05.09.2012

“უნივერსიტეტი კრიტიკულ აზრს უნდა ემსახურებოდეს”

სტატიები  (photo: )

ინტერვიუ პროფესორ მარინე ჩიტაშვილთან

ნიშნავენ თუ არა თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში მაღალ აკადემიურ თანამდებობებზე პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით?

ამ კითხვაზე პასუხის გაცემა ძნელია. თუ თქვენ აკადემიურ პერსონალს გულისხმობთ, აკადემიური პერსონალი გადის კონკურს და შესაბამისად, ამ კონკურსის კვალობაზე ირჩევიან. სხვა თემაა, როდესაც შერჩევის დროს აკადემიური თანამდებობის დაკავების საშუალებას უფრო ღირსეულს არ მისცემენ, მაგრამ პოლიტიკური ლოიალობა ამასთან კავშირში არ არის. უნივერსიტეტის პროფესურას თუ გადავხედავთ, ვერ ვიტყვით, რომ იქ პოლიტიკური ლოალობის ნიშნითაა დანიშნული ხალხი.

თუმცა, შერჩევის კრიტერიუმები გამართული არ არის. როდესაც ასისტენტ პროფესორის თანამდებობის დასაკავებლად კრიტერიუმად სწავლების გამოცდილებას ითხოვენ, ეს უნივერსიტეტში ახალი კადრების შემოსვლას უშლის ხელს. იშვიათია, რომ სხვა უნივერსიტეტიდან კვალიფიცირებული კადრები მოვიდნენ, ისევ ძველი კადრები რჩებიან ახალ თანამდებობებზე.

დებულების მიხედვით, საკონკურსო კომისიის ექსპერტულ დასკვნებს გადაწყვეტილების მიღებაზე არანაირი გავლენა არ აქვს. ისინი აძლევენ რეკომენდაციებს და მერე საბჭო ან ამტკიცებს ან - არა. კითხვაზე უნდა გადაიხედოს თუ არა აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად შერჩევის კრიტერიუმები, ჩემი პასუხია ერთმნიშვნელოვნად - დიახ. მაგრამ პოლიტიკური ლოალობის ნიშნით აკადემიური თანამდებობის დაკავების შესახებ არ მსმენია.

შერჩევის კრიტერიუმები ადეკვატური არ არის?

დიახ, სწორედ ამაზე ვსაუბრობდი. კრიტერიუმები, რომლის მიხედვითაც პროფესურას არჩევენ, არ არის ადეკვატური იმისათვის, რომ მაღალი კვალიფიკაციის კადრები მოიზიდო და შეინარჩუნო.

ფიქრობენ თუ არა უნივერსიტეტში შერჩევის კრიტერიუმების გადახედვაზე?

რამდენჯერმე დავაყენე კრიტერიუმების გადამუშავების საკითხი, მაგრამ სერიოზულად არ განხილულა. ფაკულტეტების მიხედვით არ არის გათვალისწინებული სპეციფიკა. თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტში აკადემიური თვალსაზრისით ყველაზე უფრო ძლიერად საბუნებისმეტყველო ფაკულტეტია წარმოდგენილი. ე.წ. იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში ყველაზე მეტი პუბლიკაციები და საერთაშორისო გრანტები მათ აქვთ. როდესაც იწერება, რომ ადამიანს უნდა ჰქონდეს იმპაქტფაქტორიან ჟურნალებში გამოქვეყნებული სტატია ეს აბსოლუტურად არარელევენტურია ჰუმანიტარებისათვის, სოციალური მეცნიერებებისათვის, იურისტებისთვის ეკონომისტებისა და ბიზნესის ფაკულტეტისათვის. ეს არ ნიშნავს, რომ სხვაგან სტანდარტი დავწიოთ. სოციალურ მეცნიერებებში ყველაზე მაღალი იმპაქტფაქტორი გულისხმობს 1.8-ს, მაშინ როდესაც საბუნებისმეტყველოებისათვის - 6.0-ია. თუ მოთხოვნაა, რომ სოციალური მეცნიერების წარმომადგენელის სტატია მაინცდამაინც 6.0. კოეფიციენტის მქონე ჟურნალში დაიბეჭდოს, ასეთი ჟურნალი უბრალოდ არ გვაქვს.

