14.09.2012

გენდერული თანასწორობა - ქართული საზოგადოების შეხედულებები

სტატიები  (photo: )
ლელა რეხვიაშვილი

თუ გენდერულ თანასწორობას სასურველ მიზნად ვაღიარებთ, მაშინ უთანასწორობა პრობლემად უნდა ვაღიაროთ. ქართულ საზოგადოებაში შედარებით იშვიათად ვხვდებით ჯგუფებსა და ინდივიდებს, რომელნიც ღიად გამოდიან გენდერული უთანასწორობის დასაცავად. სამაგიეროდ, ხშრად ვხვდებით მოსაზრებას, რომ ჩვენთან გენდერული უთანასწორობა არ არსებობს.

გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით კვლევათა სიმწირე ან არსებულ კვლევათა საჯაროობის შეზღუდულობა  პრობლების იგნორირებას უწყობს ხელს. რამდენიმე კვირის წინ, სოციალურ მეცინერებათა ცენტრმა ჩაატარა კონფერენცია, რომელიც სწორედ გენდერულ საკითხებს ეთმობოდა. კონფერენცია ოთხი ურთიერთშემავსებელი კვლევის შეგედებს განიხილავდა და თვისობრივ და რაოდენობრივ მონაცემებზე  დაყრდნობით, საქართველოში არსებული გენდერული უთანასწორობის კომპლექსურ სურათს წარმოაჩენდა.

მაია ბარქაიას კველევა - „რას ამბობენ ქართველები გენდერულ საკითხებზე“ - ორ დამოუკიდებელ მონაცემთა ბაზას ეყრდნობა: მსოფლიო ღირებულებათა კვლევა (2008); კავკასიის ბარომეტრი (2010). საგულისხმოა, რომ ორივე კვლევა ერთსა და იმავე ტენდენციებს აფიქსირებს და მონაცემთა სანდოობას ადასტურებს.

საზოგადოებრივი შეხედულებები გენდერული როლების შესახებ არაფორმალური ნორმებია, რომლებიც შეიძლება უფრო მეტად განსაზღვრავდეს ინდივიდთა ქცევას, ვიდრე დაწერილი კანონები. ქართული კანონმდებლობა იცვლება და ვითარდება და შეიძლება ითქვას, გაცილებით ნაკლებად დისკრიმინაციულია, ვიდრე არაფორმალური ნორმები. მეორე მხრივ, სახელმწიფო პოლიტიკა იშვიათად ინტერესდება არსებული კანონმდებლობის აღსრულებით ან გენდერული თანასწორობის წახალისებით. შეხედულებებიდან პოლიტიკამდე და პოლიტიკიდან შეხედულებებამდე  ჯადოსნური წრე იკვრება, რომლის გარღვევას არავინ ცდილობს.

კვლევები აჩვენებს, რომ ქართული საზოგადოების უმეტესობის შეხედულებები მკაცრად კონსერვატულია და ქალის როლი საზოგადოებაში, ქალის სექსუალური თავისუფლება მიბმული და გაიგივებულია ოჯახის ცნებასთან. სოციალურ საკითხებში საქართველოს მოსახლეობა შედარებით შემწყნარებელია ქალისა და მამაკაცის თანასწორობის მიმართ; მაგრამ გენდერული თანასწორობა ოჯახის მართვასა და რჩენაში, სექსუალურ ცხოვრებაში რადიკალურად მიუღებელია:

„ის ფაქტი, რომ გამოკითხულთა 72 პროცენტს არ აქვს გენდრულად მიკერძოებული დამოკიდებულება განათლების მიმართ, არ ნიშნავს, რომ მოსახლეობის ეს ნაწილი გენდერულად მგრძნობიარეა. გამოიკვეთა ტენდენცია, რომ იგივე ადამიანების დიდი ნაწილი, რომელთაც პოზიტიური დამოკიდებულება აქვთ განათლებასთან დაკავშირებული კითხვის მიმართ, მიიჩნევს, რომ ოჯახში გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს მამაკაცი, ასევე, მამაკაცი უნდა იყოს ოჯახის მარჩენალი, ქალისთვის ქორწინებამდე სექსი მიუღებელია, ისევე როგორც, მამაკაცთან ქორწინებამდე თანაცხოვრება“.

