27.02.2013

კონფლიქტი თსუ-ს პროფესორებსა და საკონკურსო კომისიას შორის

სტატიები  (photo: )

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე აკადემიური თანამდებობის დასაკავებლად გამოცხადებული კონკურსი  9 თებერვლიდან 22 თებერვლის ჩათვლით მიმდინარეობდა.

კონკურსის შედეგების გამოცხადებიდან რამდენიმე დღეში, მასში მონაწილე პროფესორებმა, რომლებმაც კონკურსის ეტაპები ვერ გადალახეს,  უნივერსიტეტის რექტორს, ალექსანდრე კვიტაშვილს, განცხადებით მიმართეს.

განცხადებაში საუბარია, კომისიის თავმჯდომარისა და მისი წევრების მიერ არაობიექტურ და უსამართლო ქმედებებზე, რის გამოც, პროფესორებმა რექტორს სთხოვეს, რომ აკადემიურ საბჭოს არ დაემტკიცებინა საკონკურსო კომისიის გადაწყვეტილება.

„კონკურსში მონაწილე პროფესორები აღშფოთებული ვართ კომისიის თავმჯდომარის, მაია მარგველაშვილის, და კომისიის ზოგიერთი წევრის მიზანდასახული დანაშაულებრივი ქმედებებით. აშკარად გამოხატულია უსამართლობა, მიკერძოებისა და სრული განუკითხაობის ფაქტები“- წერია განცხადებაში და პუნქტობრივადაა ჩამოთვლილი ის პროცედურული დარღვევები, რასაც, პროფესორების აზრით, კონკურსის განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

კერძოდ,  საუბარია, საკონკურსო კომისიის შემადგენლობაზე, რომელიც, კონკურსის მონაწილეების თქმით,  დაკომპლექტებული არ იყო  ყველა საკონკურსო პოზიციაზე შესაბამისი დარგის სპეციალისტებით.

მაგალითად, საერთაშორისო ბიზნესის კათედრიდან მონაწილეობდა კათედრის გამგე, სრული პროფესორი თეიმურაზ შენგელია და იაშა მესხია, ხოლო მარკეტინგისა და ინფორმატიკის მიმართულებით შესაბამისი დარგის სპეციალისტები არ მონაწილეობდნენ: „მესხია კონკურსანტებს მარკეტინგის, საერთაშორისო ბიზნესის, სტატისტიკის, ინფორმატიკის და სხვა საკონკურსო პოზიციებზეც აფასებდა, რაც  უხეშ დარღვევად მიგვაჩნია“, - აღნიშნავენ პროფესორები.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, კომისია დაკომპლექტებული უნდა იყოს შესაბამისი დარგის სპეციალისტებითა და ექსპერტებით. 

განცხადებაში ასევე წერია, რომ კომისიის ერთ-ერთი წევრი, მარკეტინგის სრული პროფესორი  ნუგზარ თოდუა, თავმჯდომარე მაია მარგველაშვილმა იმის გამო მოხსნა, რომ ის თოდუამ კონკურსანტ ნანა კაციტაძის მიმართ განსაკუთრებულ ლობირებაში დაადანაშაულა.

თსუ-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ნუგზარ თოდუას კონკურსიდან მოხსნა ინტერესთა კონფლიქტის გამო მოხდა, რადგან კონკურსში მისი მეუღლე მონაწილეობდა.

გარდა ამისა, პროფესორების განცხადებით, იურისტი ვასილ ბარამიძე, რომელიც  პროცედურული დარღვევებისა და არასამართლიანობის აღკვეთის მიზნით მონაწილეობდა კომისიაში, პარალელურად ხმის უფლებითაც სარგებლობდა: „მიგვაჩნია, რომ მის ხმას საკმაოდ „ეფექტიანად“ გამოიყენებდნენ დაინტერესებული კომისიის თავმჯდომარე და ზოგიერთი კომისიის წევრი „სასურველი“ კონკურსანტების მხარდასაჭერად“,- აღნიშნავენ განცხადების ავტორები.

