14.08.2012

„ნიკალა პაპა“

სტატიები  (photo: )

ათონელის N23 ერთი ძველი თბილისური სახლია. სადარბაზოს კუთხეებს საზოგადოებრივი საპირფარეშოების არარსებობის კვალი ამჩნევია. შესასვლელის პირდაპირ შიდა ეზოში გასასვლელი მეორე კარია, აქ ჟღალი კატა წევს და მზეს ეფიცხება.

კიბის უჯრედი ამოშენებულია და პატარა კარიც აქვს ჩამოკიდებული. კარის პირდაპირ რამდენიმე „დაკოჭლებული“ სკამი დგას, კედელზე კი სარკით „გაფორმებული“ თეთრი სათავსოა მიმაგრებული.

სახლის სიძველისა და შიდა ეზოს ხვეული კიბეების გამო სადარბაზოს ბევრი მნახველი ჰყავს, თუმცა მათგან ცოტამ თუ იცის, რომ კიბის ქვეშ ადამიანი ცხოვრობს, თანაც მხატვარი - „პაპა ნიკალა“.

54 წლის არტურ ზარგარიანს „ნიკალა“ მას შემდეგ შეარქვეს, რაც კიბის ქვეშ, ყოფილ „საპოჟნი ბუტკაში“ გადავიდა საცხოვრებლად. 

„ნიკალა“ ათონელის 18 # - ში, ოროთახიან სახლში დედასთან ერთად ცხოვრობდა. წლების წინ მეგობარმა საბერძნეთში წასვლა შესთავაზა. ფული არ ჰქონდა და ერთ-ერთი ოთახი 800 დოლარად დააგირავა. წასვლა არ გამოვიდა, ფული დაეხარჯა, ოთახი კიდევ ოთხჯერ გადააგირავა. შემდეგ სახლი გაყიდა და „31 ქარხნის“ ტერიტორიაზე ახალ ბინაში გადავიდა, მეპატრონეს ენდო და 3 300 $ ისე გადაუხადა, ნოტარიულად არ დაუმოწმებია.

„ერთი კვირის მერე ვკითხე - ბინას რატო არ მიფორმებთ მეთქი, ჩვენ მაგ ფასში არ ვყიდით, 500 $ დაგვიმატე და გაგიფორმებთო. კაპიკი ფული აღარ მქონდა. ერთი წელი ვიცხოვრე და გამომაგდეს. მეგობარმა შემიფარა გლდანში, ექვსი თვე იქ ვიყავი, რაღაც პერიოდი ქუჩაში გავატარე. შემდეგ ერთ-ერთ მეგობართან ვრჩებოდი, მიწისქვეშა გადასასვლელში ღამის დარაჯად ვმუშაობდი. მერე ბიჭებმა პატარა ქოხი ამიშენეს სომხურ სკოლასთან, 3 წელი იქ ვიყავი, ბოლოს ათონელის # 23-ში გადმოვედი, ადრე “საპოჟნიკად” ვმუშაობდი, უკვე 8 წელია რაც აქ ვარ; რას იზამ, ასე მოხდა, ცხოვრებაა“ - ამბობს არტურ ზარგარიანი.

ნიკალას „ოთახის“ კართან კატისათვის განკუთვნილი პლასტმასის თეფში დგას, ჯუჯა მაგიდასთან ერთი სკამი ეტევა, რომლის თავზეც ძველი ვინტილატორი ზუზუნებს. კუთხეში მოკლე საწოლია მოთავსებული, კართან კი საბჭოთა ძველი ტელევიზორია დაკიდებული - „გამაწამა რა, ხან მუშაობს ხან არა“.

„ადრე საპოჟნიკად ვმუშაობდი აქ, ისე მხატვარი ვარ - ჯერ თოიძე დავამთავრე, მერე აკადემია. თავს „სტაინაკზე“ მუშაობით ვირჩენ, სუპერმარკეტთან ვდგავარ, საღამოობით გავდივარ, 9-ის ნახევრიდან 11-მდე იქ ვარ, დღეში 7-10 ლარამდე ვშოულობ“ - ყვება მასპინძელი. 

