_ სკოლაშიც ასე ხდება? ზარი რომ ირეკება, ბავშვები არ შემოდიან ხოლმე? _ ეკითხება მოთმინებიდან გამოსული ტრენერი საკლასო ოთახში შემორჩენილ თხუთმეტამდე პედაგოგს. „შატალოზე" წასული კოლეგების ხსენებაზე დანარჩენებს მხოლოდ ეღიმებათ.
_ რა გაეწყობა, ჩვენ დავიწყოთ, თუ არ მოდიან!
ტრენინგის დაწყებიდან ერთი საათის შემდეგ „დასვენებაზე" გასული მასწავლებლები ფეხაკრეფით შემოდიან და თავიანთ სკამებზე ჩუმად სხდებიან.
ქარელის პირველ საჯარო სკოლაში ხაშურის, ბორჯომის, რუისის და სხვა სოფლების სკოლებიდან შეკრებილ პედაგოგებს სამოქალაქო თავდაცვას ასწავლიან. აქ სამ დღეში მოსმენილი მასალა კი მასწავლებლებმა სექტემბრიდან სამ სხვადასხვა კლასში უნდა ასწავლონ.
„სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების" სწავლებას საქართველოს ყველა სკოლის მე-4, მე-8 და მე-12 კლასებში დაიწყებენ. ნახევარწლიანი გაურკვევლობის შემდეგ აღმოჩნდა, რომ ამ საგანს სკოლაში ისტორიის, გეოგრაფიისა და მათემატიკის მასწავლებლები ასწავლიან და არა _ თადარიგის ოფიცრები.
ჯერ კიდევ ივნისში განათლების სამინისტროში ამბობდნენ, რომ საგნის მასწავლებლის შესახებ დეტალები გარკვეული არ იყო. ივლისში კი პედაგოგებმა ძირითადად დირექტორებისგან შეიტყვეს, რომ რამდენიმე დღეში ტრენინგს უნდა დასწრებოდნენ.
„არ ვიცი, მე რატომ გამომგზავნა დირექტორმა, ალბათ იმიტომ, რომ ცოტა საათები მქონდა", _ ამბობს სურამის პირველი სკოლის მასწავლებელი, რუსუდან ლომაძე.
„ისტორია, გეოგრაფია _ ეს უფრო პოლიტიკური საგნებია და ჩვენ უფრო კარგად შევასწავლით ბავშვებს პატრიოტიზმსა და სამშობლოს სიყვარულს, ვიდრე, ვთქვათ, სხვა საგნების მასწავლებლები", _ ვარაუდობს ხაშურის მე-4 სკოლის მასწავლებელი, ავთანდილ ჩადუნელი.
„სამოქალაქო თავდაცვა" რამდენიმე მიმართულებად იყოფა, ამიტომაც, სამდღიანი ტრენინგის დროს მასწავლებლები დღეში 8 საათის განმავლობაში ისმენენ პირველადი სამედიცინო დახმარების, ტრავმების კლასიფიკაციის, საგანგებო სიტუაციების მართვის, საევაკუაციო გეგმების, საქართველოს თავდაცვის სტრუქტურის, რუსული და ამერიკული იარაღის აგებულებისა და სხვა საკითხების შესახებ.
_ უკაცრავად, ეს ყველაფერი ჩვენ სკოლაში ბავშვებს უნდა ვასწავლოთ?! _ გაკვირვება ვეღარ დამალა ერთ-ერთმა მასწავლებელმა მას შემდეგ, რაც საათ-ნახევრის განმავლობაში იარაღის დაშლა-აწყობის დეტალებს უხსნიდნენ და უყვებოდნენ იმის შესახებ, თუ რატომ და როგორ ისვრის „ავტომატი" ავტომატურად, განსაზღვრავს თუ არა სპეციალური აირებით სავსე ვაზნა ტყვიის სიჩქარეს, ტყვიის მჭიდი კი _ მის ტრაექტორიას. რა განსხვავებაა რუსულ და ამერიკულ ავტომატებსა და ტანკებს შორის და რატომ გადაწყვიტა ისრაელმა, მსუბუქი ტანკები უფრო ძვირადღირებულით შეეცვალა.
