30.10.2013

10 საწარმოში ადამიანის სიცოცხლისათვის საშიში პირობები აღმოჩნდა - სასურსათო ბაზრის კოტროლის შედეგები

სტატიები  (photo: )
მაგდა წიკლაური

2013 წლის ზაფხულში, შ.პ.ს. ‘’საირმე მინერალ ვოთერსის’’ საექსპორტოდ გამზადებული სასმელი წყალი ლატვიის ბაზარზე მოხვედრამდე, მესაზღვრე ინსპექტორის გადაწყვეტილებით, შესამოწმებლად ადგილობრივ ‘’BIOR’’ ცენტრში გაიგზავნა.

ლაბორატორიული შემოწმების შედეგად დადგინდა, რომ შ.პ.ს. „საირმე მინერალ ვოთერს“-ის მიერ გამოშვებული მინერალური წყალი, დიდი ოდენობით დარიშხანს შეიცავდა. მოგვიანებით, ეს ფაქტი ევროკავშირის სურსათისა და ცხოველთა საკვების სწრაფი განგაშის სისტემის (RASFF) სამსახურმაც დაადასტურა.

საირმის მინერალურ წყალში დარიშხანის გადამეტებული დოზის შესახებ ინფომაცია ’’ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა'' თავის ვებ-გვერდზე 2013 წლის 18 ოქტომბერს გაასაჯაროვა.

მათ მიერვე გამოთხოვილი ინფორმაციით გაირკვა, რომ სურსათის ეროვნული სააგენტო შპს “საირმე მინერალ ვოთერს”-ის მიმართ მხოლოდ სარეკომენდაციო წერილის გაცემით შემოიფარგლა.

ევრაზიის თანამშრომლობის ფონდისათვის გაუგებარია, რატომ შემოიფარგლა სურსათის ეროვნული სააგენტო შ.პ.ს. „საირმე მინერალ ვოთერს“-ის მიმართ მხოლოდ სარეკომენდაციო წერილის გაცემით და რატომ არ მიიღო დამატებითი ზომები საზოგადოების ჯანმრთელობისათვის შექმნილი რისკის თავიდან ასაცილებლად?! სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსის კახა სოხაძის ინფორმაციით, ნატურალურ მინერალურ წყალში „საირმე“ დარიშხანის რაოდენობა ქართული სტანდარტის მიხედვით ნორმაშია, თუმცა ევროპული მოთხოვნები გაცილებით მკაცრია.

''ლატვიიდან მიღებული შეტყობინებისთანავე, სურსათის ეროვნულმა სააგენტომ დაიწყო ამ საკითხის შესწავლა, კერძოდ, სააგენტოს უფლებამოსილი პირების ზედამხედველობით, აკრედიტირებული ლაბორატორიის წარმომადგენლების მიერ აღებული და შემდგომ გამოკვლეული იქნა როგორც ნედლი, ასევე ტექნოლოგიურად დამუშავებული წყლის სინჯები, გამოკვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ დარიშხანის შემცველობა არ აღემატებოდა დადგენილ ნორმებს. შ.პ.ს “საირმე მინერალ ვოთერსის’’ წარმოების ინსპექტირებისას დადგინდა, რომ ამ კონკრეტულ საექსპორტო პარტიაში დარიშხანის შემცველობის მომატება, სავარაუდოდ, დაკავშირებული იყო ტექნოლოგიური აღჭურვილობის შეცვლასთან, რომელიც განხორციელდა საწარმოში (გადაიარაღებისა და ფილტრების შეცვლის პროცესში), რის გამოც შესაძლოა ვერ მოხდა წყლის სრულყოფილად გაფილტვრა,'' - აღნიშნა სურსათის ეროვნული სააგნეტოს დირექტორმა.

