18.01.2013

აზარტული თამაშები - რეალური საფრთხე საზოგადოებისთვის

სტატიები  (photo: )
ზვიად ომიაძე

აზარტული თამაშების სლოტ-კლუბების და კაზინოების პოპულარიზაცია-რეკლამირება მასმედიის  და სხვა საშუალებით ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს, რის გამოც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება აზარტულ თამაშებში.

გემბლინგი - აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულება -  21 საუკუნის ერთ-ერთი სენია, რომელიც თავისი მასშტაბითა და საზოგადოებისთვის ზიანის მიყენების დონით ნარკომანიას არაფრით ჩამოუვარდება. გემბლინგს  ნარკომანიის კლასიკური გამოვლინებები ახასიათებს - კერძოდ ფიზიკური და ფსიქოლოგიური დამოკიდებულება, რაც აზარტული თამაშების მიმართ ავადმყოფურ ლტოლვას იწვევს. 

აზარტულ თამაშზე დამოკიდებულებას ბევრი უბედურება მოაქვს, მათ შორის ქონების დაკარგვა, ოჯახის დანგრევა, სუიციდი. ისტორია, რომელიც მარიკამ მოგვითხრო თავისი სიმძიმითა და მკაცრი რეალობით ნათლად გვაჩვენებს, თუ რა უბედურების მომტანია თამაშზე დამოკიდებულება როგორც მოთამაშესთვის, ასევე მის ოჯახის წევრებისთვის.

* * *

მარიკა ოჯახური ცხოვრების პირველ წლებში დიდ  ყურადღებას არ აქცევდა მეუღლის ნაკლოვანებებს. გარდა ამისა, მისი მეუღლე დასაქმებული იყო და ჰქონდა სტაბილური შემოსავალი. თვითონაც მუშაობდა, ოჯახს ასევე ეხმარებოდნენ მეუღლეს მშობლები და საზღვარგარეთ მყოფი და. ერთი სიტყვით ფინანსური პრობლემები მათ არასდროს არ ჰქონიათ. გარკვეული დროის შემდეგ მარიკა ამჩნევდა, რომ მეუღლის შეიცვალა, რაც აღმოჩნდა, რომ აზარტულ თამაშებზე დამოკიდებულებისგან იყო გამოწვეული. ეს ყველაფერი გაცილებით ადრე დაწყებულა, მაგრამ უმალავდნენ. გარკვეული დროის შემდეგ ამ ყველაფერმა უკონტროლო სახე მიიღოო, სახლიდან რამდენჯერმე გაქრა ოჯახის დანაზოგი და ძვირფასეულობები, მეუღლეს მშობლებმა გაყიდეს სახლი, რათა ვაჟის ვალები გაესტუმრებინათ. ამის შემდეგ მარიკასთვის ყველაფერი ნათელი გახდა.


რამდენიმე წლის მარიკას შვიდი წლის ბავშვი დაეღუპა. ისედაც დამძიმებული და აუტანელი მდგომარეობა მისმა მეუღლემ უაღრესად გაამძაფრა. სამძიმრის საღამოებში იგი სახლიდან მიდიოდა და კარგახანს არ ბრუნდებოდა, როგორც შემდეგ გაირკვა, სამორინეში დადიოდა და ფული, რომელიც ახლობლებმა დასაფლავების ხარჯებისათვის შეუგროვეს მთლიანად წააგო.


”ამ ამბის შემდეგ სრული სიცარიელე ვიგრძენი იმ ადამიანის მიმართ, რომელიც ასე ძალიან მიყვარდა, ის ჩემთვის არავინ და არაფერი გახდა. საბედნიეროდ მქონდა სახლი რომელიც მშობლებმა დამიტოვეს. მოვკიდე ჩემს მეორე შვილს ხელი და ცალკე გადავედი” - ამბობს მარიკა. მეუღლეს ბევრჯერ ჰქონია შერიგების მცდელობა, თუმცა უშედეგოდ, ის მაინც არ ანებებდა თამაშს თავს და უფრო იმძიმებდა მდგომარეობას, ბოლოს საქმე იქამდე მივიდა, რომ საკუთარმა დამაც, რომელიც ყოველთვის ეხმარებოდა მატერიალურად, მასზე უარი განაცხადა და ურთიერთობა გაწყვიტა. მარიკას მეუღლემ თავი ჩამოიხრჩო.