არტურ ზარგარიანს პირადობის დამადასტურებელი საბუთიც არ აქვს. მისი თქმით, პასპორტი ყოფილი მეუღლის ქმარმა 3 დღით გამოართვა, მას შემდეგ კი 8 წელი გავიდა, მაგრამ უკან არ დაუბრუნებია:

„ჩემ ყოფილ მეუღლეს და მის ქმარს შვილი ეყოლათ, მითხრა, ნოტარიულად დავამოწმოთ, რომ ბავშვზე პრეტენზია არ გაქვსო. ჩემი მეგობარი იყო საბუთის წამოსაღებად მისული, ჩემ ყოფილ ცოლს უთქვამს, თავის შვილს კუთხე გამოუყოს და პასპორტს დავუბრუნებო. შვილისთვის რა უნდა დამენანოს, მოვიდეს, მე იატაკზე დავწვები და ბავშვს ლოგინზე დავაძინებ“- ამბობს ზარგარიანი. 

„ახალი საბუთის აღებას ფული უნდა, სად მაქვს? არავინ არ იცის ჩემი ადგილსამყოფელი. კაციშვილმა არ იცის სად ვცხოვრობ, ან საერთოდ ვარსებობ თუ არა. ქუჩაში ხომ არ გავალ და ვიყვირებ - ცოცხალი ვარ, აქ ვცხოვრობ და მიჭირს მეთქი? არავის ვაწუხებ და არც მე მაწუხებს ვინმე.“  

კიბეებზე ამ სახლში მაცხოვრებელი ქალბატონი ჩამოდის - „რას იღებთ?“ „ფილმს იღებენ პაპა ნიკალაზე“ პასუხობს ზარგარიანი და ოთახში ბრუნდება.

„კარგი კაცია, მიგვიხედეთ“ - ამბობს ქალბატონი და სადარბაზოდან გადის.

„პაპა ნიკალას“ საპენსიო ასაკისთვის არ მიუღწევია, თუმცა გაჭირვების მიუხედავად სოციალურ დახმარებას ვერ იღებს:

„ვიცი, რომ რაღაც პროგრამები არის, ტელევიზიით ვნახე, მაგრამ ვინ მომაქცევს ყურადღებას? თუ ძმა ხარ, ვინ მოგხედავს, სანამ შენ თავს თავად არ მიხედავ?“.

 

 

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • დავით ბუხრიკიძე

    ემა ბოვარი - ჯვარცმული, სასტიკი და ფსიქოდელიური

    მუდამ მეამბოხე, თითქმის პროვოკატორი, უკომპრომისო ესთეტი და მგძნობიარე სარკაზმით შიარაღებული რეჟისორი, რომლის „სამი და“ 90-იან წლებში ლამის პოსტსაბჭოთა „სისასტიკის თეატრის“  მანიფესტად გამოაცხადეს,...

  • ზაზა დობორჯგინიძე

    ნანუკა ჟორჟოლიანს

    იეჰოვას მოწმეების სიძულვილი ოდითგანვე შემწყნარებელი ქართველი ერის უახლესი ისტორიის და დღევანდელობის სამარცხვინო ლაქაა. სიტყვა „იაღოველი" შეურაცხყოფად გამოიყენება და მას საქართველოში ისეთივე...

  • ანი სუბელიანი

    ქალი ოჯახში და ქალი შრომის ბაზარზე

    ქალები ძალადობის წინაშე დაუცველები არიან, რადგან ხშირ შემთხვევაში მათ არ აქვთ ფინანსური დამოუკიდებლობა, მათმა მშობლებმა მხოლოდ მათ ძმებს დაუტოვეს ქონება. თავად კი შესაძლებელია, სწორედ გათხოვების...

მეტი

ამავე ავტორისგან