბოლოს საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების მიხედვით ერთადერთი მოთხოვნა, რომელიც ე.წ. “მასთ ქერის’ პრინციპის ამოქმედებისათვის ტელეკომპანიებს ეკისრება, არის სამაუწყებლო სიგნალის საკაბელო ოპერატორამდე მიტანა.

მედიის სამართლებრივი დაცვის ცენტრის ხელმძღვანელი ნათია კაპანაძე “ლიბერალთან” საუბარში ყურადღებას იმ ფაქტზეც ამახვილებს, რომ კანონი ძირითად აქცენტებს და დათქმას აკეთებს ავტორიზებული პირის ვალდებულებაზე მომხმარებლისათვის შეთავაზებულ პაკეტში განათავსოს ესა თუ ის მაუწყებელი, ხოლო სხვა მითითება, თუ როგორ უნდა მოიპოვოს ოპერატორმა სამაუწყებლო სიგნალი, კანონში განსაზღვრული არ არის.

ამასთან, კაპანაძე აღნიშნავს, რომ კანონის მიხედვით, ავტორიზებულ პირს ანუ საკაბელო ოპერატორს აქვს უფლებამოსილბა ტელეკომპანიის ნებართვის გარეშეც ჩართოს არხი პაკეტში.

“ვინაიდან ე.წ. “მასთ ქერის” პრინციპი დროის საკმაოდ მოკლე პერიოდში მოქმედებს, აუცილებელია, პირველ ყოვლისა, საკაბელო ოპერატორებმა შეძლონ თავიდან აიცილონ ის ფორმალური მიზეზები, რომელთა გამოც შესაძლოა ამ პრინციპის განხორციელბა შეფერხდეს,” - ამბობს კაპანაძე. 

ლევან მიქელაძის ფონდი ერთ-ერთი იყო იმ ორგანიზაციებს შორის, რომლებიც გასულ კვირას კომისიის მხრიდან არსებულ დარღვევებზე მიუთითებდნენ. ფონდის წარმომადგენელი ლევან დოლიძე ვერ ხედავს საამართლებრივ საფუძველს, რომლის მიხედვითაც “მაესტრომ” საკაბელო კომპანიას აპარატურა უნდა გადასცეს.

“მას შემდეგ, რაც გაჩნდა მესამე გაუგებარი მოთხოვნა გარდამქმნელის შესყიდვასთან დაკავშირებით, კომისია კვლავ არ იღებს გადაწყვეტილებას, რომელიც უზრუნველყოფდა ათობით ათასი აბონენტისთვის და ამავე დროს ამომრჩევლისთვის ალტერნატიული ინფორმაციის მიწოდებას,” - ამბობს დოლიძე.

დოლიძის თქმით, კომისიის განცხადების მიუხედავად, მისთვის კვლავ აუხსნელი რჩება, რატომ განმარტავს კომისია კანონს იმგვარად, რომ ყველა ტელეკომპანიამ საკაბელო ოპერატორებს თავად უნდა მოაწოდოს სიგნალი და წერილობითი შეტყობინება გაუგზავნოს.

“კომისია არაფერს ამბობს იმაზე, რომ მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებული პირების სია კანონით დადგენლი ვადის დარღვევით გამოქვეყნდა. 23 ივლისის ნაცვლად კომისიამ სია 1 აგვისტოს განათავსა ვებგვერდზე.”

“მე-9 არხის” გენერალური დირექტორი კომისიის მიერ მიწოდებულ სიაში არსებულ უზუსტობებზე საუბრობდა და ამბობდა, რომ რეგისტრირებულ მისამართებზე 7 საკაბელო კომპანია არ იძებნებოდა.  კომისიის განცხადებაში ნათქვამია, რომ მათ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ სიაში მითითებული იყო, რომელი კომპანია ფუნქციონირებდა და რომელი - არა: “შესაბამისად, კომისიისთვის გაუგებარია შპს „მე-9 არხის“ მიერ რა დანიშნულებით გაიგზავნა წერილები მაუწყებლობის ტრანზიტზე ავტორიზებულ იმ პირებთან, რომლებიც არ ახორციელებენ პრაქტიკულ საქმიანობას, მიუხედავად იმისა რომ ავტორიზაცია გაუქმებული არ აქვთ.”

