16.04.2013

რაბათის სახელით

სტატიები  (photo: )
დავით ბუხრიკიძე

გასულ წელს, ახალციხეში ზარ-ზეიმით აღდგენილი და გახსნილი რაბათის ციხის კომპლექსი, რომელსაც პრეზიდენტ  სააკაშვილის თქმით, წელიწადში დახლოებით 100 ათასი ვიზიტორი უნდა სწვეოდა, დღეს ათასგვარი მითქმა-მოთქმისა და სპეკულაციების საგანია. 

XVIII საუკუნეში აჰმედ ფაშა ჯაყელის მიერ ახალციხის ციხის ტერიტორიაზე აგებული მეჩეთისა და მედრესეს ხელახალ რეკონსტრუქციაზე საუბარი მას შემდეგ გამძაფრდა, რაც პრეზიდენტის ადმინისტრაციამ საგარეო საქმეთა და კულტურის სამინისტროების მიერ ბეჭდასმული უსტარი მიიღო.

როგორც დოკუმენტში წერია, ქართული მხარე, თურქი ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსმალური მემკვიდრეობის უძრავი ძეგლების რესტავრაციის დაწყებას გეგმავს. ხელახალი რესტავრაციის მიზეზად კი ექსპერტებზე დაყრდნობით, ის ხარვეზები დასახელდა, რომლებიც რაბათის კომპლექსის რეაბილიტაციის პროცესში, 2011-2012 წლებში დაშვებული შეცდომების შედეგად გამოვლინდა.

ოფიციალურ წერილს ჯერ ქვეყნის პრეზიდენტის  მოსალოდნელი პიარ-გავეშება მოჰყვა („რაბათის ციხის რაიმე ფორმით შეცვლა, ეს რეალურად ნიშნავს დღევანდელი რაბათის ციხის განადგურებას“), შემდეგ კი თითქმის ისტორიული სხდომა კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროში. ვერავინ ვერასოდეს წარმოიდგენდა, რომ ქვეყნის ყოფილი და აწ უკვე ნაციონალური პარტიის „ხერხემალი“, ვანო მერაბიშვილი ახალციხის დრამატული თეატრის მონდომებული მსახიობივით, ტელეკამერების წინ წაიკითხავდა მონოლოგს - „არ დაგანგრევინებთ!“. ასე ვთქვათ, პოლიტიკური სიმეტრიის დასაცავად, სხდომას უფრო თავშეკავებული, ქალაქური არტისტიზმით  გამორჩეული დავით მაღრაძეც ეწრებოდა: „მერაბიშვილი ამ პრობლემებთან რა შუაშია, აქ რატომაა?.. მეც კი ზედმეტი ვარ!“...

მიუხედავად იმისა, რომ რაბათის მიმართ პოლიტიკური ქვეტექტიც და ინტერესებიც აშკარად გამოკვეთილია, თუმცა, ამ თემაზე საუბრობენ ნეიტრალური, საქმიანი, ინფორმირებული მეცნიერებიც და საკითხისადმი ემოციურ-პატრიოტული  დამოკიდებულებით გამორჩეული არქიტექტორები თუ რესტავრატორები.

მაგალითად, არქიტექტურის ისტორიკოსი მანანა სურამელაშვილი, რომელიც ისტორიული ექსკურსისა და ხარვეზების შესახებ საუბრობს: როგორ გაკეთდა რაბათის კომპლექსი, ამაზე ვერ ვისაუბრებ, რადგან კომპეტენტური პირი არ ვარ, თუმცა რომ გაკეთდა, ეს არის  ძალიან კარგი. რაბათი ქართული კულტურის ძეგლია, რადგან გადმოცემით, ამ ადგილზე იყო ქრისტიანული სამლოცველო, რომელიც დაშალეს და მოგვიანებით მეჩეთი ააშენეს. მაშინ არ ჩატარებულა სათანადო არქეოლოგიური სამუშაოები, რომელიც ძეგლის ავთენტურობას დაადასტურებდა, იმედია, მომავალში ეს მაინც მოხდება. მას შემდეგ, რაც ახალციხე 1829-1830 წლებში რუსებმა დაიკავეს, მეჩეთი ტაძრად გადაკეთდა. მას მიშენეს სამრეკლო, სადაც გაკეთდა ორი სადიაკვნო; მოკლედ, ტაძარი მოქმედი გახდა“.