განათლების სამინისტროში, რომელიც პრეზიდენტთან ერთად ამ საგნის დანერგვის ერთ-ერთი ინიციატორია, მიიჩნევენ, რომ ეს ყველაფერი სკოლის მოსწავლეებმა ნამდვილად უნდა იცოდნენ. თუმცა, ავტომატებს და ტანკებს ბავშვებს სკოლაში არ მიუტანენ. იარაღი მასწავლებლებმა დაფაზე უნდა დაუხატონ ბავშვებს _ ისე, როგორც ტრენინგზე უხატავდათ მათ სამხედრო ექსპერტი და მისგან მოსმენილი ინფორმაციაც ახალგაზრდებს ზუსტად გადასცენ.
ჯერ „სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების" სახელმძღვანელო არ გამოსულა. შესაბამისად, როგორ უნდა გამოიყენონ ტრენინგზე მოსმენილი თეორიული მასალა გაკვეთილების დაგეგმვისას, მასწავლებლებმა კონკრეტულად არ იციან.
ტრენინგების კოორდინატორი, ექიმი ლევან რატიანი კი ამბობს, რომ სავარაუდოდ, სახელმძღვანელო სასწავლო წლის დასაწყისისთვის გამოვა. თუმცა _ რომელი კლასებისთვის, ჯერჯერობით ესეც უცნობია. ამიტომ მასწავლებლებმა თავისებური გეგმები შეიმუშავეს: „დაწყებითში ბავშვს ბევრი ლაპარაკი არ უნდა, იმას უნდა უთხრა: "არ შეიძლება" და მორჩა. მაღალ კლასებში კი უკვე შეიძლება აუხსნა „რატომ", _ ამბობს სოფელ ტეზერის სკოლის მასწავლებელი ალექსანდრე ჭადაშვილი.
იარაღის დაშლა-აწყობა ახალი საგნის მხოლოდ ერთი კომპონენტია, კიდევ უფრო მნიშვნელოვან სამხედრო პატრიოტულ აღზრდასთან ერთად. „ბავშვი უნდა ხვდებოდეს, რა ფუნქცია აქვს არმიას _ სხვა ქვეყანა უნდა დაიპყროს, თუ ტერიტორია დაიცვას. ბევრს თანდაყოლილი აქვს სამშობლოს დაცვის განცდა. ბევრი იმასაც შეესწრო, როგორ შემოვიდა ჩვენს მიწაზე უცხო ქვეყნის ჯარი. თუ ამ ბიჭებს განათლებაც ექნებათ და მოინდომებენ ამ ყველაფერს, პრობლემა არ ექნებათ", _ ამბობს ქარელში შეკრებილი პედაგოგების ტრენერი, მაიორი თენგიზ ციხისთავი.
„ოღონდ, ეს მყვირალა სიტყვით კი არ უნდა ვასწავლოთ, არამედ შეთანხმებით", _ ადასტურებს ალექსანდრე ჭადაშვილიც. ისტორიის მასწავლებელი, ავთანდილ ჩადუნელი კი, ტრენინგზე მოსმენილ მასალასა და თავის გამოცდილებაზე დაყრდნობით, გეგმავს, ბავშვებს ისტორიებიც უამბოს „ჩვენი ჯარების, ქართველი ჯარისკაცების, დავით აღმაშენებლის შესახებ" და ამით გაუღვივოს მათ პატრიოტული სულისკვეთება.
2008 წელს საკუთარ თავზე გადატანილი ომი ერთ-ერთი მიზეზია, რის გამოც მასწავლებლებს „სამოქალაქო თავდაცვისა და უსაფრთხოების" სწავლება საჭიროდ მიაჩნიათ.