ესტონეთში ყველა დარგში არჩეულია დაახლოებით 100-დან 150-მდე ჟურნალი და აკადემიური თანამდებობის დასაკავებელ კონკურსში ერთ-ერთი კრიტერიუმი ბოლო 5 წლის განმავლობაში ამ ჩამოთვლილი ჟურნალებიდან ერთ-ერთში მაინც გამოქვეყნებული სტატიის ქონაა. ეს იმას ნიშნავს, რომ ყველა დარგისათვის შერჩევის კრიტერიუმი  ადეკვატურია. ჩვენთან არსად არაა ჩამოწერილი ის ჟურნალები, სადაც კარგი იქნებოდა, რომ სტატია გამოქვეყნებულიყო. ესტონეთში ეს კრიტერიუმები აკრედიტაციის ცენტრმა აკადემიურ პერსონალთან ერთად შექმნა.                                                                                                                             

მეორეცაა, ჟურნალში სტატია რომ გამოვაქვეყნო, სამეცნიერო კვლევისთვის დრო უნდა მქონდეს. უნივერიტეტის ანაზღაურების სისტემა მიბმულია საათობრივ დატვირთვაზე, რომლის კვალობაზეც სამეცნიერო საქმიანობისათვის დრო, უბრალოდ,  აღარ გრჩებათ.

რა როლი აქვს უნივერიტეტში გადაწყვეტილების მიღების პროცესში აკადემიურ პერსონალს? ვინ მართავს უნივერსიტეტში პროცესებს? 

გადაწყვეტილებას უნივერსიტეტის ადმინისტრაცია იღებს და არა ლექტორებისა და სტუდენტების ჯგუფი. ადმინისტრაციას ჰგონია, რომ მან რაღაც უნიფორმა უნდა შექმნას, რომელსაც ყველას და ყველაფერს მოარგებს. აკადემიური პერსონალი კი ვალდებულია, დაემორჩილოს. თუ არადა - ეუბნებიან, თავისუფალი არიან სამსახურიდანო. 3-წლიანი კონტრაქტები, რომელიც ახლა 6-მდე გაიზარდა, არ იძლევა იმის საშუალებას, რომ სწავლებასა და კვლევაში ადამიანი თავისუფლად იყოს ჩართული. ასეთ შემთხვევაში პერსონალი დამოკიდებულია იმაზე, განუახლებენ თუ არა კონტრაქტს. აკადემიური პერსონალი ჩაყენებულია ისეთ სიტუაციაში, რომ მიყვეს ფორმალურ მოთხოვნებს და არ იზრუნოს ახალი ცოდნის გენერირებაზე.

რამდენად აქვს ფინანსურად უნივერსიტეტს იმის საშუალება, რომ დამოუკიდებელი იყოს? 

უნივერსიტეტს აქვს იმის შესაძლებლობა, რომ დამოუკიდებელი იყოს. მის განკარგულებაში არსებული ფინანსები უკეთესად რომ გადაალაგოს, თავისუფლად შეეძლება კარგი სასტარტო პირობებით დაახლოებით 5 წელიწადში კვლევისა და სწავლების პროცესი უზრუნველყოს. 

მთავარი არგუმენტი უნივერსიტეტის სისუსტისა და კვლევითი პროცესების არარსებობის გასამართლებლად ფინანსების სიმწირეა. თუ ფინანსური პრობლემა არ დგას, მაშინ რატომ ვერ ხერხდება სიტუაციის გამოსწორება?

ფინანსების არქონა ელემენტარული ტყუილია. ძალიან მარტივ მაგალითს მოვიყვან. კანონში მოცემული დეცენტრალიზაციის პრინციპი ფაკულტეტების მიხედვით არაა განხორციელებული. ეს ნიშნავს იმას, რომ ფაკულტეტს უნდა ჰქონდეს თავისი ბიუჯეტი და თვითონ უნდა განკარგავდეს საკუთარ ბიუჯეტს. ჩვენ გვაქვს  ცენტრალიზებული ბიუჯეტი, პირდაპირ გეუბნებიან, რაში რამდენი დაიხარჯება. 