 

ექსპერტების ნაწილი აცხადებს, რომ ციხის რესტავრაციის პროცესში მართლაც არ ჩატარებულა არქეოლოგიური სამუშაოები. დღესდღეობით არქეოლოგიის არავითარი კვალი აღარ არის შემორჩენილი, რაც, არქეოლოგიის მნიშვნელობის და ფასეულობის დაკარგვის ტოლფასია. გამქრალია ციხის ტერიტორიაზე არსებული რუსული არქიტექტურა, შედეგად კი ახალციხის ციხეს შემორჩა ფსევდომავრიტანული სტილის ნაგებობები, რომელიც მოგვიანებით, რესტავრაციის შედეგ გაჩნდა და რომელმაც რაბათის არქიტექტონიკა შეცვალა.

კულტურის ყოფილი  მინისტრი ნიკოლოზ რურუა ამბობს, რომ „თურქული მხარე ძეგლის რეაბილიტაციის პროცესში ჩართული იყო. ეს ტყილია, თითქოს მათ ვინმე არ აძლევდა ან უკრძალავდა რაბათის რეაბილიტაციაში მონაწილეობას. პირადად გავაგზავნე თურქეთის ელჩი ვანო მერაბიშვილთან; ადამიანთან, რომელიც ორგანიზატორობდა ამ პროცესს, ასე, რომ, ელჩი იყო ინფორმირებული იმ პროცესების შესახებ, რომელიც განახლებულ რაბათზე ხდებოდა. მან სპეციალისტებიც კი ჩამოიყვანა და მიმდინარე სამუშაოები გააცნო. რაბათის ციხესთან დაკავშირებული მითქმა-მოთქმა პოლიტიზებულია და რეალური საფუძველი არ გააჩნია“. 

„დღევანდელ ხელისუფლებას ნგრევის ინსტინქტი ამოძრავებს - ეს ყოფილ ხელისუფალთა და ჩინოვნიკთა შეფასებაა... „არაფერს ვანგრევთ, მხოლოდ რაბათის რესტავრაციის დროს დაშვებულ ხარვეზების გამოსწორებას ვცდილობთ - პასუხობს კულტურის მინისტრი, გურამ ოდიშარია. მისი მოადგილე მარინა მიზანდარი  კი არ გამორიცხავს, რომ შესაძლოა, მეჩეთის ადგილზე შუა საუკუნეების ქართული ეკლესია მართლაც იყო, თუმცა სარესტავრაციო სამუშაოების დაწყებამდე იქ არქეოლოგიური გათხრები უნდა ჩატარებულიყო: „სამუშაოები ჩატარდა სწრაფად, დაუფიქრებლად და საკმაოდ არათანმიმდევრულად. ამიტომ აჰმედის მეჩეთზე ნაცვლად ტყვიისფერისა, რომელიც გუმბათის პირვანდელი ფერი იყო,  გაჩნდა სრულიად მიუღებელი ოქროსფერი, რაზეც  თურქეთის მხარეს შენიშვნები ჰქონდა...“

დღევანდელი ხელისუფლების მიერ თურქული მხარისათვის მიცემული პირობის თანახმად, ახლადრესტავრირებული რაბათის იერსახის შეცვლა მხოლოდ გარკვეული პირობების  დაკმაყოფილების საფუძველზე უნდა მოხდეს. ეს ვალდებულებები კი, როგორც მარინა მიზანდარი ამბობს, ორმხრივია. საქართველოსა და თურქეთის მთავრობებს შორის შეთანხმების დოკუმენტი შეეხება ქართული და თურქული კულტურული მემკვიდრეობის, უძრავი ძეგლების ძეგლების დაცვასა და რესტავრაციას  ორი ქვეყნის ტერიტორიაზე.

დოკუმენტის საბოლოო, რედაქტირებულ ვარიანტში ჩაწერილია:

„საქართთველოს მხარე მონაწილეობს მიიღებს ოშკისა და იშხანის ტაძრებისა და თანმხლები ნაგებობების გეოლოგიურ, კონსტრუქციულ, არქეოლოგიურ კვლევასა და კედლის მხატვრობის კონსერვაციაში. სარესტავრაციო პროცესის სრულფასოვნად განხორციელების უზრუნველსაყოფად თურქული მხარე მიმდინარე პროექტებში ჩართავს ქართველ ექსპერტთა ჯგუფს, რომლის შემადგენლობაში იქნებიან არქეოლოგი, ხელოვნების ისტორიკოსი, არქიტექტურისა და ფერწერის რესტავრატორები. ამასთამავე თურქეთის მხარე სტანდარტული პროექტებიდან ოშკისა და იშხანის პროექტებს გადაიყვანს არასტანდარტულ საპროექტო რეჟიმში“.