„აბა, ვიღაც მონღოლოიდური რასის ხალხი რომ მოვა და იარაღს ამიფრიალებს ფანჯარასთან, როგორ უნდა მოიქცე ამ დროს!" _ ზოგიერთი მასწავლებელი განსაკუთრებით ღელავს.
„მაშინ გავრბოდით. ჩვენ ირგვლივ ყველაფერს ბომბავდნენ. ელემენტარული განათლება მაინც რომ გვქონოდა ჩვენც და ჩვენს ბავშვებსაც, უაზრო პანიკაში მაინც არ ჩავცვივდებოდით", _ იხსენებს სოფელ აბანოს სკოლის პედაგოგი, ელენე აბაშაშვილი.
„500-მდე მშვიდობიანი მოსახლიდან შეიძლება მსხვერპლი 400-ით შემცირებულიყო, მათ პირველადი სამედიცინო დახმარების აღმოჩენა რომ შეძლებოდათ, _ ასე გვითხრეს ტრენერებმა", _ იხსენებენ პედაგოგები და ასე ასაბუთებენ ახალი საგნის დანერგვის აუცილებლობას.
_ ქალბატონებს გეუბნებით, მომისმინეთ! განსაკუთრებით თქვენ ხართ უცოდინრები ამ საკითხში, _ არაერთხელ გაუმეორა თავდაცვის სამინისტროს თანამშრომელმა პედაგოგებს, რომელთა ნაწილსაც იარაღის აგებულებაზე საუბარი მალე მოსწყინდათ და ერთმანეთში ჭორაობით დაიწყეს თავის შექცევა. დღის სამი საათისთვის კი საგანგებო სიტუაციების ტრენინგსაც მასწავლებლების ნაწილი თვალდახუჭული უსმენდა. ზოგმა კი, ვინც დამალვა მოახერხა, მერხზე ცოტა წაუძინა კიდეც.
_ თუ სახელმწიფოს თავდაცვა არ აქვს, მაშინ ის საკუთარ ხალხს პატივს არ სცემს", _ ამბობდა ამ დროს შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის წარმომადგენელი, და სამოქალაქო თავდაცვის მნიშვნელობას ხსნიდა.
საკლასო ოთახში შეკრებილი პედაგოგების უმრავლესობა კონფლიქტური ზონის სოფლებიდან ტრენინგზე დასასწრებად დილის 7 საათზე წამოვიდა. 3 საათზე კი უკვე იმაზე ნერვიულობენ, უკან როგორ შეძლებენ დაბრუნებას. განიცდიან, რომ ყველაფრის დამახსოვრებას და სექტემბერში სკოლებამდე ცოდნის სათანადოდ მიტანას ვერ შეძლებენ.
„პირველი ოთხი საათი კი კარგად მახსოვს _ შეხვევა, ხელოვნური სუნთქვა, მაგრამ ახლა რასაც ამბობს, უკვე აღარ შემდის თავში", _ ამბობს სოფელ კეხიჯვრის მასწავლებელი, მაგდა ანდღულაძე.
„სილაბუსების ტრენინგიც ასე იყო. აქ კი ყველაფერი მესმოდა, მაგრამ უკან რომ დავბრუნდი, ვეღარ გავიხსენე, რადგან ერთ დღეში გვასწავლეს ყველაფერი", _ იხსენებს ელენე აბაშაშვილი.
25 აგვისტომდე ტრენინგების ჩატარება ყველა რეგიონში იგეგმება. მასწავლებლების უმრავლესობას იმედი აქვს, რომ იანვრამდე დამატებით ტრენინგებსაც ჩაუტარებენ, თორემ მოულოდნელად დაგეგმილი, სამდღიანი სწავლებით გაუჭირდებათ სექტემბრისთვის საკლასო ოთახამდე სრულფასოვნად მიიტანონ პირველადი სამედიცინო დახმარებისა თუ სამხედრო-პატრიოტიზმის თეორიის მნიშვნელოვანი დეტალები.












დატოვე კომენტარი