გენდერული იერარქია განათლებაში, დასაქმებაში და პოლიტიკაში

აღმოჩნდა, რომ გამოკითხულთა უმრავლესობა განათლების უფლების განხილვისას გენდერს მნიშვნელობას არ ანიჭებს. რესპოდენტთა 72-75 პროცენტი არ ეთანხმება განაცხადს „საუნივერსიტეტო განათლება უფრო მნიშვნელოვანია ბიჭისთვის, ვიდრე გოგოსთვის“. ამგვარი შედეგი აშკარად შეგვიძლია განვიხილოთ როგორც საკმაოდ პოზიტიური, რადგან განათლებაზე ხელმისაწვდომობა ქალთა უფლებების რეალიზაციისთვის ალბათ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ფაქტორია. 

სამწუხაროდ, გენდერულად მიუკერძოებელი შეფასებები ქალთა პოლიტიკაში ჩართულობაზე უფრო ნაკლებად ვრცელდება. მოსახლეობის 68 პროცენტი ფიქრობს, რომ მამაკაცები უკეთესი პოლიტიკური ლიდერები არიან, ვიდრე ქალები. გამოკითხულთა 30 პროცენტზე მეტი კი მსგავს შეხედულებას არ იზიარებს. დიდი ნაწილი ასევე ეთანხმება მოსაზრებას, რომ სამუშაო ადგილების შეზღუდულობის პირობაში უპირატესობა მამაკაცთა დასაქმებას უნდა მიენიჭოს. 2008 წლის მონაცემებით 52, ხოლო 2010 წლის მონაცემებით 35 პროცენტი ფიქრობს, რომ სამსახურში მიღებისას უპირატესობა მამაკაცს უნდა მიენიჭოს. 

ოჯახი

სოციალურ სფეროში გენდერულ თანასწორობასთან დაკავშირებით ქართული საზოგადოება ამბივალენტურია, თუმცა, საგრძნობი ნაწილი გმობს იერარქიას განათლებასა და დასაქმებაში;  შედარებით მცირე ნაწილი (30 პროცენტი) კი, პოლიტიკურ ჩართულობასთან დაკავშირებით არსებულ სტერეოტიპებს არ ეთანხმება. იმავე გამოკითხულთა უმეტესობა ერთსულოვანია ოჯახურ ურთიერთობებში იერარქიის შენარჩუნებასთან დაკავშირებით.

ოჯახის რჩენასა და მართვაში ქალის თანაბარუფლებიანობის აღიარება დიდი უმრავლესობით იგმობა. რესპოდენტთა 82 პროცენტს მიაჩნია, რომ ოჯახის მთავარი მარჩენალი კაცი უნდა იყოს, ხოლო 63 პროცენტი ფიქრობს,  რომ ოჯახში გადაწყვეტილებებს კაცი უნდა იღებდეს. უმრავლესობითვის მამაკაცი ოჯახის მთავრი მარჩენალია, თუმცა, იგივე რესპოდენტები ხედავენ, რომ არსებული რეალობა სასურველისგან საკმაოდ განსხვავდება და აფიქსირებენ,  რომ ოჯახში მარჩენალი ხშირად ქალია. 39 პროცენტი საქართველოს ოჯახების უმეტესობის მარჩენლად ქალს ასახელებს, ხოლო 36 პროცენტი კი - კაცს.

სამწუხაროდ, როგორც იკვეთება, ოჯახში გენდერული თანასწორობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ძირითადად უცხო და მიუღებელია. ვითარება კიდევ უფრო სავალალოა, როდესაც ახალშობილთა სქესს განვიხილავთ. გამოკითხულთა 49 პროცენტს მიაჩნია, რომ თუ ოჯახში ერთი შვილია, სჯობს ბიჭი იყოს; მხოლოდ 9 პროცენტი ამჯობინებს გოგოს, 44 პროცენტისათვის ბავშვის სქესს მნიშვნელობა არა აქვს. ამ კითხვის საფუძველზე ცალსახა და შეიძლება ითქვას, საშიში სექსისტური დისკრიმინაციის ტენდენცია ვლინდება.

სექსუალური ქცევა

ქართული მოსახლეობის შეფასება ყველაზე მკაცრი და რადიკალური ქალის სექსუალობასთან დაკავშირებითაა. გამოკითხულთა 56 პროცენტისათვის ქალისთვის მშობლებისგან ცალკე ცხოვრება ქორწინებამდე არც ერთ ასაკში არ არის მისაღები; 80 პროცენტისათვის  ქორწინებამდე სქესობრივი ურთიერთობის დამყარება ნებისმიერ ასაკში მიუღებელია; მამაკაცთან თანაცხოვრება ქორწინების გარეშე 72 პროცენტისათვის არც ერთ ასაკში არ არის მისაღები. გარდა იმისა, რომ ქალის სექსუალობა მიჯაჭვული და გაიგივებულია ქორწინებასა და ოჯახთან, საზოგადოება ასევე მკაცრად განსაზღვრავს ქორწინებისთვის შესაბამის ასაკს. გამოკითხულთა 92 პროცენტი თვლის, რომ ქალისთვის გათხოვება 18-25 წლიდანაა მისაღები და მხოლოდ 2 პროცენტი ფიქრობს, რომ გათხოვება 26 წლის შემდეგ შეიძლება.

