28.08.2012

გარე რეკლამა - კანონმდებლობის მიღმა

სტატიები  (photo: )

სამარშუტო ტაქსებზე, ყვითელ ავტობუსებზე, მეტროში, ბილბორდებზე, განსაკუთრებით  ცენტრალურ უბნებში თვალში არჩევნებში მონაწილე მხოლოდ ერთი პარტიის - “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” რეკლამა გვხვდება.  სხვა პოლიტიკური პარტიების  რეკლამებს კი ქუჩებში თითქმის ვერსად ნახავთ.  

წინასაარჩევნო პერიოდში პოლიტიკური რეკლამის განთავსების წესი და სარეკლამო ტარიფები „საარჩევნო კოდექსით“ რეგულირდება. საარჩევნო კანონმდებლობაში გარე რეკლამასთან დაკავშირებული ჩანაწერი არ არის. წინასაარჩევნოდ, გარე რეკლამის განთავსება კერძო კომპანიასა და  პოლიტიკურ სუბიექტს შორის მოლაპარაკების საგანია და მასთან დაკავშირეული რაიმე წესი, ან პირობა, რითაც განთავსების დროს თანასწორობის პრინციპის დაცვა მოხდება, კანონით დადგენილი არ არის.

ქალაქში პოლიტიკური რეკლამების განთავსებას კერძო კომპანიაა “აუთდორ.ჯი”, საზოგადოებრივ ტრანსპორტზე კი სარეკლამო კომპანია “ელეფანტი” უზურნველყოფს.

არჩევნებში მონაწილე სამი პოლიტიკური პარტია: “ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა”, “ქართული ოცნება”, “ახალი მემარჯვენები” ბილბორდებსა და ყვითელ სამარშრუტო ავტობუსებზე რეკლამის განთავსებას არ გეგმავენ.

“ქართული ოცნების” პრესსამსახურის უფროსის ნონა ყანდიაშვილის განცხადებით, “აუთდორ. ჯი”-იმ კოალიციას მათ სულ რვა თავისუფალი ადგილის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. “მხოლოდ ერთი-ორი იყო ცენტრალურ ადგილას, დანარჩენილი კი გარეუბნებში.”- გვიპასუხეს კოალიციაში. ბილბორდებსა და საზოგადოებრივ ტრანსპორტზე რეკლამის განთავსებაზე უარს კოალიცია ფინანსების არ ქონის გამო ამბობს.

პარტია “ახალი მემარჯვენეები“, გარე რეკლამაზე უარს, მასზე დაწესებული მაღალი ტარიფების გამო ამბობს. პარტიის ერთ-ერთი ლიდერმა მანანა ნაჭყებიამ 2010 წლის არჩევნები გაიხსენა, მაშინ პარტიამ ბილბორდებზე რეკლამის განთავსების მოთხოვნაზე კომპანიისგან უარი მიიღო.  

“ყველა ბილბორდი დაკავებული იყო. მათ ჰქონდათ მზა პასუხი და გვეუბნებოდნენ, რომ შეკვეთები უკვე მიიღეს და ჩვენთვის ადგილი არ ჰქონდათ” - ამბობს მანანა ნაჭყებია.

ნაჭყებიას თქმით, გარე რეკლამის განთავსების დროს თანაბრობის პრინციპი დაცული არ არის და მიაჩნია, რომ საკითხი კანონმდებლობით უნდა დარეგულრდეს.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” პრესსპიკერის განმარტებით, სარეკლამო ბილბორდებზე რეკლამის განთავსება ყველა პოლიტიკურ პარტიას შეუძლია და  მისთვის არცერთი კონკრეტული შემთხვევა არ არის ცნობილი, როცა რომელიმე პოლიტიკურ პარტიას სარეკლამო ბანერის განთავსებაზე უარი ეთქვა.

“ქალაქში არაერთი ცარიელი ბილბორდია, არ მესმის, რატომ არ არის მათთზე რომელიმე პოლიტიკური პარტიის რეკლამა განთავსებული” - ამბობს ჩიორა თაქთაქიშვილი. ის კოალიცია “ქართული ოცნებისთვის” ყველა ანგარიშის დაყადაღების ფაქტსაც უარყოფს და ამბობს, რომ “ქართულ ოცნებას” რეკლამის განთავსებისთვის საჭირო ფინანსები შემოწირულობის სახით აქვს მიღებული.

ჩიორა თაქთაქშივილის თქმით, საორაგანიზაციო პრობლემების თავიდან აცილების მიზნით შესაბამის კომპანიებს ნაციონალურმა მოძრაობამ “დროზე ადრე მიმართა”.

მაისში კამპანია “ეს შენ გეხებას” ფარგლებში არასამთავრობო და მედიაორგანიზაციებმა საქართველოს პარლამენტს “საარჩევნო კოდექსში” შესატანი საკნონმდებლო წინადადებები წარუდგინეს.

ერთ-ერთი საკითხი წინაასარჩევნო რეკლამას, კერძოდ პოლიტიკური სუბიექტებისთვის გარე რეკლამის თანაბარ ხელმისაწვდომობას ეხებოდა.

ინიციატივაში ყველა ის მექანიზმი იყო გაწერილი, რომელიც ერთი პოლიტიკური სუბიექტის მიერ წინაასარჩევნოდ გარე რეკლამის მონოპოლიზებას გამორიცხავდა. საკანონმდებლო წინადადებაში რეკლამაზე ტარიფების დადგენის წესიც იყო განსაზღვრული.