"საქართველოს მხარე თურქეთის რესპუბლიკის ექსპერტების მონაწილეობით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული ოსმალური კულტურული მემკვიდრეობის უძრავ ძეგლებთან მიმართებაში განახორციელებს შემდეგ სამუშაოებს:

XVIII საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხეში აგებული აბანოს კომპლექსის რესტავრაცია;

XVIII საუკუნეში აჰმედ ფაშას მიერ ახალციხის ციხეში აგებულ მეჩეთსა და მედრესეზე 2012 წელს წარმოებული სარესტავრაციო სამუშაოებისას დაშვებული ხარვეზების გამოსწორება: გუმბათის ფერის შეცვლა (გუმბათის არსებული ოქროსფერის ტყვიისფერით ჩანაცვლება), პირვანდელი რკინის ცხაურების დაბრუნება, ნაგებობების გარშემო სადრენაჟო სისტემის შემოწმება და საჭიროების შემთხვევაში მოსაპირკეთებელი მასალის გაუმჯობესება; ქართული მხარე ვალდებულებას იღებს გამოიტანოს მეჩეთის შიდა სივრციდან ჯვრის გამოსახულებიანი შუა საუკუნეების ქვის რელიეფები, რომელიც ექვემდებარება ადგილმონაცვლეობას".

ხელშეკრულება თურქეთის მხარესთან ჯერ-ჯერობით ხელმოწერილი არ არის, ის დღეს სამთავრობო უწყებების, არასამთავრობო ორგანიზაციების, არქეოლოგების, არქიტექტორების, ხელოვნებათმცოდენეების, პოლიტიკოსოების, მედიის დავისა და ვაჭრობის გაცხოველებული საგანია. ცხადია, ყველას საკუთარი მიზანი აქვს - დაწყებული უკვე ნაც-მოძრაობით (მაგალითად, მერაბიშვილისათვის რაბათის ციხე ერთგვარად მშობლიურ, ხელშეუხებელ და ფეოდალურ სიმყარედ განიცდება, რომელშიც „გარეშე“ პირების ჩარევა სრულიად მიუღებელია) და დამთავრებული მართლმადიდებელი ეკლესიით.

კულტურის სამინისტროს სურს აღდგენილ რაბათში შეატანილი კორექტივები აზიზიეს მეჩეთის მშენებლობას დაუკავშიროს.  მაგრამ დეტალებში უფრო მეტი რამ იმალება. მაგალითად, ქართული მხარე რაბათის ნეო-რესტავრაციის სანაცვლოდ ითხოვს, რომ თურქეთმა დროებით შეაჩეროს იშხანის და ოშკის სარესტავრაციო სამუშაოები, ქართველი სპეციალისტები ჩართოს და ცხადია, მათი რეკომენდაციები უნდა გაითვალისწინოს. უკვე შემდგომ ეტაპზე მოხდება ქართული და თურქული (ოსმალური) ძეგლების აღრიცხვა და პასპორტიზაცია; დაბოლოს, დაიწყება ხელახალი მოლაპარაკება და შეთანახმება უკვე აღრიცხული ძეგლების გათვალისწინებით. 

მეტი

  •  (photo: Sopho Aptsiauri) სტატიები

    მარშრუტი №X

    მიუხედავად სატრანსპორტო სფეროში სერიოზული გეგმებისა, შპს „ინტერ ტრანსს“ რუსთავი-თბილისის მარშუტზე მოპოვებულ ნებართვაზე პირობები გამარჯვებიდან სამი თვის შემდეგაც არ შეუსრულებია. რუსთავში  არ...

  •  (photo: ) სტატიები

    ასოცირება საკუთარ თავთან

    ევროპა ჩვენი პოზიტიური გოდოა, მხოლოდ ჩვენ, ესტრაგონები და ვლადიმირები, თავად მივდივართ მისკენ.

  •  (photo: ) კულტურა
  •  (photo: Leli Blagonravova) სტატიები

    რას მოგვიტანს ასოცირება?

    შეთანხმებაში აღნიშნულია ევროკავშირის ვალდებულება, მხარი დაუჭიროს ქვეყანაში არსებული კონფლიქტების მშვიდობიან მოგვარებას.

ახალი ამბები

მეტი
მეტი

ამავე ავტორისგან