28.06.2012

თანხის მიმღებ პირებს ანგარიშები დაუყადაღეს

 

ფონდ “ქომაგის” ხელმძღვანელის ია მეტრეველის განცხადებით ფონდში რეგისტრირებული თანხების მიმღები პირები დღეს მოწმის სტატუსით გამოიძახეს. მისი თქმით, დღეს დილით, დაახლოებით, 12-მდე ადამიანმა მიიღო უწყება.

 

“საკმაო რაოდენობით არიან მოქალაქები, რომელთაც ჩარიცხული ჰქონდათ გარკვეული თანხა ფონდ "ქომაგის" მეშვეობით, ძირითადად, საზღვარგარეთ მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების მიერ, ზოგს ჩარიცხულიც არ ჰქონდა. უმეტეს მათგანს თან ახლავს ადვოკატები ამ დაკითხვებზე”- გვითხრა ფონდ “ქომაგის” ადვოკატმა შალვა შავგულიძემ.

აღნიშნულის შესახებ ინფორმაცია დღეს საქართველოს მთავარმა პროკურატურამ გაავრცელა. განცხადებაშია ნათქვამია, რომ მოპოვებული მტკიცებულებებით სახეზეა ამომრჩევლის მოსაყიდვის ახალი სქემა.

“რომლის განხორციელებაშიც მონაწილეობს პარტია „ქართულ ოცნებასთან" დაკავშირებული, საქართველოს ფარგლებს გარეთ მყოფი ვანო ჩხარტიშვილი და მისი ოფშორული კომპანიები. თანხების გადმორიცხვა ხდებოდა რამდენიმე უცხო ქვეყნის მოქალაქისა  და ოფშორული კომპანიების ანგარიშებიდან ისე, რომ თითოეული გადმომრიცხავი, თანხას ურიცხავს 5, 10 ან მეტ საქართველოში თანხის მიმღებ, ფონდ „ქომაგში" დარეგისტრირებულ პირს.”- ვკითხულობთ განცხადებაში.

პროკურატურის ინფორმაციით, ფონდ “ქომაგის" მიერ დარეგისტრირებული  საქართველოს მოქალაქეების საბანკო ანგარიშებზე, ბოლო დღეებში უცხოეთიდან გადმორიცხვის მრავალი შემთხვევა დაფიქსირდა.

პროკურატურამ თანხების მიმღებთა საბანკო ანგარიშების დაყადაღების  შესახებ შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.

შეგახსენებთ, რომ გუშინ სასამართლომ ფონდ “ქომაგს” ყადაღა არ მოუხსნა და დაყადაღებული თანხის სახელმწიფო ბიუჯეტში გადარიცხვა დააკისრა.

ბიძინა გიორგობიანს კი ფონდქომაგისანგარიშზე 90.000 ევროს ოდენობის უკანონო შემოწირულობის გამო დაკისრებული ჯარიმა გაუნახევრა.

ფონდი „ქომაგი" 2012 წლის 30 აპრილს შეიქმნა, მისი მიზანი პოლიტიკურად რეპრესირებული პირების დახმარებაა.

მეტი

ახალი ამბები

მეტი
მეტი