15.08.2012

საია: “აუდიტის სამსახურმა კანონსაწინააღმდეგო აქტი უნდა გააუქმოს”

 

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია 6 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ახალ ბრძანებას ეხმაურება, რომლითაც საარჩევნო სიბიექტებს, მაუწყებლებსა და გაზეთებს ახალი ვალდებულებები დაეკისრათ. კერძოდ, ბრძანების თანახმად, საარჩევნო სუბიექტებმა წინასწარ უნდა გადაიხადონ ერთი კვირის განმავლობაში ფასიანი წინასაარჩევნო რეკლამის განთავსებისათვის საეთერო დროის ან/და გაზეთის ფართობის ღირებულება. ასევე, საარჩევნო სუბიექტებმა, მაუწყებლებმა და გაზეთებმა ამ ანგარიშსწორების შესახებ ინფორმაცია არა უგვიანეს 24 საათისა სახელმწიფო აუდიტის სამსახურს უნდა მიაწოდონ.

“სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ გამოცემული ბრძანება სცდება კანონით დადგენილ ჩარჩოებს, რამეთუ აღნიშნული უწყების კომპეტენციას არ მიეკუთვნება, განსაზღვროს საარჩევნო სუბიექტების მიერ მაუწყებლებთან და გაზეთებთან რეკლამის განთავსების მიზნით გარიგებაში შესვლის წესი, ანგარიშსწორების სახე და გადახდილი თანხის მოცულობა,” - ნათქვამია საიას განცხადებაში.

 ორგანიზაციის განმარტებით, აღნიშნული საკითხების გადაწყვეტის უფლება მხოლოდ მხარეებს აქვთ და ეს არ შეიძლება იყოს სახელმწიფო დაწესებულების რეგულირების საგანი. საქმიან ურთიერთობაში შესვლისა და ანგარიშსწორების პირობების დადგენა სცილდება კანონის ჩარჩოებს და ამავე დროს საარჩევო სუბიექტებისთვის გაუმართლებელ შეზღუდვებს აწესებს. გავრცელებულ განცხადებაში ხაზგასმულია ის გარემოებაც, რომ აუდიტის სამსახურს არ წარმოუდგენია კონკრეტული დასაბუთება, თუ რატომ გახდა აუცილებელი აღნიშნული წესების შემოღება და რა მიზანს ემსახურება ახალი რეგულაციები.

“აღნიშნული ახალი რეგულაციებით მედიას ეკისრება ორმაგი ვალდებულება მოახდინოს სახელმწიფოს ინფორმირებულობა წინასაარჩევნო რეკლამის განთავსების თაობაზე. ქართული კანონმდებლობით, წინასაარჩევნოდ მედიის საქმიანობის კონტროლი საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ფუნქციაა. კერძოდ, საქართველოს საარჩევნო კოდექსის 51-ე მუხლის მე-15 პუნქტის თანახმად, საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისია განსაზღვრავს საარჩევნო პროცესში მედიის მონაწილეობისა და მისი გამოყენების წესს, უზრუნველყოფს მაუწყებლის მიერ ამ კანონით დადგენილ ნორმათა დაცვის მონიტორინგს და ახდენს შესაბამის რეაგირებას ამ ნორმების დარღვევაზე. ამავე აქტით, მედიაორგანიზაციებს ევალებათ საჯარო გახადონ მონაცემები, აგრეთვე აცნობონ კომისიას თუ რომელი რიცხვიდან რომელ რიცხვამდე და რა პერიოდულობითაა გამოყოფილი საეთერო დრო, 1 დღის განმავლობაში გამოყოფილი დროის ხანგრძლივობა და გრაფიკი, საეთერო დროის ტარიფი, გაწეული მომსახურება. აღნიშნულ ინფორმაციას მხოლოდ ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული გაზეთები აქვეყნებენ ყოველკვირეულად.”

კომუნიკაციების ეროვნულ კომისიაში მუშაობენ დადგენილებაზე, რომლის თანახმადაც, გენერალური აუდიტორის აღნიშნული ბრძანების დარღვევისთვის მაუწყებლებლებს შესაბამისი პასუხისმგებლობა უნდა დაეკისროთ.

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია გაუმართლებლად მიიჩნევს, რომ ორი საჯარო დაწესებულება ერთდროულად ახდენდეს წინასაარჩევნო საკითხებზე მედიის მონიტორინგს. "მედიის მაკონტროლებელი ფუნქცია მხოლოდ კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ უნდა შეითავსოს."

საია სახელმწიფო აუდიტის სამსახურს მიღებული კანონსაწინააღმდეგო აქტის დაუყოვნებლივ გააუქმებისკენ მოუწოდებს. რაც შეეხება იმ საარჩევნო სუბიექტებს, მაუწყებლებსა და გაზეთებს, რომლებსაც ახალი შეზღუდვები ეხებათ, უფლება აქვთ, მიმართონ სასამართლოს და აქტის ბათილად ცნობა მოითხოვონ. ამ შემთხვევაში საია სასამართლოში მათი უფლებების დაცვას უზრუნველყოფს.

 

მეტი

ახალი ამბები

მეტი
  • თამარ კარელიძე

    უკრაინა - ჩვენი სხვისი ომი

    ჯარი პოლიტიკისაგან შორს უნდა იდგეს და თავისი მოვალეობა ქვეყნის ინტერესებიდან გამომდინარე შეასრულოს, თავდაცვის სამინისტროს განცხადება კი,  ცალსახად პოლიტიზირებულია, თან ისეთი, ქვეყნის ინტერესებს...

  • ნათია ფანჯიკიძე

    მთავარი როლის შემსრულებლები

    კულტურის ნებისმიერმა მინისტრმა უნდა შეიგრძნოს თავისი როლის მთავარი მოთხოვნა, რომ მას კულტურის მცველად, კულტურის განვითარების სტრატეგიის, კონცეფციის  შესაქმნელად ერგო ეს როლი და ამ მხრივ უნდა...

  • ლევან ბერიანიძე

    გენდერული კვოტირება

    პატარა გოგოების შესახებ ეს რამოდენიმე მარტივი მაგალითი იმიტომ მოვიყვანე, რომ მივხდეთ, რომ ძალადობა მარტო მკვლელობის აქტი არაა. “ძალას” ვხმარობთ მაშინაც როდესაც ჩვენ გოგოებს და ბიჭებს, კაცებს და...

მეტი