 

* * *

ეს არის ერთ-ერთი იმ უამრავი შემთხვევიდან, რომელიც საქართველოში ბოლო ათწლეულის მანძილზე ხდება, და რის გამოც ბევრი ოჯახი უკეთეს შემთხვევაში ინგრევა, ხოლო  უარეს  შემთხვევაში ლეტალურად მთავდება.

აზარტული თამაშების სლოტ-კლუბების და კაზინოების პოპულარიზაცია-რეკლამირება მასმედიის  და სხვა საშუალებით ბოლო წლების განმავლობაში აქტიურად მიმდინარეობს,, რის გამოც სულ უფრო და უფრო მეტი ადამიანი ერთვება აზარტულ თამაშებში (თბილისში, თუ არ ჩავთვლით სლოტ კლუბებს და ინტერნეტ კაზინოებს, სულ სამი  კაზინოა, კაზინოები არის სიღნაღში და ქუთაისში, აგრეთვე - აჭარაშიც), ასევე გაიზარდა იმ ქალების რიცხვიც, რომლებიც დამოკიდებულნი არიან აზარტულ თამაშებზე.

ორგანიზაცია ”გემბლინგის კვლევისა და მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრი” აქტიურად თანამშრომლობს ”ქალთა საინფორმაციო ცენტრთან”, რომლის ერთ-ერთი მიმართულება ოჯახში ძალადობის პრევენცია და შესწავლაა.

ოჯახში ძალადობის კვლევისა და გემბლინგის მსხვერპლთა მონიტორინგის შედეგად შეგვიძლია გამოვყოთ ქალთა სამი კატეგორია, რომლებიც ძირითადად არიან აზარტულ თამაშზე დამოკიდებულების უშუალო მსხვერპლნი: 

პირველი - ქალი, რომლის მეუღლეც არის თამაშდამოკიდებული. ამ შემთხვევაში ხშირია მეუღლისგან ოჯახში ძალადობის ფაქტები, - როგორც ფსიქოლოგიური ისე ფიზიკური და ეკონომიკური. რიგ შემთხვევებში კაცი, რომელიც წაგებული გამოდის სამორინედან, თუ სხვა სათამაშო დაწესებულებიდან არის ძლიერი აგრესიის წყარო, რომელსაც ძალიან ხშირად მიმართავს მეუღლისაკენ, რის  შედეგადც ხშირია ოჯახში ძალადობის ფაქტები. ასევე ძალზე ხშირია მეუღლისგან ქალზე ეკონომიკური ძალადობა. კერძოდ - როდესაც თამაშდამოკიდებული კაცი ამოწურავს საკუთარ მატერიალურ რესურს, ის იწყებს  მეუღლის პირადი სამკაულებისა თუ ძვირფასეულობების დაგირავებას ან ფარულად გაყიდვას. სამწუხაროდ, ქალების უმეტესობა საწყის ეტაპზე ამ ფაქტს ეგუება, რასაც შემდგომში უფრო მძიმე შედეგები მოჰყვება. ასევე არის ფაქტები, როდესაც მეუღლე აიძულებს ქალს ისესხოს ფული ახლობლისგან, თუ საკრედიტო ორგანიზაციისგან. შემდგომ კი აღნიშნულ სესხზე პასუხისმგებლობას მთლიანად ქალს აკისრებს. ყოველივე ზემოთხსენებულიდან გამომდინარე ხშირია ოჯახის დანგრევის ფაქტები.

მეორე - ქალი, რომლის შვილიც არის თამაშდამოკიდებული. ამ შემთხვევაში დიდ როლს თამაშობს ქალში დედის ინსტიქტი. ის ყველანარირი საშუალებითა და ხერხით ცდილობს საკუთარი შვილის მატერიალური, თუ ფსიქოლოგიური პრობლემის დაძლევას.  ძალზე ხშირია შემთხვევები, როდესაც თამაშდამოკიდებული შვილის მშობლები ყიდიან ყველაფერს, უძრავ თუ მოძრავ ქონებას, რათა გაისტუმრონ შვილის მიერ დაგროვილი ვალები და საბოლოოდ ღია ცის ქვეშ რჩებიან.

