22.04.2013

რეფორმა გამრჯე ადამიანისთვის ხელის გაწოდებაა

სტატიები  (photo: ლევან ხერხეულიძე)

სოფლის მეურნეობის განვითარება ახალი მთავრობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დაპირება იყო. სამინისტრომ ამ მიმართულებით საქმიანობა უკვე დაიწყო. “ლიბერალი” სოფლის მეურნეობის მინისტრს, დავით კირვალიძეს ესაუბრა.

ახალი მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტად სოფლის მეურნეობა დასახელდა. რას გულისხმობს სოფლის მეურნეობის სტრატეგია? 

დღეს, სოფლის მეურნეობა რეალურად პრიორიტეტია. 90-იანი წლებიდან მოყოლებული იყო პერიოდები, როდესაც სოფლის მეურნეობა არსად იყო ნახსენები. დეკლარირებულ პრიორიტეტად არსებობდა, მაგრამ ეს ქაღალდზე რჩებოდა და არ ექცეოდა სათანადო ყურადღება. ახლა ეს თანხვედრა თვალსაჩინო და რეალურია. პირველ რიგში მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ჩვენ ქართულ სოფელს ვიბრუნებთ უკან.

სოფლის მეურნეობა მარტო  ეკონომიკა არაა, ის ეკონომიკაზე ბევრად მეტია, აქ არის სოციალური ფაქტორი, ცხოვრების წესი. რასაც ჩვენ ვაკეთებთ ეს ჯერ დასაწყისია, ასეთი მასშტაბის საქმიანობა დიდი ხანია არ ყოფილა. ეს რეფორმა გამრჯე ადამიანისთვის ხელის გაწვდაა, რათა მან იშრომოს.

მნიშვნელოვანია სისტემის შექმნა, რადგან მის გარეშე ყველაფერი ფუჭი იქნება. ისეთი სისტემა უნდა შეიქმნას, რომელიც ყველასთვის ხელმისაწვდომი იქნება, თანაბარი პირობების შემქმნელი, სწორი და მდგრადი.

ჯერ ვერ გეტყვით შემოდგომაზე ამ რეფორმას თანხაში გამოსახული რა შედეგი ექნება, მაგრამ შემიძლია გითხრათ რომ რეფორმა მიდის ქართული სოფლის დაბრუნებისკენ.

პირველ რიგში, მიწის საკუთრების საკითხი უნდა გადაიჭრას. საქართველოში 70%-ზე მეტს არ გააჩნია მიწის საკუთრების მოწმობა. შექმნილია უწყებათაშორისი სამუშაო ჯგუფი, რომელშიც შედის ჩვენი სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, იუსტიციის სამინისტრო, გარემოს დაცვის სამინისტრო. მოწვეული გვყავს ამერიკელი ექსპერტი, რომელთან ერთადაც ვმუშაობთ, რათა დაიდოს ისეთი ხედვა, რომ რეგისტრაციის პრობლემა სამუდამოდ გადაიჭრას.

მეორეა ინფრასტრუქტურა. ინფრასტრუქტურაში ჩვენს კომპეტენციაში შედის -აღმოსავლეთ საქართველოში საირიგაციო სისტემების და დასავლეთ საქართველოში სადრენაჟე სისტემების აღდგენა/რეაბილიტაცია.

აღმოსავლეთ საქართველოში საჭიროა მორწყვა. არსებული არხები რომ გამართულად მუშაობდეს, შესაძლებელია 280 ათას ჰექტრამდე მიწის ნაკვეთებისთვის წყლის მიწოდება. პირველი რაც დავიწყეთ, ამ არხების რეაბილიტაცია იყო. დაახლოებით სამი წელია საჭირო, რომ არსებული ტემპებით ირიგაციის სისტემა აღდგეს. ამის პარალელურად ინსტიტუციონალიზაციის პროცესი უნდა დაიწყოს. ვინ მოუვლის ამ არხებს? მაგისტრალურ არხზე პასუხისმგებლობას სახელმწიფო აიღებს. არსებობდა კარგი პრაქტიკა, როდესაც მეორე და მესამეული არხები წყალმომხმარებელთა ასოციაციას გადაეცემოდა მფლობელობაში. ეს ასოციაცია თავად აირჩევს თავმჯდომარეს, შეადგენს წყლის მიწოდების გრაფიკს და ა.შ.

