17.08.2012

ჯულიან ასანჟმა პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო

სტატიები Supporters of WikiLeaks Founder Julian Assange gather outside Ecuador's Embassy in central London June 20, 2012. Assange has taken refuge in Ecuador's embassy in London and asked for asylum, officials said on Tuesday, in a last-ditch bid to avoid extradit (photo: © Paul Hackett / Reuters)
ნინო ნატროშვილი

სკანდალური Wikileaks-ის დამფუძნებელს ეკვადორმა პოლიტიკური თავშესაფარი მიანიჭა. განცხადება ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრმა რიკარდო პატინომ სპეციალურ პრეს-კონფერენციაზე გააკეთა. პატინოს თქმით, გადაწყვეტილების მიღებამდე ეკვადორის ხელისუფლებამ  საქმის ყველა ასპექტი გულდასმით შეისწავლა და დაასკვნა, რომ ჯულიან ასანჟის უფლებები შესაძლოა მართლაც დაირღვეს: „შვედეთმა ვერ შეძლო ასანჟის უსაფრთხოების უზრუნველყოფა. ერთი კვირის განმავლობაში ეკვადორის, შვედეთის, დიდი ბრიტანეთისა და აშშ-ს მთავრობებს შორის  კონსულტაციები მიმდინარეობდა. შვედეთს ვთხოვდით, ექსტრადირების შემდეგ არ მომხდარიყო ასანჟის მესამე ქვეყნისთვის გადაცემა. სტოკჰოლმა ეს პირობა არ მიიღო, აშშ-მ კი Wikileaks-ის დამფუძნებლის  მიმართ ძიების შესახებ ინფორმაციის წარდგენაზე უარი თქვა. ჩვენ  მივიღეთ მტკიცე გადაწყვეტილება, რომელიც საერთაშორისო ნორმებითაა გამყარებული“,- განაცხადა პატინომ და აღნიშნა, რომ დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ლონდონში, ეკვადორის საელჩოში შეჭრით იმუქრება.

ლონდონში, ეკვადორის საელჩოში იმალება ჯულიან ასანჟიც, რომელმაც ეკვადორის ხელისუფლებას პოლიტიკური თავშესაფრის  თხოვნით 19 ივნისს მიმართა. „ეს მნიშვნელოვანი გამარჯვებაა ჩემთვის და ჩემი მხარდამჭერებისთვის, თუმცა შესაძლოა  სიტუაცია ახლა კიდევ უფრო დაიძაბოს“,- განაცხადა  Wikileaks-ის დამფუძნებელმა. ეკვადორის ხელისუფლების გადაწყვეტილებას აპლოდისმენტებით შეხვდნენ  ავსტრალიელის მომხრეები: „თავისუფლება ასანჟს!: „ხელები შორს ეკვადორისგან!“ -სკანდირებდნენ საელჩოსთან ისინი. შეკრებილებს შორის ძირითადად ეკვადორის მაცხოვრებლები იყვნენ: „ჩვენ იმ ზეწოლასაც ვაპროტესტებთ, რომელსაც დიდი ბრიტანეთი ჩვენს ქვეყანაზე ახორციელებს“,-აცხადებდნენ ისინი. ეკვადორის ხელისუფლების გადაწყვეტილებას მიესალმნენ  ჰაკერული დაჯგუფება Anonymous-ის წევრებიც.

ჯულიან ასანჟს შვედეთის პროკურატურა ბრალს სექსუალური ხასიათის დანაშაულში სდებს, თუმცა ავსტრალიელი თავს დამნაშავედ არ სცნობს, ბრალდებას Wikileaks-ის საქმიანობას უკავშირებს და მას პოლიტიკურად მოტივირებულს უწოდებს. ასანჟი, რომელმაც 2010 წელს ათასობით საიდუმლო დიპლომატიური ჩანაწერი გამოაქვეყნა, შიშობს, რომ შვედეთში ექსტრადირების შემდეგ,  აშშ-ს გადასცემენ და შპიონაჟში დაადანაშაულებენ. ასანჟი ლონდონში 2 წლის წინ დააპატიმრეს, 30 მაისს კი ბრიტანეთის უზენაესმა სასამართლომ შვედეთში მისი ექსტრადირების საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

რიკარდო პატინოს განცხადებას უკვე გამოეხმაურა დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო.  „ჩვენ იმედგაცრუებულები ვართ ეკვადორის გადაწყვეტილებით. დიდი ბრიტანეთის კანონმდებლობის შესაბამისად, ჯულიან ასანჟს სასამართლო გადაწყვეტილების გასაჩივრების ყველა შანსი ამოეწურა და ჩვენ ვალდებულები ვართ ის შევასრულოთ“,-აღნიშნულია დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში. მოგვიანებით  უწყების ხელმძღვანელმა უილიამ ჰეიგმა განმარტა, რომ ბრიტანეთი ასანჟს ეკვადორში თავისუფლად გამგზავრების საშუალებას არ მისცემს და ეს სიტუაცია შესაძლოა დროში ძალიან გაიწელოს.

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ეკვადორის საელჩოსთვის დიპლომატიური სტატუსის გაუქმებასაც განიხილავს, რაც მას ლონდონში მდებარე საელჩოს ტერიტორიაზე შესვლის საშუალებას მისცემს.

გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ეკვადორის ელჩი დაიბარა შვედეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომაც  და პატინოს განცხადებასთან დაკავშირებით უკმაყოფილება გამოხატა.

 

 

 

 

.

 

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • თამარ კარელიძე

    უკრაინა - ჩვენი სხვისი ომი

    ჯარი პოლიტიკისაგან შორს უნდა იდგეს და თავისი მოვალეობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეასრულოს, თავდაცვის სამინისტროს განცხადება კი,  ცალსახად პოლიტიზირებულია, თან ისეთი, ქვეყნის ინტერესებს...

  • ნათია ფანჯიკიძე

    მთავარი როლის შემსრულებლები

    კულტურის ნებისმიერმა მინისტრმა უნდა შეიგრძნოს თავისი როლის მთავარი მოთხოვნა, რომ მას კულტურის მცველად, კულტურის განვითარების სტრატეგიის, კონცეფციის  შესაქმნელად ერგო ეს როლი და ამ მხრივ უნდა...

  • ლევან ბერიანიძე

    გენდერული კვოტირება

    პატარა გოგოების შესახებ ეს რამოდენიმე მარტივი მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მივხდეთ, რომ ძალადობა მარტო მკვლელობის აქტი არაა. “ძალას” ვხმარობთ მაშინაც როდესაც ჩვენ გოგოებს და ბიჭებს, კაცებს და...

მეტი

ამავე ავტორისგან