პროფესორები ასევე გასაუბრების დროს გამოვლენილ ხარვეზებზეც საუბრობენ, მათი თქმით, მაია მარგველაშვილი, კომისიის წევრი იაშა მესხია და კომისიის მდივანი მათ  ბუნდოვან და დაუზუსტებელ შეკითხებს უსვამდნენ.

 „გასაუბრების დროს მაია მარგველაშვილმა ბოლომდე საუბარიც არ მაცადა, როგორც კი ჩემს სამეცნიერო კონცეფციაზე დავიწყე ლაპარაკი, გამაჩერა და მითხრა, რომ ჩემ მიერ მიტანილი 3 სილაბუსიდან, 2-ში ლიტერატურა ერთმანეთს ემთხვეოდა. არადა, შემიძლია დავამტკიცო, რომ ეს ცრუ ბრალდებაა“, - აღნიშნავს თსუ-ს სრული პროფესორი ლალი ხიხაძე „ლიბერალთან“ საუბრისას.

განცხადებაში ასევე საუბარია, რომ ლალი ხიხაძესა და კომისიის წევრს, იაშა მესხიას შორის ინტერესთა კონფლიქტი არსებობდა, რის შესახებაც ხიხაძემ უნივერსიტეტის რექტორს კონკურსის დაწყებისთანავე აცნობა.

„იაშა მესხიას მიმართ უამრავი პრეტენზია მქონდა, რის შესახებაც ალექსანდრე კვიტაშვილმა კარგად იცოდა.

2012 წელს  რექტორთან შრომითი ვალდებულებების დარღვევაში ვამხილე და, შესაბამისად,  ეჭვი მიჩნდება, რომ მესხიას კომისიაში დანიშვნა, ჩემთვის ანგარიშსწორების მიზნით მოხდა“,- ამბობს ლალი ხიხაძე.

აღსანიშნავია, რომ კომისიის დაკომპლექტებისას,  კომისიის წევრებსა და კონკურსანტებს შორის ინტერესთა კონფლიქტის არსებობა დაუშვებელია. გარდა ამისა, განცხადებაში წერია, რომ  შემაჯამებელ ოქმს ხელს არ აწერს კომისიის 2 წევრი: სრული პროფესორი სიმონ გელაშვილი და  თემურ შენგელია. საკონკურსო კომისიის მუშაობის წესის 22–ე პუნქტის მიხედვით კი აკადემიური საბჭოს დასამტკიცებლად შემაჯამებელ ოქმს ხელს უნდა აწერდეს კომისიის ყველა წევრი. ალექსანდრე კვიტაშვილმა აღნიშნული განცხადება წაიკითხა, თუმცა კონკურსის შედეგები მაინც დადებითად შეაფასა.

„ლიბერალი“ კონკურსში დამარცხებულ რამდენიმე პროფესორს გაესაუბრა. ლამარა ბერიძე თბილისის ეკონომიკურ ურთიერთობათა სახელმწიფო უნივერსიტეტში(თეუსუ) მისი დაარსების დღიდან კათედრის გამგედ მუშაობდა. როდესაც მთავრობის დადგენილებით თეუსუ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს შეუერთდა, ლექტორებს განუცხადეს, რომ ზაფხულში კონკურსი ჩატარდებოდა და მათ საფრთხე არ ემუქრებოდათ.