სოხაძემ ასევე დასძინა, რომ შ.პ.ს “საირმე მინერალ ვოთერსმა“ ეროვნული სააგენტოს მიერ მითითებული რეკომენდაციები შეასრულა და ნატურალური მინერალური წყალი „საირმე მინერალ ვოთერსი“ აღნიშნულ მოთხოვნებს შეესაბამება. სარეკომედაციო წერილი, რომელიც სურსათის ეროვნულმა სააგენტომ საირმის წყლის მწარმოებელი კომპანიის სახელზე გაწერა, 3 პუნქტისგან შედგება. მე-3 პუნქტში გარკვევით წერია, რომ ‘’არ ხორციელდება პერიოდული ნედლი წყლისა და მზა პროდუქციის აკრედიტებულ ლაბორატორიაში კვლევა ტოქსიკურ ელემენტებზე, კერძოდ, დარიშხანზე.’’ შ.პ.ს “საირმე მინერალ ვოთერსის’’ წერილობით პასუხში აღნიშნულია, რომ მათ საწარმოში დამონტაჟებულია სპეციალური ფილტრი, რომელიც უზრუნველყოფს მინერალური წყლის გაწმენდას დარიშხანისაგან, რის შედეგადაც ეს ელემენტი მოქცეულია დაშვებული ნორმის ფარგლებში. დოკუმენტში ნათქვამია ისიც, რომ დარიშხანის შემცველობის დასადგენად, წყალი ყოველდღიურად მოწმდება საწარმოსთან არსებულ ლაბორატორიაში. გარდა ამისა, კვლევითი კომპანია ‘’გამას’’ ლაბორატორიაში სისტემატურად ამოწმებენ მიღებულ შედეგებს.

ზემოთ აღნიშნული ცდომილებების მიუხედავად, შ.პ.ს “საირმე მინერალ ვოთერსის’’ დირექტორი ვახტანგ კოპალეიშვილი ყველა სახის დარღვევას უარყოფს და ლატვიის მიერ ჩატარებული კვლევის სისწორეში ეჭვი შეაქვს. ‘’ჩვენთან არ არსებობდა არანაირი სახის ცდომილება. არ ვიცი, რატომ მიიჩნია ლატვიამ ასე. და ისიც საკითხავია, ნამდვლად აღმოჩნდა თუ არა დარიშხანის ზედმეტი დოზა წყალში. არც ეგ არის ბოლომდე დაზუსტებული. უკვე სამჯერ შევიტანეთ წყალი ევროპაში - საბერძნეთში, პოლონეთსა და თვითონ ლატვიაშიც. ასე რომ, პრობლემა რომ ყოფილიყო, ვეღარ შევიდოდით იმ ბაზარზე. ეს იყო მოგონილი რაღაც’’, - ამბობს კომპანიის დირექტორი.

‘’ევრაზიის თანამშრომლობის ფონდმა’’ სურსათის ეროვნული სააგენტოდან, 2013 წლის პირველი რვა თვის მანძილზე, სააგენტოს მიერ განხორციელებული სურსათის ბაზრის კონტროლის შედეგებიც გამოითხოვა. მათ შორის იმ პროდუქტების სია, რომლებიც ჯანმრთელობისათვის საშიში აღმოჩნდა და იმ საწარმოთა ჩამონათვალიც, რომელთა მუშაობაც მთლიანად ან ნაწილობრივ შეჩერდა, უვნებლობის მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო.

კვლევის პასუხებმა აჩვენა, რომ სურსათის 95 ნიმუში არ აკმაყოფილებდა უვნებლობის მოთხოვნებს. დარღვევების უმრავლესობა სასმელ წყალში, მზა კერძებში, კულინარულ ნაწარმსა და ცხოველური წარმოშობის სურსათში აღმოჩნდა. კრიტიკული შეუსაბამობა გამოიკვეთა 10 საწარმოში, რომელთა შორის საზოგადოებრივი კვების ობიექტები, მარკეტები, აგრარული ბაზრები და ცხოველური წარმოშობის სურსათის მწარმოებელი საწარმოები იყო.

კრიტიკული შეუსაბამობა საწარმოს მიერ ისეთი ტიპის დარღვევას გულისხმობს, რომლის გამოსწორება აღნიშნული საწარმოს დახურვის გარეშე შეუძლებელია, რომელიც დიდ რისკს უქმნის ადამიანის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას. ევრაზიის ფონდის ვებ-გვერდზე, სურსათის ეროვნული სააგენტოსაგან განსხვავებით, დაინტერესებულ პირებს იმ საწარმოებისა და საკვები პროდუქტების ჩამონათვალის ნახვა შეუძლიათ, რომლებმაც უვნებლობის მოთხოვნა ვერ დააკმაყოფილეს.