კახა ბექაური “ლიბერალთან” საუბარში ამბობს, რომ კომისიის მოწოდებულ სიაში არანაირი მითითება არ ყოფილა იმ კომპანიებზე, რომლებიც არ ფუნქციონირებდა: “მას შემდეგ, რაც წარმოქმნილ პრობლემაზე კომისიას მივწერეთ, მათ ბოდიში მოიხადეს და უკვე გამოქვეყნებულ სიაში მიუთითეს, რომ ზოგიერთი საკაბელო ოპერატორი აღარ მუშაობდა”.

ამასთან, ბექაური ამბობს, რომ ათამდე რეგიონულ საკაბელო ოპერატორთან კვლავ აქვს პრობლემები. “კიდევ არის კომპანიები, რომლებსაც “მეცხრე არხი”ქსელში ჯერ არ გაუშვიათ, ზოგთან ტექნიკური ხასიათის პრობლემაა, ზოგთან დაკავშირება ვერ მოხერხდა, ზოგმა წერილი მიიღო, თუმცა, მათგან პასუხი არ ისმის.”

კომუნიკაციების მარეგულირებელი კომისიის მიერ 6 აგვისტოს გავრცელებული განცხადების მიხედვით, ე.წ. “მასთ ქერის” პრინციპი საქართველოში შეუფერხებლად მოქმედებს. განცხადებაში მოყვანილია კონკრეტული ციფრებიც, რის მიხედვითაც საკაბელო ოპერატორების აბონენტების საერთო რაოდენობიდან, რომელიც სულ 190 000 აბონენტს შეადგენს, „მეცხრე არხის“ ყურების საშუალება აქვს 189 249 აბონენტს, „მაესტროს“ -130 073, „კავკასიას“ 159 226, „25–ე არხის“ - 76 912.

 

მეტი

  •  (photo: Levan Kherkheulidze) ქალაქი

    სცენარი თბილისისთვის

    თანამედროვე მოგზაური უკმაყოფილოდ გეტყვის, რომ დღევანდელი ე.წ. ტურისტული ადგილები ყველა ქალაქში იმდენად ემსგავსება ერთმანეთს, ზოგჯერ თავი ერთსა და იმავე ადგილას ჰგონია, მით უმეტეს, როცა ამას...

  •  (photo: ) სტატიები
  •  (photo: ) სტატიები

    ჩინოვნიკები "ცისფერი მთებიდან"

    სტატიაზე მუშაობისას მკაფიოდ დავინახეთ, რომ ამ ინერციით არსებული ინსტიტუტების გაუქმება დევნილთა თემში ბევრს არავის დაწყვეტს გულს (თანამშრომლებს თუ არ ჩავთვლით). ეს უფრო პოლიტიკური გადაწყვეტილების...

  •  (photo: ) სტატიები

    ომი ღმერთების მიწაზე

    საომარ მოქმედებებს, რომელიც დაახლოებით ერთი თვის წინ დაიწყო, 1500-მდე პალესტინელის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის ორი მესამედი მცირეწლოვანია, ისრაელის მხრიდან კი 60-მდე ჯარისკაცი და ორი...

ახალი ამბები

მეტი
  • დავით ბუხრიკიძე

    კაზანტიპი – წართმეული მეობის დღეები

    ძალიან უცნაურია არა?! მაინცა და მაინც ექსცენტრიული უკრაინელი ჯეელი, სახელად ნიკიტა უნდა გამოჩენილიყო, უფრო სწორად მისი პირმშო – ქვემსუბუქი მუსიკალური წონის კაზანტიპი უნდა მოვლენოდა საქართველის, რომ...

  • თამარ კარელიძე

    ანაფორა იმუნიტეტად და დაუსჯელობის სინდრომი

    ორი დღის წინ, ანაკლიაში კაზანტიპის გასაპროტესტებლად ჩასული სასულიერო პირებიდან ერთ-ერთი, დაცვასთან ინტერნეტიდან ამოღებული ფოტოებით იყო მისული და საერთაშორისო პოლიტიკაზე საუბრობდა. მისი თქმით,...

  • გიორგი ხასაია

    ზღვა და შიმშილი

    ეს დამსვენებლები, ფაშისტები ხართ ყველა, ყველა მეზიზღებიით - საშიშად ხმამაღლა ვამბობ ამას. ანი ფრჩხილს მასობს ქონებში. შენც ფაშისტი ხარ, ფაშისტები, ყველგან ფაშისტები, თქვენ გადაშენდით ერთ დღეს. შენ...

მეტი

ამავე ავტორისგან