ყველა რაიონში შევქმენით ფერმერთა მომსახურების საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურები. მათ ფერმერებს უნდა მიაწოდონ ინფორმაცია, გაუწიონ კონსულტაციები სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში და ჩვენ მოგვაწოდონ ის ინფორმაცია, რაც ანალიზისთვის გვჭირდება.

კიდევ ერთი კომპონენტი ფინანსური რესურსის ხელმისაწვდომობაა, ამისათვის აგროკრედიტის პროგრამაა შემუშავებული.

27 მარტს დაიწყო “შეღავათიანი აგროკრედიტების პროექტი” რომელიც სამ კომპონენტს მოიცავს და გათვალისწინებულია როგორც მცირე, ისე საშუალო და მსხვილი მეწარმეებისთვის აგროსესხების გაცემა. პროექტი სამ კომპონენტს მოიცავს.

გაქვთ თუ არა ინფორმაცია, რამდენმა პირმა ისარგებლა აგროკრედიტებით  და  როგორ მიმდინარეობს პროცესი?

ბანკები ოთხი თვე მუშაობდნენ პირობებზე. ისინი იმიტომ დაინტერესდნენ, რომ ეს სეგმენტი აუთვისებელია. ბანკი კერძო სტრუქტურაა და მოგება უნდა ნახოს. ბანკების მიერ მთელი პორტფელიდან სოფლის მეურნეობაში მხოლოდ ერთი პროცენტი იყო გადასესხებული. ეს მზარდი სეგმენტია. ბანკების უმეტესობამ საკრედიტოებში სოფლის მეურნეობის სპეციალისტები უკვე აიყვანა.

ბანკმა არ უნდა გასცეს სესხი, თუ არ არის კარგი ბიზნეს განაცხადი შესული. ბანკები სწორედ იმიტომ გეკირკიტებიან, რომ განაცხადი სწორი იყოს.

ფერმერებს და მეწარმეებს პირველად ბანკებთან უწევთ ურთიერთობის გარკვევა და იმის შემდეგ რაც ბანკი დაუმტკიცებთ სესხს, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდი შედის თანადაფინანსებაში და პროცენტის მნიშვნელოვან წილს იხდის. მას შემდეგ რაც ეს პროექტი დაიწყო გვესმის, რომ ფერმერებს და მეწარმეებს სესხის აღება უჭირთ. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ მეწარმეები ისევ მარტო არიან ბანკებთან დატოვებული?

რატომ არის ფერმერი ან მეწარმე ბანკებთან მარტო დატოვებული? საპროცენტო განაკვეთი, რომელიც რისკის ფაქტორია, მაქსიმუმ სამ პროცენტზეა დაყვანილი. ასევე, ფონდი ერთ მესამედში  საგარანტიოდ შედის, ეს უფრო ფერმერების კომპონენტს ეხება.  

ბანკებს ინტერესი რომ არ ჰქონოდათ, არ მოვიდოდნენ, ეს ნებაყოფლობითია. ერთი ბანკი იყო დარჩენილი და იმანაც მონაწილეობის სურვილი გამოთქვა. პერსპექტივაა სეგმენტში. დაინახეს, რომ თუ ჩამორჩნენ ამ ტენდენციას, ამ სეგმენტს სხვა ბანკი აიღებს.

პირველ კომპონენტში არ არის საჭირო ბიზნეს გეგმის დაწერა, მცირე მეწარმეს არც გირავნობა სჭირდება. უკვე 18 საკონსულტაციო კომპანია გამოცხადდა, რომელმაც გვთხოვა რომ ჩვენი მონაცემები იქნებ საიტზე დადოთ რომ დიდ პროექტებზე ვისაც სჭირდება კონსულტაცია, მოგვმართონო. ბანკების ნაწილმა, როგორც გითხარით, კონსულტაციების გაწევა თვითონ დაიწყეს. ამაზე უფრო დახვეწილი მექანიზმის მოძებნა გაგვიჭირდებოდა.

პირველ კომპონენტს რაც შეეხება, რომელიც 6 თვიანია და ფერმერებისთვისაა, რამდენად შეძლებს ფერმერი ამ პერიოდში თუნდაც 5000 ლარიანი კრედიტის გადახდას?