‘’ევრაზიის თანამშრომლობის ფონდის’’ პროგრამის უფროსი მენეჯერი ვახტანგ კობალაძე მიიჩნევს, რომ საზოგადოებისათვის, მნიშვნელოვანია, დაწვირლებით იცოდეს სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ აღმოჩენილი ყველა დარღვევის შესახებ.

‘’გამჭვირვალობის კუთხით თუ ვიტყვით, უკეთესი იქნება, რომ სურსათის შემოწმების შედეგად გამოვლენილი ყველა ტიპის დარღვევა განთავსდეს სურსათის ეროვნული სააგენტოს ვებ-გვერდზე, რომ მომხმარებლისთვის ყველაფერი გახდეს ცნობილი. ასევე, როდესაც დარღვევა აღოჩნდება 10 საწარმოში და ასახელებ მხოლოდ 2-ს, არასწორია. თუ ამბობ ორი საწარმოს სახელს, უნდა თქვა დანარჩენისაც, რადგან დასახელებული საწარმოს მიმართ არასამართლიანად იქცევი და არათანაბარ პირობებში აყენებ,’’ - განმარტავს ვახტანგ კობალაძე.

სურსათის ეროვნული სააგნეტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი კახა სოხაძე კი ამბობს, რომ სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ ყოველდღიურად გაწეული საქმიანობის შესახებ ინფორმაციის გავრცელება ტექნიკურად რთული საქმეა, გარდა კანონით გათვალისწინებული შემთხვევებისა. ''ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია, გამოითხოვოს საჯარო ინფორმაცია და კანონმდებლობით გათვალისწინებულ ვადებში მიიღოს პასუხი. არის დარღვევები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ადამიანის ჯანმრთელობას და ამ შემთხვევაში პირდაპირ ვალდებულები ვართ, კონკრეტულად მოვახდინოთ მოსახლეობის ინფორმირება ამის შესახებ, მაგრამ როცა საუბარია უმნიშვნელო სანიტარული ტიპის დარღვევებზე, რომელიც არ წარმოადგენს საფრთხეს ადამიანის ჯანმრთელობისათვის, ამის შესახებ ინფორმაციის გავრცელების აუცილებლობა არ არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში, გატარებული ღონისძიებები უნდა იყოს საფრთხის პროპორციული. ყველა გამოვლენილ დარღვევაზე ყველა დაინტერესებული მხარე საქმის კურსშია, ჩვენ დეტალურად ვაწვდით ინფორმაციას ნებისმიერ დაინტერესებულ მხარეს,’’ - აღნიშნავს სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის უფროსი.

 

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • გური სულთანიშვილი

    C ჰეპატიტი საქართველოში

    საკუთარი ემპირიული დაკვირვებითაც ასეა, მე ვცდილობ ზედმეტად დავიცვა სტერილიზაციის ნორმები და საკუთარი სადეზინფექციო ხსნარიც მიტარებია, მაგრამ საქმე იმაშია რომ ამაზე აქცენტის გაკეთება ცუდ ტონადაც...

  • გიგა მაქარაშვილი

    არშემდგარი გმირი

    აი 119-ე წუთზე შეცვლაზე მწრთვნელმა დავით მუმლაძე შემოიყვანა (მას თურქულ მატჩში მონაწილეობა არ მიუღია), ითამაშა 45 წამი და თერთმეტმეტრიან ნიშნულთან დადგა. ნიშნულთან კი არა, ხამეს როდრიგესთან დადგა...

  • დათო ლაღიძე

    159, ჰერცლის ქუჩა, თელ-ავივი

    ტრაგიკულად აღსაქმელია შერჩევითი სოლიდარობა, - როცა შენთვის ღაზას სექტორში დაღუპული ადამიანი და ისრაელის ოკუპაცია ლეგიტიმური მიგაჩნია, უკრაინაში კი - არა. რუსულ ოკუპაციაზე საუბრობ, მუსლიმების...

მეტი

ამავე ავტორისგან