“პოლიტიკური რეკლამის ტარიფები წინასაარჩევნო პერიოდში საგრძნობლად და შეუსაბამოდ მატულობდა, რის გამოც აუცილებელია დარეგულირდეს, როგორც სატელევიზიო, ისე გარე რეკლამის განთავსების წესები, მათი განაწილების თანასწორობის პრინციპი და ტარიფების სტაბილურობა” - აღნიშნულია საკანონმდებლო წინადადებაში.

“საიას” იურისტის ირმა პავლიაშვილის თქმით, კერძო კომპანიებს სარეკლამო აბრების და თავისუფალი ბილბორდების ადგილმდებარეობის შესახებ იმფორმაცია ცენტრალური საარჩევნო კომისიისთვის უნდა მიეწოდებინათ. ცესკო კი თანაბრობის პრინციპის დაცვით გარე რეკლამას არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას შესთავაზებდა.

“ეს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას უნდა გაეკეთებინა და ჩვენი ინიციატივაც ამას ეხებოდა.” - გვითხრა ირმა პავლიაშვილმა.

ამ საკითხთან დაკავშირებით პარლამენტში რამდენიმე სამუშაო შეხვედრაც გაიმართა. პარლამენტმა „ეს შენ გეხებას“ ინიციატივა გარე რეკლამების რეგულირებასთან დაკავშირებით არ გაითვალისწინა. საკანონმდებლო ინიციატივების განხილვაში ჩიორა თაქთაქიშვილიც მონაწილეობდა, რომელიც დღეს ამბობს, რომ არასამთავრობოებისთვის პრიორიტეტული “მასთქერი” იყო: „ჩვენ ვაპირებდით ამ საკითხის განხილვას. მაგრამ რამდენადაც არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩათვალეს, რომ ეს საკითხები მეორეხარისხოვანი იყო და კონცეტრაცია უნდა გაკეთებულიყო მასთქერიზე, ბუნებრივია საქართველოს პარლამენტმა მთელი ძალისხმევა ამ საკითხის მიმართ მიმართა”

წინასაარჩევნო პერიოდში გარე რეკლამის განთავსებასთან დაკავშირებული საკითები ისევ რეგულაციის მიღმა რჩება. უცნობია გარე რეკლამისთვის გადახდილი ხარჯების მოცულობაც.

რა დაუჯდა “ერთიან ნაციონალურ მოძრაობას” გარე რეკლამის განთავსება, რამდენ ბილბორდზეა მმართველი პარტიის რეკლამა განთავსებული და არჩევნებში მონაწილე სხვა პოლიტიკურ პარტიებმა თუ მიმართეს რეკლამის განთავსებაზე პასუხისმგებელ კომპანიებს - ამ  კითხვებით “ლიბერალმა” ორივე სარეკლამო კომპანიას მიმართა. “აუტდორ.ჯი-ში” ყველა თანამშრომელი შვებულებაში გასული დაგვხვდა, სარეკლამო კომპანია “ელეფანტის” მონიტორინგის სამსახურის უფროსმა კი ინფორმაციას კონფიდენციალური უწოდა და კითხვებზე არ გვიპასუხა.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პრესსსპიკერის ჩიორა თაქთაქიშვილის განმარტებით, რეკლამაში გადახდილი ფინანსების საჯარო კანონით დადგენილ ვადებში გახდება. ჩიორა თაქთაქიშვილი “პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ” კანონს გულისხმობდა, რომელიც არჩევნებში მონაწილე ყველა პოლიტიკურ პარტიას არჩევნების დანიშვნის დღიდან სამ კვირაში ერთხელ სახელმწიფო აუდიტის სამსახურისთვის ფინანსური ანგარიშის წარდგენას ავალდებულებს.

საარჩევნო კამპანია 1 აგვისტოს გამოცხადდა, მას შემდეგ ოთხი კვირა გავიდა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ვებ-გვერდზე კი პარტიების წინასაარჩევნო ფინანსური ანგარიშები ამ დრომდე არ არის განთავსებული. 

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • მედეა გოგსაძე

    რა მოსდით ქართველ მამაკაცებს?... „ჩატეხილი ხიდის“ გენდერული ვერსია

    ფსიქოლოგ ერიკ ბერნის უნივერსალური მოდელის თანახმად, ნებისმიერ ადამიანში ზის „ბავშვი“, „მშობელი“ და „მოზრდილი“. „ბავშვი“ იმპულსური ქცევის წყაროა, „მშობელი“ - რაციონალური საწყისი, რომელიც  „ბავშვს“...

  • თამარ რუხაძე

    მედია, რომელიც...

    ჩვენც ხომ იმავე ოჯახებიდან, სკოლებიდან, უნივერსიტეტებიდან, იმავე განათლების სისტემიდან მოვედით, რომელიც ამ პროფესიისთვის პროფესიონალ კადრებს დღესაც ვერ ზრდის და ჩვენ როგორ გაგვზრდიდა უკეთესებს?...

  • თამარ კარელიძე

    სტიგმა ფასადს მიღმა

    ჩვენ ის საზოგადოება ვართ, რომელიც ერთ ქუჩაზე სხვადასხვა რელიგიური კონფესიის წარმომადგენელთა ტაძრებით ამაყობს და პარალელურად, არამართლმადიდებლებს, ქრისტეს სახელით, ჩასაქოლად დასდევს, ის საზოგადოება,...

მეტი

ამავე ავტორისგან