ასაკი, გენდერი და შეხედულებები თანასწორობაზე

აღსანიშნავია, რომ რიგ საკითხებში ქალები მამაკაცებთან შედარებით ნაკლებად არიან მიდრეკილნი დაემორჩილონ პატრიარქალურ ნორმებს. სოციალურ საკითხებთან დაკავშირებით, როგორიცაა განათლება, დასაქმება, პოლიტიკაში ჩართულობა, ქალი რესპონდენტები მამაკაცებთან შედარებით უფრო მეტად უჭერენ მხარს თანასწორობას. მაგრამ როდესაც საქმე სექსუალობასა და ქალის როლს ეხება, გამოკითხული ქალები და მამაკაცები თანაბრად იზიარებენ კონსერვატულ შეხედულებებს.

გენდერთან დაკავშრებული შეხედულებები განსხვავდება ასაკობრივი ჯგუფის მიხედვითაც. სამწუხარო ფაქტია, რომ რიგ საკითხებში ახალგაზრდები (18-35 წელი) უფროსი თაობების (56 წელს ზემოთ) კონსერვატულ შეხედულებებს იზიარებენ, მაშინ როდესაც საშუალო ასაკის (36-55) წლის მოქალაქეები მეტად უჭერენ მხარს თანასწორობას. მაგალითად, 36-55 წლის რესპოდენტებისთვის უფრო ნაკლებად აქვს მნიშვნელობა ახალდაბადებული ბავშვის სქესს, ვიდრე დანარჩენი ორი ასაკობრივი ჯგუფისთვის. ქალისთვის მშობლებისგან ცალკე ცხოვრებას კი ახალგაზრდები ბევრად უფრო მეტად მიესალმებიან, ვიდრე სხვა ასაკობრივი ჯგუფების წარმომადგენლები. 

დასკვნის მაგიერ

გარდა იმისა, რომ კვლევის შედეგები ცალსახად ააშკარავებს საქართველოში პარტიარქალური ღირებულებების დომინანტობას, ასევე რამდენიმე დასკვნის გაკეთების საშუალებასაც გვაძლევს.

საზოგადოებრივი შეხედულებები გენდერულ თანასწორობაზე ორმაგ სტანდარტებს ეყრდნობა. სოციალური თანასწორობა მისაღებია, ხოლო ოჯახური და სექსუალური თანასწორობა - მკაცრად დაგმობილი. ქალს შეუძლია ისწავლოს, მაგრამ არ შეუძლია თანაბარი როლი შეასრულოს ოჯახის რჩენასა და მართვაში, არ შეუძლია თავად განსაზღვროს სექსუალური ცხოვრების ნორმები, თუ დაოჯახებისთვის სასურველი ასაკი.

მეტიც, მყარად პარტრიარქალური შეხედულებები აშკარად დაშორებულია რეალობას, რაც პრობლემებს კიდევ უფრო ამწვავებს. ქართული საზოგადოება დიდი ხანია აღარ ფუნქციონირებს „რჩეული“ იდეალების შესაბამისად: ქართულ ოჯახებში მამაკაცები მთავარი მარჩენლები ხშირად აღარ არიან, და არც ქართველ ქალთა 80 პროცენტია 25 წლამდე გათხოვების მსურველი.

სტერეოტიპულ გენდერულ როლებთან მორგება ხშირად ფარისევლობის ხარჯზე ხდება და ქალის მდგომარეობას ამძიმებს. სექსუალურ ქცევაზე მკაცრი საზოგადოებრივი ცენზურა კი სხვადასხვა სახის ანომალიებს იწვევს. ერთ-ერთი ასეთი ანომალია ადრეულ ასაკში ქორწინება, და შესაბამისად, დანგრეული ოჯახების რაოდენობის ზრდაა. სინამდვილეში, ტრადიციული ღირებულებების და  ოჯახის (როგორც საზოგადოებრივი მოწყობის დომინანტური ფორმის) დაცვის სახელით ხორციელდება ზეწოლა, რომელიც იმავე ღირებულებებს უთხრის ძირს - ოჯახი, რომელიც მხოლოდ იმიტომ იქმნება, რომ ახალგაზრდა წყვილს თანაცხოვრების სხვა შესაძლებლობა არ გააჩნია, ხშირად მოკლებულია მყარ საფუძვლებს და პასუხისმგებლობათა გააზრებას; ასევე, ოჯახი, რომლის „არ დანგრევის“ მიზეზი მხოლოდ მშობლების, ან, ზოგჯერ,  მეზობლების განკითხვის შიშია, არ შეიძლება ჰარმონიულად ფუნქციონირებდეს.