პირველი კომპონენტი ექვსთვიან უპროცენტო სასაქონლო განვადებას გულისხმობს. საშუალო მოთხოვნა 1000 ლარზეა. გლეხი ფულს არ იღებს. ის სასაქონლო განვადებას იღებს და  შესაბამის თანხას აბრუნებს 6 თვის თავზე უპროცენტოდ. ეს პატარა ფერმერები, რომელიც ამ სერვისის პოტენციური მომხმარებლები არიან, დაახლოებით 700 000 ადამიანამდე, ამავე დროს საგაზაფხულო ხვნის ბენეფიციარები არიან. ხვნის ბარათი უკვე მიიღეს, ნიადაგი დამუშავებული აქვთ და ერთ ჰექტარზე გადაანგარიშებით 300 ლარის ნომინალური ბარათი მიიღეს საჩუქრად. დამატებით სესხს თუ დასჭირდება, მაშინ აიღებენ.

როგორ გაუწევს ადგილობრივი პროდუქტი იმპორტირებულ დაბალფასიან საქონელს კონკურენციას? 

საქართველოს მთავრობის საგაზაფხულო პროგრამის ფარგლებში დიდი მასშტაბის დახმარება მიდის ადგილობრივ წარმოებაზე. გლეხი ამ ხნის განმავლობაში მიტოვებული იყო ბაზრის პირისპირ. წარმოიდგინეთ, რომ ამჯერად “მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროექტის” ფარგლებში უმეტესობას, ნიადაგის ხვნა და ხნულის კულტივაცია არაფერი უჯდება. ნედლეულის უფასოდ იღებს ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათით, ეს იქნება თესლი, სასუქი თუ მცენარეთა დაცვის საშუალება, მას ასევე შეუძლია უპროცენტო სასაქონლო განვადებაც გააკეთოს. ამას დამატებული, დაბალხარისხიან და საეჭვო წარმოების პროდუქციას ბაზარზე მაქსიმალურად ვაკონტროლებთ. ესეც ჯანსაღი კონკურენცია. ჩვენ არ ვამბობთ, რომ მარტო ქართული პროდუქცია უნდა იყოს, უბრალოდ, ვამბობთ, რომ ქართული პროდუქცია არ უნდა იყოს იმაზე უფრო ცუდ დღეში ჩაყენებული, ვიდრე იმპორტირებული. გარდა ამისა, აუცილებლად შევიმუშავებთ ანტიდემპინგურ კანონმდებლობას, რომელსაც ეკონომიკის სამინისტრო ამზადებს.

მზადდება კოოპერაციების შესახებ კანონპროექტი, რა ეტაპზეა და  სოფლებში იგეგმება თუ არა კოოპერაციების შექმნა? 

კოოპერაციის კანონი უკვე პარლამენტშია. ამ კანონით, უპირველესად, სტატუსი უნდა განისაზღვროს, ვინ იქნებიან ამ კანონის ბენეფიციარები. კანონპროექტით გათვალისწინებულია კოოპერაციების ხელშემწყობი სააგენტოს შექმნა. კანონის მიღების შემთხვევაში ეს იქნება სტრუქტურა რომელმაც უნდა მიანიჭოს სტატუსი. მთავარია, რომ უნდა იყვნენ სასაოფლო-სამეურნეო პროდუქციის მწარმოებლები ან გადამამუშავებლები. შემდეგ უკვე როგორ გაერთიანდებიან - რა პრინციპით, რა ტიპის კოოპერატივი იქნება, ამას უკვე თავად გადაწყვეტენ. ამისთვის სოფლებში ინტენსიური ახსნა-განმარტებითი კამპანია დაიწყება. გარდა იმისა, რომ ამ კამპანიაში ჩართული იქნება საკონსულტაციო ცენტრები, ევროკავშირის 40 მილიონიანი დახმარების პაკეტში, 15 მილიონი განკუთვნილია საქართველოსში კოოპერაციის განვითარების ხელშეწყობისთვის. 

საქართველოში ძალიან ბევრი მცირემიწიანი ფერმერია. სამ მილიონზე მეტი ერთ ჰექტარზე პატარა ნაკვეთია. ამიტომ, თუ გვინდა რომ კომერციულ წარმოებაზე გადავიდეთ, უნდა მოხდეს მათი გამსხვილება. გამსხვილების ორი გზაა - ძალდატანებითი და ბუნებრივი. ჩვენ რა თქმა უნდა, ბუნებრივი გზით მივდივართ. კოოპერატივი იქნება ნებაყოფლობითი და მხოლოდ ის გაწევრიანდება, ვისაც ამის სურვილი ექნება.

სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ფონდის შემოსავლებს რა წარმოადგენს, რა პრინციპი მოქმედებს ამ ფონდთან დაკავშირებით

სოფლისა და სოფლის მეურნეობის ფონდი შემოწირულობებით მუშაობს. მთავარი შემომწირველი არის ფონდი „ქართუ“ და კიდევ კერძო შემოწირულობები. ეს ფონდი არის განვითარებისთვის და საინვესტიციო ფონდებისგან განსხვავებით, არ არის მოგებაზე ორიენტირებული. ფონდის სახსრები იმ სტრატეგიული მიმართულების მხარდასაჭერად მიდის, რომელიც დეკლარირებულია და პრიორიტეტია. ამ შემთხვევაში პრიორიტეტია სოფლის მეურნეობა.  სწორედ ამ ფონდიდან ფინანსდება “მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროექტის” ფარგლებში მიმდინარე საგაზაფხულო სამუშაოები, რომლითაც მთლიანობაში 700 000-სე მეტი მცირემიწიანი ფერმერი ისარგებლებს, და რომელზეც 200 მილიონ ლარზე მეტი იხარჯება.

საგაზაფხულო სამუშაოები დაიწყო, თუმცა სასოფლო-სამეურნეო ბარათები რამდენიმე რეგიონს ისევ არ მიუღია, დასრულდა თუ არა ბარათების დარიგება? 

სასოფლო-სამეურნეო ბარათების დარიგება ჯერ არ დასრულებულა. ამ ეტაპზე 500 ათასზე მეტ ბენეფიციარს აქვს მიღებული. პრობლემებია იმ რაიონებში სადაც რწმუნებულებმა სიები სწორად ვერ წარმოადგინეს. იყვნენ რწმუნებულები რომლებმაც კარგად იმუშავეს და ზუსტი სიები მოიტანეს, მაგრამ ზოგ რწმუნებულს არა მხოლოდ ხალხი გამორჩათ, იყო შემთხვევები, როდესაც სოფლები გამოტოვეს. ასე, მაგალითად, საგარეჯოში 4 სოფელი იყო გამოტოვებული. ვისაც დახნული აქვს უკვე და ბარათი არ მიუღია მაინც არ დაეკარგება, როცა ბარათს მიიღებს შეუძლია გადაცვალოს  და მეორე -  ნომინალური ბარათი მიიღოს იმ ფასად. 

ერთ-ერთ პრობლემად მეწარმეების ცოდნა და სამეწარმეო უნარების არქონა სახელდება, სახელმწიფო რას აკეთებს გლეხის სამეწარმეო უნარების ასამაღლებლად?

ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი იყო და არის ექსტენციის ცენტრების შექმნა. გარდა ამისა, უნდა აღვადგინოთ სადემონსტრაციო ნაკვეთები სადაც ჯიშთა გამოცდა მოხდება.  ეს სისტემა მოშლილი იყო. ვმუშაობთ ნედლეულის, სერვისების მიწოდებაზე. მცირემიწიან ფერმერთა მხარდაჭერის პროექტის ფარგლებში ექვსასზე მეტი მაღაზია დარეგისტრირდა, რომელსიც გლეხებს შეუძლიათ საქონელზე გაანაღდონ ნომინალური სასოფლო-სამეურნეო ბარათები და მიიღონ მათთვის სასურველი ნედლეული. მაგალითად, ტენდენცია გამოიკვეთა, რომ გლეხები ერთიანდებიან ამ 640 ლარიანი ბარათებით და ზოგმა ტრაქტორები იყიდა, ზოგმა მოტობლოკები, ზოგი ელექტრო ცელს ყიდულობს. 600-ზე მეტი მაღაზია, ეს ხომ კერძო სექტორია, ისიც ხომ დასაქმებულია ამ პროგრამით.

სოფლის მეურნეობის რეფორმის შედეგად გრძელვადიან პერსპექტივაში რა შედეგს ელოდებით?

სისტემა უნდა ამუშავდეს. სისტემა რომ ამუშავდება ის უკვე ქმნის საშუალებას, რომ ადამიანმა, ვისაც შრომის სურვილი აქვს, იმუშაოს.  ეს იქნება მთავარი შედეგი. დღეს სოფლად დასაქმებული ადამიანი მოსახლეობის 54%-ს შეადგენს - ეს ძალიან დიდი ციფრია. ამ ყველაფერთან ერთად სოფლად არასასოფლო-სამეურნეო დასაქმების საშულებაც უნდა განვითარდეს. ჩვენი კომპეტენციის ფარგლებში ეს არის სწორედ სერვის ცენტრები, მაღაზიები, სატრაქტორო პარკები.  

 

 

მეტი

ახალი ამბები

მეტი
მეტი

ამავე ავტორისგან