09.08.2012

სტუმრად ოლიმპიელთან

სტატიები ლაშა შავდათუაშვილი (photo: ლევან ხერხეულიძე)

ოლიმპიური ჩემპიონის, ლაშა შავდათუაშვილის ოჯახი გორის რაიონის სოფელ კარალეთში, ღარიბულ, თუმცა კარგად მოვლილ ერთსართულიან სახლში ცხოვრობს. მომცრო ზომის ეზოში აღმართული , “ტურნიკი” და მასზე დაკიდებული მსხვილი ბაგირი, როგორც ჩანს, ჩემპიონს ხშირად სპორტდარბაზის მაგივრობას უწევდა. ოჯახის წევრებს ჩვენი სტუმრობა არ უკვირთ - ლაშას დედა თეა მეზვრიშვილი ჟურნალისტებთან ურთიერთობას უკვე შეეჩვია.

ჩემპიონის დედა თავდაპირველად ლაშას ოთახს გვიჩვენებს. ოთახის ორი კედელი მთლიანად მედლებითა და გამარჯვებების აღმნიშვნელი ფოტოებითაა დაფარული. იატაკზე კი საპრიზო თასების მთელი კოლექციაა… პრიზების ნაწილი ლაშას ძმას, 17 წლის ბექას ეკუთვნის, რომელიც ასევე ძიუდოისტია.

თეა მეზვრიშვილი ჩვენთან საუბარში ემოციებს ვერ მალავს: გვიყვება რომ შვილის გამოსვლისთვის თვალი არ უდევნებია, “მეორე ოთახში ვიყავი და ვლოცულობდი, ამას წინათ თბილისში იყო და “დედის ლოცვა” მომიტანა, ამ ლოცვას ვკითხულობდი…”

მეზვრიშვილმა შვილს ტელეეკრანზე მხოლოდ მაშინღა შეხედა. როდესაც ჩემპიონი გამარჯვებას ზეიმობდა. “ერთი შეხედვით დიდი განცდა არ ეტყობოდა, მაგრამ მე ხომ მისი სახე ვიცი - ზედ ყველაფერი იყო აღბეჭდილი”

მეზვრიშვილი იხსენებს, როგორ აცილებდნენ მომავალ ჩემპიონს ოლიმპიადაზე წასასვლელად. “ნივთებს რომ ალაგებდა, ჩუმად, ტელეფონით  ვიღებდი, მეორე ოთახში ნათესავები იყვნენ შეკრებილნი და გზას ულოცავდნენ, წასვლის წინ მამამ უთხრა, რომ როცა საჭიდაოდ გავიდოდა, მისთვის ხელი აეწია, მთელი ტურნირის განმავლობაში ასე ჟესტებით გველაპარაკებოდა”

ახალგაზრდობაში ლაშას მამაც ვარჯიშობდა, თუმცა რთული ეკონომიური მდგომარეობის გამო თავი დაანება “სულ იმას ვოცნებობდი, რომ ვარჯიში ჩემს შვილებს გაეგრძელებინათ და წარმატებისთვის მიეღწიათ” - ამბობს ლაშას მამა ლიბერალთან საუბრისას.

“ფინალის ყურების დროს ცუდად ვიყავი, სიხარული ვერც განვიცადე, მეგონა მოვკვდებოდი, ძალიან მეშინოდა” - ემოციას ვერ მალავს ჩემპიონის მამა.

ლაშას ნერვიულობის საბაბი არავისთვის მიუცია, ოცი წლის ძიუდოისტმა ზედიზედ ოთხი ბრძოლა იპონით მოიგო. ჩილელი ალეხანდრო ზუნიგა, ფრანგი დავიდ ლაროსი, ბრიტანელი კოლინ უოთსი, და ტიტულოვანი იაპონელი მასაში ებინუმა დაუბრკოლებლად ჩამოიშორა. ფინალში 32 წლის უნგრელი მიკლოშ უნგვარი დაამარცხა და ოლიმპიური ჩემპიონის ტიტული საქართველოს ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა ასაკში მოიპოვა.

თეა მეზვრიშვილის თქმით, მის ოჯახს დიდი შემოსავალი არ გააჩნია “თუმცა ლაშას ხელს ყველანაირად ვუწყობდით, მოგეხსენებათ სპორტსმენებს სხვაგავრი კვება სჭირდებათ. ოჯახის არცერთი წევრი არ ვმუშაობთ. ჩვენი შემოსავალი ისაა, რასაც ჩემი მეუღლე პერიოდულად ხან ხელობით და ხანაც მშენებლობებზე მუშაობით შოულობს.”