კვლევიდან ჩანს, რომ ქართული საზოგადოებისთვის ყველაზე უფრო მტკივნეული საკითხი ქალის სექსუალური თავისუფლებაა. სექსუალური ცხოვრების მარეგულირებელი არსებული ნორმები რეალობას ვეღარ აკონტროლებს, შესაბამისად -სექსუალობის თემა ტაბუდადებულ, დალუქულ სფეროდ რჩება, თუმცა, პრაქტიკაში ყოველდღიურად ირღვევა. შეხედულებების გახლეჩვა ინდივიდისგან მუდმივ დამალვასა და თამაშს მოითხოვს, რაც  არ შეიძლება ჯანსაღი იყოს მთლიანად საზოგადოების, ან ინდივიდებისათვის.

“ქალიშვილობის” თემა მშობლებს ისეთი დანაშაულის გამართლებისკენ უბიძგებს, როგორიცაა მოტაცებული ქალიშვილის მომტაცებლის, ანუ სექსუალური მოძალადის, ხელში დატოვება, ანუ „შვილის მითხოვება“. დღეს 90-იან წლებში ფართოდ გავრცელებული მოტაცების პრაქტიკა თითქოს შენელებულია, თუმცა სავარაუდოდ, რეგიონებში კვლავ პრობლემად რჩება. მიუხედავად იმისა, რომ ეს  პრაქტიკა ჩვევიდან ან მოდიდან „გადადის“, საზოგადოებას იგი საჯაროდ დიდად არ განუხილავს და მისი არაადამიანური, დანაშაულებრივი ხასიათი იმავე სიმკაცრით არასოდეს დაუგმია, რა სიმკაცრითაც „ქალიშვილობას“ იცავს.

პარტრიარქალური ღირებულებების ყველაზე ამორალური გამოვლინება ბავშვის სქესთან დაკავშირებული შეხედულებებია. საზოგადოება, რომლის 50 პროცენტი ამჯობინებს „ბიჭის ყოლას ოჯახში“, კარგად ამჟღავნებს, თუ რამხელა მნიშვნელობა ენიჭება სქესს და რამდენად უფრო ღირებულია ერთი სქესი მეორესთან შედარებით. ეს დამოკიდებულება სელექციურ აბორტებს იწვევს, რაც დემოგრაფიული განვითარებისთვის ძალიან სახიფათოა.

უთანასწორობა პრობლემაა როგორც პრივილეგირებულთა, ასევე დისკრიმინაციის ქვეშ მყოფთათვის. პირველ ეტაპზე ჩვენი შეხედულებების სიმცდარე უნდა ვაღიაროთ, შემდეგ - პრაქტიკის პერვერსიულობა, რაც დაგვაყენებს მთავარი კითხვის წინაშე - როგორ გადავჭრათ გენდერული უთანასწორობის პრობლემა ქართულ გარემოში?

 

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • ზურაბ ვარდიაშვილი

    ეს უკვე სასაცილო აღარ არის

    მაგრამ, როდესაც შესაბამისი ფაქტები და მოვლენები საგულდაგულოდ დავსერჩე, თანამიმდევრულად დავალაგე და გავაანალიზე (უკაცრავად, ჩავაანალიზე) ჰოი ბიჭო, თავდაპირველი განწყობის შენარჩუნებას სულაც არ...

  • გური სულთანიშვილი

    ნეიტრალური პოზიცია

    განვიხილოთ ჟურნალისტური ე.წ. მიუკერძოებელი, ობიექტური საქმიანობა, რომელსაც ნეიტრალური პოზიცია აქვს. ეს ნიშნავს, რომ იგი სიცრუესა და ჭეშმარიტებას შორის დგას და ორივეს ერთნაირი ეთიკური წონით აშუქებს....

  • ანა დოლიძე

    იანგული ისევ დაბრუნდა

    ქართული ზაფხული კამიუს ალჟირული ზაფხულივით მესამე მსოფლიოს ზაფხულია. მესამე მსოფლიოს ერთ-ერთი მახასიათებელი ხომ ადამიანის ფიზიკური უსაფრთხოების დაუცველობა და ტრაგიკული სიკვდილის ყოველდღიურობაა.

მეტი

ამავე ავტორისგან