ფული უნივერსიტეტში სტუდენტებისა და სამეცნიერო გრანტებიდან შემოდის. სამეცნიერო გრანტებს თავი დავანებოთ, სტუდენტების ფული ავიღოთ. დაფარული უნდა იყოს ყველანაირი ხარჯი და პარალელურად, სტუდენტებს უნდა ჰქონდეთ პირობები სწავლისა და სამეცნიერო კვლევის. არსებობს ცენტრალური ადმინისტრაცია, სადაც უნდა წავიდეს ბიუჯეტის გარკვეული ნაწილი, ჩვენ შემთხვევაში ეს დაახლოებით 50 პროცენტამდე იყო. ანუ ცენტრალურ ადმინისტრაციას ფაკულტეტის გენერირებული ბიუჯეტიდან თითქმის ნახევარი თავისთვის მიჰქონდა. თუ მოწესრიგებული მექნება რეგისტრაციის, განაწილების, ბიბლიოთეკის და ა.შ ხარჯები, მართვა არაა პრობლემა.  რა მოსდის დანარჩენ 50%, რაც ფაკულტეტს დარჩა?

დოქტორანტებს, რომლებიც თავისი შემოსავლით არიან (მათი რაოდენობა დავუშვათ 100-ია), ბიუჯეტში შემოაქვთ 50 000  ლარი, მათ გრაფაში 50 000-ის ნაცვლად ხომ უნდა ეწეროს 25 000? სინამდვილეში წერია პირობითად 10 000, სად მიდის დანარჩენი 15 000? მეორეც, ამ 25 000 ლარიდან ან კვლევა უნდა წაახალისო, ან ხელი შეუწყო სწავლებას. რაში მიდის ამდენი ფული? 2005 წლიდან არანაირი ანგარიში დღევანდელ დღემდე არ მინახავს.

უნივერსიტეტში ფინანსების ხარჯვა გამჭირვალე არ არის?

ნამდვილად, გამჭვირვალე არაა ხარჯვა. მაგალითად, ძალიან ბევრი დადის მივლინებაში. ვინ დადის მივლინებაში, რატომ დადის, რა პრინციპით ირჩევიან და რამდენი იხარჯება? ეს არაა ჩვენთვის ცნობილი.

ოფიციალურად პროფესორის ხელფასი 920 ლარია, დანამატით 1150. თუ ორჯერ მეტად შეუძლიათ მუშაობა, მათი შემოსავალი ორმაგდება. ვინ არიან ეს ადამიანები, რა კრიტერიუმებით აირჩნენ? არ ვამბობ, რომ ეჭვი შემაქვს მათში, მაგრამ მაინტერესებს, ვინ აირჩია, სტუდენტებს მოსწონდათ თუ არა, როგორც მასწავლებლები? თუ მათ ამდენს უხდი, მაშინ მეორეს რატომ უხდი ნაკლებს? გარდა ამისა, ჩემთვის სრულიად გაუგებარია კიდევ ერთი პრინციპი: თუ ახლა ვინმეს მოუნდება გადავიდეს ორმაგ სასწავლო პროცესზე, აღმოჩნდება, რომ ადგილები შევსებულია. აქაც ჩნდება კითხვები, რა კონკურსის საფუძველზე შეივსო ადგილები? ჩემი აზრით, აქ საუბარი არაა პოლიტიკურ ლოიალობაზე, არამედ, მთავარი ისაა, რომ უნივერსიტეტი უნდა ემსახურებოდეს კრიტიკულ აზრს და თავისუფალი აზროვნების ხელშეწყობას უნდა ცდილობდეს. პროფესორები, ვინც თვალს ხუჭავენ სხვის დისკრიმინაციაზე, ძალიან საეჭვოა, კრიტიკული აზროვნების მქონენი იყვნენ.

როდესაც უნივერსიტეტის შიდა რეგულაციების რაღაც ნაწილს, ვგულისხმობ თუნდაც აკადემიური პერსონალის შერჩევის კრიტერიუმებს აკრედიტაციის ცენტრი წერს, აყენებს თუ არა ეს უნივერსიტეტის ავტონომიურობას ეჭვქვეს?