და მესამე - ქალი რომელიც თვითონ არის თამაშდამოკიდებული. ის უდიდეს მატერიალურ და ფსიქოლოგიურ ზიანს აყენებს საკუთარ თავს და ოჯახის წევრებს, მეუღლეს, შვილებს, მშობლებსა თუ ახლობლებს. ხშირია შემთხვევები, როდესაც  ფეხმძიმე ქალები ხდებიან თამაშდამოკიდებულები. ისინი საკუთარი თავის გარდა ძლიერი სტრესისა და დაძაბულობის ქვეშ ამოფებენ თავიანთ ნაყოფს, რაც სამომავლოდ შეიძლება უარყოფითად აისახოს ბავშვის განვითარებაზე და პიროვნულ ჩამოყალიბებაზე.

ხელისუფლებაში ახლად მოსული პოლიტიკური ძალისგან შეინიშნება გარკვეული სიგნალები, რომლებიც გულისხმობს არსებულ უკონტროლო სათამაშო ბიზნესზე გარკვეულ კონტროლსა და შეზღუდვების დაწესებას. იმის გათვალისწინებით რომ აზარტული თამაშების ბიზნესი მჭიდროდ არის დაკავშირებული ტურიზმთან და შესაბამისად, სახელმწიფო ბიუჯეტთან, ძნელი წარმოსადგენია მოხდეს მათი აკრძალვა, თუმცა, შესაძლებელია მთავრობისა და საზოგადოებრივი ორგანიზაციების მჭიდრო თანამშრომლობის შედეგად გარკვეული ნაბიჯების გადადგმა, რათა დავიცვათ ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობა აზარტომანიისაგან. შეიძლება პოლონეთის მაგალითის გათვალისწინებაც - პოლონეთის მთავრობამ მიიღო კანონი, რომლითაც ინტერნეტ გემბლინგი ქვეყანაში აიკრძალა, როგორც ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და უკონტროლო საშუალება, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნის მოქალაქეებს.  

საჭიროა, დაუყოვნებლივ გადაიდგას ნაბიჯები, რომელიც მიმართული იქნება საზოგადოების ინფორმირებისა და თამაშზე დამოკიდებულების პრევენციისაკენ. ასევე საკანონმდებლო დონეზე უნდა შეიზღუდოს ან აიკრძალოს სათამაშო დაწესებულებების და ინტერნეტ პოკერრუმების რეკლამირება, რათა საზოგადოებაში ჩამოყალიბდეს აზრი, რომ აზარტული თამაში არ არის გართობა ან ფულის შოვნის ადვილი გზა, რომ მას მძიმე და დამღუპველი შედეგი მოაქვს პიროვნებისთვის, მისი ოჯახისთვის და ქვეყნისთვის.

 

სტატია მომზადდა პროექტის „გაძლიერებული ქალები საჯარო ცხოვრებისათვის“ ფარგლებში, რომელიც დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ის საელჩოს დემოკრატიის გავითარების მცირე საგრანტო პროგრამის მიერ. სტატიაში გამოხატული მოსაზრებები და შეხედულებები არ წარმოადგენს აშშ-ის საელჩოს ოფიციალურ პოზიციას. 

 

მეტი

  •  (photo: ) სტატიები

    დაივიწყეთ ვენეცია!

    ვენეციის წლევანდელი ბიენალეს თემაა არქიტექტურა, რომლის სექცია პირველად 1980 წელს ჩამოყალიბდა. ურბანული არქიტექტურის განვითარება და ტენდენციების წარმოჩენა ჩვენთვის მაინც მიუღწეველი აღმოჩნდა –...

  •  (photo: ) სტატიები

    ფოქსტროტი თოვლზე

    "რეცენზია" "მელია-ტულეფია: FOX-trot"-ის ავტორს რომანის დასაწყისში აღწერილი ნაყოფიერების არქაული რიტუალის გამო არაერთ "ბოროტებასა" და "უმსგავსობაში" ამხელს და მკითხველს რიტორიკულ კითხვასაც უსვამს,...

  •                                 (photo: ) სტატიები

    მაპი არ ნიშნავს, რომ ალიანსი საქართველოს რომელიმე ნაწილს დაიცავს

    ინტერვიუ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში NATO-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელთან, ჯეიმს აპატურაისთან.

  •  (photo: ) თვალსაზრისი

    ოქროს საწმისის მცველები

    ბოლო პერიოდში მედიასაშუალებები აქტიურად აშუქებენ ბოლნისის  ტერიტორიაზე მდებარე საყდრისი-ყაჩაღიანის ბორცვზე  ქართველი და გერმანელი მეცნიერების მიერ გამოვლენილი და შესწავლილი პრეისტორიული ხანის...

ახალი ამბები

მეტი
მეტი