თუმცა, კვიტაშვილის რექტორად დანიშვნის შემდეგ, ლამარა ბერიძეს ასოცირებული პროფესორის  სტატუსი შეუწყდა და უნივერსიტეტში ლექციების მხოლოდ რამდენიმე საათი დაუტოვეს. „დავკარგე სტატუსი, საგრძნობლად შემიმცირდა ხელფასი,  იქამდე 2000-2500 ლარს ვიღებდი, საათობრივად კი 750 ლარი მქონდა. სწორედ ამიტომ, ჩემი ხელმძღვანელობით, 100-კაციანი ხელმოწერები შევაგროვე, კონკურსის გამოცხადებამდე სტატუსისა და ხელფასის შენარჩუნების მოთხოვნით, თუმცა რექტორის მხრიდან ამას რეაგირება არ მოჰყოლია. მეტიც, მეორე სემესტრიდან გამოგვიცხადეს, რომ ჩვენ მიმართ ვალდებულება მხოლოდ ერთი სემეტრი ჰქონდათ აღებული და საათების მოცემაზეც უარს მეუბნებოდნენ“,- ამბობს ბერიძე, რომელსაც კონფლიქტი ჰქონდა ასევე თსუ-ს ეკონომიკის და ბიზნესის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე გიორგი ღაღანიძესთან. ბერიძე მას საგანმანათლებლო პროგრამის მითვისებაში ადანაშაულებს და პროკურატურაში უჩივის.

„დარწმუნებული ვარ, რომ სანდრო კვიტაშვილის დავალებით ისეთი კომისია შეიქმნა,  რომ გარანტირებული ყოფილიყო ჩემი დამარცხება. ეს არის დევნა, რექტორისა და ღაღანიძის მხრიდან“- ამბობს ბერიძე და აპირებს, რომ კონკურსის შედეგები პროკურატურაში გაასაჩივროს.

შედეგების გასაჩივრებას აპირებს კონკურსის კიდევ ერთი მონაწილე გაგა გაბრიჩიძე, რომელიც კონკურსს პირველივე ეტაპზე გამოეთიშა.

„კომისიის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას პირდაპირ კავშირშია კომისიის წევრ ლევან ალექსიძის ჩემ მიმართ უარყოფითი დამოკიდებულება.  მიმაჩნია, რომ გადაწყვეტილება არის თვითნებური ხასიათის და სამართლიანი კონკურენციის პრინციპი არის სრულიად იგნორირებული. კონკურსის შედეგებს აუცილებლად გავასაჩივრებ,“- აღნიშნა „ლიბერალთან“ საუბრისას გაბრიჩიძემ.

“ლიბერალმა“ კონკრეტული შეკითხვებით უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტს მიმართა. მაგალითად, ჰქონდა თუ არა იურისტ ვასილ ბარამიძეს ხმის მიცემის უფლება, თუმცა რადგან ალექსანდრე კვიტაშვილი ამ დროისთვის საქართველოში არ იმყოფება, კომისიის ახსნა-განმარტება დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მოგვაწოდა, სადაც აღნიშნულია, რომ ნებისმიერ პროფესორს, რომელსაც კომისიის მუშაობის ობიექტურობაში ეჭვი შეაქვს, შეუძლია სრული დოკუმენტაცია გამოითხოვოს და მიმართოს შესაბამის ინსტანციებს.

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • ზაზა დობორჯგინიძე

    "მოდური" ათეიზმი?

    ქართული მართლმადიდებელი ეკლესია ძალადობს უმცირესობებზე, ებრძვის ადამიანის ფუნდამენტურ უფლებებს და  პერმანენტულად ეწევა საკუთარი ძალაუფლების ექსპანსიას ცხოვრების ყველა ასპექტში. იმის დასამტკიცებლად,...

  • ვაკო ნაცვლიშვილი

    კადიში არდაბადებულ ქათამზე

    ახალგაზრდა კაცმა უმწიფარი და ბავშვური სისასტიკით მოკლა ქუჩის ძაღლი. სათვალთვალო კამერა იწერს, სამი მეგობარი როგორ ტოვებს შემთხვევის ადგილს. მთავარი გმირი ხელს დაიფერთხავს: მოიშორებს სისხლის...

  • ზურა ჯიშკარიანი

    ვერავინ განუგეშებს საოცრების უბეში

    რამაზ კინგკონგი ჩემი უსაყვარლესი დრაგმეითი იყო. და თუ ბუნებაში არსებობს ცნება ქართული ოცნება, რამაზ კინგკონგი ამ ცნების სრული ოპოზიტი იყო, ნამდვილი ქართული კოშმარი: სომეხი, ბარიგა და გეი. პლუს...

მეტი

ამავე ავტორისგან