სადაა უნივერსიტეტის ავტონომიურობა? ბოლონიის პროცესის პრინციპი უნივერსიტეტის ავტონომიურობის შესახებ საქართველოში რეალურად არსად მუშაობს.  1921 წლიდან უნივერსიტეტს აღარ  უფუნქციონერებია სრულად.იმ სამი წლის ნამუშევარმა დღემდე მოიტანა უნივერსიტეტი.  ერთადერთი, რაც საბუნებისმეტყველო მეცნიერებებშირაც ხდება [კვლევითი სამუშაო], ესაა უნივერსიტეტის იდეა. ვებგვერდზე რომ შეხვიდეთ, ნახავთ, რამდენი ადამიანია წასული საზღვარგარეთ და რა თანამდებობებზე არიან, ისინი ყველანი უნივერსიტეტელები არიან.

ჩვენი ხელისუფლების დაახლოებით 80% თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული. დიდი ბრიტანეთის მთავრობაში 65% ოქსფორდის ბაკალავრიატდამთავრებულია, როცა ხელისუფლება უნივერსიტეტში მოდის და მოაქვს ქვეყნის განვითარების იდეები, ოქსფორდის პროფესურა სვამს კრიტიკულ  შეკითხვებს, ეჭვქვეშ აყენებს მათი გეგმების ადეკვატურობას. არ უნდა იყოს ისე, რომ ხელების ქნევა დაიწყოს მთავრობის წარმომადგენელმა კრიტიკული კითხვების მოსმენისას, ჩვენ ყველანი ქვეყნის განვითარებაზე უნდა ვფიქრობდეთ.

უნივერსიტეტმა ახალი სტატუსი მიიღო, კერძო სამართლის იურიდიულ პირად იქცა, რაც მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს. არც ერთ უნივერსიტეტს, რომელიც ახალი სტატუსი მიიღო, წესდების დოკუმენტი შესაბამისად შეცვლილი არ აქვს. რა აზრი აქვს ამას, თუ უფრო მეტს არ დავითვლით, უფრო მოქნილს არ გავხდით. არაფერი შეცვლილა, გარდა იმისა, რომ შესყიდვები მარტივი გახდა.

ის ფული, რაც უნივერსიტეტში მოდის, ჩვენი ჯიბიდანაა და ანგარიშვალდებულები არიან გვითხრან, სად ხარჯავენ ამ ყველაფერს. იმას არ ვამბობ, რომ თვითონ იდებენ ჯიბეში ფულს, მაგრამ იქნებ არასწორად იხარჯება?

ადმინისტრაციის მაღალ თანამდებობებზე რა პრიციპით ინიშნებიან? 

ადმინისტრაციის პოლიტიკურ ლოიალობას თუ შევეხებით, დიახ, ერთმნიშვნელოვნად ამ ნიშნით ინიშნებიან.

განათლების კანონის პირველი ვარიანტის მიხედვით, რექტორის მოვალეობის შემსრულებელი ორი წლით პრეზიდენტის ბრძანებით ინიშნებოდა. დროებით არჩეულ რექტორს პირველ ჯერზე არჩევნებში მონაწილეობა ვერ უნდა მიეღო, ეს კანონის პირველ ვარიანტში ეწერა. მაგრამ ეს მუხლი უცებ ამოვარდა. შედეგად კი ის მივიღეთ, რომ ყველა პრეზიდენტის დანიშნული დროებითი რექტორი შემდეგ არჩეული რექტორი გახდა. პოლიტიკური ლოალობის პირველი ნიშანი! როცა ამ რექტორებმა 2 ციკლი ჩაამთავრეს, შეიცვალა კანონი და თურმე რექტორს სულ აღარ სჭირდება აკადემიური გამოცდილება. ამ რექტორები ნაცვლად მოვიდნენ სხვები, ისევ დაინიშნა პოლიტიკური ლოიალურობით ნიშნით შერჩეული ხალხი. ამიტომ, თუ თქვენ მეკითხებით, ინიშნება თუ არა პოლიტიკური ლოიალობის ნიშნით ადმინისტრაციაში ადამიანები, პასუხი ერთმნიშვნელოვნად დადებითია. არც ერთი შემთხვევა არ ვიცი, რომ ხელისუფლების მიმართ არალოიალურად განწყობილი რექტორი არსებობს საქართველოში.