ორი დღის წინ ოჯახს საქართველოს პრეზიდენტი ეწვია, მანამდეც მათი სახლი სულ სტუმრებით იყო სავსე, “მოდიან უცნობებიც და ნაცნობებიც, გვილოცავენ და თან უკვირთ, როდესაც ხედავენ, რა რთულ  პირობებშიც გაიზარდა ოლიმპიური ჩემპიონი”

ლაშას დედამ არ იცის რა თანხას გადასცემს მის შვილს სახელმწიფო “ფულზე არ ვფიქრობთ, მთავარია, რომ გაიმარჯვა, დანარჩენს ღვთის წყალობით მოევლება”

ლაშას ძმაც, 17 წლის ბექა, ჩემპიონობაზე ოცნებობს. “გორში ვვარჯიშობ, კომბინატში, ქენაძეებთან” ბექა მეთერთმეტე კლასელია და ასაკის მიუხედავად უამრავი თასი და მედალი აქვს, რომელიც საქართველოს მაშსტაბით გამართულ ჩემპიონატებში მოიპოვა.

ლაშას ოჯახს ჩვენ 7 აგვისტოს ვეწვიეთ. საუბარი ძალაუნებურად 4 წლის წინანდელ აგვისტომ ომს ეხება:

“ომის დროს ლაშას ვარჯიში არ შეუწყვეტია, გორის კომბინატში, სავარჯიშო დარბაზში აპირებდა წასვლას, მთელი დილა ვეხვეწე, რომ არ წასულიყო, კიდევ კარგი დამიჯერა, რადგან შემდეგ გავიგეთ რომ დაბაზს ყუმბარა მოხვედროდა. სოფლიდან ყველაზე ბოლოს გავედით, ლაშამ თავისი კიმანოები, სავარჯიშო რეზინები, და ლოცვები წამოიღო. თბილისში ერთ-ერთ სკოლაში დავბინავდით.”

ლაშას ვარჯიში არც თბილისში შეუწყვეტია, ყოველ დილა კუს ტბაზე დარბოდა. ოჯახს გაუმართლა, რადგან მათი სახლი არ დაუწვიათ. თუმცა  მეზობლად რამდენიმე სახლიდან მხოლოდ შემჭვარტლული კედლებიღაა დარჩენილი.

ლაშა შავდათუაშვილი სამშობლოში 13 აგვისტოს ნაკრებთან ერთად დაბრუნდება. მეზობლები, მეგობრები და ნათესავები მოუთმენლად ელოდებიან. თვითოეულ მათგანს ეამაყება რომ ლაშას ახლობელია. მათი თქმით - “აი, ასეთ უბრალო ოჯახებში იზრდებიან ჩემპიონები”

 

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • ზურა ჯიშკარიანი

    მამას

    (გეტოს კარლ საგანი ტეტეს პისტოლეტით და ყაყაჩოს ყვავილებით) მამაჩემი ყოველთვის საინტერესო გამოცანა იყო ჩემთვის. თითქმის ყველაფერში განვსხვავდებით - სკოლა არ დაუმთავრებია, მე მემგონი კი, არასდროს...

  • დავით ბუხრიკიძე

    ემა ბოვარი - ჯვარცმული, სასტიკი და ფსიქოდელიური

    მუდამ მეამბოხე, თითქმის პროვოკატორი, უკომპრომისო ესთეტი და მგძნობიარე სარკაზმით შიარაღებული რეჟისორი, რომლის „სამი და“ 90-იან წლებში ლამის პოსტსაბჭოთა „სისასტიკის თეატრის“  მანიფესტად გამოაცხადეს,...

  • ზაზა დობორჯგინიძე

    ნანუკა ჟორჟოლიანს

    იეჰოვას მოწმეების სიძულვილი ოდითგანვე შემწყნარებელი ქართველი ერის უახლესი ისტორიის და დღევანდელობის სამარცხვინო ლაქაა. სიტყვა „იაღოველი" შეურაცხყოფად გამოიყენება და მას საქართველოში ისეთივე...

მეტი

ამავე ავტორისგან