როგორ შეაფასებთ ალექსანდრე კვიტაშვილის რექტორობის ორ წელს? აქვს თუ არა მას უნივერსიტეტის განვითარების განსაზღვრული სამოქმედო კონცეფცია? 

კვიტაშვილს, როგორც პიროვნებას დადებითად შევაფასებდი, ადეკვატური და უცხოელებთან და თანამშრომლებთან საკმაოდ კონტაქტურია. შეუძლია კარგი კონტაქტი დაამყაროს სტუდენტებთან და შეინარჩუნოს უნივერსიტეტი, როგორც “წყნარი” ადგილი - ეს მას კარგად გამოსდის. მაგრამ ამ ხნის განმავლობაში არანაირი პრინციპული ცვლილება არ მომხდარა. რაიმე განსაკუთრებული სტარეგიული გეგმა, რომლის მიხედვითაც უნივერსიტეტი უნდა განვითარდეს, მე არ მინახავს. კარგია, რომ კონტაქტები გაიზარდა, ბიბლიოთეკის ფუნქციონირებაც განახლდა უნივერსიტეტში, მაგრამ პროფესურის მიმართ დამოკიდებულება არ შეცვლილა.

შეიმჩნევა თუ არა უნივერსიტეტის გაძლიერებისა და გაუმჯობესების ნიშნები?

ნამდვილად ვერ გეტყვით, რომ ამისაკენ მივდივართ. სრულიად შესაცვლელია უმაღლესი განათლების კანონი. იმდენი ცვლილებაა შეტანილი, რომ აღარ იკითხება. ამის პარალელურად ერთმნიშველოვნად შესაცვლელია აკრედიტაციის სამსახურის დებულება. რამდენიმე აკრედიტაციის სამსახური უნდა იყოს და სახელმწიფოს კრიტერიუმები უნდა ჰქონდეს შემუშავებული. ბალტიისპირეთის ქვეყნებმა გაიარეს ეს უკვე, გაკეთებულია. აქაც უნდა გაკეთდეს.

განათლება არასოდას არ ყოფილა ამ ქვეყანაში პრირიტეტი. ის მხოლოდ დეკლარირებული მიზანი იყო. სწორედ ესაა ჩვენი ქვეყნის ძირითადი პრობლემა.

მეტი

  •  (photo: ) სტატიები

    პიცაგეიტი ათი წლის შემდეგ

    როგორც არსენალის ერთი ფეხბურთელი იგონებს, პიცის ნაჭერი ნელა ჩამოცურდა მისი სახიდან, და მის გადასარევ კოსტუმსა და ჰალსტუხზე სიცილიური ტომატის კვალი დატოვა.

  •  (photo: ) სტატიები

    თუ ონლაინშესყიდვისას მოტყუებული დარჩით

    კონცერტზე შესვლისას ანამ აღმოაჩინა, რომ ბილეთზე მითითებული რიგი და ადგილი საერთოდ არ არსებოდა. თუმცა საიტზე ანამ კონკრეტული რიგის და ადგილის ბილეთები იყიდა. „ბილეთი აუცილებლად უნდა ყოფილიყო უკვე...

  •  (photo: Sopo Aptsiauri) სტატიები

    ქალები სოფლად

    ზამთარი ახლოვდება. სოფლები ნელ-ნელა ჩუმდება. სიცოცხლე სახლებიდან ამომავალი კვამლით იგრძნობა. მოსავალი დაბინავებულია. ქალების ცხოვრებამ სახლებში გადაინაცვლა, მაგრამ მათი ფუსფუსი მაინც არ წყდება....

  •  (photo: ) სტატიები

    ჩვენება

    იქ იჯდა ყოველთვის, ბოლო მერხზე, არა სცილდებოდა იმ ბოლოსა. სულ იმას ვეუბნებოდი, წინ გადმოდი, უფრო კარგად მომისმენ, უკეთესად დაინახავ-მეთქი დაფასა. არ უნდოდა, იქ ერჩივნა თავისთვის მარტო ყოფნა. იჯდა...

ახალი ამბები

მეტი
მეტი

ამავე ავტორისგან